რა თანხებს რიცხავენ პარტიები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში - StopCov - კვირის პალიტრა

რა თანხებს რიცხავენ პარტიები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში - StopCov

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში უკვე 20 მლნ ლარზე მეტია. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საზოგადოების ერთი ნაწილის მოთხოვნით StopCov ფონდი შეიქმნა. "პოლიტიკური პარტიები მუდმივად ცდილობენ წვლილი შეიტანონ საკაცობრიო საქმეში და გვერდით დაუდგნენ განსაცდელში მყოფ მოქალაქეებს. შესაბამისად, მივმართავ ყველა იმ პარტიას, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან! (ყველა პარტიას!) უმორჩილესად გთხოვთ, გამოიჩინოთ კეთილი ნება და უარი თქვათ (თუნდაც 3 თვით) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე! ანუ ხალხის ფული დაუტოვოთ ხალხს! იმ ხალხს, რომელმაც მხარი უნდა დაგიჭიროთ არჩევნებზე,…ამისთვის კი…უნდა გადარჩეს! ეს იქნება ძალზე ჰუმანური აქტი! ქვეყნის, სამშობლოს, ხალხის უანგარო სამსახური!" - ეს მიმართვა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა ხათუნა ხოფერია "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა. ყოფილი დეპუტატის მოთხოვნას ძალიან მალე საზოგადოების დიდი ნაწილიც შეუერთდა.

ფონდში აკუმულირებული თანხა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება. ფონდში თანხები უკვე შეიტანა არაერთმა კომპანიამ და კერძო პირმა. რას ფიქრობენ პოლიტიკური პარტიის ლიდერები "StopCov ფონდის" შესახებ და აპირებენ თუ არა თავადაც გაიღონ თანხები, ამას მათთან საუბრისას შევიტყობთ.

"უმრავლესობის დეპუტატები და მინისტრები სამი თვის ხელფასის 1/3-ს ჩარიცხავენ"

გიორგი ვოლსკი, "ქართული ოცნება": - ფონდში მე უკვე გადავრიცხე თანხა, მაგრამ განცხადება არ გამიკეთებია. რაც შეეხება "ქართული ოცნების" გუნდს, სამი თვის განმავლობაში ორგანიზებულად ჩავრიცხავთ განსაზღვრულ თანხას. უმრავლესობის დეპუტატები და მინისტრები სამი თვის ხელფასის 1/3-ს ჩარიცხავენ. სავარაუდოდ, 105 თანამდებობის პირი გაიღებს თანხას. ცხოვრებაში ზოგჯერ დგება მომენტი, როდესაც ერთი იდეის გარშემო უნდა შეიკრიბოს ყველა, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა.

დღეს ზუსტად ის მომენტია, როცაA შეძლებულმა პირებმა თავიანთი შემოსავლების ნაწილი უნდა დაუთმონ გაჭირვებულებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბიზნესმენებმა უკვე შეიტანეს წვლილი ამ საქმეში და კვლავაც შეიტანენ.

ამასთან, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულებს, მათ შორის მეც, გარდა იმისა, რომ უცხო პირებს ეხმარებიან, ახლობლების ორი-სამი ოჯახის უზრუნველყოფაზე აქვთ ვალდებულება აღებული. ახლა მხოლოდ სოლიდარობა და ერთმანეთის გვერდით დგომა გადაგვარჩენს.

"კობახიძემ გაიხსენოს, რომ პარტიაში 29 მილიონერი ჰყავს"

ხატია დეკანოიძე, "ნაციონალური მოძრაობა": - ჩვენ ძალიან ბევრ საქველმოქმედო აქციას ვატარებთ, უბრალოდ, ამაზე საჯაროდ არ ვსაუბრობთ. მახსენდება ირაკლი კობახიძის ბრიფინგი "ქართული ოცნების" წევრების მიერ ხელფასის 1/3-ის ფონდში გადარიცხვის შესახებ და მეცინება. ვთავაზობ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც სადღაც იმალება, თავისი შემოსავლების 1/3 გადარიცხოს ფონდში. აი, მერე დავიჯერებ მათ გულწრფელობას. ივანიშვილისგან განსხვავებით, ჩვენ არ დავმალულვართ, დავდივართ სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში და ხალხს ვეხმარებით. როდესაც ირაკლი კობახიძე სხვებს მოუწოდებს ქველმოქმედებისკენ, გაიხსენოს, რომ პარტიაში 29 მილიონერი ჰყავს, ბიძინა ივანიშვილის 6 მილიარდზე აღარაფერს ვამბობ.

"ოჯახმა გამოყო 100.000 ლარი, საიდანაც 30.000 ინფექციურის ანგარიშზე გადაირიცხა"

მამუკა ხაზარაძე, "ლელო": - ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეიტანა წვლილი. ვინაიდან ჩემი ანგარიშები დაყადაღებულია, ოჯახმა გამოყო 100.000 ლარი, საიდანაც 30 000 ინფექციური საავადმყოფოს ანგარიშზე გადაირიცხა, ტვირთი გავგზავნეთ გალის საავადმყოფოში. მოძრაობა "მომავალმა", ანუ "მომომ", დიდი რაოდენობით პროდუქტი შეისყიდა და ურიგებს გაჭირვებულ მოქალაქეებს. გარდა ამისა, ჩვენმა დაფუძნებულმა კომპანიებმა საკმაოდ დიდი კონტრიბუციები გააკეთეს. მაგალითად, "თიბისი ბანკმა" მილიონი, "ბორჯომმა" - ნახევარი მილიონი, "ლისმა" - 150.000, დაახლოებით ამდენივე გამოყო საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიამ. რაც შეეხება ფონდს, მე არ ვიცი როგორია მისი მენეჯმენტი. მხოლოდ ფულის შეგროვება არ არის საქმე, ძალიან მნიშვნელოვანია, შეგროვებული ფული გამჭვირვალედ დაიხარჯოს. ჩვენ აგვისტოს ომის დროს შევქმენით მსგავსი ფონდი, სადაც 5 მლნ ჩვენ ჩავდეთ, 3 მლნ კი მოვიზიდეთ. ეს თანხა მთლიანად ხალხს მოხმარდა - წეროვანში სკოლა ავაშენეთ, ათასზე მეტ ფეხმძიმე ქალს დავეხმარეთ მშობიარობამდეც და შემდეგაც, მთელი 4 თვის განმავლობაში ვაფინანსებდით და ეს ყველაფერი გამჭვირვალედ ხდებოდა.

"ჩვენ ხალხს ჩვენივე სახსრებით დავეხმარებით"

დავით ბაქრაძე, "ევროპული საქართველო": - "ევროპული საქართველო" უკვე სამ კვირაზე მეტია, რაც 350 გაჭირვებულ ოჯახს ზედმეტი პიარისა და საჯაროობის გარეშე ეხმარება. ამ საქმეში ჩართული გვყავს მოხალისეები. თანხებს ჩვენი გუნდის წევრები საკუთარი ხელფასებიდან იღებენ. ამ პროგრამის საფასური კვირაში 10-12 ათასი ლარია. ჩვენთვის აბსოლუტურად ნათელი და მკაფიოა, რომ სოციალური სოლიდარობა და ქველმოქმედება კონკრეტულ პროგრამებსა და ღონისძიებებს საჭიროებს. ამას აკეთებს "ევროპული საქართველო" და მომავალშიც, კრიზისის ამოწურვამდეც გააკეთებს. ჩვენ ხალხს ჩვენივე სახსრებით დავეხმარებით.

"დიაგნოსტიკის საშუალებები მაინც ჩამოეტანათ, მაშინ ნამდვილად შევუერთდებოდი"

გიორგი ვაშაძე "ახალი საქართველო": - ფონდი შესაძლოა ბევრი შეიქმნას, მაგრამ გაუგებარია, რას აკეთებს ის სინამდვილეში. მე კრიზისულ მენეჯმენტთან მაქვს კითხვები, მაინტერესებს, როგორ იმართება პროცესი. ჩვენ სახლში იმიტომ გამოგვკეტეს, რომ დიაგნოსტიკაში სერიოზული შეცდომა დაუშვეს. რისთვის, რაში იხარჯება ამ ფონდის ფული? დიაგნოსტიკის საშუალებები მაინც ჩამოეტანათ, მაშინ ნამდვილად შევუერთდებოდი. იაფფასიანი პოპულისტური თემები არ მაინტერესებს.

ხათუნა ბახტურიძე