"მერამდენედ... ამერიკაში" - კვირის პალიტრა

"მერამდენედ... ამერიკაში"

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ამერიკაში ჩავიდა. თან ჩაიტანა თავისი ბავშვობისდროინდელი ფოტოსურათი და წმიდა გიორგის სახელობის „გამარჯვების ორდენი". ფოტოსურათი გადასცა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდს "გადავარჩინოთ ბავშვები", რომელიც მსოფლიოს მიუსაფარ ბავშვებზე ზრუნავს. ფონდს გადაწყვეტილი აქვს გამოსცეს ალბომი "გუშინდელი ბავშვები", რომელშიც პოლიტიკოსების ბავშვობისდროინდელი ფოტოსურათები იქნება. ჰილარი კლინტონის, კონდოლიზა რაისის, მადლენ ოლბრაითისა და მსოფლიოს სხვა წარმატებული ლიდერების შემდეგ, მსოფლიოს მიუსაფარ ბავშვებზე საქართველოს პრეზიდენტიც იზრუნებს. ასე მოგვითხრეს ეს ამბავი სამთავრობო არხებმა. შემდეგ კიდევ გააგრძელეს, მხოლოდ "წარმატებული" "გამოჩენილით" შეცვალეს. საბოლოოდ მივიღეთ "წარმატებული და გამოჩენილი".

პრეზიდენტმა თავისი ფოტო ამერიკელ კონგრესმენს, დევიდ დრაივერს ჩააბარა. სწორედ მის კალიფორნიელ მეგობარს მოსვლია ამგვარი წიგნის გამოცემის იდეა. პრეზიდენტი წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ჯონ ბონერსაც შეხვდა, რომელმაც ავღანეთსა და ერაყში გაწეული დახმარებისათვის მადლობა

გადაუხადა.

რაც შეეხება "გამარჯვების ორდენს" - ის სენატორ ჯოზეფ ლიბერმანს შეხვდა. ეს ჯილდო მას 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში ჩვენი ქვეყნისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და თანადგომისათვის გადაეცა. ხანდაზმულმა სენატორმა თავის სამადლობელ სიტყვაში ისაუბრა იმაზე, თუ რა პოზიტიური მოვლენა იყო მსოფლიო დემოკრატისათვის საბჭოთა კავშირის დაშლა; აღნიშნა, რომ რუსეთში დღესაც ავტოკრატიაა გამეფებული, ირღვევა ადამიანთა უფლებები და არ არის კანონის უზენაესობა. საქართველოსთან მიმართებაშიც დამპყრობლად მოიხსენია; ბოლოს კი იარაღსაც დაგვპირდა რუსებისგან თავის დასაცავად.

ყოველივე ამის ხილვა, მინიმუმ სამი დღის განმავლობაში, ნებისმიერ თქვენგანს ნებისმიერ სამთავრობო არხზე შეეძლება, თანაც მრავალჯერ. არც ვაპირებდი "კურიერის", "მოამბისა" თუ "ქრონიკის" (რა განსხვავებაა?) გადმოწერას. უფრო სახალისო ფორმით ვფიქრობდი ამ ამბების თქვენთვის მოწოდებას, "კურიერის" "სტენოგრამა" კი გამომივიდა. არადა, ჯერ რა საყურებელია და, ახლა დაწერილი იკითხე. ბოდიშს გიხდით - შევეცდები, ავხსნა.

"საბჭოთა კავშირი" რაც იყო, ჩემი და ჩემზე უფროსი თაობის ხალხს კარგად მოეხსენება. დასაქცევი იყო და დაიქცა კიდეც. შოვინისტური და ველური ურდოს ფსიქიკის მატარებელი რუსის სახის ხილვის "ბედნიერება" უკვე დღევანდელ თაობასაც მიეცა. მოკლედ, იქით გზა არ გვაქვს, უახლოესი ოცი წლის

განმავლობაში მაინც.

არა და, როგორც არ უნდა მოვინდომოთ, თავსაც რომ გადავახტეთ, მარტო ვერ ვიქნებით, მოკავშირე, მხარდამჭერი მაინც გვინდა. ასეთ მოკავშირედ ამერიკა ავირჩიეთ, ის ამერიკა, სადაც მოხდა უოთერგეიტის სკანდალი და გადაიღეს ფილმი "ნაიარევი სახე."

ამასაც ავხსნი: უოთერგეითი იმიტომ, რომ პრეზიდენტი, რომლეიც ოპონენტებს ოთახებში გადამცემებს უდებდა, თანამდებობიდან გადააყენეს, ხოლო ტონი მონტანა (ნაიარევი სახე) - ყაჩაღი, მკვლელი, ნარკობარონი, მოკლედ, ქვეყნის ამომგდები, ციხეში ვერ ჩასვეს, რადგან კარგი ადვოკატები აიყვანა და სასამართლომ დანაშაული ვერ დაუმტკიცა. პრეზიდენტს აგდებენ იმის გამო, რომ კანონის დარღვევაში ამხილეს, ხოლო ყაჩაღს ვერ იჭერენ იმის გამო, რომ დანაშაულს ვერ უმტკიცებენ. ჩემთვის ამერიკა ძვირფასი ამითაა. მინოდოდა მეთქვა, ამერიკული დემოკრატია.

ზემოთნახსენები პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი გახლავთ. სხვათაშორის, ის ჩვენს პრეზიდენტთან შეხვედრისას ჯოზეფ ლიბერმანმაც ახსენა, როგორც საბჭოთა ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ მებრძოლი, ანუ, ჩვენს პრეზიდენტთან(!) ახსენა პრეზიდენტი, რომელიც მოსმენების გამო გადააყენეს, შემდეგ ისევ ჩვენს პრეზიდეტთან(!) ილაპარაკა კანონის უგულებელყოფაზე, ტოტალიტარიზმზე, ავტოკრატიაზე, უგინა რუსეთი - ეს ყველაფერი მხოლოდ იქ არისო და მხარზე ხელის თათუნით გამოისტუმრა. არადა, ამერიკელებმა ბინ ლადენის ადგილსამყოფელის გარდა ამქვეყნად ყველაფერი იციან. ამბობენ, ისიც იციან, მაგრამ ვითომ არ იციან - ახლა ასეა საჭირო და იმიტომო. უკანონობის, ავტოკრატიის, ელიტარული კორუფციის რა ქარბორბალაც ტრიალებს ჩვენში, ისიც აუცულებლად ეცოდინებათ. ამ ქარბორბალაში მოქცეული ქვეყანა წელში რომ ვერასდროს გასწორდება, ეს ხომ იციან და იციან. მაშ რად "გვმტრობენ" და რად აქეზებენ, ისედაც ბავშვობისდროინდელი ფოტოსურათებით მორბენალ კაცს?!

თუ ჰგონიათ, რომ ერაყსა და ავღანეთში ამერკელი ჯარისკაცების მხარდამხარ მებრძოლი ქართველი ბიჭები ჩვენი პრეზიდენტის ღვიძლი შვილები არიან, ყველანი უკლებლივ? რატომ ხედავენ მხოლოდ ერთ, მუდამ გაღიმებულ და კმაყოფილს სუბიექტს და ვერ ამჩნევენ დაღვრემილ და უკმაყოფილო ერს?

კითხვაზე პასუხი თავისით მოვიდა: ვერც ვერავინ დაგვინახავს, არც ეს საშინელი "ქარბორბალა" ჩაცხრება მანამ, სანამ ეს "დაღვრემილი და უკმაყოფილო” ერი დაუშვებს და შეეგუება იმას, რომ მუდამ "გაღიმებული და კმაყოფილი” მმართველები ჰყავდეს.

დავით შალიკაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)