როგორ შეიძლება საქართველო გამარჯვებული გამოვიდეს პოსტვირუსული მდგომარეობიდან? - რას ამბობს ამერიკაში მოღვაწე მეცნიერი? - კვირის პალიტრა

როგორ შეიძლება საქართველო გამარჯვებული გამოვიდეს პოსტვირუსული მდგომარეობიდან? - რას ამბობს ამერიკაში მოღვაწე მეცნიერი?

ბოლო პერიოდში ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, იტალიაში, ესპანეთში, ახალი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, თითქოს, მცირედი დაღმასვლა შეინიშნება, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის - ამერიკაშიც, პირიქით - მალე პიკს ელოდებიან. დაახლოებით, ამგვარი "კარდიოგრამაა" საქართველოსთან მიმართებაშიც, პროფესიონალები ამბობენ, პიკს ვუახლოვდებითო. მჯერა, კორონას დავამარცხებთ, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა ელის საქართველოს კორონასთან გამკლავების შემდეგ, როგორ განაგრძობს იგი განვითარებას. ამ კუთხით საინტერესო მოსაზრებები აქვს აშშ-ის ჩრდილოეთში, ქალაქ ჰანოვერში მცხოვრებ ქართველ მეცნიერს, დორთმოუთის კოლეჯის ჩვენი მკითხველისთვის კარგად ნაცნობ პროფესორ ფრიდონ შუბითიძეს:

- ცუდ შემთხვევებს ყოველთვის რაღაც ახლის დასაწყისი მოჰყვება. ვფიქრობ, უკვე დროა, ადამიანებმა ხვალინდელ დღეზე, მომავალზეც იფიქრონ. მოდი, საქართველოზე ვილაპარაკოთ, თუმცა მანამდე მსოფლიოს რუკას გადავხედოთ: ჩინეთიდან დაწყებული ვირუსი ევროპას და, თითქმის, მთელ მსოფლიოს მოედო. ზოგიერთმა ქვეყანამ ძალიან სწრაფად და ეფექტიანად დაიწყო მის წინააღმდეგ ბრძოლა. მაგალითად, საქართველოში ეს მოხდა პროფესიონალი ადამიანების დამსახურებით, ძალიან გათვლილად. კარგად იცით, რომ პროფესიონალიზმი დამოკიდებულია გამოცდილებაზე, ცოდნასა და სხვებთან ურთიერთობაზე. საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრია, ამ უკანასკნელმა კი ჩინეთში ვირუსის გამოჩენიდანვე, ყოველდღე თუ არა, კვირაში რამდენჯერმე დაიწყო თავისი წევრი ქვეყნების ტელეხიდები - შეხვედრები, სადაც მუდმივად იცვლება ინფორმაციები. მასში აქტიურად მონაწილეობს საქართველო და იმიტომაც მოახერხა მან, რომ ძალიან მომზადებული შეხვდა ამ გამოწვევას. შედეგიც სახეზეა - დაინფიცირებულების მინიმალური რაოდენობა და მხოლოდ 3 გარდაცვლილი.

თუ ამ ტენდენციას ჩვენი ქვეყანა შეინარჩუნებს, და აქ არ ვლაპარაკობ მხოლოდ ექიმებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებზე, არამედ - თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაზე, ეს იქნება შესანიშნავი და კარგი მომავლის საწინდარი.

როგორ შეიძლება გამარჯვებულები გამოვიდეთ პოსტვირუსული მდგომარეობიდან და რა შეიძლება იყოს მომავალი?

საქმე ის არის, რომ, როდესაც ეს ტალღა გადაივლის, მთელ მსოფლიოში, განვითარებულ ქვეყნებშიც კი, მას მოჰყვება ე.წ. კუდი - ადამიანებს, რომლებიც მოგზაურობდნენ, ადამიანებს, რომლებსაც აინტერესებდათ სხვადასხვა ქვეყანაში ჩასვლა, ეს ამბავი ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ. ეს არის პროცესი, რომელიც მეხსიერებიდან ადვილად არ წაიშლება, ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე წლის განმავლობაში მაინც. და სწორედ ასეთ ვითარებაში იგივე ადამიანები დაფიქრდებიან, სად არის ყველაზე უსაფრთხო და წარმატებული ქვეყანა, რომელიც ამ პანდემიას გაუმკლავდაო? თუკი საქართველო, რომელიც დღეს თითით საჩვენებელი გახდა, გამარჯვებულის სტატუსს შეინარჩუნებს, იგი სწორედ რომ ყველაზე მიმზიდველიც გახდება.

ოღონდ ამგვარი სტატუსის არსებობა მხოლოდ სიტყვიერად კი არ უნდა დარჩეს, არამედ მეცნიერული კვლევების შედეგად უნდა დადგინდეს: რა იძლევა ამის თქმის საფუძველს - საქართველოს პანდემიასთან წარმატებული ბრძოლა, გამოწვეული იყო იმით, რომ, ვთქვათ, ქართულმა სახელმწიფომ მიიღო სწრაფი ზომები, თუ, ამასთან ერთად, ეს გამოწვეული იყო საქართველოს კლიმატური პირობებითაც და ადგილობრივი საკვები პროდუქტებითაც, რომ ამ ბუნებრივ პირობებში მცხოვრებ ქართველებს ამგვარი დაავადება ნაკლები გართულებებით გადააქვთ.

ჩემი ოჯახის ცხოვრებიდან მოგიყვანთ ერთ მაგალითს: როდესაც 2009 წელს ამერიკის მოქალაქეობა მივიღეთ, მანამდე ცნობილ და გამოცდილ ექიმთან სამედიცინო შემოწმება გაგვატარეს. ეს სავალდებულო იყო. წარმატებით გავლილი შემოწმების შემდეგ, იმ ექიმმა გვკითხა, ვიცი, რომ საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა 100 და უფრო მეტი წელიწადია, რა არის ამის ძირითადი მიზეზი, ამის გასაღებიო? წარმოიდგინეთ, რომ რომელიღაც ამერიკელმა ექიმმა (დედამიწის მოსახლეობის ძალიან მცირე პროცენტს სწორედ ამ პროფესიის ადამიანები შეადგენენ), უკვე იცოდა, რომ საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მეტი იყო, ვიდრე - ძალიან განვითარებულ ქვეყნებშიც კი. ეს მეტყველებს, რომ ამ კუთხითაც კი არსებობდა დიდი ინტერესი საქართველოსადმი. ამით რისი თქმა მინდა, იცით?

თუ საქართველო, თითოეული ქართველის პასუხისმგებლობის დამსახურებით, ამ პანდემიიდან ძალიან მინიმალური დანაკარგით, გამარჯვებული გამოვიდა და მსოფლიოს აჩვენა, რომ თავისი მობილიზებით მას პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლია, ამასთან ერთად, აქვს შესანიშნავი ბუნებრივი რესურსები, ცხოვრების წესი, მაშინ იგი ყველასთვის მიმზიდველი გახდება, ყველა მოისურვებს აქ ჩამოსვლას და ეს იქნება საქართველოს ხელახლა დაბადება მსოფლიოში. ასე წარმომიდგენია საქართველოს ხვალინდელი დღე.

- მაგრამ პანდემიაგადატანილ საქართველოს ვერ ექნება განვითარებული ეკონომიკა, თუნდაც ტურისტს როგორ მიიღებს? - რა თქმა უნდა, მიმზიდველი ქვეყნის ტურიზმზე როცა ვლაპარაკობთ, შესაბამისი ინფრასტრუქტურაც უნდა გქონდეს. ადრეც ვთქვი, საქართველოს მთავრობამ, ერმა და ბერმა - ყველამ უნდა იფიქროს ეროვნული მრეწველობის შექმნაზე. უნდა გვქონდეს მინიმალური, და არა - მთლიანად გლობალურ მრეწველობაზე დამოკიდებული, უნდა განვითარდეს ეროვნული წარმოებები, თავად ვაწარმოოთ თუნდაც მინიმალური სამედიცინო თუ სასურსათო პროდუქცია.

პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, საბჭოთა კავშირი როცა ინგრეოდა და მახსოვს, აფხაზეთშიც და საქართველოს სხვა კუთხეებშიც ძალიან ბევრი კერძო კოოპერატივი შეიქმნა. ეს იყო დასაწყისი იმისა, რომ ხალხს თავისი კერძო მეურნეობა, კერძო ბიზნესი განევითარებინა. სამწუხაროდ, ხალხს ეს არ დასცალდა, რადგან დაიწყო ომები, საშინელებები, უბედურებები. მთელი ქვეყანა იძულებული გახდა, დამოკიდებული ყოფილიყო მათზე, ვინც ლუკმაპურს გადმოგვიგდებდა. მე მგონი, დღეს დგება დრო იმისა, რომ შეიქმნას შიდა ბაზარი, ქართველებს აქვთ უნარიც, სურვილიც და შესაძლებლობაც, თვითონ მოიყვანონ და აწარმოონ პროდუქცია. მთავარია, მათ ჰქონდეთ დაცული ეროვნული ბაზარი.

არავის შესაშინებლად ვამბობ, მაგრამ ამ პანდემიას აუცილებლად მოჰყვება მსოფლიო კრიზისი. გლობალურმა ეკონომიკამ, როგორც კი ერთი ჯაჭვი გაუწყდა, ბალანსი ვეღარ აღიდგინა - ჩინეთს აღარ შეუძლია და ვეღარ ახერხებს, რომ მიაწოდოს ყველას სამედიცინო პროდუქცია, დაწყებული, თუნდაც უმნიშვნელოთი - პირბადეებით. მაგალითად, ამერიკაში ყველაზე დიდი პრობლემაა ჟანგბადის მიმწოდებელი ვენტილატორები, მთელ მსოფლიოში მხოლოდ ჩინეთს აქვს მისი გიგანტური წარმოება. აქაური გუბერნატორები იხვეწებიან, მაგრამ ვერსად შოულობენ. უკვე ალაპარაკდნენ, რომ ამერიკაშიც უნდა დაიწყოს მინიმალური წარმოებების შექმნა, რათა ამგვარი პანდემიის დროს მთელი ეკონომიკა არ ჩამოიშალოს. უდიდესი დანაკარგი აქვს ახლა ამერიკას. ფაქტობრივად, დღეს ადამიანებს ხელფასს უხდიან იმისთვის, რომ შინ დარჩნენ. ამას ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან დიდი უარყოფითი შედეგი ექნება. ფაქტია, ყველა მონაცემი იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანა ისეთი ვეღარ იქნება, რაც ორი თვის წინ იყო.

ხომ ხედავთ, მსოფლიოში უკვე რამდენი წერს და ლაპარაკობს საქართველოზე? ახლა არის ხელსაყრელი მომენტი და მას ქართველი ხალხი სწორად თუ გამოიყენებს, შეძლებს ყველაზე დიდი და სწრაფი ნაბიჯები გადადგას კონკრეტული მიმართულებით - შექმნას თავისი ეროვნული, მინიმალური წარმოება იმისთვის, რომ მეტ-ნაკლებად ქვეყანაც დააკმაყოფილოს და, ასევე, გახდეს ყველაზე მიმზიდველი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია დაამარცხოს პანდემიის მსგავსი გამოწვევები და, ამასთან ერთად, წარმოჩნდეს ქვეყნის ბუნებით, საკვებით, ჰაერით, სამკურნალო წყლებით, მღვიმეებითა და სხვა, ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი რესურსებით.

კიდევ ვიმეორებ, თუ ეს მეცნიერულად იქნება დამტკიცებული, ბევრს გაუჩენს სურვილს, ჩამოვიდეს საქართველოში, სწორედ ამ ქვეყანაში ჩადოს ფული და დაიწყოს ბიზნესი. როგორც ვაკვირდები, საქართველოს მთავრობას მხოლოდ ჯანდაცვის კუთხით არ აქვს სწორი სტრატეგია არჩეული, ეკონომიკის კუთხითაც ფიქრობს და კრიზისის დაძლევის გზებსაც ეძებს. ამის თქმის საფუძველს თუნდაც ის მაძლევს, რომ მან დღემდე ძალიან სწორად მართა ვითარება და იმედია, სწორად წაიყვანს მომავალშიც. თითოეულმა ადამიანმა ამ პანდემიის პერიოდში უნდა შეასრულოს სახელმწიფოს რეკომენდაცია: დარჩი სახლში - დაიცავი სოციალური დისტანცია, არა მარტო პანდემიის დასამარცხებლად, არამედ - უფრო კარგი და ნათელი მომავლის შესაქმნელად.

და კიდევ, ახალგაზრდობასაც აუცილებლად უნდა ვუთხრათ, რომ თაობას, რომელმაც ეს ქვეყანა დღემდე მოგვიტანა, აუცილებლად უნდა მოვუფრთხილდეთ, რადგან მათ გარეშე ეს ქვეყანა ვერ იქნება სრულყოფილი. უფროსმა თაობამ უნდა ნახოს, მათი შექმნილი როგორ გადადის ერთი თაობიდან მეორეზე. ახლაც ხომ გამოჩნდა ეს უწყვეტი კავშირი - ამ პანდემიისას პროფესიონალი, გამოცდილი ექიმების გვერდით რამდენი ახალგაზრდა ექიმი იბრძვის ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად! კორონავირუსზე ფიქრობენ, რომ მარტო ასაკიანებს ერჩის. ასე არ არის. ასაკიანების გარეშე ცხოვრება სწორად არ ვითარდება. პატარა ბავშვი რომ გაიზარდოს, თაობების ურთიერთობებს უნდა ხედავდეს. ესეც ერთგვარი ჯაჭვია, რომელიც არ უნდა გაწყდეს, რადგან თუ გაწყდა, შეიძლება ჩვენი მომავალიც აღარ იყოს ისეთი ნათელი. ამიტომ ვართ ვალდებულები, დავიცვათ ჩვენი ბაბუები, ბებიები, დედები, მამები, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენენ ამ ჯაჭვის დიდ ნაწილს. ისეთი ქვეყანა უნდა გვქონდეს, სადაც ყველა ფენა იგრძნობს თავს დაცულად - უფროსიც უმცროსს გაუფრთხილდება და პირიქით, უმცროსი - უფროსს.

იხილეთ ასევე: რატომ გავრცელდა ასე სწრაფად კორონავირუსი და როდის უნდა ველოდოთ ანტივირუსულ მედიკამენტებსა და ვაქცინას? - რას ამბობს აშშ-ში მოღვაწე ქართველი მეცნიერი?

(სპეციალურად საიტისთვის)