ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული კარანტინი ამოქმედდა - კვირის პალიტრა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული კარანტინი ამოქმედდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, ლენტეხი საკარანტინო ზონად გამოცხადდა და ჩაიკეტა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, ლენტეხში დაწესდება ზუსტად ის რეჟიმი, რაც ბოლნისისა და მარნეულში მოქმედებს.

„დღეს ლენტეხის რაიონში დაფიქსირდა შიდა გადაცემის ოთხი ახალი ფაქტი, რაც გვაძლევს იმის გათვლის საშუალებას, რომ ჩვენ უფრო ოპერატიული და პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ ამ რაიონში. შესაბამისად, ეპიდემიოლოგების და მედიკოსების რჩევით, ასევე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდეს სრული კარანტინი, რაც გულისხმობს იმას, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რაც დღესდღეობით არის ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მაქსიმალურად შევზღუდოთ შიდა გავრცელება და შესაბამისად, არ მოხდეს ამ კერის უფრო გაფართოება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირების სულ 5 შემთხვევა გამოვლინდა. თავდაპირველად, 8 აპრილს კოვიდ19-ით ინფიცირება 53 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში გადაადგილდებოდა. დღეს კი ლენტეხის მუნიციპალიტეტში კიდევ 4 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთა შორის 1 არასრულწლოვანია.

"ინტერპრესნიუსი"