"რუსეთი კავკასიაში მართვადი ქაოსის შექმნას შეეცდება" - კვირის პალიტრა

"რუსეთი კავკასიაში მართვადი ქაოსის შექმნას შეეცდება"

"ხომ არ გგონიათ, რომ აგვისტოს ომით ყველაფერი დამთავრდა და საშიშროება აღარ გვემუქრება?"

მართალია, მშიერი რუსული დათვი კავკასიას დიდი ხანია გადაყლაპვით ემუქრება, მაგრამ  მოვლენები შესაძლოა მისთვის საბედისწეროდაც განვითარდეს. ჯოჰარ დუდაევის გარდაცვალების შემდეგ დაქსაქსული და ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალები ისევ გაერთიანდნენ. ჩრდილო კავკასიაში მოსალოდნელ სამოქალაქო ომებზე, საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესებსა და რუსეთის ახალ მზაკვრულ გეგმებზე "კვირის პალიტრას" კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი ესაუბრა.

- ვითარება თანდათან კიდევ უფრო რთული ხდება დაღესტანსა და ინგუშეთში, სადაც განსაკუთრებით აგრესიულად და შენიღბულად მოქმედებენ არსებული ხელისუფლებები. მათგან განსხვავებით, ჩეჩნეთის ხელისუფლება ქვეყანაში სადამსჯელო ოპერაციებს სანახაობად აქცევს ხოლმე და მოსახლეობაში შიშის დანერგვას ამგვარად ცდილობს. ინგუშეთსა და დაღესტანში კი სადამსჯელო ოპერაციებს  შენიღბულად, ღამღამობით ახორციელებენ და ამ ყველაფერს ისეთი სისასტიკე და აგრესია ახლავს, რომ შურისძიების ტალღაც არ აყოვნებს. არიან რუსეთის მოწინააღმდეგე და დამოუკიდებლობის მომხრე მებრძოლები, არიან ისლამური ფუნდამენტალიზმის მიმდევრები და ასევე, ვაჰაბიტები, რომლებსაც შურისმაძიებლებსაც უწოდებენ. ამ სამი მიმართულების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. მათი საერთო მტერი რუსეთია და თუ ადრე ცალ-ცალკე აწყობდნენ თავდასხმებს მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლებზე, ახლა მათ საერთო ძალებით უტევენ.

რუსეთის სპეცსამსახურების აგრესიამ და არაადამიანურმა სისასტიკემ ეს ძალები იძულებული გახადა, კვლავაც გაერთიანებულიყვნენ. არ შეეფერება სიმართლეს ის ინფორმაციები, რასაც რუსეთის სპეცსამსახურებს დაქვემდებარებული მედია ავრცელებს. ისინი საზოგადოებას  ჩრდილოკავკასიელი გამორჩეული მებრძოლების, ასევე გამორჩეული მეთაურების დაღუპვის ამბავს აუწყებენ. ცხადია, მსხვერპლი ორივე მხარეს არის, მაგრამ არ მოუკლავთ არც ერთი გავლენიანი მეთაური, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურის სამიზნედ არის ქცეული. ბოლო დროს გახმაურდა ინფორმაცია, რომ ინგუშეთში შსს-ს წარმომადგენელი ააფეთქეს, მაგრამ არავის უთქვამს, რომ ამ ამბამდე მებრძოლებმა მხოლოდ შსს-ს განყოფილება კი არა, როგორც ჩრდილოკავკასიელებით, ასევე რუსებით დაკომპლექტებული ყაზარმაც ააფეთქეს. აფეთქებამდე ორი დღით ადრე კი შსს-ს ამ სპეცდანიშნულების რაზმმა ჩაატარა ე.წ. წმენდა. ეთნიკური ინგუშების ოჯახები დაარბიეს, დააპატიმრეს, ზოგიერთი დაიკარგა, ზოგი დახვრიტეს, ზოგი გადაიყვანეს. ეს მოხდა იმიტომ, რომ ევკუროვზე ტერაქტის მომწყობები ინგუშები ეგონათ, თუმცა ასე არ ყოფილა! ამ  ამბებს კი  ორი დღის თავზე მოჰყვა აღნიშნული შს სამინისტროს განყოფილების და ყაზარმის აფეთქება. ევკუროვი საჯაროდ ყოველთვის იმას აცხადებს, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმის გამო შურს არ იძიებს, თუმცა ქმედებები სულ სხვა რამეზე მეტყველებს. ამიტომაც ევკუროვზე თავდასხმა ამ ათიოდე დღის წინ მეორედაც განხორციელდა. ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ წინააღმდეგობის ფრონტისა და შურისმაძიებლების ერთობლივი ოპერაცია იყო... ამგვარ თავდასხმებს ხელს უწყობს მედვედევს დაქვემდებარებული გრუ-სა და პუტინს დაქვემდებარებული ეფ-ეს-ბეს შორის დაპირისპირებაც. ეფ-ეს-ბეს და გრუ-ს აგენტები მებრძოლებს ერთმანეთის საწინააღმდეგოდ რუსული კოლონების გადაადგილების შესახებ აწვდიან ინფორმაციას.

- რა პერსპექტივა აქვთ ამ ძალებს, რომლებიც თქვენი განცხადებით, ჩრდილო კავკასიის ქვეყნებში პრორუსული ხელისუფლებების წინააღმდეგ გაერთიანდნენ?

- ეს ძალიან კარგი კითხვაა და კარგი იქნებოდა, თქვენ გარდა ამ საკითხით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაინტერესებულიყვნენ, რომელთა პრეროგატივაა საგარეო პრიორიტეტების დასახვა პოლიტიკაში. ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები ითხოვენ რუსეთისაგან გამოყოფას და ჩეჩნეთის, ინგუშეთის, დაღესტნის ცალ-ცალკე დამოუკიდებლობის აღიარებას. ისინი ცდილობენ დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვებას და სხვა გზა არც აქვთ, რადგან რუსეთი მათ ფიზიკურად უსწორდება. ამიტომ მათ ინტერესშია, კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ საქართველოსთან და ამით უფრო დაუახლოვდნენ დასავლეთს. საქართველოს ხელისუფლება კი ამ ხალხს საერთოდ არ ელაპარაკება... არადა, მთელი  მსოფლიო ელოდება თუ რა პოზიციას დაიკავებს ოფიციალური საქართველო ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესებისადმი.

- განა ჩრდილოკავკასიელი მებრძოლებისადმი მორალური მხარდაჭერის გამოცხადება რუსეთის ხელახალი დარტყმის ქვეშ არ აღმოგვაჩენს?

- ხომ არ გგონიათ, რომ აგვისტოს ომით ყველაფერი დამთავრდა და საშიშროება აღარ გვემუქრება? რუსეთი არ ისვენებს და უფრო მზაკვრული გეგმები აქვს მომზადებული. მას ახლა ყაზბეგის რაიონისა და  პანკისის ხეობის აღება უნდა... თანაც რუსეთმა კარგად იცის, რომ თუ ქლუხორის, ბზიფის, მამისონის, დარიალის გაკონტროლებას შეძლებს, შესაბამისად ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ კავკასიას უნაგირს დაადგამს. ამიტომ ამ მიმართულებებით წინ წაწევას შეეცდება. რუსეთი ძალიან დიდი ძალით შეუტევს ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებს, რომლებიც უკან დაიხევენ და ინგუშეთის ტერიტორიიდან სავარაუდოდ, ჯარიახოს ხეობით ყაზბეგის ტერიტორიაზე, ხოლო ჩეჩნეთიდან  პანკისში გადმოვლენ. ამ საბაბით ის საქართველოს ტერიტორიაზეც შემოიჭრება. გარდა ამისა, რუსეთი კარგად იცნობს რაიონებს, სადაც პრორუსული განწყობებია და ის სამოქალაქო ომების პროვოცირებას შეეცდება. ამ გეგმის განსახორციელებლად მან შესაძლოა, მთლიანად ჩრდილო კავკასიაში არიოს კარტები და მართვადი ქაოსი შექმნას.

- რას გულისხმობთ?

- ის მოახდენს ინსცენირებას, თითქოს ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებს გავლენის სფეროდან უშვებს. ამ დროს ხელს შეუწყობს დამოუკიდებლობის მომხრე და პრორუსულად განწყობილ ჩრდილოკავკასიელთა დაპირისპირებას და მის სამოქალაქო ომში გადაზრდას.  რუსეთი შეეცდება, რომ ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების სათავეში სამოქალაქო ომების შედეგად თავისი ფავორიტები მოიყვანოს.

- რა გარანტია აქვს რუსეთს, რომ მას დაემორჩილება ხელისუფლების სათავეში მოსული პერსონა?

- რა თქმა უნდა, ასეთი ასპროცენტიანი გარანტია მას ვერ ექნება. ეს გეგმა მისთვის საფრთხის შემცველიც არის, მაგრამ სხვა რა გზა აქვს? ძალისმიერი პოლიტიკის გასაგრძელებლად რესურსი დიდხანს არ ეყოფა, საერთაშორისო მხარდაჭერა აღარა აქვს, პრობლემები შიგნით შეექმნა, ეკონომიკა ენგრევა, საშუალო და ღარიბ ფენას საერთოდ აღარაფრის პერსპექტივა არა აქვს. ამიტომ რუსეთს რჩება ერთადერთი შანსი, მაქსიმალურად ააფეთქოს  კავკასია და მერე რუსული გაგებით, კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის შექმნაზე ილაპარაკოს, რომელიც იქნება ალბათ საბჭოთა კავშირის თანამედროვე  კავკასიური ვარიანტი.

- სამოქალაქო ომების მოწყობის რუსული სცენარი შესაძლოა საქართველოზეც აისახოს?

- ნაკლებად მგონია ეს პროცესი  საქართველოზე აისახოს. ალბათ ამისთვის ოპოზიციამ უნდა გაიაზროს საკუთარი შეცდომები. ოპოზიციას არც კი ჰქონდა გაცნობიერებული, თუ რამდენად წამგებიან მდგომარეობაში აყენებდა მას ობამა-მედვედევის შეხვედრის წინ  აქციების გამართვა. ეს თემა რუსეთმა აშშ-თან ვაჭრობისთვის გამოიყენა და საქართველოში როგორც რუსეთის პოლიტიკის, ასევე სამხედრო გავლენაზე ისაუბრა. თანაც, ნატოს სწავლების წინ დაგეგმილი აქციები დასავლეთში ნატოს  საწინააღმდეგო აქციებად ისე მოინათლა, რომ ქართველ ოპოზიციონერებს ამაზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ. ოპოზიცია მომავალშიც ასეთ ნიუანსებს თუ არ გაითვალისწინებს, მაშინ მომავალი ხელისუფლებისთვის  მხოლოდ ორი - ირაკლი ალასანიას და გიგი უგულავას გუნდები იბრძოლებენ. დანარჩენი ოპოზიცია წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება და ამ პოლიტიკურ ძალებთან მიკედლება მოუწევთ. ხომ არ გგონიათ, რუსეთის მზაკვრული გეგმების განხორციელება ძალიან გვიანაა მოსალოდნელი? ეს ყველაფერი, ჩემი პროგნოზით, 2010 წლიდან დაიწყება და მაქსიმუმ, 2012 წლამდე გაგრძელდება. არ დაგვავიწყდეს, რომ 2010 წლის იანვარში უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული და გამოჩნდება, რუსეთი მასზე პოლიტიკურ გავლენას მოიპოვებს თუ არა. მან უკრაინას ტორი ისევ თუ დაადო, მაშინ კავკასიაში გაბატონებისთვის ხელ-ფეხიც გაეხსნება. თუ არადა, ზუსტად იმ გეგმით განხორციელდება მოვლენები, როგორც ზემოთ მოგახსენეთ.

- რამდენადაც ვიცი, კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია საკუთარ  საპრეზიდენტო კანდიდატს დაასახელებს?

- დიახ, თუმცა ჯერ ვერ გეტყვით, ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი. ეს ალბათ მომავლისთვის ძალზე სკანდალური თემა გახდება. თუმცა, გეტყვით, - ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი სუფთა წარსულისა და კარგი ბიოგრაფიის მქონე კავკასიის ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების ეპიცენტრში ნამყოფი პერსონა იქნება, რომელსაც გამოკვეთილი პოზიცია აქვს ევროსტრუქტურებთან ურთიერთობისას რეგიონული პოლიტიკის, მომავალი პრიორიტეტების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. დარწუნებული ვარ, ჩვენს კანდიდატს ქართველთა და არაქართველთა  დიდი ნაწილი მხარს დაუჭერს.

- ბატონო ზაალ, რით ხსნით იმას, რომ რუსეთის საპატრიარქომ არ გაიზიარა აფხაზეთის სასულიერო პირთა განცხადებები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან გამოყოფასთან დაკავშირებით?

- რუსეთი ამ თემით სპეკულირებს. ერთი მხრივ, გვეუბნება, - ჩვენ ამ მიმართულებითაც შეგვიძლია პრობლემა შეგიქმნათო; მეორე მხრივ, ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთან  დიალოგისთვის ერთმორწმუნეობა  ერთადერთი ხელსაყრელი ფაქტორია. ჩემი აზრით, ამით რუსეთი კვლავ  საბედისწერო შეცდომას უშვებს, მთელი დასავლეთი და აღმოსავლეთი უკვე ხმამაღლა ლაპარაკობს: შეხედეთ, რუსეთი მართლმადიდებელ საქართველოს რას უშვრება და სხვა აღმსარებლობის ქვეყნებს რას უზამსო... ამასთანავე, საქართველოს პატრიარქს კავკასიელების წინაშე დიდი ავტორიტეტი აქვს, მას ბრძენად მიიჩნევენ და რუსეთის ეკლესიამ დღევანდლისაგან განსხვავებული პოზიცია რომ გამოხატოს, ეს ისეთი პროცესების დაწყებას გამოიწვევს, რომელიც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისთვის სავალალო შედეგით დასრულდება...