როგორ ვრცელდება "ინფოდემიის ვირუსი" და რა არის კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი"?! - კვირის პალიტრა

როგორ ვრცელდება "ინფოდემიის ვირუსი" და რა არის კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი"?!

იზოლაციაში მყოფი საზოგადოება მუდმივად ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს. ჯერჯერობით ისიც უცნობია, როდემდე მოგვიწევს ამ რეჟიმით ცხოვრება. უამრავი ცრუინფორმაცია ვრცელდება და ამ საინფორმაციო ომში ტყუილ-მართალი ისეა არეული, სიმართლის გარკვევა ჭირს. როგორ უნდა ებრძოლოს სახელმწიფო "ფეიკნიუსებს"? რა შეიცვალა მსოფლიოში მას შემდეგ, რაც პანდემია გამოცხადდა? ამ საინტერესო საკითხზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.

- კორონავირუსი და მისი შედეგები, რომელიც 21-ე საუკუნის ისტორიას შეცვლის, ეპიდემიოლოგების, იმუნოლოგების, ჯანდაცვის სფეროს მენეჯერების, მთელი მსოფლიოს ეკონომისტების აქტიური კვლევისა და ანალიზის საგანია, თუმცა ეს ვირუსი არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს, როგორც გამოწვევა მსოფლიოს საინფორმაციო უსაფრთხოების სისტემებისთვის. ის არის პირველი ვირუსი, რომელიც თავის ბუნებრივ, წვეთოვან გზაზე უფრო სწრაფად და მასობრივად საინფორმაციო არხებით ვრცელდება. ამიტომაც უწოდა მას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიის ანალოგიით "ინფოდემია". ყველაზე ცუდი ის არის, რომ თუ კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვს მსოფლიო მეტ-ნაკლებად ითვლის და არეგულირებს, ინფოდემიით გამოწვეული სტრესის, ისტერიის, შიშის, უიმედობისა და დეპრესიის შედეგები შეუდარებლად ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი იქნება. ამიტომაც უნდა ვისაუბროთ კორონავირუსის ორ ასპექტზე - როგორც პანდემიასა და როგორც ინფოდემიაზე. მიუხედავად გავრცელების ბუნებრივი თუ ხელოვნური წყაროსი, კორონავირუსის, როგორც პანდემიის და მეტადრე - ინფოდემიის გავრცელების წყაროებს თითქმის თანაბრად აქვს ბიოლოგიური, საინფორმაციო, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ომების ასპექტები. ამიტომ დღევანდელი სიტუაცია არის გამოწვევა და ტესტირება როგორც ცალკეული ქვეყნების, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების ისეთი სისტემების, როგორიც არის ნატო თუ ევროკავშირი. ამ კომპლექსური გამოწვევისთვის მსოფლიოს მზადყოფნა მეცნიერთა მთელი თაობების კვლევის საგნად იქცევა, თუმცა ცხადია, რომ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს უამრავი მასალა დაუგროვდათ მოკავშირეებისა თუ მოწინააღმდეგეების სუსტი მხარეების საანალიზოდ. სამომავლოდ ცალკე კვლევის საგნად იქცევა ისიც, როგორ შეიძლება იქცეს ინფოდემია ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ტიპის მმართველი რეჟიმების - დემოკრატიიდან ავტორიტარულამდე - მართვის ინსტრუმენტად; აგრეთვე, როგორია სხვადასხვა ტიპის რეჟიმების მარგი ქმედების კოეფიციენტი კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევისას... ხათუნა ლაგაზიძე

აუცილებლად უნდა გამოიყოს მედიით ყოველდღიურად გაღვივებული პანიკის წინაშე ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის რეაგირების ფორმა და ხარისხი, მათ შორის - მზადყოფნა, დაემორჩილოს ათასგვარ შეზღუდვასა და აკრძალვას, კონტროლის ახალ და ზოგჯერ ტოტალურ თუ ტოტალიტარულ მექანიზმებს. ცხადი გახდა ისიც, რომ დაიტესტა ცივილიზაციის განვითარების ზეტექნოლოგიურ, გნებავთ, ნანოტექნოლოგიურ ერაში გადასვლის საბაზისო საჭიროებები; აქამდე მიმოქცევაში არსებულ ფულის ნიშანზე უარის თქმა და მისი ეტაპობრივი ჩანაცვლება სხვადასხვა სახის ელექტრონული ფულით; დისტანციური, ონლაინსწავლებისა და მუშაობის ნაირ-ნაირი რეჟიმი; ელექტრონული სახელმწიფო სერვისები; ეტაპობრივი გადასვლა ელექტრონული მთავრობის რეჟიმზე პარლამენტის ვიდეოკონფერენციების ჩათვლით; დისტანციური სამედიცინო თუ იურიდიული მომსახურება და ა.შ. დაწესებული შეზღუდვები ლამის მთელ მსოფლიოში აჩვენებს იმასაც, რომ პოსტკორონავირუსულ ერაში დემოკრატიული სამყაროს მოქალაქეებიც კი უფრო მომთმენნი და ამტანნი გახდებიან კონტროლის ისეთი მექანიზმების მიმართ, რომელთა განხორციელების მცდელობასაც კი ნებისმიერი დემოკრატიული მთავრობა გადაჰყვებოდა. მაგალითისთვის კომუნისტურ ჩინეთს რომ არ გადავწვდეთ, ისრაელსა და ავსტრიას მივმართოთ, სადაც საგანგებო მდგომარეობის გამო ოფიციალურად ნებადართულია მობილური აპლიკაციის მეშვეობით ნებისმიერი ადამიანის მიმოსვლის კონტროლი დაინფიცირებულთაგან თავდაცვის მიზნით, ანუ მასებისთვის მისაღები გახდა ის, რაც ორიოდე თვის წინ შეიძლებოდა მხოლოდ გამონაკლისის წესით, სასამართლოს ნებართვით დაშვებულიყო...

ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებიდან გამოვყოთ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური - როგორ იქცა კორონავირუსი სუპერსახელმწიფოებსა და ამ სახელმწიფოთა გაერთიანებებს შორის მიმდინარე საინფორმაციო ომის თემად; ვინ არიან ამ ომის ძირითადი აქტორები და მათი სამიზნეები; რა ინტერესები აქვთ და რა შედეგს ელიან დეზინფორმაციის კამპანიის შედეგად; როგორია დეზინფორმაციის გავრცელების გზები და საშუალებები; რომელი ქვეყნები გვევლინებიან პარტნიორებად "ფრონტის ხაზის" ერთ მხარეს და ა.შ.

უნდა გავმიჯნოთ ორი ასპექტი: არასწორი ინფორმაციის უკონტროლო გავრცელება, რომლის წყარო სოცქსელების მომხმარებლებიც შეიძლება იყვნენ და დეზინფორმაცია, რომლის უკან, ძირითადად, მსხვილი სახელმწიფო ინტერესები დგას. პირველის მაგალითია სამკურნალო თემატიკასთან დაკავშირებული მითების კასკადი, რომელიც კორონავირუსის "განკურნების" თუ თვითმკურნალობის მეთოდებს ეხება. "დეზინფორმაცია, რომელიც თამაშობს ადამიანების სიცოცხლით, დეზინფორმაცია, რომელიც კლავს" - ასე შეაფასა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა ის რჩევა-მითები, რომლებიც "კოვიდ-19"-ზე სწრაფად მოედო მსოფლიოს სოციალური ქსელების მეშვეობით. საუბარია ათას სხვადასხვა "რეცეპტსა" და მოდიფიკაციაზე. მკურნალობისა და პრევენციის ამგვარი მეთოდები დაავადებისა და მეტიც - სიკვდილის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის, ამიტომაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მუშაობს ამგვარი მითების აღმოჩენა-უარყოფაზე და მთავრობებსაც მოუწოდებს, სანდო ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას და იზრუნონ ამ მითების განეიტრალებაზე. გაურკვეველი მომავლის შიშით დაზაფრული ადამიანები თვითონ ხდებიან ყალბი ინფორმაციის გადამტანები...

რაც შეეხება დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, აქ ძირითად მოთამაშეებად სახელმწიფოები გვევლინებიან. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ამ საინფორმაციო ომში ნათლად იკვეთება ჩინეთის, რუსეთისა და ცალკეულ შემთხვევებში ირანის ინტერესთა თანხვედრა...

დასავლური მედია, ისევე, როგორც ის კვლევითი ორგანიზაციები, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ ევროკავშირის სტრუქტურებსა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან, თანხმდებიან, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყარო რუსეთია. ის დეზინფორმაციას ავრცელებს ევროკავშირის ლამის ყველა მთავარ ენაზე: ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, იტალიურად და ესპანურად. დეზინფორმაციის არაერთი თემაა, რომელთა ფართოდ გავრცელებას ცდილობს რუსეთი, დაწყებული იმით, რომ კორონავირუსი აშშ-ის ბიოლოგიური იარაღია, რომელიც ამ ქვეყანამ ჩინეთთან ეკონომიკური ომის გამო შექმნა, გაგრძელებული იმით, რომ პოსტკორონავირუსულ სამყაროში ჩვენ მოვესწრებით ევროკავშირისა და ნატოს, როგორც არაეფექტიანი ინსტრუმენტების დაშლას. "კოვიდ-19"-ის ამერიკულ წარმოშობას ამტკიცებს ირანის საინფორმაციო ვერსიაც.

აქვე უნდა აღინიშნოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მიერ "ტვიტერის" გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის ლინკიც, სადაც საუბარია სწორედ კორონავირუსის ამერიკულ წარმოშობაზე... ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კვლევა აჩვენებს, როგორ ცირკულირებს ყალბი ინფორმაცია რუსული საიტებიდან ირანულ და ჩინურ საიტებზე და უკან, ანუ ირანული და ჩინური საიტები იკვებება რუსული ინფორმაციით, რომელსაც მერე ისევ რუსეთი ავრცელებს ირანულ და ჩინურ საიტებზე "დაყრდნობით"... რუსული დეზინფორმაციის ცალკე მიმართულებაა უკრაინა და ბალტიის ქვეყნები, სადაც რუსეთი ცდილობს, მოსახლეობას თავიანთი მთავრობებისადმი უნდობლობა გაუღვივოს და ეკონომიკური აპოკალიფსის სურათი დახატოს...

ცალკე განხილვის საგანია, სახელმწიფო მართვის რომელი სისტემა აღმოჩნდა უფრო ეფექტიანი გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში: ავტორიტარული ჩინეთი თუ დემოკრატიული სამყარო ამერიკისა და ევროპის ჩათვლით... თუ კომუნისტური ჩინეთის მოტივაციაა, წარმოაჩინოს საკუთარი მმართველობის სტილის უპირატესობა, რუსული დეზინფორმაციის მთავარი მიზანი დემოკრატიული სამყაროს უსუსურობის წარმოჩენაა, როგორც ცალკეული ქვეყნების, ასევე ისეთი ინსტიტუტების, როგორიც ნატო და ევროკავშირია. ამ მიმართულებით რუსული საინფორმაციო წყაროები ბევრ ვარიაციას გვთავაზობენ და უმრავლესობა ეფუძნება დეზინფორმაციის უმთავრეს პრინციპს - ისე შეაზავო რეალური და ყალბი ინფორმაცია, რომ უმრავლესობისთვის დამაჯერებელი გახდეს.

ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე მის მმართველ ორგანოებში კორონავირუსის გავრცელების პირველ კვირებში გამოჩენილმა დაბნეულობამ და არაკონსოლიდირებულმა ქმედებებმა, ასევე ევროკავშირის მისამართით წევრი ქვეყნების მთავრობათა მკვეთრმა განცხადებებმა და ოფიციალურ პირთა ბოდიშებმა რუსეთს შეუქმნა ნოყიერი ნიადაგი, ემტკიცებინა, რომ კორონავირუსი ის გამოწვევაა, რომელმაც ევროკავშირის არაეფექტურობა განსაკუთრებული სიმწვავით წარმოაჩინა და რომ ვირუსის ჩაცხრობასთან ერთად დღის წესრიგში დადგება ევროკავშირის მინიმუმ დღევანდელი სახით ყოფნა-არყოფნის საკითხი. "კოვიდ-19"-თან ბრძოლაში ევროკავშირის მოუქნელობა ხელ-ფეხს უხსნის რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილ ევროპელ პოლიტიკოსებს, ილაპარაკონ ევროკავშირის ქმედუუნარობაზე. მაგალითად, ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი აცხადებს: "პანდემია დაასუსტებს ევროკავშირს. მან ცხადყო ევროკავშირის კოორდინირებულად მოქმედების უუნარობა"... მის პოზიციას ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იზიარებს და რა გასაკვირია, რომ რუსეთი ცეცხლზე ნავთს ასხამს... დამაიმედებელია, რომ ევროპის ლიდერთა უმრავლესობა აცნობიერებს ევროკავშირის იმ სისუსტეებს, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებულმა პრობლემებმა წარმოაჩინა და მზად არის, ახლებურად გაიზაროს ევროკავშირის მომავალი მიზნები. ამის დასტურად შეიძლება იტალიის მიმართ ევროკომისიის ხელმძღვანელის ბოდიში მოვიყვანოთ: "უნდა ვაღიაროთ, რომ კრიზისის საწყის ეტაპზე, როცა ერთიანი ევროპული ზომები იყო საჭირო, ბევრი მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე ფიქრობდა. ვერ გავაცნობიერეთ, რომ ამ პანდემიის დამარცხებას შევძლებდით ერთად, როგორც კავშირი. ეს იყო ძალიან საზიანო და ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა. დღეს ევროპა იტალიის გვერდით დგას", - წერს ურსულა ვონ დერ ლეიენი.

- როგორ უნდა გაუმკლავდეს ჩვენი ქვეყანა ამ პრობლემებს? - ყველაფერი გვაჩვენებს, რომ საქართველო დგას ცივილიზაციათა გზაგასაყარზე, როცა კარდინალურად შეიძლება შეიცვალოს ეკონომიკური ფორმაცია, სახელმწიფო მართვის მოდელები, კრიზისებზე რეაგირების მექანიზმები, ადამიანთა ურთიერთობის ფორმები და თვით ადამიანიც კი, რომელიც დგება ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე - დარჩება ინდივიდად, თავისუფალ და მოაზროვნე, მეამბოხე არსებად თუ იქცევა ეკრანს მიღმა დატყვევებულ სტატისტიკურ "დეიტად" ანუ მონაცემად. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, წარმოვიდგინოთ, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელმაც უნდა შეძლოს და ალღო აუღოს ახალი დროის მოთხოვნებს, შეძლოს არა მარტო ადაპტაცია, არამედ თავისი უნიკალური ნიშის მოძებნა, რათა არა მხოლოდ გადარჩეს, არამედ გახდეს ახალი ფორმაციის წარმატებული სახელმწიფო.

კორონავირუსმა უამრავ გამოწვევასთან ერთად ბევრი სიკეთეც დაგვანახვა. მათ შორის, მართლაც გასაოცარი ქართული ინტელექტუალური პოტენციალი, როგორც ქვეყანაში, ასევე - მის გარეთ. ამჯერად მხოლოდ სამედიცინო სფეროზე ვილაპარაკებ. ყოველდღე ვხედავთ, რომ უაღრესად წარმატებული და მაღალკვალიფიციური ქართველი ექიმები მუშაობენ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების კლინიკებში. ეს გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ სხვა სფეროებშიც არანაკლებ წარმატებული, მსოფლიოში მიმობნეული მოღვაწეები გვეყოლება. ჰოდა, დღეს ისე, როგორც არასდროს გვჭირდება მათი ერთად შეკრება, მერე კი საერთო ძალისხმევით ქვეყნის სამშვიდობოს გასვლისა და წარმატების ახალი კოდის პოვნა.