"საერთაშორისო არენაზე ძალიან მძიმე და დაუნდობელი ბრძოლა გაიმართება" - კვირის პალიტრა

"საერთაშორისო არენაზე ძალიან მძიმე და დაუნდობელი ბრძოლა გაიმართება"

"უკვე იკვეთება ტენდენცია, რომ ყველა ქვეყანა თავად იწყებს ზრუნვას საკუთარ მოსახლეობაზე... ინგლისის ყოფილმა პრემიერმა გორდონ ბრაუნმა განაცხადა, მსოფლიოს გლობალური მმართველობა სჭირდებაო, ტრამპი და მისი თანამოაზრეები კი ფიქრობენ, რომ ყველა ქვეყანამ დამოუკიდებლად უნდა მართოს საკუთარი ხალხი. მე თუ მკითხავთ, ჩვენს ქვეყანას ტრამპის პოლიტიკა უფრო წაადგება. ყველა მთავრობა თავისი ხალხის ისტორიის, ტრადიციების გათვალისწინებით უნდა მართავდეს ქვეყანას..."

პოლიტოლოგებისა და ექსპერტების აზრით, მსოფლიო აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. შეიცვლება როგორც პოლიტიკური წესრიგი და ეკონომიკური პრიორიტეტები, ასევე ადამიანების მენტალიტეტი და ფასეულობები. ამ აზრს იზიარებს პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძეც. რომელი ქვეყნები შეიძლება დაწინაურდნენ ან დაღმავლობის გზას დაადგნენ პანდემიასთან ბრძოლის დასასრულს და როგორ შეიძლება გადაფასდეს მორალური ღირებულებები, ამის შესახებ ბატონი რამაზი გვესაუბრება.

- რთულია, წინასწარ განსაზღვრო როგორი შეიძლება იყოს შეცვლილი სამყარო და გადაფასებული ღირებულებები. თუმცა შტრიხების დანახვა მაინც შესაძლებელია. მაგალითად, დღეს ყველაზე რთული ვითარება დასავლურ განვითარებულ ქვეყნებში, ამერიკასა და ევროპაშია. ამ ქვეყნებში შემაშფოთებელია კორონავირუსით დაღუპულთა და დაინფიცირებულთა რიცხვი. შესაბამისად, ადამიანებმა გადააფასეს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს დასავლეთისა და ამერიკის ყოვლისშემძლეობა. კრიზისის შემდეგ ევროპელები და ამერიკელები დაიწყებენ ფიქრს, თუ რა იყო არასწორი მათ პრიორიტეტებში, ცხოვრების წესში...

- იტალიაში კრიზისის პირველ ეტაპზე პრემიერმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, თუ ევროკავშირის ლიდერები ვერ იმუშავებენ ერთად კორონავირუსის დასამარცხებლად ეს ორგანიზაცია ფუნქციას დაკარგავსო. დღევანდელი მოცემულობა რა დასკვნის საფუძველს გვაძლევს, შესაძლებელია თუ არა კორონაკრიზისმა ევროკავშირი მართლაც შეიწიროს? - იტალიის მთავრობამ მართლაც მწვავე განცხადებები გააკეთა მას შემდეგ, რაც გერმანიამ თავი შეიკავა სამედიცინო ინვენტარით მათ დახმარებაზე. შეიძლება ითქვას, რომ იტალიელებმა ევროპელები გამოაფხიზლეს. ამის მაგალითი იყო გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის დაგვიანებული განცხადება ერთიანი ევროპული ოჯახის თაობაზე და ასევე დაგვიანებული სამედიცინო დახმარება ჯერ იტალიისთვის, შემდეგ საფრანგეთისთვის.

- მერკელი ევროკავშირის დაშლის საფრთხემ შეაშფოთა? - სწორედაც. გერმანიას ხომ ლომის წილი უძევს ევროკავშირის, ასევე ევროპის ერთიანი ვალუტის შექმნაში. ამდენი წლის ძალისხმევის შედეგის კორონავირუსისთვის გატანება მერკელის ავტორიტეტს ნამდვილად არ წაადგება სასიკეთოდ.

- ამერიკა და ბრიტანეთი კორონავირუსის გავრცელებაზე პასუხისმგებლობას ჩინეთს აკისრებენ. ტრამპი ჩინეთს ყოველთვის სტრატეგიულ მეტოქედ განიხილავდა, თუმცა ახალია ბრიტანეთის კრიტიკული პოზიცია. - ეს ახალი მოცემულობა მეტყველებს იმაზე, რომ საერთაშორისო არენაზე ძალიან მძიმე და დაუნდობელი ბრძოლა გაიმართება. ნიშანდობლივად მეჩვენება ერთი ფაქტორი - პეკინმა "კაპიკებად" იყიდა ჩინეთში არსებული უცხოური საწარმოები, რომლებიც კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო გაკოტრდნენ. არადა, ჩინეთი თავის დროზე სწორედ ამ საწარმოებმა დააყენა ფეხზე. დასავლეთის ბიზნესწრეები ოფიციალური პეკინის ამ ქმედებას უმადურობად და ღალატად თვლიან. შესაბამისად, არ არის გამორიცხული დასავლეთმა ჩინეთს თავისი რესურსი უკან გამოაცალოს. ევროპელი ლიდერები უკვე ლაპარაკობენ საწარმო რესურსების საკუთარ ქვეყნებში დაბრუნების თაობაზე. ეს კი თავისთავად ნიშნავს ჩინეთის ეკონომიკაზე შეტევას.

- თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, პოსტკრიზისული პერიოდიდან ვინ გამოვა ყველაზე ნაკლები დანაკარგით? - რა თქმა უნდა, ჩინეთი. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ყველაზე წარმატებულად დააღწია თავი მის წიაღში გაჩენილ უბედურებას. ასევე მის ხელში გადავიდა დიდი საწარმო რესურსი. თუმცა არა მგონია მისი წინააღმდეგობა დაუძლეველი იყოს ამერიკისთვის, თუ გვერდით ევროპაც დაუდგება.

- ამ პროცესში როგორი იქნება რუსეთის პოზიცია. მართალია, ჩინეთი და რუსეთი ეკონომიკური პარტნიორები არიან, მაგრამ ექსპერტები მათ მეგობრობას ეჭვით უყურებდნენ. - რუსეთი ახლა თავად არის ძალიან რთულ ვითარებაში და ძნელი სათქმელია, რით დამთავრდება მისი "კორონიზაცია". მით უფრო ძნელია თქმა, როგორ შეიცვლება პუტინის ავტორიტეტი. მგონი, რუსეთს პანდემიის მხრივ იმაზე გაცილებით დიდი პრობლემა აქვს, ვიდრე ასაჯაროებს. განსაკუთრებით საეჭვოა ვითარება ციმბირში, რომელიც სრულიად ღიაა ჩინეთისთვის.

- სხვათა შორის, ჩინეთმა თავად ჩაკეტა ციმბირის რამდენიმე ქალაქთან საზღვარი... - ხომ წარმოგიდგენიათ, ციმბირში როგორ არის ვირუსი გავრცელებული, რომ ჩინეთმა აქეთ ჩაკეტა საზღვარი...

- ცხადი ხდება, რომ ეს ვირუსი ადამიანების ფსიქოლოგიაზეც მნიშვნელოვნად მოქმედებს. როგორი იქნება პანდემიაგამოვლილი საზოგადოება? - შუა პანდემიის პერიოდში, ისევე როგორც შუა ომის დროს, ადამიანი მობილიზებულია, მაგრამ როგორც კი საფრთხე გადაივლის, მაშინვე ეწყება ფსიქოლოგიური კრიზისი. ახლახან ფსიქოლოგებს საშუალება მოგვეცა პანდემიასთან დაკავშირებულ კვლევებს გავცნობოდით და ერთი რამ მომხვდა თვალში - დასავლური ქვეყნების მოსახლეობისთვის ზოგიერთ კვლევაში ასეთი შინაარსის კითხვები იყო: გრძნობთ თუ არა სახელმწიფოს ყურადღებას? ფიქრობთ თუ არა, რომ მარტო ხართ? ესე იგი დასავლურ სინამდვილეში ადამიანის მარტო დარჩენის თემატიკა გახდა აქტუალური. საქართველოში რა ხდება? ჩვენ მოგვიწოდებენ, გვთხოვენ, ცოტა ხნით მაინც დავრჩეთ მარტო. კორონაკრიზისმა დაგვანახა, რომ საქართველოში მხარდაჭერის, სოლიდარობის ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპაში. შესაბამისად, პანდემიის შემდეგ განსხვავებული იქნება ადამიანების ფსიქოლოგიური განწყობები საქართველოსა და ევროპაში. მაინტერესებს, მსგავსი კვლევა რა ტენდენციებს გამოკვეთს აღმოსავლური მენტალიტეტის ქვეყნებში.

- თქვენც ფიქრობთ, რომ კარგი განწყობა იმუნიტეტს აძლიერებს? - დიახ. არსებობს სტრესის სამი ფაზა: შფოთვის, რეზისტენტულობისა და გამოფიტვის. შფოთვის სტადიაზე ორგანიზმში ფიზიოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს. ეს შეიძლება იყოს კუჭნაწლავის ფუნქციის დარღვევა, ენდოკრინული ცვლილებები და ა.შ. ამგვარი ცვლილებები საფრთხეს უქმნის ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანმა ვერ დასძლია სტრესი; რეზისტენტულობის სტადიაზე მიმდინარეობს ორგანიზმის ბრძოლა იმისთვის, რომ გაუმკლავდეს სტრესორს და შესაძლოა მისი მცდელობა წარმატებითაც დამთავრდეს, ანუ ინდივიდი გაუმკლავდეს სტრესს; მესამე, ანუ გამოფიტვის ეტაპი დგება მაშინ, თუ ადამიანმა ვერ დასძლია სტრესი რეზისტენტულობის სტადიაზე. გამოფიტვის სტადიაზე მიმდინარეობს ორგანიზმის დაცლა ენერგეტიკული რესურსებისგან. პირველი და მეორე სტადიებისგან განსხვავებით, ამ დროს სტრესი უკიდურესად საშიში ხდება ჯანმრთელობისათვის, იმუნიტეტი ნულამდე ეცემა. ასე რომ, ადამიანი მდგრადი რომ იყოს ავადობის წინააღმდეგ, უპირველესად მდგრადი უნდა გახადო სტრესის წინააღმდეგ.

- ამბობთ, რომ ქართველებს სოლიდარულობის მაღალი ხარისხი აღმოგვაჩნდა. რატომ ვერ შედგა პოლიტიკოსების ერთობა? - ვერ ვიტყოდი, რომ ერთობა არ შედგა. თუ გავიხსენებთ 2019 წლის შემოდგომასა და ზამთარში რა ხდებოდა, ერთობას კი არა, სიყვარულის დიდ თაიგულსაც ვხედავ. ოპოზიცია დღეს თავისი სიჩუმით გამოხატავს სოლიდარობას. თუმცა ეს უფრო ხალხის დამსახურებაა. უკვე ცხადი გახდა, რომ საზოგადოების მხარდაჭერას მხოლოდ ხელისუფლების გინებითა და კრიტიკით ვეღარ მოიპოვებ. კორონავირუსმა სხვა ბევრ რამესთან ერთად, ოპოზიციაც შეცვალა. იმედია, სტრატეგიასაც შეცვლიან და პროდუქტიულები გახდებიან. მხოლოდ გლობალური პოლიტიკა კი არა, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაც შეიცვლება. ვფიქრობ, გასაქანი მიეცემა ადგილობრივი რესურსების განვითარებას. დღემდე პროდუქტის გარედან შემოტანა უფრო იაფი გვიჯდებოდა, ვიდრე საკუთარის წარმოება, საერთაშორისო ორგანიზაციები მოითხოვდნენ, რომ უარი გვეთქვა პროტექციონისტულ პოლიტიკაზე. უკვე იკვეთება ტენდენცია, რომ ყველა ქვეყანა თავად იწყებს ზრუნვას საკუთარ მოსახლეობაზე. ასეთი მიდგომა გლობალიზაციის პროცესს შეაჩერებს და ეს ჩვენს ეკონომიკაზეც აისახება. აღარავინ დაგვიწყებს ჭკუის სწავლებას, შენი ნიორიც ისევე გაყიდე, როგორც ჩინურიო, მით უმეტეს, ჩინურ ნიორზე ხმას აღარავინ ამოიღებს, რადგან ევროპა მიხვდება, რომ გლობალიზაციის სტრატეგიის გატარების შემთხვევაში ისევ ჩინეთი გაიმარჯვებს.

- ერთი ვერსიით ვირუსის გავრცელებას გლობალისტები ტრამპის წინააღმდეგ იყენებენ... - მეც მსმენია ეს ვერსია და რეალობისგან შორს არ არის. არ არის გამორიცხული, რომ ამ მოვლენის ხარჯზე ბევრმა სცადოს თავისი მიზნების მიღწევა. შეიძლება რაღაც მოხდეს, მაგალითად, თოვლი მოვიდეს და თხილამურების მწარმოებლებმა ნახონ ხეირი, ან წვიმა მოვიდეს და ქოლგების მწარმოებლებმა იხეირონ. ხეირის ნახვა ერთია, მაგრამ ვერც თოვლის და ვერც წვიმის მოყვანაში ამ ფირმებს ვერ დაადანაშაულებ. დღეს ყველა ცდილობს სასწორის თეფშის თავის მხარეს გადაქაჩვას. როგორც კი კრიზისი დაიწყო, ინგლისის ყოფილმა პრემიერმა გორდონ ბრაუნმა განაცხადა, მსოფლიოს გლობალური მმართველობა სჭირდებაო, ტრამპი და მისი თანამოაზრეები კი ფიქრობენ, რომ ყველა ქვეყანამ დამოუკიდებლად უნდა მართოს საკუთარი ხალხი. მე თუ მკითხავთ, ჩვენს ქვეყანას ტრამპის პოლიტიკა უფრო წაადგება. ყველა მთავრობა თავისი ხალხის ისტორიის, ტრადიციების გათვალისწინებით უნდა მართავდეს ქვეყანას...

ხათუნა ბახტურიძე