შეიცვლება თუ არა მსოფლიო წესრიგი პანდემიის შემდეგ?! - კვირის პალიტრა

შეიცვლება თუ არა მსოფლიო წესრიგი პანდემიის შემდეგ?!

"ადამიანს მოსთხოვო 100 კი არა, 300 მილიონი უნდა ჩაგერიცხაო, უმადურობაა და მეტი არაფერი"

თვე-ნახევარი გავიდა საქართველოში კორონავირუსული ინფექციის პირველი შემთხვევიდან. ეპიდემიოლოგიური ვითარება ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელია. მოგეხსენებათ, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაწესებულია კომენდანტის საათი. გარდა ამისა, მკაცრი საკარანტინო ზომების შემოღება მარნეულისა და ბოლნისის შემდეგ, უკვე ლენტეხის მუნიციპალიტეტშიც გახდა საჭირო, სადაც 53 წლის ინფიცირებულ მამაკაცთან ურთიერთობის გამო რამდენიმე კაცს დაუდასტურდა ინფექცია. როგორ უმკლავდება საქართველო პანდემიის შემოტევას და როგორი შეიძლება იყოს ქვეყანასა და მსოფლიოში პოსტკრიზისული ვითარება, ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

- საქართველოში სხვისი სიტყვა უფრო დამაჯერებლად გვეჩვენება, ვიდრე საკუთარი გამოცდილება და დაკვირვება - არ ვენდობით არც ციფრებს, არც საკუთარ თავს... სამაგიეროდ, როდესაც ჩვენი დასავლელი სტრატეგიული პარტნიორები რაღაცაზე მიგვანიშნებენ ან ჩვენს მოქმედებას შეაფასებენ, ეს უფრო სარწმუნო გვგონია. ჰოდა, დღეს დასავლეთს იმდენად პოზიტიური შეფასებები აქვს, ის დროა, დავიჯეროთ, რომ ამ გლობალურ პრობლემას აქამდე მეტ-ნაკლებად კარგად გავართვით თავი. ესეც რომ არ იყოს, ხომ ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში და რა ჩვენთან. ამიტომ მეეჭვება ყველაზე დიდმა სკეპტიკოსმაც მოახერხოს და იპოვოს სხვაგვარი შეფასების საფუძველი.

მხოლოდ ხელისუფლება ვერაფერს იზამდა, რომ არა საზოგადოების სწორი პასუხი მთავრობის პოლიტიკაზე, რომელიც პროფესიონალთა რჩევებს ემყარება.

ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა, ყველა მედიცინის მუშაკმა, გმირობის ტოლფასი საქმე ჩაიდინეს ამ თვე-ნახევრის განმავლობაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო მედიასთან ასეთი ინტენსიური კონტაქტი, ეთერიდან ეთერში სიარული, ახსნა-განმარტებების მიცემა ყოველ წვრილმანზე უაღრესად დამღლელია. თუმცა ამან ნაყოფი გამოიღო - ჩვენი საზოგადოება ინფორმირებულია და სიფრთხილის ზომებს პანიკის გარეშე იღებს, რაც დიდწილად სწორედ ამ პროფესიონალთა დასაბუთებული ახსნა-განმარტებების დამსახურებაა.

მოკლედ, საზოგადოება ვითარების ადეკვატურად იქცევა, მშვიდად შეხვდა დაწესებულ შეზღუდვებს. ყველა ვხედავთ, რომ გასაჭირია ქვეყანაში, რომელიც არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს გასაჭირია და არ მესმის იმ ხალხის, ვინც კომენდანტის საათს არღვევს. გაუგებარია, რატომ იქცევიან ასე?

თუმცა ისიც სათქმელია, კარანტინის რეჟიმის ზოგიერთი დეტალი ბოლომდე დაზუსტებული არც ხელისუფლებას აქვს. მთელი ქვეყანა თითქმის შინაპატიმრობაში ვცხოვრობთ, ამიტომ ამას დაძაბულობაც ახლავს და მომავალზე შფოთიც.

ისიც სწორია, როგორც კი 3-4 ფაქტი გამოჩნდება რომელიმე მუნიციპალიტეტში, მკაცრ კარანტინში რომ აქცევენ. როგორც ვიცი, ამან გაამართლა მარნეულსა და ბოლნისში და ბოლო დღეებში იქ ახალი შემთხვევები აღარ ყოფილა.

ვაღიაროთ, რომ დღემდე მიღებული ზომები საჭირო და ქმედითი იყო, მაგრამ რა იქნება შემდეგ, ამის თქმა ძნელია, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ კორონავირუსულ პანდემიას დავამარცხებთ.

- დამეთანხმებით, რომ ოპოზიციის ვალია ხელისუფლების გაკრიტიკება, მაგრამ როგორც ფიქრობთ, შექმნილ ვითარებაში რამდენად საგნობრივად ახერხებს ოპოზიცია ოპონირებას? - პოლიტიკური თემები ასპარეზიდან გაქრა - იქნება ეს მომავალი საპარლამენტო არჩევნები თუ სხვა რამ. ახლა საზოგადოების ყურადღება მხოლოდ პანდემიაზეა კონცენტრირებული. სამწუხაროდ, ოპოზიციამ შეცვლილ რეალობას ვერ აუღო ალღო. ოპოზიციურ ძალებს სურთ ამ პროცესში მონაწილეობა, მაგრამ ადგილს ვერ პოულობენ და არც ხელისუფლება აძლევს ამის საშუალებას. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პოლიტიკური საბჭოს შექმნით მნიშვნელოვან შედეგს მივაღწევდით კორონავირუსთან ბრძოლაში, რისი იდეაც, როგორც მახსოვს, "ლელოს" ჰქონდა, მაგრამ ზოგად პოლიტიკურ ვითარებას, ვფიქრობ, დაალაგებდა და ეგებ ოპოზიციაც კმაყოფილი დარჩენილიყო. სხვათა შორის, ეს გააკეთეს კიდეც ზოგიერთ ქვეყანაში. ვფიქრობ, ეს იქნებოდა ერთიანობის გამომხატველი ჟესტიც. ჩვენმა ხელისუფლებამ ეს არ მოინდომა, მაგრამ ეს არ აძლევს უფლებას ოპოზიციას ახალი თემების ძებნა დაიწყოს და ამით ობსტრუქცია მოაწყოს. გავიგეთ, რომ სწრაფი ტესტების შემოტანა აუცილებლად მიგაჩნია და ამას სთავაზობ ხელისუფლებას, წინადადება კარგია, მაგრამ გააჩნია, როგორი კილოთი სთავაზობ.

დიახ, ხელისუფლების გაკრიტიკება აუცილებელია, მაგრამ გააჩნია, ამ დროს წინა პლანზე რა გამოდის - საქმის გაკეთების სურვილი თუ ვიღაცის პარტიული ინტერესი. როდესაც ჩვენც ვხედავთ და ჩვენი მთელი მედპერსონალიც ამბობს, რომ პროცესის ისე წარმართვამ, როგორც მიდის, გაამართლა და სწრაფი ტესტები ჯერჯერობით არსებითად ვერაფერს შეცვლის, მათი ხარისხის თუ სხვა მიზეზების გამო, ყოველდღე აღარ უნდა ილაპარაკო ამაზე. როგორც კი ამის გამო ხელისუფლების გაკრიტიკებას იწყებ, მას მაშინვე აქვს საპასუხო არგუმენტი - ნახე ჩვენთან გავრცელების თუ გამოჯანმრთელების ციფრები და მერე გამაკრიტიკეო...

ავიღოთ პირბადეების თემა... როცა იცი, რომ ევროპაში თუ აშშ-ში პირბადეების დეფიციტია, ისიც იცი, ეკონომიკა და მრეწველობა რა დონეზე გვაქვს განვითარებული და ამ დროს მოხერხდა და შეიქმნა ეროვნული წარმოება, რომლის პროდუქტზეც პროფესიონალები ამბობენ, რომ თავის დანიშნულებას ასრულებს, შენ კი ამ დროს აკრიტიკებ დიზაინის გამო, სასაცილო მდგომარეობაში იგდებ თავს.

ბოლოს და ბოლოს, ის მაინც უნდა გვიხაროდეს, რომ ქართული წარმოება საკუთარ ეკონომიკაში ჩადებული ფულია... გასაგებია აკრიტიკებდე იმის გამო, რომ ეს პირბადე არ ასრულებს თავის დანიშნულებას, მაგრამ ამაზე ვერაფერს ამბობენ, რადგან პროფესიონალები ამტკიცებენ, ასრულებსო.

ეს ჩასაფრებას ჰგავს, რაც სიმართლე გითხრათ, ისევ ამ პოლიტიკური ძალის პრობლემაა. თუ ჰგონია ვინმეს, ამით პოლიტიკურ ქულებს დაიწერს, ძალიან ცდება. ერთხანს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ისიც კი სცადეს, სამედიცინო პერსონალისთვისაც დაებრალებინათ, არაფერი იციანო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სცოდნიათ.

ეს ისეთი თემებია, რაზეც დღეს გამოკიდება არ ღირს. ჩვენ რომ ჩვეულებრივ რეჟიმში ვიყოთ, კი, ბატონო, გვედავა და გვეკრიტიკებინა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის.

- საზოგადოება შიშით ელის პოსტკრიზისულ პერიოდსაც. ექსპერტთა თქმით, უმნიშვნელოვანესია, მთავრობა როგორ ანტიკრიზისულ გეგმას შეიმუშავებს.

- ბოლო 30 წელიწადი ჩვენთვის ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა, მაგრამ დღევანდელი ვითარება სრულიად არაორდინარული და რთულია. ამას განაპირობებს მხოლოდ ის კი არა, რომ ჩვენ სუსტი ეკონომიკა გვაქვს, არამედ ისიც, რომ მთელ მსოფლიოში ეკონომიკა, ფაქტობრივად, გაჩერდა, მთელი მსოფლიო იზოლაციაშია, კრიზისი არის ყველგან - ყველას უჭირს და ყველა ცდილობს საკუთარი პრობლემების მოგვარებას. თურმე თურქეთმა ქვეყნიდან ლიმონის გატანა აკრძალა... მოკლედ, ყველა უფრთხილდება თავის მარაგებს... მიუხედავად იმისა, რომ ანტიკრიზისული გეგმა ქვეყანას დროულად სჭირდება, მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ ყველაფერი კარგად ასაწონ-დასაწონია, არ შეიძლება ნაჩქარევად გადაწყვეტილების მიღება.

ჩვენ ჯერ კიდევ კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პროცესში ვართ, ჯერ არ ვიცით, რა იქნება. პროგნოზირებდნენ, რომ გასული კვირის ბოლოს 300 და მეტი დაინფიცირებული გვეყოლებოდა, მაგრამ ღვთის მადლით 11 აპრილის მონაცემებით 242. იმედია, ზრდის დინამიკა ისევ ასე გაგრძელდება და მასშტაბური არ გახდება.

ყველა ვხვდებით, ხვალაც რომ დასრულდეს ინფიცირების გავრცელება, წელს ჩვენს ბიუჯეტში ტურიზმიდან შემოსავალი თითქმის ნულის ტოლი იქნება. მოკლედ, ხელისუფლებამ დანამდვილებით არ იცის, რა შემოსავლები ექნება ბიუჯეტში, ამიტომაც ძალიან ფრთხილი მიდგომაა საჭირო.

ვფიქრობ, საწარმოები, რაც ან გაჩერდა, ან შეზღუდვით მუშაობს, ნელ-ნელა უნდა ამოქმედდეს, იმის გათვალისწინებით, რის საშუალებასაც მოგვცემს ვირუსის გავრცელება.

არ დაგვავიწყდეს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და პროდუქტები. ვფიქრობ, საკოლმეურნეო ბაზრები დროულად უნდა მოწესრიგდეს და ბაზრები გაიხსნას. ვფიქრობ, ერთი ქსელი სასოფლო-სამეურნეო საქონლით მთელ ქვეყანას ვერ მოამარაგებს, ანუ ის, რასაც "ჯიბის" შემთხვევაში გვიხატავენ.

ყველაზე მეტად კი მაშფოთებს ეკლესიის დამოკიდებულება და ის სადღესასწაულო დღეები, რაც წინ გვიძევს. ამან შეიძლება კონტროლი დაგვაკარგვინოს შიდა გავრცელებაზე. მიკვირს, რომ ჩვენი სამღვდელოება არ ითვალისწინებს მსოფლიოში არსებული სხვა რელიგიური ორგანიზაციების გამოცდილებას, არც იმას, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებენ ისეთი სახელმწიფოებიც კი, სადაც სახელმწიფო იდეოლოგიას რელიგია წარმოადგენს. ეს პრობლემა უნდა როგორმე მოგვარდეს, მას საღი გონებით უნდა მივუდგეთ.

პირველი, რაც სჭირდებოდა მოსახლეობას, იყო კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლება, რაც გაკეთდა და მისასალმებელია. არც ეკონომისტობაა საჭირო და არც პოლიტიკოსობა იმის მისახვედრად, რომ მთავრობამ, ერთი მხრივ, დონორები უნდა ეძებოს, იფიქროს წარმოების განვითარებაზე, ყველაფერი გააკეთოს კაპიტალის ქვეყანაში დასატოვებლად და ა.შ., მეორე მხრივ კი არსებული თუ მოძიებული რესურსები სწორად გაანაწილოს.

ხელისუფლებამ პროცესების განვითარების რამდენიმე ვერსიაზე უნდა იმუშაოს და საჯაროდ გამოიტანოს მხოლოდ კარგად აწონილ-დაწონილი ანტიკრიზისული გეგმა და ამისთვის უნდა "იჩქაროს ნელა"...

უკვე ითქვა 2-მილიარდიან ინვესტიციაზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ გადანაწილდება ეს თანხა. ჯერჯერობით თუნდაც ის, რომ მაღაზიათა ერთ-ერთ ქსელს მიანდეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შემოტანა და რეალიზება, უკვე აჩენს კითხვის ნიშნებს ამ პროცესისადმი.

ისე არ მოხდეს, ეს რესურსები მსხვილ ბიზნესზე განაწილდეს და წვრილი და საშუალო ბიზნესები თამაშგარე მდგომარეობაში დარჩნენ, რაც მოგვიტანს იმას, რომ მდიდრები უფრო გამდიდრდებიან და ღარიბები კი გაღარიბდებიან.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობასა და პროდუქტს, ბევრი ლაპარაკი იყო იმაზე, რომ საქართველოში კვერცხის წარმოება შეიძლებოდა, მაგრამ უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქციის დემპინგური ფასების გამო ეს ვერ ხერხდებოდა. დღეს ხომ დავრწმუნდით, რამხელა მნიშვნელობა აქვს სასურსათო უსაფრთხოების საკითხს. როცა ამაზე ბიზნესი ლაპარაკობდა, მაშინ ხელისუფლებას არ ესმოდა, მაგრამ იმედია ახლა გაითვალისწინებს. იგივე ითქმის ქათმის ხორცის წარმოებაზეც. აი, ამას უნდა მოვუაროთ დროულად, ახლავე, ოღონდ უნდა დაიწყოს არა იმით, რომ მსხვილი მოთამაშეები გაჩნდნენ, არამედ იმით, რომ მსხვილ მოთამაშეებთან ერთად გაჩნდნენ წვრილი და საშუალო მწარმოებლები. თუ გვინდა ქვეყანაში შევქმნათ რეალური საშუალო ფენა, სწორედ ამ ჭრილში უნდა იფიქროს ხელისუფლებამ ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებისას.

- გასულ კვირას კორონავირუსული ინფექციის შეჩერების ფონდში ექსპრემიერმა და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი ლარი გადარიცხა, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა. - ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ეს 100 მილიონი ქვეყანას ჰაერივით სჭირდება და ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს. ადამიანს მოსთხოვო 100 კი არა, 300 მილიონი უნდა ჩაგერიცხაო, უმადურობაა და მეტი არაფერი.

ივანიშვილი რომ დღეს პოლიტიკის გარეთ იყოს, ბუნებრივია, ეს ქველმოქმედება იქნებოდა და ამაზე არავინ იდავებდა, მაგრამ ის დღეს ხელისუფლებასთან ასოცირდება, მეტიც, მას ხელისუფლების ხელისუფლად მიიჩნევენ. ამიტომ მისი ეს ნაბიჯი პოლიტიკური აქციაა, თუმცა სხვა საქმეა, რამდენად იმუშავებს ეს ამომრჩეველზე. მას შეეძლო 100 მილიონი ნაწილ-ნაწილ და გადაერიცხა ინკოგნიტოდ დარჩენილიყო როგორც ადრე, მაგრამ ასე არ გააკეთა, რაც ნიშნავს, რომ პოლიტიკურ დივიდენდებს ელის.

- მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები პანდემიის პირველ ეტაპზე ძალიან დაბნეული იყვნენ, თუმცა ვითარებას ნელ-ნელა აუღეს ალღო და უკვე ერთმანეთის დახმარებაზე ლაპარაკობენ. საქართველოსთვის ფინანსური დახმარება 180 მილიონი ევროს ოდენობით უკვე გამოყო ევროკავშირმა, უფრო ადრე კი აშშ მილიონ 100 000 დოლარით დაგვეხმარა... - კორონავირუსი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ ვერავინ მოასწრო სწრაფი რეაგირება, შესაბამისად, ამან მსოფლიო დააბნია და სრულიად ბუნებრივია. ყველა სახელმწიფო სხვადასხვაგვარად მიუდგა პრობლემას, ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისთვის დრო აღარც იყო. დემოკრატია კარგია, შეცდომების დაშვებისგან გვაზღვევს, მაგრამ, იმავდროულად, კონსოლიდირებული გადაწყვეტილების მისაღებად დროა საჭირო. ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს პირველი რეაგირება იყო ჩაკეტილიყო საკუთარ საზღვრებში, მიეღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. ახლა ნელ-ნელა იწყებენ ერთობლივ მუშაობას და აყალიბებენ პრობლემების გადაჭრის ერთობლივ მიდგომებს. იმავეს აკეთებს აშშ-ც, სადაც ყველაზე მასშტაბურად გავრცელდა ვირუსი და შედეგებიც მძიმეა. ამის მიუხედავად, ამერიკულმა ფინანსურმა წრეებმა უკვე დაიწყეს არა მხოლოდ აშშ-ის ეკონომიკაზე, არამედ სხვა ქვეყნების დახმარებაზე საუბარი და მოქმედებაც.

ყველა ხედავს, რომ ცალკე აღებული რომელიმე ქვეყანა ამ კრიზისიდან ვერ გამოვა. კრიზისში ყველა ერთად აღმოჩნდა და თავსაც ერთად თუ დააღწევს...

ცხადად ჩანს, რომ სტრატეგიული პარტნიორები დაგვეხმარებიან, მაგრამ ვიმეორებ, ეს დახმარებაც და შიდა ინვესტიციებიც ყველა სოციალურ ფენაზე უნდა გადანაწილდეს.

მართალია, ბევრი ვარაუდი გამოითქმის, მაგრამ არ მჯერა, რომ ამ კრიზისის შემდეგ მსოფლიოში დიდი პოლიტიკური ძვრები იქნება, ჩემი აზრით, ეს მოსალოდნელი არ არის.

ვფიქრობ, დაიწყება შეცდომების გააზრება და შემდგომი საფრთხეების პრევენციაზე მეტად ზრუნვა. ის, რომ აშშ-ში, ამხელა ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, პირბადეების დეფიციტია, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს და ვფიქრობ, ამას უპირველესად მოუვლის ამერიკა, მით უფრო, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ პანდემიამდე კარგა ხნით ადრე ლაპარაკობდა ეროვნული წარმოების მეტად განვითარებასა და ჩინეთიდან ამერიკული ქარხნების დაბრუნებაზე. ასეთ დასკვნებს კიდევ ბევრი ქვეყანა გამოიტანს. ამ პანდემიამ გვაჩვენა, რომ უსაფრთხოება არ ნიშნავს მხოლოდ სხვა სახელმწიფოს სამხედრო აგრესიისგან თავის დაცვას, ამიტომაც ბევრ სახელმწიფოში თავდაცვაში დახარჯული თანხების განსაზღვრული პროცენტი, ვფიქრობ, მედიცინისკენ იქნება მიმართული, ველი დიდ ეკონომიკურ ძვრებსაც, მაგრამ ეს მსოფლიო წესრიგს ვერ შეცვლის.