"ჩემი ნათესავი საშინელი ბულინგის მსხვერპლია. ტყუილია, თითქოს 50-კაციანი დაბადების დღე გადაიხადა. ამით სვანებსაც გვაყენებენ შეურაცხყოფას" - კვირის პალიტრა

"ჩემი ნათესავი საშინელი ბულინგის მსხვერპლია. ტყუილია, თითქოს 50-კაციანი დაბადების დღე გადაიხადა. ამით სვანებსაც გვაყენებენ შეურაცხყოფას"

"ტელევიზიები ცრუობენ, ჩემი ნათესავი საშინელი ბულინგის მსხვერპლია. ტყუილია, თითქოს 50-კაციანი დაბადების დღე გადაიხადა. ამით სვანებსაც გვაყენებენ შეურაცხყოფას - ვირუსის მძვინვარების დროს 50-კაციან სუფრაზე რომ მიხვალ, ხომ ხარ კრეტინი?.."

10 აპრილს ლენტეხის მუნიციპალიტეტი საკარანტინო ზონად გამოცხადდა. საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებში პოლიცია და თავდაცვის ძალები მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ. ლენტეხში საგანგებო მდგომარეობის გამკაცრება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ჩოვიდ-19-ის შიდა გადაცემის ოთხი ახალი ფაქტი დადასტურდა... თავდაპირველად, 8 აპრილს, ვირუსით ინფიცირება დაუდგინდა 53 წლის მამაკაცს, რომელიც ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში გადაადგილდებოდა. შემდეგ გამოვლინდა კიდევ 4 პირი, რომელთა შორის ერთი არასრულწლოვანია (დაინფიცირებულის შვილი). გავრცელებული ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცის კლასტერი 100 კაცამდე გაიზარდა და ისინი გამკაცრებულ თვითიზოლაციაში იმყოფებიან. "კვირის პალიტრა" დაინფიცირებული მამაკაცის ნათესავს ესაუბრა:

- ჩემი ნათესავი ლენტეხში საგზაო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა. ის ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს, თუმცა აქეთ მეტ დროს ატარებს - მეურნეობასაც მისდევს, ფუტკარი ჰყავს. ახლახან ოპერაცია გაიკეთა (თირკმელში კენჭი ჰქონდა) და გამოჯანმრთელებამდე თბილისში იყო.

მისი სიძე (დის ქმარი) ეროვნული ბანკის კლასტერს მიეკუთვნება, ბანკის თანამშრომელია. და და სიძე ნაოპერაციების მოსანახულებლად დადიოდნენ. ჩემი ნათესავი ცოლ-შვილთან მარტის ბოლოს ამოვიდა ლენტეხში, მაშინ, როცა მის სიძეს კორონავირუსი ჯერ არ ჰქონდა გამოვლენილი. მამაკაცს მუშები უნდა ენახა და სახლისთვისაც უნდა მიეხედა. მეორე დღეს დაურეკეს და შეატყობინეს სიძის დაინფიცირების ამბავი...

ტელევიზიები ცრუობენ, ჩემი ნათესავი საშინელი ბულინგის მსხვერპლია. ტყუილია, თითქოს 50-კაციანი დაბადების დღე გადაიხადა. ამით სვანებსაც გვაყენებენ შეურაცხყოფას - ვირუსის მძვინვარების დროს 50-კაციან სუფრაზე რომ მიხვალ, ხომ ხარ კრეტინი? 18 თანამშრომელს კი ნამდვილად შეხვდა (უმრავლესობა ცაგერელია). როგორც დამტკიცდა, ადამიანი სიმპტომების გამოვლენის წინადღეს ითვლება დამაინფიცირებლად. იმ 18 კაცს, რომლებიც დღეს იზოლაციაში არიან, სიმპტომების გამოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვდა.

- სოფელ მელეში ვისთან იმყოფებოდა? - ლენტეხში ერთი ღამე გაათია სახლში, ცოლ-შვილთან ერთად და შემდეგ მელეში, სიდედრ-სიმამრთან ავიდა. იქაურ მეზობელს მართლაც ჰქონდა დაბადების დღის სუფრა ვიწრო წრეში და ესეც შეიპატიჟეს, შევიდა, მიულოცა და მალევე გამოვიდა. მელეში დამ დაურეკა თბილისიდან, ჩემს ქმარს ვირუსი დაუდგინდაო. მან იმწუთასვე მოჰკიდა ცოლ-შვილს ხელი, ჩამოვიდა ლენტეხში და ჩაიკეტა სახლში, აღარავისთან ჰქონია კონტაქტი. მეორე დღეს მასაც დაეწყო სიმპტომები. სულ იმაზე ფიქრობდა, მეშინია, ახლობლებს ხომ არ გადავდეო. ასეც მოხდა. ვინაიდან სიმპტომების გამოვლენამდე უკვე იზოლაციაში იყო, ექიმები ვარაუდობენ, არ გაგვექცევა ვირუსიო.

- ამბობენ, რომ 100 კაცამდე ჰქონდა კონტაქტი... - არა, სულ 36 კონტაქტია გამოვლენილი. აქედან 11-ს აუღეს ანალიზი, ისინი ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები არიან. ვირუსი მის 4 წლის შვილს, სიდედრს, მეუღლის ძმის ცოლსა და მათ შვილს დაუდგინდა (ისინი სიდედრ-სიმამრის ოჯახში ცხოვრობენ). მის მეუღლეს ვირუსი არ აღმოაჩნდა, არც სიმამრს. ვისაც დაუდგინდა, სიმპტომები არავის აქვს, მხოლოდ ჩემს ნათესავ მამაკაცს აქვს ცალ ფილტვზე ანთება. მას პირველ საღამოს 37 გრადუსი სიცხე ჰქონდა. იმ დღეს ბაღი დაბარა და ამას დააბრალა. მეორე საღამოს 38-მდე აუწია და 112-შიც დარეკა. სასწრაფო დახმარებამ ლენტეხის რეფერალურ ცენტრში მიიყვანა. იქ ანალიზი აუღეს. მეორე დღეს დადასტურდა, რომ ინფიცირებული იყო და 7 აპრილს გადაიყვანეს თბილისში. მას ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს, არანაირი გართულება. ისე ნერვიულობს, ვერ აღგიწერთ, თავზე მეტად სხვებს ჩივის, ვისაც დაუდასტურდათ.

- როგორ შეხვდნენ ამ ამბავს ლენტეხელები? - ტელევიზიები ავრცელებდნენ: ბიზნესმენი ავიდა ლენტეხში დაბადების დღის გადასახდელად და 50-კაციანი სუფრა გაშალაო. დავუშვათ, ეს კაცი გიჟი იყო, მაგრამ ის 50 კაცი ვინ მივიდა ამ გაგანია ვირუსის დროს? ხან ამბობენ, ბავშვის დაბადების დღე გადაიხადაო, მერე გაიგეს, რომ ბავშვი იანვარშია დაბადებული და ახლა მამის გარდაცვალების დღეს აღნიშნავდაო. ხომ არ შეიძლება ორღობის ჭორების გავრცელება? ხალხი ნეგატიურად შეხვდა ამ ამბავს, პანიკა იყო, დაიწყეს წყევლა-კრულვა, უნდა ჩავქოლოთ, როგორ დადიოდაო. ვინაიდან ბევრთან შეხება არ ჰქონია და ვირუსი ბევრს არ გამოუვლინდა, ცოტა ჩაწყნარდნენ.

- იმ ოჯახში როგორ არიან, დაბადების დღის სუფრაზე რომ შეიპატიჟეს? - იმ მამაკაცს მეორე დღეს ინსულტი დაემართა და ქუთაისის საავადმყოფოში დააწვინეს. მასაც აუღეს ანალიზი, მაგრამ ვირუსი არ დაუდასტურდა.