"2003 წლიდან ვამბობდით, რომ ღამურების საკვებად მოხმარება არის ბომბი კორონაინფექციების ასაფეთქებლად" - კვირის პალიტრა

"2003 წლიდან ვამბობდით, რომ ღამურების საკვებად მოხმარება არის ბომბი კორონაინფექციების ასაფეთქებლად"

ჩვენი რესპონდენტი ინფექციური დაავადებების, მოლეკულური ეპიდემიოლოგიისა და მოლეკულური გენეტიკის ექსპერტი მამუკა კოტეტიშვილი დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ში მუშაობდა - მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის კათედრის ასისტენტ-პროფესორი იყო. ასევე მეცნიერ-ექსპერტად მუშაობდა მსოფლიოში ბიოლოგიური სტანდარტების ლიდერ ორგანიზაცია ATCC-ში. ახლა ის ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო სფეროში.

- 2007 წელს, 13 წლის წინ, ცნობილ ამერიკულ ჟურნალში "კლინიკური მიკრობიოლოგია", რომლის სარედაქციო ბორდის წევრი და რეცენზენტი ბრძანდებოდით, გამოქვეყნდა სტატია, რომ ჩინეთში ღამურებისა და ეგზოტიკური ცხოველების საკვებად მოხმარება კორონავირუსის ინფექციების აღმოცენების საფრთხეა. რა რეაგირება მოჰყვა ამ პუბლიკაციას?

- ეს გახლდათ მწვავე რესპირატორული სინდრომის გამომწვევი კორონავირუსების შესახებ სამეცნიერო ცოდნის მიმოხილვა... ამ სტატიაში განსაკუთრებით აღნიშნული იყო ბიოუსაფრთხოების ზომების სიმწირე ჩინეთის ე.წ. სველ ბაზრებში, საიდანაც, ფაქტობრივად, გავრცელდა კორონავირუსი 2003 წელს. ამ ბაზრებში დღესაც ვაჭრობენ ცოცხალი ცხოველებით, მათ შორის - ეგზოტიკურითაც. 2003 წელს ჩინეთიდან გავრცელებული კორონავირუსული ინფექციები უკავშირდებოდა ღამურასთან კონტაქტს, რამაც შემდგომ (2019 წელს), ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შედეგად, 26 ქვეყანაში 8000-ზე მეტი ადამიანი დააინფიცირა... მაშინდელი პუბლიკაციის მთავარი სათქმელი იყო ის, რომ SARS-CoV-ის მსგავსი ვირუსების ფართო რეზერვუარი ღამურებში და ეგზოტიკური ცხოველების საკვებად მოხმარების კულტურა ერთად არის ბომბი მომავალში კორონაინფექციების ასაფეთქებლად. ჩინეთში ეს გაფრთხილება უყურადღებოდ დარჩა, რაც დღეს ძალიან ძვირად უჯდება მთელ მსოფლიოს.

- დღეისთვის კოვიდ 19-ის შესახებ რა არის მეცნიერულად დადასტურებული?

- დღეს განსაზღვრულია მისი 3000-ზე მეტი გენოტიპი. დადგენილია სხვადასხვა ზედაპირზე კორონავირუსის შტამების სიცოცხლისუნარიანობის ხანგრძლივობაც.

- თქვენ მიიჩნევთ, რომ ის ქარითაც შეიძლება გავრცელდეს?

- თუ გავითვალისწინებთ გარემო ფაქტორების მიმართ კორონავირუსის სიცოცხლისუნარიანობას, ვფიქრობ, აეროზოლების დალექვის შემდეგ ის მტვერთან ერთად შეიძლება გავრცელდეს, თუმცა, ძნელი სათქმელია, როგორია ამ გზით ინფიცირების რისკი. ამის შესახებ ცნობები ჯერ არ მოიპოვება, მაგრამ ამ რისკს აშშ-ის ზოგიერთი ცნობილი მეცნიერიც არ გამორიცხავს.

- არაორგანიზებული ვაჭრობა ან ინფიცირებულის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანა შეიძლება დაავადების გავრცელების მიზეზი იყოს? - მიუხედავად იმისა, რომ ეს ვირუსი არ არის სურსათისმიერი პათოგენი, ამ აგენტით დაბინძურებული სურსათის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს დაინფიცირება. სურსათისმიერ გავრცელებაზე ინფორმაცია არ მოგვეპოვება, თუმცა, ვფიქრობ, ამ გზით ინფიცირების რისკი (შეიძლება დაბალი) მაინც არსებობს. რაც შეეხება პროდუქტის გარეცხვას საპნითა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებებით, ასე შეიძლება გაირეცხოს მხოლოდ სქელკანიანი ხილი ან ბოსტნეული, რომელთაც შემდეგ გავთლით. სხვაგვარად, შეიძლება ქიმიური ნაერთი აკუმულირდეს პროდუქტის ზედაპირზე და მისმა მოხმარებამ კორონაინფექციაზე მეტი ზიანი მოგვაყენოს...

- მაშინაც გადამდები ვართ, სანამ დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს? - ინფიცირებული ადამიანი შეიძლება იყოს კორონავირუსის მატარებელი, მაგრამ არ ავლენდეს კლინიკურ სიმპტომებს ან დაავადების მანიფესტაციას. ასეთ შემთხვევაშიც (თუმცა არა ყოველთვის) ის შეიძლება იყოს ინფექციის გავრცელების წყარო.

- ინფიცირებულს რამდენი ადამიანის დაავადება შეუძლია? - რთულია ამის პროგნოზირება, რადგან გასათვალისწინებელია არამარტო ადამიანთა სიმჭიდროვე იმ გარემოში, სადაც ინფიცირებული ადამიანი ტრიალებს, არამედ შტამის სპეციფიკურობა, ინჰალირებული ვირუსების რაოდენობა, მასპინძლის იმუნური სტატუსი და ბევრი სხვა რამ.

- მუდმივად იცვლება ინფორმაცია პრეპარატთან თუ ვაქცინასთან დაკავშირებით. - კორონავირუსული ინფექციების მკურნალობის ეფექტიანი საშუალება დღემდე არ არსებობს, არ არსებობს არც ვაქცინა და რომც შემუშავდეს, ის ხელმისაწვდომი, ალბათ, 2021 წლამდე ვერ იქნება, რადგან ვაქცინის გამოცდას დიდი დრო სჭირდება. ამასთან, დღეს კორონაინფექციებთან ბრძოლის ბევრი სხვადასხვა მეთოდის შემუშავებას ცდილობენ. მაგალითად, ავსტრალიაში მიმდინარეობს კვლევები BCG ვაქცინის გამოცდაზე, რაც ორიენტირებულია ადამიანში ზოგადი იმუნური პოტენციალის ბუსტინგზე, თუმცა მე ამას ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ... ასევე ჰოპკინსის უნივერსიტეტის ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ იმ პაციენტების სისხლიდან მიღებული პლაზმა, რომლებიც კორონავირუსისგან განიკურნენ, შეიძლება ამ ინფექციებთან ბრძოლის ალტერნატივა იყოს.

- როგორ შეაფასებთ საქართველოში გატარებულ ღონისძიებებს? - მაღალ შეფასებას ვაძლევ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სექტორისა და მთავრობის გატარებულ ღონისძიებებს. პირველ ეტაპზე მათ ძალიან სწრაფად შეზღუდეს ინფექციების გარედან შემოდინება, გამოავლინეს კონტაქტები და საკარანტინო ღონისძიებები გაატარეს. მეორე ეტაპი უფრო რთულია, რადგან იწყება შიდა გავრცელება (რაც მოსალოდნელი იყო) და ხშირად ძნელი ან შეუძლებელია ყველა კონტაქტის დადგენა. ამის მიუხედავად, პირველ ეტაპზე განხორციელებული ეფექტიანი ღონისძიებების წყალობით, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, ჩვენთან შემთხვევების რიცხვი გაცილებით ნაკლებია.

პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია დროული თვითიზოლაცია. მხოლოდ ერთი რამ მინდა შევნიშნო - დღეს ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან იარაღად რჩება იმუნიტეტის გაძლიერება, ამიტომ გულდასაწყვეტია, რომ არც საინფორმაციო საშუალებების და არც შესაბამისი სამსახურების ყურადღება არ ექცევა პროცესში ნუტრიციოლოგების ჩართვას, მოსახლეობაში ვიტამინებისა და კვების რეჟიმის პოპულარიზაციას. ეს აამაღლებდა მოსახლეობის იმუნურ სტატუსს და ხელს შეუწყობდა ამ ვირუსთან უფრო ეფექტიან ბრძოლას.