თამარ გაბუნია: "ოქროს სტანდარტად მაინც PCR-ტესტირება რჩება. ყველა სხვა ტესტს აქვს დამხმარე ღირებულება" - კვირის პალიტრა

თამარ გაბუნია: "ოქროს სტანდარტად მაინც PCR-ტესტირება რჩება. ყველა სხვა ტესტს აქვს დამხმარე ღირებულება"

პანდემიის დროს ქვეყნის სტრატეგიასა და მართვის დეტალებზე "კვირის პალიტრას" დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ესაუბრება.

- ჩვენ უკვე მოვიგეთ რამდენიმე კვირა და ახლა ვართ ეტაპობრივი, თანაბარი გავრცელების პირობებში. ეს შესაძლებელი გახდა საგანგებო მდგომარეობის ფონზე ძალიან მკაცრი სოციალური დისტანცირებით. ბლოკპოსტების იდეაც ის არის, რომ თერმოსკრინინგით თავიდან ავიცილოთ ინფიცირებულთა მიმოსვლა და ასევე ვაკონტროლოთ საგანგებო მდგომარეობით დადგენილი წესების შესრულება. ამ ზომების გამოყენებით სულ მცირე ორი კვირიდან ერთ თვემდე პერიოდს მოვიგებთ და, რაც მთავარია, შევანელებთ ვირუსის გავრცელებას. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ პიკური გავრცელება. მთავარია, არ მოვეშვათ და არ დავმშვიდდეთ იმით, რომ ჯერჯერობით დღეში 10-20 შემთხვევაზე მეტი არ გვქონია. ამას მივაღწიეთ სწორედ მკაცრი იზოლაციით.

- სწორად არის შერჩეული სამიზნე ჯგუფები, რომელთაც ტესტირება ჩაუტარდებათ? - პირველ ჯგუფში არიან ისინი, ვინც იმოგზაურეს, აქვთ ტემპერატურა, სხვა სიმპტომები. ან ვისაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა ინფიცირებულთან და დიდი ალბათობით დაინფიცირდა; მეორე ჯგუფში არიან პაციენტები, რომლებიც კლინიკაში არიან სხვადასხვა მიზეზით - აქვთ მომატებული ტემპერატურა, რაც უკვე საეჭვოა და აუცილებელია მათი ტესტირება; შემდეგი არის ჯგუფი, რომელიც უნდა გამოვიკვლიოთ არა იმიტომ, რომ სიმპტომები აქვთ, არამედ იმიტომ, რომ პროფესიის, ცხოვრების წესის ან ასაკის გამო დაავადების საფრთხე ემუქრებათ. თუ ქვეყანა მხოლოდ იმპორტირებული შემთხვევების ფაზაშია, ამ ჯგუფის ტესტირება გამართლებული არ არის, მაგრამ როცა ვუახლოვდებით შიდა გადაცემის ფაზას, უპირველესად უნდა გამოვიკვლიოთ სამედიცინო პერსონალი ექსპრესტესტით.

ეს არის იმუნოგლობულინის ტესტი, რომელიც ადრეულ ეტაპზე დაავადების გამოვლენის საშუალებას არ იძლევა, თუმცა ასიმპტომური მიმდინარეობისას, განვითარების მეოთხე-მეხუთე დღეს სისხლში იმუნოგლობულინი უკვე გამოჩნდება და შესაძლებელი იქნები მისი დეტექცია.

ტესტი ასევე გამოავლენს გადატანილ დაავადებასაც, ანუ თუკი ადამიანმა გადაიტანა დაავადება ისე, რომ არც იცოდა, რადგან სიმპტომი არ ჰქონია. დადგენილია იმ ადამიანების გამოკვლევაც, ვინც არის დახურული ტიპის დაწესებულებებში - მონასტერში, თავშესაფარში, ფსიქიატრიულში...

დავიწყეთ სამედიცინო პერსონალის ტესტირება ჯერ მხოლოდ იმ კლინიკებში, სადაც უფრო ხშირად მიდიან პაციენტები ცხელებით და ხშირია კოვიდ 19-ის შემთხვევები. სწრაფი ტესტები უკვე ხელმისაწვდომია თავდაცვის სამსახურშიც - გორის ჰოსპიტალი ჩართულია პროცესში... სწრაფი ტესტები ჩამოდის ეტაპობრივად და ეს ჯგუფებიც გაფართოვდება...

ჩვენი აზრით, ეს გონივრული მიდგომაა. როგორი იქნება შედეგი, დაკვირვება დასჭირდება... ცოტა ხნის შემდეგ მეტის თქმას შევძლებთ.

თუმცა ოქროს სტანდარტად მაინც PCR-ტესტირება რჩება. ყველა სხვა ტესტს აქვს დამხმარე ღირებულება... როგორც კი გვექნება "ცეფეიდის" ტესტი, ალგორითმით განსაზღვრულ ჯგუფებში ტესტირება გაგრძელდება.

"ცეფეიდის" ტესტები მოსახერხებელია, რადგან ეფუძნება PCR-ტექნოლოგიას და პასუხი 45 წუთში მზად არის... ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ თუ კლინიკაში ადამიანი მოხვდა ცხელებით, ძალიან სწრაფად უნდა დაესვას დიაგნოზი და თუ საჭირო იქნება, ის უნდა გადაიყვანონ კოვიდცენტრში.

ამისთვის არის საჭირო სწრაფი ტესტირება, თორემ სიზუსტის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ისევ PCR-ტესტებთან მივდივართ.

- ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტალების განთავსება აუცილებელია? - ჩვენ გვაქვს ჰოსპიტალური ქსელის მობილიზების ზუსტი გეგმა. ამჟამად მხოლოდ კორონავირუსით დაავადებულთათვის მზად არის 900-მდე საწოლი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში, ლაგოდეხში, საგარეჯოში, ანუ არჩეულია ის ადგილები, სადაც პაციენტთა დიდი ნაკადი მოძრაობს და უფრო ადვილია სხვა ადგილებიდან მათი გადმოყვანა. ჯერჯერობით არ არის საჭირო, ეს სერვისი საველე ჰოსპიტალებში გადავიტანოთ, თუმცა მასაც აქვს თავისი დანიშნულება. გახსოვთ, ალბათ, მარნეულში საავადმყოფოს ტერიტორიაზე გაიმართა ჰოსპიტალი და მას ამ საავადმყოფოს პერსონალი ემსახურებოდა. დღეს ჰოსპიტალური სექტორი მზად არის, ეპიდემიის გავრცელების პარალელურად, დაამატოს საწოლფონდი და მოემსახუროს პაციენტებს, ვისაც აქვს ცხელება და სჭირდება დიაგნოსტიკა. ეს გვჭირდება, რათა თავიდან ავიცილოთ ინფექციის გავრცელება სამედიცინო ქსელში. ზოგიერთმა ქვეყანამ სწორედ ამის თავიდან აცილება ვერ მოახერხა, რადგან სხვა პაციენტებთან ერთად კლინიკებში მიიღეს კოვიდ 19-ით დაავადებული პაციენტები და ინფექცია გავრცელდა.

- რატომ იყო საჭირო საკარანტინე ზონებში მკურნალობის პროტოკოლის შემუშავება? - ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველა სცენარისთვის. შეიძლება მოგვიხდეს პაციენტის ბინაში მკურნალობა. თუ მას ბინაში არა აქვს იზოლირების საშუალება, ჯობს, რაც შეიძლება სწრაფად გადავიყვანოთ სხვა ადგილას. ეს სხვა ადგილი დღეს არის ჰოსპიტალი, მაგრამ თუ ისე გაიზრდება შემთხვევათა რაოდენობა, რომ ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურა საკმარისი აღარ იქნება, მსუბუქი პაციენტები შეიძლება მოვათავსოთ საკარანტინე სივრცეებში, სადაც იქნება სამედიცინო მეთვალყურეობა. ჯერჯერობით ეს აუცილებელი არ არის, მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამიტომ დავიწყეთ ოჯახის ექიმების ტრეინინგიც.

- არსებული რესურსით ერთდროულად რამდენ პაციენტზე შეგვიძლია ვიზრუნოთ? - დღეს გვაქვს მობილიზაციის გეგმა 3700 საწოლზე, თუ არ ჩავთვლით რუხის კლინიკას, რომელიც ძალიან მალე ამუშავდება და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რომელიც თითქმის მზად არის. 200-200 საწოლი იქნება თითოეულ კლინიკაში. ყველა რაიონული კლინიკა გაფრთხილებულია, რომ გამოყონ ე.წ. ცხელების ზონა, სადაც შესაძლებელი იქნება სიცხიანი პაციენტის უსაფრთხოდ მიღება. ეს ნიშნავს, რომ პაციენტის მდგომარეობის შეფასებისას სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს შესაფერისად ჩაცმული და აღჭურვილი პირადი დაცვის საშუალებებით...

- StopCov-ფონდში თავმოყრილი თანხა როგორ დაიხარჯება? უკვე არსებობს გეგმა? - ჩვენ ახლა ვაფასებთ საჭიროებებს. განვსაზღვრავთ, რა არის საჭირო დღეს და რა იქნება საჭირო სამი, ექვსი, თორმეტი თვის შემდეგ. თანხის განკარგვა დამოკიდებულია სიტუაციის ანალიზზე. ყველაფერი ხდება ცენტრალიზებულად, სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით. გათვალისწინებულია როგორც სამედიცინო, ისე სოციალური საჭიროებები...

უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზეც, ეტაპობრივად როგორ გამოვალთ ამ სიტუაციიდან, რადგან ინფექცია ეპიდემიის სახით შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. მუშაობა ვაქცინაზეც და წამალზეც დაწყებულია, მაგრამ ამას დრო დასჭირდება, ამიტომ ყველა ქვეყანა ეტაპობრივად უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს, ოღონდ დადგენილი სოციალური დისტანცირების წესები ჩვენი ყოველდღიურობის თანამდევი უნდა გახდეს.

- როდის დადგება ეს დრო, როცა სოციალურ დისტანციას ისევ დავიცავთ, მაგრამ ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით? - ვფიქრობ, მაისის მეორე ნახევრიდან, მაგრამ ეს მოხდება ნელ-ნელა. ეს არ ნიშნავს, რომ ერთბაშად გაუქმდება ყველა წესი. ყველა სავალდებულო ნორმა - პირადი ჰიგიენით დაწყებული, ფიზიკური და სოციალური დისტანცირებით დამთავრებული - კვლავ უნდა დავიცვათ, რადგან კარგად დავინახეთ, რომ ეს მეთოდი ამართლებს.