ზურაბ ჭიაბერაშვილი: "მთავრობა სწრაფი ტესტების უქონლობის­ კომპენსაციას სრული ჩაკეტვით ცდილობს" - კვირის პალიტრა

ზურაბ ჭიაბერაშვილი: "მთავრობა სწრაფი ტესტების უქონლობის­ კომპენსაციას სრული ჩაკეტვით ცდილობს"

"ევროპული საქართველოს" წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილის მოსაზრებით ხელისუფლებამ გარკვეული მიმართულებით დააგვიანა.

- წარვადგინე ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ორ ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს: დახმარება ხალხს და შეღავათი ბიზნესს. ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც ხელფასი შეუმცირდათ ან სულ დაკარგეს, მთავრობის დახმარება სჭირდებათ.

- გარკვეულ ნაწილს სამი თვის კომუნალური გადასახადები დაუფარეს... - დიახ, ესეც ჩვენი გეგმის ნაწილი იყო, თუმცა არ არის საკმარისი. იმ ხალხზე არავინ ფიქრობს, ვინც მთლიანად დაკარგა ხელფასი, ამიტომ ვითხოვდით მათთვის სახელფასო დანაკლისის 50%-ის ანაზღაურებას. ასევე შევთავაზეთ თვითდასაქმებულებისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარება უახლოეს სამთვიან პერიოდში. ვითხოვთ, დაგროვებითი საპენსიო თანხის გამოყენებასაც, რომელიც შემდეგი პრინციპით შეგროვდა: 2%-ს მოქალაქე იხდიდა, 2-ს - დამსაქმებელი, 2-ს კი სახელმწიფო. მოქალაქეებს თავიანთი გადახდილი და სახელმწიფოს დამატებული თანხის გამოყენების უფლება უნდა ჰქონდეთ, დამსაქმებელს კი თავისი 2% დაუბრუნდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია დამსაქმებელი და ბიზნესი შეღავათებით სარგებლობდნენ.

- პრემიერმა მთავრობას უკვე დაავალა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ქონების გადასახადის 3 თვით, ხოლო სესხების 6 თვით გადავადებას ითვალისწინებს. - მათ გადასახადების გადავადება ან სამთვიანი შეღავათი კი არა, ეფექტური შეღავათი სჭირდებათ, რადგან თუ გადასახადებს ისევ ძველი პრინციპით გადაიხდიან, თანამშრომლების შემცირება მოუწევთ. ანტიკრიზისული ღონისძიებებისთვის თანხის გამოყოფაა საჭირო, ასევე, აუცილებელია, მინიმუმ, 1 მილიარდ 100 მილიონი დოლარის მობილიზება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან.

კრიზისი, რომელიც ჯანდაცვის კრიზისი გვგონია, ცოტა ხანში ეკონომიკური და სოციალური კრიზისი იქნება, მაგრამ მთლიანობაში ეს პოლიტიკური კრიზისია. პოლიტიკური უმწიფრობაა იმის წარმოდგენა, თითქოს მთავრობა ექსპერტებთან ერთად დაჯდება, დადებს გეგმას, შეასრულებს და ასე გამოვალთ კრიზისიდან. ფურცელზე გაწერილი საუკეთესო პროექტიც კი პოლიტიკური ლეგიტიმაციის გარეშე განწირულია მარცხისთვის. მიხარია, რომ მთავრობამ რჩევისთვის ისეთ პირებს დაუძახა, როგორიც არის ალექსი ალექსიშვილი, მაგრამ პოლიტიკურ ლეგიტიმაციას ეკონომისტები, ეპიდემიოლოგები ან სტატისტიკოსები არ ქმნიან, მას ქმნის პოლიტიკური პროცესი, რომელიც არა გვაქვს.

- თუმცა ევროკავშირმა შეაქო საქართველო და ვირუსთან საბრძოლველად 180 მილიონ ევროზე მეტი თანხით დაგვეხმარება. - კარგი იქნება, თუ ხელისუფლება მისი გახარჯვის გეგმას სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად საჯაროდ განიხილავს. გამჭვირვალობა ნებისმიერ დროს საჭიროა, რათა კითხვის ნიშნები არ დარჩეს.

- გახარიას განცხადებით, არ არის გამორიცხული საკარანტინე რეგულაციები გამკაცრდეს. რამდენად შედეგიანი იქნება ეს? - ცხადია, თუ ყველა ჩვენგანი შეასრულებს იმ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, რაც გვაკისრია, "დარჩი სახლში", უფრო ადვილად დავამარცხებთ ვირუსს, თუმცა მთავრობა სწრაფი ტესტების უქონლობის კომპენსაციას სრული ჩაკეტვით ცდილობს.

მთელი მსოფლიო, ჯანმო და მათ შორის უკვე ჩვენი მთავრობაც აღიარებენ, რომ ფართო დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანი კომპონენტია, ეს ამირან გამყრელიძემაც თქვა. ამის გამო 5 დღით დაგვიანდა მარნეულელი მძიმე პაციენტის ტესტირება. მარნეულისა და ბოლნისის შემთხვევების შემდეგ მთავრობამ თერმოსკრინინგი დაიწყო, არადა, ადრიანი გაზაფხულია და შესაძლოა ადამიანი უბრალოდ გაცივებული იყოს, თუმცა ეს ვირუსი ზოგჯერ უსიმპტომოდაც მიმდინარეობს. ჩანს, ახლა სუსტი წერტილი პაციენტების ნაკადის გამიჯვნაა, რაც შემთხვევითი არ არის.

- სწრაფი ტესტის ცდომილებას მთელი მსოფლიო უჩივის. არის უამრავი შემთხვევა, როცა ექსპორტიორ ქვეყანას მიუბრუნეს... - არაერთი ქვეყნის კვალიფიციური მედპერსონალი, მათ შორის გერმანიის მთავარი ვირუსოლოგი კრისტიან დროსტენიც კი აღიარებს ამ მეთოდის ეფექტურობას. ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრომაც აღიარა და დაამტკიცა ამ ტიპის დიაგნოსტიკა. ჩვენ ამ მეთოდის მომგებიანობაზე ჯერ კიდევ თებერვალში ვლაპარაკობდით, მათ კი თითქმის ერთი თვით დააგვიანეს. არადა, მაშინ შეგვეძლო ჩინური კი არა, ძალიან სანდო ევროპული კომპანიებისგან ხარისხიანი სწრაფი ტესტები მიგვეღო, თუმცა მთავრობამ უარი თქვა, ახლა მათ სხვებისგან მიიღეს შეკვეთები და ჩვენ უარი გვითხრეს.

ამ დროს კი აგრარული ბაზრის თანამშრომლებს, რომელთაც არავითარი დანაზოგი არა აქვთ, მთავრობა სახლში კეტავს და ისინი ახლა შიმშილობენ. ახალი კლასტერის აღმოჩენის შემთხვევაში, რომლის წარმომადგენელსაც ჰქონდა კონტაქტი სხვა პირთან, უფრო ეფექტიანი თერმოსკრინინგი იქნება თუ სწრაფი ტესტი? რა ჯობია, თუნდაც 5 კაცი "გაიპაროს" და ახალი კლასტერის აღმოჩენის შემთხვევაში ისინიც გამოვლინდნენ თუ 100 კაცი გამოგვრჩეს? ახლახან ერთმა ბათუმელმა კარანტინის შემდეგ გაიკეთა ტესტი და დადებითი პასუხი ამოუვიდა, ანუ უამრავი მოქალაქეა უსიმპტომო და მათი გამოვლენის ერთადერთი საშუალება სწრაფი ტესტია.

- ჯანდაცვამ უკვე გამოყო საზოგადოების ის ჯგუფები, რომელთაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ. ესენია პენიტენციარულ და ხანდაზმულთა სადღეღამისო დაწესებულებებში, ასევე სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი პირები. - ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ რისკჯგუფებს ურთიერთობა უწევთ პოტენციურ ინფიცირებულებთან და მათი დაცვით ინფექციის გავრცელების რისკს ვამცირებთ. ფართო დიაგნოსტიკა სწორედ ამ რისკჯგუფებს მოიცავს. მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ დაიწყო ექიმების აგრესიული ტესტირება, მე მომხრე ვარ ის ყველას ჩაუტარდეს... ასე რომ, სოციალურ დისტანცირებასთან ერთად, ფართო დიაგნოსტიკა ბევრად უკეთეს შედეგს მოგვცემს.