"ახლა ქვეყნის ბედი ოპოზიციის სწორ პოზიციებზე კი არა, ხელისუფლების სწორ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული" - კვირის პალიტრა

"ახლა ქვეყნის ბედი ოპოზიციის სწორ პოზიციებზე კი არა, ხელისუფლების სწორ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული"

"თუ ისე ცუდად წავიდა საქმე, რომ კიდევ 6 თვით მოგვიწია საგანგებო მდგომარეობის გადადებამ, არჩევნები კი არა, ბევრი სხვა ფუნდამენტური საკითხიც დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ"

"მთელი მსოფლიო, მათ შორის საქართველოც, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ კრიზისშია. ამიტომ ახლა ჩვეულებრივი პოლიტიკით ცხოვრების გაგრძელება, ჩვეულებრივი თვალთმაქცობით ფონს გასვლა შეუძლებელია", - განაცხადა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა. მისი აზრით, დღეს ხელისუფლება ცდილობს კორონავირუსს გადააბრალოს ყველა მოუგვარებელი პრობლემა, საგანგებო რეჟიმი გამოიყენოს და მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომელთაც სხვა შემთხვევაში ვერ მიიღებდა. რა გადაწყვეტილებებს გულისხმობს "ლელოს" ლიდერი, რა ხარვეზებს ხედავს ხელისუფლების ქმედებებში და თავად როგორ წარმოუდგენია კრიზისული ვითარების მართვა, დავით უსუფაშვილი გვესაუბრება.

- მე მთავრობის გულშემატკივარი ვარ კორონავირუსთან ბრძოლაში. ახლა ქვეყნის ბედი ჩვენი, ოპოზიციის სწორ პოზიციებზე კი არა, ხელისუფლების სწორ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. ვნახოთ, როგორია ეს გადაწყვეტილებები. მთავრობის საქმიანობა ორ ნაწილად იყოფა: კორონავირუსთან გამკლავება და ანტიკრიზისული გეგმის მომზადება. ჩემი აზრით, კორონავირუსთან ბრძოლა დაგვიანდა. "ლელო" თავიდანვე მოითხოვდა მკაცრი საგანგებო რეჟიმის დაწესებას. ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ ვირუსი ჩვენთან მაინც ვერ მოაღწევდა და ასეთი ზომების მიღება საჭირო არ იყო. საბოლოოდ, საგანგებო რეჟიმის დაწესებამ მაინც მოგვიწია. ინფექციონისტებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმის, ასევე პრემიერის უნარ-ჩვევების წყალობით მმართველობითი სისტემა ეფექტურად ჩაერთო ვირუსთან ბრძოლაში. თუმცა ამ პროცესშიც გამოვლინდა სერიოზული პრობლემები. მაგალითად, კონსტიტუციური და სამართლებრივი თვალსაზრისით დარღვეულია ბალანსი სახელისუფლებო შტოებს შორის, პარლამენტი სრულად გამოთიშულია პროცესიდან. წესით, დეკრეტების გამოცემა პარლამენტის დასტურით უნდა ხდებოდეს. მთავრობამ ასევე ძალიან დააგვიანა სწრაფი ტესტების საკითხის მოგვარება. დღეს გვეუბნებიან, 200 000 ტესტია შეკვეთილიო. წესით, ეს საკითხი ორი თვის წინ უნდა მოგვარებულიყო.

- ტესტების საკითხს ხელისუფლება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების მიხედვით წყვეტს... - ფაქტებით ვიმსჯელოთ - თუ ტესტები დღეს შეუკვეთეს, გუშინ რატომ ვერ დაინახეს ამის საჭიროება? "ლელომ" გადაწყვიტა ამ უმძიმეს პერიოდში ხელისუფლების კრიტიკისგან თავი შეიკავოს. თუმცა, როდესაც საქმე ეროვნული მასშტაბის პრობლემას ეხება, გაჩუმებას არ ვაპირებ. არ უარვყოფთ, პირიქით, ჩვენც გვიხარია, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში სამედიცინო თვალსაზრისით სხვა ქვეყნებთან შედარებით ნორმალური მდგომარეობა გაქვს, მაგრამ თვალს ვერ დავხუჭავთ იმ ფაქტზე, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით არანორმალური მდგომარეობა გვაქვს ეკონომიკის შენარჩუნების თვალსაზრისით.

უნდა გავითავისოთ, რომ ეპიდემიის დასრულების შემდეგ სამყარო რადიკალურად განსხვავებული იქნება. ყველა ქვეყანა დაიწყებს საკუთარი ხალხის პრობლემების მოგვარებას, ჩვენთვის აღარავის ეცლება. შესაბამისად, პოსტკორონავირუსულ პერიოდში ექიმების პროფესიონალიზმით ფონს ვეღარ გავალთ.

პროფესიონალი პოლიტიკოსები გვჭირდება, რომელთაც "ოცნების" წიაღში ვერც ადრე ვხედავდით და ვერც ახლა ვხედავთ. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ეს განცდა უფრო გაგვიძლიერა. ქუთაისისა და სხვა მუნიციპალიტეტების მერების ერთობლივი გადადგომა ჩვეულებრივი შარჟია და "ოცნების" ხელწერას ჰგავს.

ნუთუ ყველა მერმა ახლა გადაწყვიტა პროფესიული საქმიანობის შეცვლა? ფაქტია, ხელისუფლებამ საარჩევნო მზადება დაიწყო. ახლა ყველა მოუგვარებელ პრობლემას კორონავირუსს გადააბრალებს და იმ გადაწყვეტილებებსაც მიიღებს, რომელთა მიღებას სხვა დროს ხალხის წინააღმდეგობის გამო ვერ მოახერხებდა. სხვაც ბევრი საეჭვო საკითხია, მათ შორის ერთ-ერთი ფოთის ნავსადგურის მშენებლობაზე ნებართვის გაცემა. ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელსაც შარშან დიდი აურზაური მოჰყვა. ამის გამო შესაბამისი თანამდებობის პირის გათავისუფლებამაც მოუწიათ. ახლა დაჩქარებულად მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის ფოთის პორტის პროექტით ჩაძირვის პროცესი. მაშინ როდესაც მთელი სამყარო და მათ შორის ჩვენც ასეთი დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ასეთი თვალთმაქცობების დრო არ არის.

ხელისუფლება არჩევნებისთვის მზადებას იწყებს მაშინ, როდესაც თავისუფალი ქმედებისთვის ყველა გზა გახსნილი აქვს, ოპოზიციას კი თითის განძრევაც არ შეუძლია.

- ფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ უკვე დაიწყო წინასაარჩევნოდ მზადება?

- ახლა ხელისუფლება ოპოზიციასთან ერთად უნდა მუშაობდეს ანტიკრიზისულ გეგმაზე. გაერთიანებული უნდა გვქონდეს ჩვენი გონებრივი, ფინანსური და კიდევ სხვა ტიპის შესაძლებლობები და ერთად უნდა ვიბრძოდეთ ამ დაუნდობელ ომში. რეალურად კი რა ხდება? პრემიერი გვეუბნება, რომ ბედნიერი უნდა ვიყოთ, რადგან ქვეყანას ჰყავს "დაზღვევა" ერთი კონკრეტული პირის სახით. ესე იგი, მაშინ როდესაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია სხვადასხვა სახის დახმარება, მთავრობის, მოქალაქეების, ინსტიტუციების იმედი არ უნდა გვქონდეს; გამოდის, იმდენად სუსტი და უნიათო სახელმწიფო გვაქვს, რომ მხოლოდ ერთი კაცის საბანკო ანგარიშზე ვართ დამოკიდებული. ქვეყნის ბედზე დაფიქრებული კაცი ასეთ განცხადებებს არ გააკეთებს, ასე მხოლოდ ვიწროპარტიული და პირადი ინტერესების მქონენი ლაპარაკობენ.

- როგორ გგონიათ, თქვენი ინიციატივა ანტიკრიზისული საბჭოს შექმნის თაობაზე რატომ არ გაიზიარა ხელისუფლებამ? - ანტიკრიზისული საბჭოს შექმნა პანაცეა არ არის, საბჭო საჭიროა ანტიკრიზისული გეგმის მისაღებად, ჩვენ კი ამ გეგმის მონახაზსაც ვერ ვხედავთ. "ლელო" იზიარებს ხელისუფლების პოზიციას საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების შესახებ, მაგრამ ცუდია, რომ ეს პროცესი სერიოზული დარღვევებით მიმდინარეობს. მაგალითად, თუ საკვები პროდუქტების ონლაინშეძენა დასაშვებია, სხვა პროდუქტების რატომ უნდა იყოს აკრძალული? გაზაფხული მოვიდა, ხვნა-თესვის დროა. როგორ გგონიათ, რა შედეგი შეიძლება მივიღოთ, თუ ტექნიკის, სასუქების თუ შესაწამლი საშუალებების მაღაზიები დაიკეტება? რას ვაპირებთ ხვალ, როდესაც ეპიდემია ჩაივლის და მსოფლიო თვეების, შესაძლოა წლების განმავლობაშიც სასურსათო პრობლემის აღმოფხვრის დილემის წინაშე დადგება? ახლა ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების სტიმულირება. მიწის ყველა გოჯი უნდა დავამუშაოთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ფინანსური კრიზისი, ფსიქოლოგიური სტრესი და გაურკვეველი მომავლის შიში ადამიანებს რაციონალური განსჯისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარს უკარგავს. ამას რატომ ვამბობ? იმიტომ, რომ საფრთხეს ვხედავ. დღევანდელი საყოველთაო სოლიდარობა, ხვალ შესაძლოა სხვა ტიპის განწყობებით შეიცვალოს. როდესაც ეპიდემიაგამოვლილი, დასტრესილი მოქალაქე დაინახავს, რომ სახელმწიფო რესურსები სამართლიანად არ ნაწილდება, აგრესიული გახდება, იფიქრებს, რომ მისი გაჭირვება არავის ანაღვლებს. ეს ფეთქებადსაშიში სიტუაციაა. ახლა სასიცოცხლოდ აუცილებელია მორალზე დაფუძნებული პოლიტიკა, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსების კონსოლიდირება, რათა კორონავირუსთან ბრძოლაში მოპოვებულმა წარმატებამ უქმად არ ჩაგვიაროს და საშიში პროცესების შუაგულში არ აღმოვჩნდეთ.

- დღეს არსებული ვითარება არჩევნების დათქმულ დროზე ჩატარების შესაძლებლობას რამდენად იძლევა? - არჩევნების ჩატარების დრო კონსტიტუციით არის დადგენილი. ასევე კონსტიტუცია ასახელებს იმ ერთადერთ მიზეზს, რის გამოც არჩევნების ჩატარების ვადა იცვლება. ეს ერთადერთი მიზეზია საგანგებო მდგომარეობა. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თუ ისე ცუდად წავიდა საქმე, რომ კიდევ 6 თვით მოგვიწია საგანგებო მდგომარეობის გადადებამ, არჩევნები კი არა, ბევრი სხვა ფუნდამენტური საკითხიც დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.

ხათუნა ბახტურიძე