2006 წელს თურმე სანაკოევმა ე.წ. სამხრეთი ოსეთი ირაკლი ოქრუაშვილისგან გადაარჩინა - კვირის პალიტრა

2006 წელს თურმე სანაკოევმა ე.წ. სამხრეთი ოსეთი ირაკლი ოქრუაშვილისგან გადაარჩინა

ალბათ, ყველას გახსოვთ ვლადიმირ სანაკოევი. ადამიანი, რომელიც საქართველოში რუსეთიდან ჩამოვიდა და პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა უბოძა დიდი ზარ-ზეიმით, არამედ სამი სამსახურიც უშოვა. ის აქცია "კოკოითი ფანდარასტის" ხელმძღვანელიც იყო, ტელეკომპანია "ალანიას" გადაცემის - "დენ ზა დნიომ" წამყვანიც და თავისი მოგვარე დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციაშიც მუშაობდა.

ეს სამივე სამსახური მან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგა. ჰოდა ამ სანაკოევმა დაჰკრა ფეხი და 2010 წლის სექტემბერში წავიდა იქ, სადაც კოკოითის ხელმძღვანელები სხედან - რუსეთში, რამდენიმე დღის წინ კი საიტზე - "კავკაზსკი უზელ"” გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, ის, თურმე, "ფანდარასტ 007" ყოფილა.

მოკლედ გაგაცნობთ სტატიის შინაარსს. თურმე სანაკოევი სუკ-ს ჯერ კიდევ 1989 წელს გადაუბირებია, 1998 წელს კი სუკ-ის მემკვიდრე ეფ-ეს-ბესთან გააგრძელა თანამშრომლობა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სანაკოევმა, ეფ-ეს-ბეს თანამშრომელ ვინმე რომანთან შეთანხმებით საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩანერგვა გადაწყვიტა. მან გამოაცხო სტატია -“"ლიახვი აღმა ვერ ივლის და ის მაინც მტკვარში ჩაედინება".

სანაკოევის ვერსიით, ქართული მხარე ანკესს წამოეგო:

მისმა ბავშვობის მეგობარმა, რომელიც ადრე საქართველოს უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო, 2004 წელს ის თბილისში ჩაიყვანა და ვანო მერაბიშვილსა და ამირან მესხელს (შს მინისტრის მოადგილე) გააცნო. მერაბიშვილს თურმე უთქვამს, მთავარია, ეს ორი თვე გადავიტანოთ და მერე საქართველოსთვის აღარ ეცლებათო. სანაკოევი მერაბიშვილის ამ ფრაზას უკავშირებს 2004 წელს რუსეთში მომხდარ ტერაქტებს და, რაც მთავარია, ბესლანის ტრაგედიას. ეფ-ეს-ბელი რომანისთვის კი მიუწერია: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი ბარამიძე, ამირან მესხელი და სხვა მაღალჩინოსნები რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტების მონაწილეები არიანო.

2006 წელს, თურმე, სანაკოევმა ე.წ. სამხრეთი ოსეთი ირაკლი ოქრუაშვილისგან გადაარჩინა. "ფანდარასტ 007" ამტკიცებს, რომ მან საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზა კონფლიქტის მოგვარების გეგმა, რომლის მიხედვითაც, თამაშიდან” თავდაცვის სამინისტრო უნდა გასულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2006 წელს ოქრუაშვილი ცხინვალს აიღებდა, ეროვნული გმირი გახდებოდა და შემდეგ პრეზიდენტის სავარძელსაც წაეპოტინებოდა.

თავის თხრობას "ფანდარასტ 007" ასე ასრულებს:

"2008 წლის 2 ივნისს, მოდულის შენობაში გამართულ შეხვედრაზე მივხვდი, რომ ომი გარდაუვალი იყო და იმ პერიოდიდან საქართველოდან წასვლას ვცდილობდი".

რატომღაც სანაკოევმა ამას ორი წელი მოანდომა და საქართველო 2010 წლის 13 სექტემბერს დატოვა.

მოკლედ, სანაკოევი ან ბოდავს, ან საქმე ეფ-ეს-ბეს ძალიან უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლთან გვაქვს. "ფანდარასტ 007" ვლადიკავკაზში ცხოვრობს, ფული არ აქვს, სამსახურიც ვერ იშოვა. შესაძლოა, ეფ-ეს-ბეს ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონული სამსახურის რომელიმე გონებაჩლუნგ ოფიცერს აზრად მოუვიდა, საქართველოსთვის მორიგი საინფორმაციო დარტყმა” მიეყენებინა. ეს ცენტრალური ეფ-ეს-ბეს ნამოქმედარს არ ჰგავს, ისინი უფრო დახვეწილად მუშაობენ, ყოველ შემთხვევაში, სანაკოევს არ დააწერინებდნენ, რომ 400 დოლარი სჭირდებოდა, ეფ-ეს-ბემ არ მისცა და ისევ საქართველოდან გაუგზავნეს.

ყველაზე რეალური ვერსია ის არის, რომ სანაკოევს რუსეთში ჩასვლის შემდეგ რეაბილიტაცია სჭირდებოდა. მას საქართველოში ძალიან კარგი ხელფასი ჰქონდა, რუსეთში კი, ალბათ, მანქანების მრეცხავადაც არ ამუშავებენ; შესაძლოა, იქაურმა ოსებმა მოღალატის იარლიყიც მიაკერეს, ამიტომ რეაბილიტაციისათვის შეთხზა ისტორია "ფანდარასტ 007"-ზე.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენ ქარს გავატანეთ ის მილიონობით დოლარი, რაც 2006-2010 წლებში ამ ადამიანების შენახვაში დავხარჯეთ (სანაკოევზე დიდი ხელფასი ძმებ ქარქუსოვებს ჰქონდათ, რომლებიც 2008 წელს რუსეთში გაიქცნენ და ფაშისტურ ზრახვებში გვამხილეს).

და თუ სანაკოევი მართლა იყო რუსული სპეცსამსახურების აგენტი, ჩვენ ვანოსთან კი არა, ისევ ვანიასთან გვექნება პრეტენზია - კარგით რა, აშშ-ში ტოპმოდელ ანა ჩეპმენს გზავნით და ჩვენთან - წვერებიან სანაკოევს?

არა, ჯობს, გავჩუმდეთ, ენამ არ გვიყივლოს! კიდევ კარგი, ჩეპმენისნაირი ქალი არ  შემოგვიგზავნეს,  თორემ როგორც გონივრული ეჭვი გვკარნახობს, ის პირველწყაროსგან  ისეთ ინფორმაციებს მიიღებდა, რომელიც პუტინს არც კი დაესიზმრებოდა.