რატომ არის საქართველოში ცხოვრება საამური - კვირის პალიტრა

რატომ არის საქართველოში ცხოვრება საამური

გასულ კვირას მივხვდი, რომ საქართველოში ცხოვრება საამურია და ბედნიერების შეგრძნება დამეუფლა. საინტერესოა, თუ გამოიცნობთ, კონკრეტულად რომელი მოვლენის ან ფაქტის შემდეგ მივხვდი ამას? სანაძლეოს დავდებ, ვერ გამოიცნობთ.

იქნებ ფიქრობთ, რომ ეს აუცილებლად მას შემდეგ მოხდებოდა, რაც ჩვენი პრეზიდენტის ამერიკულ გამოსვლებს მოვუსმინე, სადაც საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და ჩვენი ქვეყნის მიღწევებზე ლაპარაკობდა? რა თქმა უნდა, თავისუფლად შეიძლებოდა ეს გამოსვლებიც გამხდარიყო ჩემი ბედნიერების მიზეზი. რა თქმა უნდა, შეუძლებელია თავი უბედნიერეს ადამიანად არ იგრძნო, როდესაც თვით პრეზიდენტისგან ასეთ რამეს მოისმენ: "რეალობა ის არის, რომ თუ ამ რეგიონს გადახედავთ, კიევის, კიშინიოვის, მინსკის ქუჩებში ადამიანები ჩვენზე ლაპარაკობენ. მათ აინტერესებთ, მართალია, რომ გზაზე ავტოინსპექცია აღარ გაჩერებთ?

მართალია, რომ მართვის მოწმობას სამ წუთში იღებთ? მართალია, რომ გადასახადებს ელექტრონულად იხდით, აღარავინ გაყენებთ სიტყვიერ შეურაცხყოფას (შეურაცხყოფას რომ არ გვაყენებენ, ეს განსაკუთრებით მიხარია. - მ. მ.) და არ ირღვევა კანონი (ოჰო! - მ. მ.)? მართალია, რომ სკოლაში ყველა მოსწავლემ მთავრობისგან ლეპტოპი მიიღო და ყველა სკოლაში ინგლისურს და რამდენიმე სხვა საგანს ამერიკელი ასწავლის? მართალია, რომ ყველაზე კარგი გზები გაქვთ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის? მართალია, რომ ისეთ ქალაქებს აშენებთ, რომლებიც სინგაპურს, დუბაის, ჰონკონგს ჰგავს? და განა მართლაც ეს ყველაფერი მართალი არ არის? "თუ ინტრიგანი არა ხარ, ეს ყველაფერი აბსოლუტურად საკმარისია მიხვდე, რომ საქართველოში ცხოვრება საამურია.

თუ მაინც ხარ ინტრიგანი, აი, კიდევ რამდენიმე ციტატა მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან, რომელთა წყალობითაც შეიძლება პირწავარდნილმა ინტრიგანმაც თავი უბედნიერეს ადამიანად იგრძნოს: "მსოფლიო ბანკმა ბოლო 5-6 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების გამო საქართველო ეკონომიკის სფეროში მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად დაასახელა... "ტრანსფარენს ინტერნეიშენალმა" განაცხადა, რომ არც ერთ სხვა ქვეყანას ისეთი პროგრესისთვის არ მიუღწევია კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, როგორც საქართველოს...

ჩვენ გვაქვს პატარა ქალაქი ბათუმი შავი ზღვის სანაპიროს არაოკუპირებულ ნაწილში, სადაც ამჟამად უფრო მეტი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა და მეტი მშენებლობა მიმდინარეობს, ვიდრე მოსკოვში (მოსკოვს რომ ვაჯობეთ, ესეც განსაკუთრებით მიხარია. - მ. მ.)... ჩვენთან თითქმის ყოველ კვირას ჩამოდიან დელეგაციები ყირგიზეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, მოლდავეთიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან. ისინი მოდიან, რომ საქართველოს გამოცდილება გამოიყენონ და ისწავლონ რეფორმების გატარება...

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ამდენი დევნილი გვყავს, სიღარიბის მაჩვენებელმა დაახლოებით 60%-ით დაიწია".  რადგან ვცდილობ ინტრიგანი არ ვიყო, ეს რომ მოვისმინე, კი დამეუფლა ბედნიერების შეგრძნება, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ ეს ყველაფერი სხვადასხვა ტრიბუნიდან და სხვადასხვა ვარიაციით ყოველდღე მესმის. ლამის ეს ფრაზები უკვე ზეპირადაც დავისწავლო. ასევე გამახსენდა წინა კვირას გამოქვეყნებული "ფრიდომ ჰაუსის" დასკვნა, რომლის თანახმადაც საქართველო ისევ ნახევრად თავისუფალი ქვეყნების სიაში მოხვდა; კიდევ გამახსენდა, რომ ამ საამური ქვეყნიდან ხალხი მაინც ყოველდღე გარბის (აგერ წინა ორშაბათსაც საქართველოს ორი მოქალაქე ბელორუსია-პოლონეთის საზღვარზე დააკავეს).

გამახსენდა, რომ ისევ იწყება დევნილების გამოსახლების პროცესი, რომ სომალელი მეკობრეების ხელში ჩავარდნილ ქართველ მეზღვაურებს სიკვდილი ელით, ხელისუფლება კი ვერაფერს ან არაფერს აკეთებს. რომ საწვავი კიდევ გაძვირდა... მოკლედ, კიდევ იმდენი რამე გამახსენდა, რომ წამიერად განცდილი ბედნიერება ჩამშხამდა. მაშინ რამ მიმახვედრა, რომ საქართველოში ცხოვრება საამურია? იქნებ იმან, რომ ნოღაიდელი საკუთარი პარტიის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს? არა, არც ამან. სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერების აგება რა საკადრისია? უშბის განათება? ესეც ხომ სასიხარულო მოვლენაა? თან როგორი! ვის აქვს კიდევ მსოფლიოში განათებული მწვერვალი, თანაც ორთავიანი?! რაც მთავარია, ვის ჰყავს პრეზიდენტი, ვისაც ასეთი იდეები მოსდის თავში? პრეზიდენტი, რომელიც დაბლობში ვეღარ ეტევა და მღვიმეების შემდეგ მთებს მიადგა?! ეს ნამდვილად არის ბედნიერების მიზეზი, მაგრამ არასაკმარისი.

იქნებ ის გამიხარდა, ტუნისის პრეზიდენტი ზან ალ-აბიდინ ბენ ალი რომ გაიქცა? თუმცა, კაცმა რომ თქვას, რა არის აქ სასიხარულო. ჯერ ერთი, ეს კაცი მხოლოდ 23-წლიანი მმართველობის შემდეგ გაიქცა, მეორე - მის გადაყენებას რამდენიმე ათეული კაცის სიცოცხლე შეეწირა და კიდევ რამდენი შეეწირება, არავინ იცის. კარგი, აღარ გაწვალებთ და გეტყვით, როდის მივხვდი, რომ საქართველოში ცხოვრება საამურია, თქვენთვის თუ არა, ჩემთვის მაინც. ეს მაშინ მოხდა, როდესაც "ინტერპრესნიუსის" ვებგვერდზე ასეთი ინფორმაცია ამოვიკითხე: "ირანელ ჟურნალისტ შივა ანზარ ახარის სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა და 74 როზგი მიუსაჯა". კიდევ კარგი ჩვენთან ჟურნალისტობის გამო ჯერ არ როზგავენ.

ევროპის ორმაგი სტანდარტი

გასულ კვირას ევროპამ ბელორუსიისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა. ამის მიზეზი ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნები და მას შემდეგ, არეულობის დროს, ოპოზიციონერების დაკავება გახდა. ევროპა გულისწყრომას ვერ მალავს. ის კი არა, ბელორუსიისთვის სხვადასხვა სპორტულ თამაშში მონაწილეობის აკრძალვის ინიციატივითაც გამოდის. განსაკუთრებით გერმანია და იტალია აქტიურობენ. საგანგებო განცხადება ამ თემაზე ანგელა მერკელმა და სილვიო ბერლუსკონიმაც გააკეთეს ერთობლივ პრესკონფერენციაზე. რა თქმა უნდა, ლუკაშენკოს რეჟიმი დასაგმობია და საქართველოს პრეზიდენტი სამარცხვინოდ მოიქცა, როდესაც ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა მას გაპრეზიდენტება, მაგრამ განა რუსეთში ნაკლებად ირღვევა ადამიანის უფლებები?

თუ იქ არ აპატიმრებენ ოპოზიციონერ ლიდერებს, ან იქნებ არ ზის ციხეში უკვე რვა წელი ხოდორკოვსკი და კიდევ რვა წელი მხოლოდ იმიტომ არ დაუმატეს, რომ სასჯელის ვადა გაუვიდა? იქნებ რუსეთმა არ დაარღვია გაეროს მიერ აღიარებული ჩვენი საზღვრები და ორი რეგიონის ოკუპაცია არ მოახდინა? თუ ბელორუსიას ეკუთვნის სანქციები, საინტერესოა, რატომ არ ეკუთვნის ისინი რუსეთს? თუ ბელორუსიას ოლიმპიადებში მონაწილეობა უნდა აუკრძალონ, მაშინ რუსეთს რა მოსაზრებით აძლევენ უფლებას არათუ მონაწილეობა მიიღოს სპორტულ შეჯიბრებებში, არამედ უმასპინძლოს კიდეც მათ - როგორც ოლიმპიადას, ისე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს? ბედის ირონია არაა, ბელორუსიის დასჯას ყველაზე მკაცრად გერმანია და იტალია რომ ითხოვენ, ის ორი ქვეყანა, რომელიც მზადაა რუსეთის ყველა ქმედებაზე თვალი დახუჭოს. ბუნებრივია, ამის შემდეგ ყველას აქვს უფლება დასვას კითხვა: ბელორუსია იმიტომ ისჯება, რომ იქ ადამიანის უფლებებს არღვევენ, თუ იმიტომ, რომ გაზი არ აქვს?!

შეცდომის გასწორება

წინა "ფიქრებში" ერთი სამწუხარო შეცდომა დავუშვი. მართალია, ჩემდა უნებურად, მაგრამ შეცდომის გამოსწორება თუ შეიძლება, აუცილებლად უნდა გამოასწორო და ბოდიშიც მოიხადო. ახლა სწორედ ამას ვაპირებ. წინა "ფიქრებში" მქონდა ასეთი წერილი "შეკითხვა გახელაძეს", რომელიც ტელევიზიების მიერ ვეტერანთა დარბევის გაშუქებას ეძღვნებოდა. იქ ვწერდი, რომ დარბევა მხოლოდ "პალიტრა ტვ"-მ გააშუქა-მეთქი.. სინამდვილეში, ეს მოვლენა "პალიტრა ტვ"-მ და "კავკასიამ" გააშუქეს. ამიტომ ახლა მინდა ეს შეცდომა გამოვასწორო და კოლეგებს უნებლიე შეცდომისთვის ბოდიში მოვუხადო.