"ხელოვნება დედალი ხალხის საქმე არ არის" - კვირის პალიტრა

"ხელოვნება დედალი ხალხის საქმე არ არის"

"უღირსი ქმედებები არანაირი ზეიმით არ გადაიფარება"

"თუ ჩვენს საზოგადოებას ზნეობრივი ხერხემალი არ ექნა, ფიზიკურ გადარჩენას რა აზრი აქვს?"

"ნუთუ რაც უფრო გათახსირებულია ადამიანი, უფრო თანამედროვეა?"

"ამ ქვეყანაში უზნეობაა ქალის, წაქცეულის, უიარაღო ადამიანის ცემა. უზნეობაა ერთმანეთის მიყურადება და თვალთვალი. ამ ქვეყანაში უზნეობაა მშიერი და უსახლკარო ხალხის გამწარება მრავალმილიონიანი კაზმულობით გაჩირაღდნებული ატრაქციონების შენებით. ამ ქვეყანაში ოდითგან სუფევდა სისადავის სიდიადე - ტაძრებში, ოჯახებში, სასახლეებში. ზღვარგადასული ფუფუნება უცხო იყო ჩვენი ხალხისთვის. დღევანდელი მმართველი გუნდი გაუცხოებულია ამ ფასეულობებსა და ზნეს. ამიტომ არის შეუთავსებელი მათი ქმედება, მეტყველება, აზროვნება ქვეყნის შინაგან კანონთან", - წერია გეგმაში, რომლითაც საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველო" აპირებს მოქმედებას.

ამ თემებზე "დაიცავი საქართველოს" თავმჯდომარესთან, დათო მაღრაძესთან მოგვიანებით ვისაუბრებ, მანამდე პოეტს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენა მივულოცე:

- მოულოდნელი იყო, რომ შვეიცარიის სამ ინსტიტუციაში (კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ასოციაცია, ერთ-ერთი უნივერსიტეტი და ევროპის საერთაშორისო სახელოვნებო ექსპერტთა საბჭო) ღირსად ჩამთვალეს ნობელის პრემიაზე წარედგინათ ჩემი შემოქმედება, მაგრამ მანამდე იყო საერთაშორისო ფესტივალები, ლიტერატურული კონკურსები,  სხვადასხვა ქვეყანაში გამართული შემოქმედებითი საღამოები. ამ გზაზე იყო ეპიზოდები, როდესაც ჩემი ლექსი ერთ-ერთი საერთაშორისო ასოციაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე წლის საუკეთესო ლექსად აღიარეს, კრებული "შალვე" კი რომის პაპის მედლით დაჯილდოვდა. ის, რომ ლიტერატურის დარგში 2011 წლის ნობელის პრემიაზე კრებული "შალვე" და მთელი ჩემი შემოქმედებაა წარდგენილი, დიდი სიხარულია ჩემთვის.

- საქართველოდან ნობელის პრემიაზე წარდგენილია პოეტი ბესიკ ხარანაულიც.

- რაც მეტი ქართველი იქნება წარდგენილი, ჩვენი სამშობლოსთვის ის სჯობია. გამიხარდება ყველა სიკეთე, რაც საქართველოს სახელს შესძენს...

როგორც შევძელი, ისე ვცხოვრობ. მზის ამოსვლიდან მეორე მზის ამოსვლამდე ვცდილობ ნაკლები მეძინოს, რათა სამყარო შემეხოს. კაფკას უწერია ერთგან, - მწერალი უნდა გაირინდოს და სამყარო თავისთავად შევა მასშიო. მე ასე ვერ ვცხოვრობ. არავის ცხოვრებას არ ვწუნობ, მაგრამ ოთახში გარინდებული ვერ ვიცხოვრებ. არ იფიქროთ, რომ ხიფათს ვეძებ, მაგრამ თავგადასავალს არ გავურბივარ. მიმაჩნია, რომ ხელოვნება დედალი ხალხის საქმე არ არის.

ხელოვანი ვინმეს არ უნდა ამადლიდეს თავს. არაჯანსაღი განცდა მგონია, როდესაც ადამიანს მიაჩნია, რომ ვალდებულებები აღარ აქვს, რადგან განგებამ გამოარჩია, როდესაც ხატვის, მუსიკის ან ფრაზის დაწერის უნარი მისცა. პირიქით, ეს პასუხისმგებლობაა და ვალდებულებებს უნდა ამძაფრებდეს.

ცხოვრება, რომელიც უფალმა მოგვართვა თავისი გათენებით, დაისებით, სიყვარულით, დღესასწაულით, მეგობრობით, მწუხარებით, თავგადასავლებითა და ტკივილით, ღვთაებრივი სამყაროა და ამ სამყაროთი მარადიული აღტაცება, მადლიერება გვმართებს.

- საქართველოში ცოტასთვის შემიმჩნევია თავისი ყოფითა და ცხოვრებით აღტაცება. სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებისაგან კი მსმენია, პოლიტიკაში არ ვერევი, რადგან ჩემი საქმე მაქვსო.

- ადამიანური მოვალეობაა, როდესაც უსამართლობა ხდება, პოზიცია გქონდეს. ერთმა ქალბატონმა მითხრა, თქვენი ლექსები მომწონს და პოლიტიკისთვის არ მემეტებითო. ახლა ვიღაც უცხო  რომ შემოვარდეს და თქვენ შეურაცხყოფა მოგაყენოთ, ის რომ ვუთხრა, ლექსის მწერალი კაცი ვარ და ამაში ვერ ჩავერევი-მეთქი, თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩებათ ჩემზე, ან როგორც პოეტზე, ან როგორც კაცზე... თუ უსამართლობაზე ხმას ვიმაღლებ, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მეორე დღიდან პოლიტიკური პარტიის ლიდერი გავხდები.

- თქვენ ხართ საზოგადოებრივი მოძრაობის თავმჯდომარე. რა მიზნები და ამოცანები აქვს დღეს "დაიცავი საქართველოს"?

- ბროშურა დავბეჭდეთ სახელწოდებით "დაიცავი საქართველო", სადაც ვწერთ, რა მოგვწონს და რა არა, რატომ და რა გვინდა გადარჩეს ამ ქვეყანაში და რა შეიქმნას. ჩვენი იარაღი სიტყვაა. Aამ იდეის პოპულარიზაციას შევეცდებით უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში, სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან შეხვედრისას. ადამიანს არსებული ყოფა, გარემო არ უნდა აკმაყოფილებდეს, უკეთესი უნდა უნდოდეს. უკეთესის მარადიულ წადილში იბადება მუხტი.

უმბერტო ეკოს აქვს ნათქვამი, მე ვწერ არა იმას, რაც ხალხს უნდა, ვწერ იმას, რაც მინდა, რომ ხალხს უნდოდესო. თუ ვიღაც თავის ნააზრევსაც შემატებს ამ საქმეს, ამას რა სჯობია? მე მზად ვარ ყველა გულწრფელ ადამიანთან ვითანამშრომლო.

- მაგრამ ქართველ პოლიტიკოსებს ამის ნაცვლად ერთმანეთისთვის ლაფის შესხმა და კომპრომატების ომი რომ აქვთ მთავარ ამოცანად დასახული?

- ბრალდება ყველანაირი შეიძლება გაისმას, მაგრამ რამდენად რეალური იქნება? თუ ადამიანი მიდრეკილია იმისკენ, რომ ასეთი რამეები დაიჯეროს, ეს მისი საკვები ხდება, მოსწონს და ეიფორიაში შედის, ხოლო თუ ადამიანი ჯანსაღი სულიერების მსახურია, ასეთ რამეებს არ შეიხებს, ამ ორომტრიალში არ ჩახტება, მისთვის მიმზიდველი არ იქნება  ის სამყარო, სადაც ასეთი ამბები განხილვის საგნად არის ქცეული. ლაფისა და ტალახის სროლა ადამიანის დისკრედიტაციას ემსახურება.

ზოგს ადამიანის გადარჩენა უხარია, ზოგს - დისკრედიტაცია. მე გადარჩენის საზოგადოებას ვეკუთვნი.

არ შემიძლია ასეთი ამბებით გახარება. როდესაც პოლიტიკოსებს და გნებავთ, არტისტებს შორის პოლემიკაა, საზოგადოების ნაწილი ამით ხარობს და ელის, ვინ უფრო მძაფრად და უწმაწურად იტყვის რამეს, მე კი ასეთ დროს ვწუხდები, რადგან მინდა ადამიანების მჯეროდეს. არა ვარ ეჭვით დაავადებული და მინდა დავუფასო ადამიანებს ის, რომ თავი ხშირად სასწორზე დაუდვიათ, არც ხელკეტი დაჰკლებიათ და არც ტყვია.

- როდესაც ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი ბრალდებების ნიაღვარში ცდილობდა გარკვევას, ხელისუფლებამ ვეტერანებს მიაყენა შეურაცხყოფა.

- ვეტერანების უპატივცემულობა ახლა არ დაწყებულა. ეს საშინელი ტენდენცია აფხაზეთის ომის დროს დაიწყო და დღემდე გრძელდება. მათი გმირობა დასაფასებელია. თუ ვეტერანი და ჯარისკაცი არ დააფასე, მაშინ  ქვეყანა არა გაქვს. აფხაზეთის ომისთვის შორიდან არ მიდევნებია თვალი. ჩავდიოდი და ვხედავდი მეომარ ბიჭებს. ბევრი თავდადების მოწმე ვყოფილვარ. მოხალისეებად, თავიანთი სურვილით მიდიოდნენ ომში მაშინ, როდესაც დეზერტირობისთვის არავინ ისჯებოდა. იმის გამო, რომ ამ ხალხს ვგულშემატკივრობდი, ბევრი რამ დამწამეს, ბევრი რამ დამაბრალეს.

- თქვენს "მხედრიონელობაზე" მოარულ ხმას გულისხმობთ?

- "მხედრიონელები", ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ბიჭები თუ თავიანთ წევრად ჩამთვლიან, პატივი იქნება ჩემთვის. არ შეიძლება ქვეყანას თავისი ჯარისკაცი სძულდეს და წინდაწინ, სანამ ომიდან დაბრუნდება, სწყევლიდეს. ეს იმისათვის კეთდებოდა, რომ ჩამოვა, არაფერი მოითხოვოსო.

მთავრობის წევრებს ურჩევნიათ მემორიალზე, ქანდაკებასთან დადონ გვირგვინი, ვიდრე ცოცხალ ადამიანს მიაგონ პატივი. ზოგი თავის დედლობას ვერ პატიობს ამ ვაჟკაცებს. რაც გმირთა მემორიალთან მოხდა, ამაზრზენი იყო. ასეთი უღირსი ქმედებები არანაირი ზეიმით არ გადაიფარება.

ამ ქვეყანაში უზნეობად ითვლება უფროსის უპატივცემულობა და ყმაწვილის დაჩაგვრა. ამ ქვეყანაში უზნეობაა, მასპინძელმა სტუმარი რომ დაასმინოს. ვაჟას ჯოყოლაა ჩემთვის ზნეობრივი გმირი, რომელმაც თემზე მაღლა დააყენა ადამიანური ღირებულებები.

დღევანდელი სახელისუფლებო ტენდენციით კი ჯოყოლა გმირი იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ  ზვიადაურს ჩამწერს დაუდებდა, დაათრობდა და მოაყოლებდა რამდენი ქისტი ჰყავდა მოკლული. მერე კი მძინარე სტუმარს გააკოჭვინებდა და ცემა-ტყეპით ჩააბარებდა თემს.

ნუთუ რაც უფრო გათახსირებულია ადამიანი, უფრო თანამედროვეა? ეს არის ამათი მაქსიმა?! მაგრამ მე მჯერა ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილის, რომელსაც ყველაფერი ის ეძვირფასება, რაც ზნეობრივ ადამიანს უნდა ეძვირფასებოდეს. ამ ქვეყნის შვილად მიმაჩნია ის,  ვისაც  ჩვენი სამშობლოს ისტორია განცდილი აქვს როგორც თავისი სულიერი თავგადასავალი. თუ ჩვენს საზოგადოებას ზნეობრივი ხერხემალი არ ექნა, ფიზიკურ გადარჩენას რა აზრი აქვს? უზნეობაში გადავარდნილი საზოგადოება საზოგადოება არ არის და ამ შემთხვევაში უკვე სიცოცხლეც კარგავს აზრს.