"არც "ქართული აკადემია" დამიტოვებია და არც "სახალხო კრება" - კვირის პალიტრა

"არც "ქართული აკადემია" დამიტოვებია და არც "სახალხო კრება"

"პოლიტიკოსთა  ზნეობაზე მათ ელაპარაკეთ, ვისაც პოლიტიკა ზნეობას აკარგვინებს"

"შესაძლოა მორატორიუმიც გამოვაცხადო და სანამ პოზიცია არ ჩამომიყალიბდება, არაფერი ვთქვა"

"მე ზოგიერთ თქვენს კოლეგას აღარ ვენდობი"

"სახალხო კრების" ხელმძღვანელობას რაგინდ გულმოდგინედ უნდა დაემალა, შუბი ხალთაში ვერ დაიმალებოდა. ოპოზიციისთვის ნანინანატრი "სახალხო კრება" დაშლის პირას არის.

ამის აღიარება, ალბათ, არ უნდოდა, მაგრამ ირაკლი ბათიაშვილს უნებლიეთ წამოსცდა: ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რომ აღმასრულებელი საბჭოს წევრთა რაოდენობა შემცირდეს, კვორუმი არ შედგეს და საბჭომ გადაწყვეტილებები ვერ მიიღოსო. მანამდე კი "ეროვნული ფორუმისა" და  ეკა ბესელიასკენ (რომელთაც კრების აღმასრულებელ საბჭოში უფლებამოსილება შეიჩერეს) ხელი ნინო ბურჯანაძემ გაიშვირა. პარლამენტის ექსსპიკერმა კრების დაშლაში მეუღლის როლის გაფერმკრთალება მოინდომა  და ყოფილი  პარტნიორები კრების იდეის უგულებელყოფაში დაადანაშაულა.

"სასაცილოდ ხომ არ გამოიყურება ის არგუმენტი, რომ  კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრის მეუღლემ ინტერვიუ მისცა და ამის გამო პოლიტიკური ძალები აქტიურ ქმედებებს წყვეტენ. თავის დროზე მათ რომელიმე პირს კი არა, კრების იდეას დაუჭირეს მხარი. დღეს ისინი გამიჯნული არიან არა რომელიმე პირისაგან, არამედ იმ იდეისაგან, რომელსაც მხარს უჭერდნენ. ამ ადამიანებს თუ საბაბი სჭირდებოდათ იმისათვის, რომ კრებას ჩამოშორებოდნენ, ეს მიზეზი კარგად გამოიყენეს", - ამ განცხადებას  "ფორუმისა" და ეკა ბესელიას რეაქციაც, სავარაუდოდ, მალე უნდა მოჰყვეს და არ არის გამორიცხული, მათზე კითხვის ნიშნებით ლაპარაკმა ნინო ბურჯანაძე ისევე დააზარალოს.

"სახალხო კრებას", გარდა პოლიტიკოსთა დაპირისპირებისა, მის აპოლიტიკურ ნაწილში გაჩაღებული დაპირისპირებაც აცლის ძალას.  კრებაში ხმაურიანი გარჩევებია და ამის თაობაზე ინფორმაცია უკვე საზოგადოებასა და პრესის ფურცლებზე ჟონავს. როგორც გავიგეთ, თემურ შაშიაშვილი კრებაში "ვანოს აგენტების" აღმოჩენით ყოფილა გატაცებული, რასაც დიდი შეხლა-შემოხლა მოჰყოლია. გარდა აგენტების დევნისა, რაგინდ უცნაურიც უნდა ჩანდეს,  კრების შიდა გარჩევებზე თურმე კარგა ხანს მსჯელობდნენ თემაზე: შეაგინეს თუ არა გოგის (ქავთარაძეს)? როგორც შევიტყვეთ, სანამ ამ რთულ კითხვას პასუხი არ გასცემია, "სახალხო კრების" სპიკერი გოგი ქავთარაძე "კრებაში" სიარულს თავს არიდებს.

გვითხრეს, გოგი ქავთარაძე კრებიდან, ფაქტობრივად, წასულია, მაგრამ ამას საჯაროდ არ ამბობსო. ბატონ გოგის ქუთაისში დავუკავშირდით, სადაც "ქართული თეატრის დღის" აღსანიშნავად იყო ჩასული:

- "ქართული თეატრის დღესთან" "სახალხო კრება" არაფერ შუაშია. დღეს თეატრის გარდა ჩემთვის სხვა საქმე არ არსებობს. ქართულ თეატრზე მკითხეთ, სხვა კითხვაზე არ გიპასუხებთ.

-  მე "სხვა" კითხვა მაქვს თქვენთან: "სახალხო კრებაში" ისევ ხართ?

- დიახ.

- არადა, ამბობენ, რომ თქვენ "სახალხო კრება" დატოვეთ.

- ტყუილია. არც "ქართული აკადემია" დამიტოვებია და არც "სახალხო კრება". ორივეს წევრი ვარ და ვიქნები ყოველთვის.

- რას იტყვით ოპოზიციაში გაჩაღებულ კომპრომატების ომზე?

- არ გიპასუხებთ. გარდა ქართული თეატრისა, არაფერზე ვილაპარაკებ. თანაც მე ზოგიერთ თქვენს კოლეგას აღარ ვენდობი.

- რატომ?

- მერე მოგიყვებით. თქვენი ზოგიერთი კოლეგა იმას არ აკეთებს, რაც საჭიროა. შესაძლოა მორატორიუმიც გამოვაცხადო და სანამ პოზიცია არ ჩამომიყალიბდება, არაფერი ვთქვა.

- ასეთი კრიზისია პოლიტიკაში?

- ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა. ცხოვრებაში დგება ისეთი ეტაპი, რომ ადამიანს მეტად სჭირდება დაფიქრება.

- ზოგი ამბობს, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, აქედან გამომდინარე, ბინძური მეთოდებით ბრძოლაც დასაშვებიაო.

-  პოლიტიკა  ბინძური ადამიანისთვის ბინძურია, სუფთა კაცისთვის კი - სუფთა. პოლიტიკოსთა  ზნეობაზე მე ნუ მელაპარაკებით, მათ ელაპარაკეთ, ვისაც პოლიტიკა ზნეობას აკარგვინებს. მე არავის არაფერზე მივუთითებ. ყველამ თავის თავს მიხედოს, მაგრამ ყველანაირად ვეცდები, რომ  პოლიტიკა სუფთა, ზნეობრივი გახდეს.