კარანტინები კარანტინში - კვირის პალიტრა

კარანტინები კარანტინში

"შაბათ-კვირას ბაზრობებს ხალხი შემოვლითი გზებით მიაწყდა და პოლიცია მათ გაკონტროლებას ვერ ახერხებდა, რადგან უმრავლესობა, ალბათ, ბლოკ-საგუშაგოებზე იყო გადანაწილებული. 9 საათის შემდეგ, როდესაც კომენდანტის საათი დაიწყებოდა, შედიოდნენ სახლში, მანამდე ქუჩები სავსე იყო, მამაკაცები ისხდნენ და ნარდს თამაშობდნენ, ლუდს სვამდნენ, ქეიფობდნენ. ამ ხალხმა კარანტინი გართობის, ერთმანეთთან მიმოსვლის, ყავის დალევის, ჭორაობის დროდ ჩათვალა..."

საქართველოში ახალი კორონავირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად კარანტინი პირველად ბოლნისსა და მარნეულში გამოცხადდა, მიუხედავად ამისა, ეს რეგიონი მაინც ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე ფართო გავრცელების კერაა. მოსახლეობის თქმით, შიდა გავრცელება გრძელდება, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის მთავარი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის უპასუხისმგებლობაა.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის გადაწყვეტილებით მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო მუნიციპალიტეტებში დამატებითი საკარანტინო სივრცეები შეიქმნა და რეგულაციები უფრო გამკაცრდა. კერძოდ, ჩაიკეტა დაბა კაზრეთი, ხოლო სოფელი ბალიჭი მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

რა ხდებოდა ბოლო დღეებში ბოლნის-მარნეულში და როგორ ვითარდება მოვლენები, ორგანიზაცია "სენის" (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) ადგილობრივი წარმომადგენელი მარიკო წიქორიძე გვიამბობს:

- ჩვენს მუნიციპალიტეტში კარანტინის შიგნით კიდევ რამდენიმე კარანტინია - ქვემო ბოლნისსა და ნახიდურს კაზრეთი, ბალიჭი და რაჭისუბანი დაემატა. დამატებითი კარანტინის შემოღებამდე, ყველას ეგონა, რომ ყველაფერმა ჩაიარა, სახელმწიფო მუშაობს, პრობლემა მოგვარდა და ხალხი ქუჩებში გამოეფინა, არადა, იმ პირველი კარანტინიდან 22 დაინფიცირებულის გამოვლენის შემდეგ მოსახლეობა შეშინდა და სახლში შეიყუჟა, მაგრამ სულ რაღაც ერთ კვირაში შიშმა გადაიარა, იფიქრეს, ყველაფერი კარგად არისო და მიმოსვლა გააჩაღეს. შაბათ-კვირას ბაზრობებს ხალხი შემოვლითი გზებით მიაწყდა და პოლიცია მათ გაკონტროლებას ვერ ახერხებდა, რადგან უმრავლესობა, ალბათ, ბლოკ-საგუშაგოებზე იყო გადანაწილებული. 9 საათის შემდეგ, როდესაც კომენდანტის საათი დაიწყებოდა, შედიოდნენ სახლში, მანამდე ქუჩები სავსე იყო, მამაკაცები ისხდნენ და ნარდს თამაშობდნენ, ლუდს სვამდნენ, ქეიფობდნენ. ამ ხალხმა კარანტინი გართობის, ერთმანეთთან მიმოსვლის, ყავის დალევის, ჭორაობის დროდ ჩათვალა. ჩემი ნაცნობი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელი გამოძახებაზე რომ მიდიოდა, თავად ხედავდა სავსე ქუჩებსა და ეზოებს. ამის შემდეგ "სენმა" მოხალისეები ავიყვანეთ, რომლებიც მოსახლეობას ინფორმაციას აწვდიდნენ, რამდენად საშიში იყო ეს ვირუსი. როდესაც ბირჟებს ჩაუვლიდნენ, ყველას აფრთხილებდნენ, უკან პოლიცია მოგვყვება და ყველას 3.000 ლარით დაგაჯარიმებთო. მხოლოდ ამ დროს იშლებოდნენ... ზუსტად ასეთი დამოკიდებულების გამო ჩაიკეტა ქვემო ბოლნისი. თუმცა იმ ჩაკეტილი სოფლებიდან და სხვა ადგილებიდანაც გამოდიოდნენ შემოვლითი გზებით. მოსახლეობას, რომლის სოფლებში კარანტინია და შიდაგავრცელება უკვე მასშტაბურია, ბანკებში, სურსათის მაღაზიებსა და სხვა ადგილებში ვხვდებოდით. თავად ვნახე ჩაკეტილი სოფლიდან გამოპარული ადამიანი, რომელიც ლობიოს ყიდდა, აბა, რა ვქნათ, გვიჭირს, ფული ხომ გვინდაო.

სასწრაფო დახმარების მძღოლის ოჯახი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, ოჯახიანად კარანტინშია, მაგრამ მანამდე მისი ცოლი მეზობლებში ჩვეულებრივ დადიოდა ყავაზე, მოსაკითხად, საჭორაოდ... ანუ კარანტინი და "დარჩი სახლში" მათ არ შეხებია. ახლა იმ კორპუსის ყველა მობინადრე შეშინებულია.

სამედიცინო პერსონალის მუშაობის სპეციფიკასაც ვერ ავუვლი გვერდს. არ ვიცი, ეს ვინ დაადგინა - სასწრაფო დახმარების ექიმები თუ რესპირატორული დაავადების სიმპტომების მქონე პაციენტთან არ მიდიოდნენ, სპეცეკიპირებით არ იყვნენ აღჭურვილი. ბებიაჩემისთვის დამჭირდა სასწრაფოს გამოძახება და ჩვეულებრივ შემოსილი ექიმები მოვიდნენ. თბილისიდან ასეთი რეკომენდაციააო...

როდესაც მომხმარებელი რეკავდა, შეეკითხებოდნენ, კორონავირუსთან კავშირში ხომ არ ხარო, თუ ეტყოდი, არაო, ჩვეულებრივ შემოსილები მოდიოდნენ, არადა, შიდა გავრცელება უკვე დაწყებული იყო, მათ შორის უსიმპტომო პაციენტებიც არიან. ასე რომ, სამედიცინო პერსონალი ერთგან შეფუთული მიდიოდა, სხვაგან - არა. სასწრაფო დახმარების ის თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბევრ გამოძახებაზე სწორედ ეკიპირების გარეშე მიდიოდა.

- რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრების შემდეგ რა შეიცვალა? - შეშინდნენ, მაგრამ მოსახლეობის რეაქცია უკვე დაგვიანებულია. ახლა ერთი ნაწილი ძალიან ფრთხილობს, დანარჩენი კი ისევ უპასუხისმგებლოა.

ვერ ვიტყვი, რომ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ ან მთავრობამ დააგვიანა გაფრთხილება, სამ ენაზე მომდიოდა მოკლეტექსტური შეტყობინება - ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად. ბევრს თეფშები აქვს და ძალიან კარგად იციან, რა ხდება თურქეთში, ბაქოსა და აზერბაიჯანში, თუმცა ნაკლებად იციან, რა ხდება საქართველოში. სამაგიეროდ, თუ მიწების ელექტროტენდერი ტარდება, მაშინვე შეიტყობენ და აქტიურობენ. ინფორმაციის დეფიციტი ნამდვილად არ ყოფილა, საფრთხე ვერ გააცნობიერეს დროულად... მუდმივად შემოაქვთ ჰუმანიტარული დახმარება და სამედიცინო ნივთებს არიგებენ, მათ შორის პირბადეებსა და ხელთათმანებს, უმრავლესობა არ იყენებს.

- კორონავირუსი გამოუვლინდა სასულიერო პირსაც. - დიახ, ბოლნისის სიონის მოძღვარს და ტაძარში მას შემდეგ არ ყოფილა, რაც ქვემო ბოლნისი დაიკეტა. ითქვა, მრევლთან ურთიერთობა არ ჰქონიაო. ისეთი მაღალი შეგნების ადამიანია, აუცილებლად თვითიზოლაციაში იქნებოდა, მაგრამ მოძღვრის დაინფიცირება უფრო ამწვავებს ეჭვს, რომ შიდა გავრცელება უკვე მასობრივია.

როდესაც მისი კონტაქტების მოძიება დაიწყეს, მათ შორის რამდენიმე ჩემი ახლობელიც აღმოჩნდა. მისი მეუღლეც ჩემი მეგობარია. ის ძალიან ნერვიულობს... როდესაც შეგნებაზე ვლაპარაკობ, ეს ყველას ეხება, ბზობას იმდენი ხალხი იყო ტაძარში, სხვა დროს რომ არ მინახავს. ვერ გაიგეს, რომ ეს არის ომი, სადაც უმთავრესი მათივე სიფრთხილე და პასუხისმგებლობაა. სანამ ამას არ გავაცნობიერებთ, არაფერი შეიცვლება.

"მოსახლეობა თავის დროზე პასუხისმგებლობით რომ მოჰკიდებოდა რეგულაციების დაცვას, ახლა ეპიდემია უკვე ჩაქრობისკენ წავიდოდა"

"კვირის პალიტრას" ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი ესაუბრა: - დამატებით ჩავკეტეთ ქვემო ბოლნისის თემი, სავანეთი, კაზრეთი, ბალიჭი, ბოლნისის ადმინისტრაციული ცენტრი და რაჭისუბანი... ამის მიუხედავად, შიდა გავრცელება მაინც არ არის შეჩერებული. უკვე გვაქვს კორონავირუსის 47 დადასტურებული შემთხვევა და ველოდებით რამდენიმე ტესტის პასუხს. მთლიანად ქვემო ქართლი ჩაკეტილია, რადგან გადაადგილების შეზღუდვის შემდეგ ადამიანები სახლში რჩებიან, რაც ვირუსის შეჩერების ერთადერთი გარანტია.

- ბოლნისისა და მარნეულის მოსახლეობის თქმით, შიდამიმოსვლა არ შეწყვეტილა. თურმე შემოვილით გზებით დადიოდნენ ბაზარში. - ამიტომაც გავამკაცრეთ 17 აპრილიდან კარანტინის ზომები. ახლა თითქმის სრულად კონტროლდება საფეხმავლო გზებიც, თუმცა, თუ ძალიან მოინდომებენ, ბილიკებს მაინც იპოვიან. ვინ საიდან გააღწევს, ძნელი გასაკონტროლებელია. მოსახლეობა თავის დროზე პასუხისმგებლობით რომ მოჰკიდებოდა რეგულაციების დაცვას, ახლა ეპიდემია უკვე ჩაქრობისკენ წავიდოდა. ჩვენი რეგიონის სპეციფიკის, ეთნიკური მრავალფეროვნებისა და ენობრივი ბარიერის მიუხედავად, პირველი შემთხვევის დადასტურებიდანვე მოსახლეობას უწყვეტად ვაწვდით ინფორმაციას ფლაერებით, ადგილობრივი მედიით თუ სხვა გზით. თუმცა მაინც სხვა შედეგი მივიღეთ, ახლა იძულებული ვართ შიდაგავრცელების ჯაჭვი კარანტინის გამკაცრებით ჩავჭრათ.