"საგანგებო მდგომარეობის ვადას ვეღარ გავახანგრძლივებთ, თორემ კრიზისში აღმოვჩნდებით" - კვირის პალიტრა

"საგანგებო მდგომარეობის ვადას ვეღარ გავახანგრძლივებთ, თორემ კრიზისში აღმოვჩნდებით"

"ვაქცინის შექმნას ვერ დაველოდებით, ამას შეიძლება ერთი წელი დასჭირდეს. მთელი წლით "დაპაუზებას" ჩვენ კი არა, ამერიკა და ევროპული ქვეყნები ვერ გაუძლებენ"

რამდენიმე დღეა, რაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უწყებათაშორის საბჭოსთან ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა, სადაც მთავრობასთან ერთად მუშაობენ საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტების წევრები და ეროვნული ბანკი. პრემიერის თქმით, გუნდი მუშაობს, რომ პანდემიასთან გამკლავების პარალელურად, ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი მაქსიმალურად შემცირდეს. პანდემიის გამკლავებისა და ეკონომიკური ზარალის შემცირების მიზნით ხელისუფლებას დიდი ხანია თანამშრომლობას სთავაზობს ზოგიერთი ოპოზიციური პარტია. მათ ანტიკრიზისული გეგმაც აქვთ შემუშავებული და კონკრეტული ინიციატივებიც, თუმცა მმართველი გუნდი დღემდე მათთან თანამშრომლობას საჭიროდ არ მიიჩნევს. რამდენად ეფექტურია პანდემიასთან ბრძოლის ტაქტიკა, რომელიც ხელისუფლებამ შეიმუშავა და რას მიიჩნევს ამ ბრძოლაში პრიორიტეტებად ოპოზიცია, პოლიტიკური გაერთიანება "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გვესაუბრება:

- ყველა ქვეყანაში, სადაც პასუხისმგებლიანი ხელისუფლებაა, მთელი პოლიტიკური სპექტრი კონსოლიდირებულია. სამწუხაროდ, ამისთვის მზად არ არის ჩვენი ხელისუფლება. არ ვიცი, ეს კომპლექსების ბრალია თუ კიდევ სხვა რამის. ჩვენ ანტიკრიზისული გეგმა პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად არ წარგვიდგენია. თუ ქვეყანას ვერ გადავარჩენთ, ყველა დავიღუპებით. რა ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში? საქმეს თავს შესანიშნავად ართმევს სამედიცინო პერსონალი, არც კრიზისის მართვის ის ნაწილია ურიგო, რასაც მედიკოსების რეკომენდაციები ითვალისწინებს. თუმცა ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია საგანგებო რეჟიმით განსაზღვრული პერიოდის მაქსიმალურად გამოყენება რესურსების მობილიზაციისთვის, როგორც სამედიცინო დანიშნულების საგნების მომარაგება, ასევე ექიმებისა და ექთნების გადამზადება. სამწუხაროდ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. რას ვაკეთებთ დღეს იმისთვის, რომ ამ პრობლემას ხვალ მომზადებული დავხვდეთ? რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრისგან საგანგაშო განცხადება მოვისმინეთ - ქალბატონმა ტიკარაძემ თქვა, რომ დღეს არსებული რესურსებით მხოლოდ 850 პაციენტის მოვლის საშუალება აქვთ. ამიტომაც არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საგანგებო რეჟიმით განსაზღვრული დრო მაქსიმალურად არ გამოვიყენოთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა გააკეთა ხელისუფლებამ ამ ერთი თვის განმავლობაში და რის გაკეთებას აპირებს 10 მაისამდე. სწორედ ამიტომ მოვთხოვეთ მათ ანგარიშის ჩაბარება.

დღეს არსებული შეზღუდვები მნიშვნელოვნად აფერხებს ეპიდემიის გავრცელებას, მაგრამ 10 მაისის მერე რა იქნება? თუ განუსაზღვრელი ვადით უნდა გაგრძელდეს ეს რეჟიმი? ასე არ გამოვა. საგანგებო მდგომარეობის ვადას ვეღარ გავახანგრძლივებთ, თორემ კრიზისში აღმოვჩნდებით. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე უკანასკნელ თეთრებს ითვლის. უნდა შევძლოთ და კორონავირუსის არსებობის პირობებში ცხოვრება გავაგრძელოთ, ჩვენი მოქალაქეები სამუშაო ადგილებზე დავაბრუნოთ.

ვაქცინის შექმნას შეიძლება ერთი წელი დასჭირდეს. მთელი წლით "დაპაუზებას" ჩვენ კი არა, ამერიკა და ევროპული ქვეყნები ვერ გაუძლებენ. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, რათა ოჯახები შიმშილს გადავარჩინოთ.

- ამას არც ხელისუფლება უარყოფს. პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ ეპიდემიასთან ბრძოლის ეფექტურობა შეზღუდვების მოხსნასა და ეკონომიკის აღდგენის ეტაპზე გადასვლასთან პირდაპირ კავშირშია. - ამბობს, მაგრამ რას აკეთებს? ხელისუფლებას მთელი ერთი თვე ჰქონდა, რომ რესურსების მობილიზება მოეხდინა. უკვე ნელ-ნელა უნდა იწყებდეს ხალხის დაბრუნებას სამუშაო ადგილებზე. სამსახურში დაბრუნებული ადამიანი პირბადითა და ყველა სხვა დამცავი საშუალებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. "ლელომ" ხელისუფლებას მხარი დაუჭირა, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მაშინაც, როდესაც ეს რეჟიმი კიდევ გაამკაცრა. უფრო მეტიც, ჩვენ კიდევ უფრო მკაცრი რეჟიმის დაწესებას ვითხოვდით. იცით, რატომ? იმიტომ, რომ შედეგი სწრაფად მიგვეღო. "ოცნებამ" შეზღუდვები კარგად ვერ გათვალა, ვერც რესურსების მობილიზება მოახერხა და ვერც ზოგიერთი საკითხის მოგვარება. ამის ნაცვლად კომიკური გადაწყვეტილებები მიიღო. როგორ შეიძლებოდა დროის დაკარგვა თუნდაც ისეთი ანეკდოტური აკრძალვის დაწესებაში, როგორიცაა ავტომობილში მძღოლის გვერდითა სავარძლით სარგებლობის შეზღუდვა, ოჯახის წევრისთვისაც კი. ასევე არაფრის მომცემი, უფრო მეტიც, მავნებლური გადაწყვეტილება იყო ონლაინგაყიდვების აკრძალვა. როცა ადამიანს გარეთ გამოსვლას უზღუდავ თუნდაც სამართლიანად, შინ მიწოდების სერვისი უნდა მოუწესრიგო. მით უფრო, რომ ეს უმუშევრობის პრობლემასაც შეამსუბუქებდა.

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას თქმით, ონლაინვაჭრობა პრიორიტეტულიც კი გახდება, როდესაც ეკონომიკა ამოქმედდება. - ეს საქმე გუშინ იყო გასაკეთებელი, არც ხვალ იქნება გვიან, თუმცა არც ისეთ ეფექტიან შედეგს მოგვცემს. თავად განსაჯეთ, რამდენი ადამიანი არ გამოვიდოდა შინიდან, ონლაინვაჭრობა და მიტანის სერვისი რომ ფუნქციონირებდეს. გასაგებია, რომ უსაფრთხოების ზომების დაცვა და რეგულაციებია საჭირო ამ სერვისის მოქმედებისთვის.

- გლობალური კრიზისის მიუხედავად, ჩვენი დონორი ორგანიზაციები უარს არ ამბობენ დახმარებაზე. წლის ბოლომდე საქართველოს დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარით დაეხმარებიან, აქედან 200 მილიონი აპრილის ბოლომდე საბიუჯეტო დახმარების სახით ქვეყნის ბიუჯეტში შევა. - უცხოელი პარტნიორები, ჩვენი ტრადიციული დონორები, სავალუტო ფონდი საქართველოს ყოველთვის ეხმარებოდნენ, ახლაც ეხმარებიან და მომავალშიც დაეხმარებიან. საკითხავი ის არის, ხელისუფლება როგორ გამოიყენებს ამ დახმარებას. ბოლოს და ბოლოს, გამოაქვეყნონ ანტიკრიზისული გეგმა. ფრაგმენტულად ახმოვანებენ ბუნდოვან გადაწყვეტილებებს. მაგალითად, ერთხელ ითქვა, რომ 2 მილიარდი ლარის მობილიზებას ახდენენ, ახლა ამბობენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები გვეხმარებიან. ეს გასაგებია, მაგრამ როდის გვეტყვიან, კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებენ იმისთვის, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ? ძალიან არასერიოზულია იმის თქმა, საგანგებო მდგომარეობის შემდეგ გავამჟღავნებთ ანტიკრიზისულ გეგმასო. ყველა დასავლურ, დიდი და მცირე ეკონომიკის ქვეყნებში, რომლებიც ჩვენთვის სამაგალითო უნდა იყოს, მთავრობამ უკვე გააცნო ხალხს თავისი ანტიკრიზისული გეგმა, რაც ფინანსური რესურსების მობილიზაციას გულისხმობს. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, საჩქაროა, იმიტომ, რომ ჩვენ დღეს მიახლოებითაც ვერ ვიტყვით, რამხელა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს საბოლოოდ "კოვიდ-19"-მა. ძალიან მნიშვნელოვანია საწარმოების პრეკრიზისულ მდგომარეობაში დაბრუნება, მაგრამ ეს გრძელვადიანი ამოცანაა.

უპირველესად უფასო შვებულებაში გაშვებული მოქალაქეები უნდა დავაბრუნოთ სამუშაო ადგილებზე. ამისთვის აუცილებელია ჩვენი მოდელით გათვალისწინებული სახელმწიფო საგარანტიო სისტემის, ასევე საბანკო სისტემაში არსებული რესურსების ამოქმედება და ამ ყველაფრის დაკავშირება დასაქმებასთან. მაქსიმალური ფინანსური მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ იმ კომპანიებს, რომლებიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ.

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, საქართველო უნდა გახდეს თვითკმარი სასურსათო პროდუქტით. ჩვენს 6-მილიარდლარიან ანტიკრიზისულ გეგმაში 1 მილიარდი ლარი სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არის განსაზღვრული. სოფლის მეურნეობის პროდუქტის იმპორტი თანდათან უნდა შემცირდეს და ადგილობრივი მეურნეობა წახალისდეს. მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი, პოსტპანდემიური სამყარო რადიკალურად განსხვავებული იქნება პრეპანდემიური სამყაროსგან. მაგალითად, იაპონიის მთავრობამ უკვე გამოყო დიდი თანხა, რათა საწარმოები გადმოიტანონ ჩინეთიდან და ნაწილი იაპონიაში, ნაწილი კი სხვა ქვეყანაში განთავსდეს. იმავეს აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატებიც. თუ ჩვენ ამ მომენტით არ ვისარგებლებთ, ძალიან დიდ შეცდომას დავშვებთ.

- მინისტრმა თურნავამ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის საერთაშორისო კომპანიებსა და ბიზნესებს საქმიანობისთვის აქაური ბაზარი ალტერნატიულ პლატფორმად შესთავაზოს. - ერთია საჯარო ტრიბუნიდან, მიკროფონთან კეკლუცობა და მეორე საქმე. "ოცნების" ხელისუფლებამ, სწორედაც თურნავას წარმატებული მეცადინეობით გააჩერა ანაკლიის პროექტი, რომელიც შესაძლოა დღეს ძალიან საინტერესო გამხდარიყო ამერიკული და იაპონური კომპანიებისთვის. სწორედ იაპონიის გრანტით იყო დაპროექტებული ანაკლიის თავისუფალი ეკონომიკური ზონა. ეს ხომ ნიშნავს, რომ იაპონია თავისი კომპანიების ჩინეთიდან საქართველოში გადმოტანას მხარს დაუჭერდა. თუმცა საქართველოს ხელისუფლებისგან იაპონიამ უკვე მიიღო ცუდი სიგნალი, როდესაც ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულება გააუქმა. იქნებ კრიზისმა მაინც გამოაფხიზლოს ისინი, ვინც დაბრმავებულნი იყვნენ, შურით, სიძულვილითა და გაუგებარი პოლიტიკური მოტივებით. თუ სახელმწიფო სწორად იმოქმედებს, ჩვენ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა პოსტპანდემიურ მსოფლიოში კომპანიების გადანაწილებისას ვიხეიროთ.

- დღეს ჩვენს ქვეყანაში გლობალური პანდემიის კვალდაკვალ თავი იჩინა არანაკლებ სახიფათო პრობლემამ, რაც საპატრიარქოს უკავშირდება. საზოგადოების ერთი ნაწილის აზრით, მართლმადიდებელი ეკლესია კანონზე მაღლა დადგა, მეორე ნაწილის აზრით კი მავანნი ქრისტიანობას დევნიან. - რაც დღეს ეკლესიის გარშემო ხდება, ამაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული წესების დაცვა მან უნდა უზრუნველყოს. სრული უპასუხისმგებლობა იყო მთავრობის მეთაურის განცხადება, რომ მან უკვე ყველაფერი გააკეთა და ახლა ჯერი საზოგადოების კეთილგონიერებაზეა. როგორ შეიძლება ხალხს უთხრა, რომ მის კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული, კანონს დაარღვევს თუ არა. ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მავანს საშუალებას აძლევს, ამ საკითხის გამო შექმნილი ვნებათაღელვა ამავე ინსტიტუციაზე შეტევისთვის გამოიყენოს, რაც ძალიან სახიფათოა.

სახელმწიფოს უნდა უნდა ემოქმედა ისე, რომ კანონი ყველასთვის თანაბარი ყოფილიყო და მავანს ეკლესიისთვის ტალახის სროლის საშუალება არ მისცემოდა.

- თქვენ თუ დაესწარით სააღდგომო ლიტურგიას? - მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ.

ხათუნა ბახტურიძე