მსოფლიო ლიდერები ჩინეთის დასჯაზე ალაპარაკდნენ - კვირის პალიტრა

მსოფლიო ლიდერები ჩინეთის დასჯაზე ალაპარაკდნენ

სენატორი ლინდსი გრემი: "ამერიკამ ჩინეთს უნდა შეაცვლევინოს ქცევის წესები. უნდა ჩამოვწეროთ ჩინეთის ვალები, ისინი უნდა გვიხდიდნენ ფულს და არა მათ ჩვენ"

"შეერთებული შტატების მთავრობა ვარაუდობს, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთის ერთ-ერთ ლაბორატორიაში შეიქმნა, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტული დასკვნების გაკეთებას ნაადრევად მიიჩნევს", - ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც მედიაგამოცემა აღნიშნავს, აშშ-ის უსაფრთხოების სამსახური მუშაობს თეორიაზე, რომლის მიხედვითაც, ვირუსი უხანის ერთ-ერთ ლაბორატორიაში შეიქმნა და შემდეგ შემთხვევით გავრცელდა. "დაზუსტებით ვიცით, რომ ვირუსი უხანში წარმოიშვა, მაგრამ რჩება ძალიან ბევრი რამ, რაც არ ვიცით, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. მისი თქმით, ამერიკის უსაფრთხოების სამსახური ცდილობს გამოიკვლიოს ეს საქმე, მაგრამ ჩინეთის კომუნისტური პარტია ამის საშუალებას არ აძლევს. CNN-ის ინფორმაციით, ჩინეთში იყვნენ ექიმები და ჟურნალისტები, რომლებიც საზოგადოებას ვირუსის გავრცელების შესახებ აფრთხილებდნენ, თუმცა ისინი "გაუჩინარდნენ".

ამის პარალელურად, Fox News-ი აქვეყნებს ექსკლუზიურ მასალას, რომ კორონავირუსის ახალი შტამი covid 19 სწორედ უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა. გამოცემა წერს, რომ ჩინეთმა 100%-ით შეცვალა და დამალა მონაცემები, ასევე გაანადგურა ნიმუშები, ადრეული ცნობები და ანგარიშები ვირუსის შესახებ.

ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მაღალჩინოსნები ჩინეთის პასუხისმგებლობაში მიცემას მოითხოვენ. ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ "პეკინმა ახალი კორონავირუსის გავრცელებაზე სასიცოცხლო ინფორმაცია მთელ მსოფლიოს დაუმალა და სიცრუის გამო სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს". მის აზრს იზიარებს ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი: "ჩინეთმა პასუხი უნდა აგოს კორონავირუსის გავრცელებისა და ამერიკელების დაღუპვის, უმუშევრობის გამო. პანდემია პეკინის უმოქმედობის გამო დაიწყო. ეს უკვე მესამე დაავადებაა ჩინეთიდან. ამერიკამ ჩინეთს უნდა შეაცვლევინოს ქცევის წესები. უნდა ჩამოვწეროთ ჩინეთის ვალები, ისინი უნდა გვიხდიდნენ ფულს და არა მათ ჩვენ", - განაცხადა სენატორმა გრემმა. აგებს თუ არა პასუხს ჩინეთი მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო და როგორ შეიძლება შეიცვალოს პოლიტიკური წესრიგი მსოფლიოში, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გვესაუბრება.

- პრეზიდენტი ტრამპის განცხადებებზე მსჯელობა ცოტა რთულია. თუმცა ერთი რამის თქმა დაზუსტებით შემიძლია - ადრე თუ გვიან, ამერიკას და ჩინეთსა მაინც მოუწევთ საერთო ენის გამონახვა. გამუდმებით მესმის ჩემი კოლეგების, ექსპერტების შეფასებები, რომ მსოფლიო აღარ იქნება ისეთი. მე ეს ცოტა ნაჩქარევი პროგნოზი მგონია. "ისპანკის" ეპიდემიამ 50 მილიონი კაცი შეიწირა. მაშინაც ამბობდნენ, მსოფლიო შეიცვლებაო, მაგრამ არანაირი კატაკლიზმები არ მომხდარა. მსოფლიო წესრიგი შეიცვლება მხოლოდ ძალთა თანაფარდობის შეცვლის შემთხვევაში. ახლა არაფერი ხდება ისეთი, რაც გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება ძალთა თანაფარდობა შეიცვალოს. ეპიდემიის დასასრულისთვის ყველა ქვეყანა ერთნაირად იქნება დასუსტებული, როდესაც ძლიერი ქვეყნები მოღონიერებას დაიწყებენ, ეკონომიკასაც ერთნაირად გააძლიერებენ.

- ის ფაქტი, რომ ამერიკას, იაპონიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებს თავიანთი საწარმოები ჩინეთიდან გადააქვთ, ძალთა ბალანსს არ შეცვლის? - რა გგონიათ, ჩინეთმა არ იცის, რომ ევროპელები ან თუნდაც აზიელები ეპიდემიის დასრულებისთანავე გაიტანენ თავიანთ ფაბრიკებსა და ქარხნებს? რასაკვირველია, ამისთვის ემზადებიან. ჩინელები საოცრად შრომისმოყვარე და დისციპლინირებული ხალხია. ეს ხალხი ძალიან მალე ნახავს ახალ ნიშას. ნახეთ, დღეს ლამის მთელ ევროპას ამარაგებს პირბადეებით. ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ ბოლო წლებში მთელი ევროპა წალეკა პროდუქციამ, შტამპით Mადე ინ ჩინა. ჩინეთი ბირთვული სახელმწიფოა და მასთან მწვავე კონფრონტაცია არავის აძლევს ხელს.

- რუსეთიც ბირთვული სახელმწიფოა და არც მასთან დაპირისპირება აწყობდათ ევროპასა და ამერიკას. თუმცა "ცივი ომის" შედეგად საბჭოთა კავშირი დაშალეს. - "ცივი ომი" სხვა იყო. მაშინ შეთანხმება იყო დადებული, რომ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებდნენ. რამდენიმე ექსცესი კი იყო, როდესაც მსოფლიო ბირთვული ომის საფრთხის წინაშე დადგა, მაგრამ კრიტიკულ მომენტში ორივე მხარე უკან იხევდა. მსგავსი თეორიების განვითარება ჩინეთზეც შეიძლება, მაგრამ დღეს არა, ეს სამომავლო თემაა და საქართველოსთვის აქტუალური არ არის.

- რატომაც არა? ზოგიერთი მოსაზრების თანახმად, თუ ჩინეთი ეკონომიკურ დომინანტობას დაკარგავს, ამან შესაძლოა მსოფლიო წესრიგი იმდაგვარად შეცვალოს, რომ გლობალიზაცია მნიშვნელოვნად შეფერხდეს, ეს კი საქართველოზეც მნიშვნელოვნად აისახება. - ეს ტრამპის ზღაპრული ვერსიებია. რაც უნდა დიდი საფრთხე იყოს, ყველაფერი გადაივლის და მსოფლიო გლობალიზაციას გააგრძელებს. გაკვეთილები კი დაგვრჩება, მაგრამ ხომ იცით, კაცობრიობის ისტორია რას გვასწავლის?

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ვინ იფიქრებდა, რომ ოც წელიწადში კიდევ უფრო საშინელი ომი დაიწყებოდა. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ინგლისის პრემიერმა ლოიდ ჯორჯმა თქვა, დამთავრდა კაცობრიობის ისტორიაში უკანასკნელი ომიო. მაშინ გულწრფელად სჯეროდა ყველას, რომ მომწამლავი გაზების გაშვებას და მილიონობით ადამიანის დახოცვას კაცობრიობა აღარ დაუშვებდა. რა ისწავლა კაცობრიობამ? ამიტომ ზღაპარია იმაზე ლაპარაკი, რომ კაცობრიობა დასკვნებს გააკეთებს და მსოფლიო ძველებური აღარ იქნება.

შავი ჭირი გადაიტანა მსოფლიომ და კორონავირუსსაც ექნება დასასრული, მაგრამ რა იქნება მერე...

ხათუნა ბახტურიძე