"თუ ნატო გაფართოებას განაგრძობს, ბალკანეთის ნატოს ქოლგაში მოქცევის შემდეგ საქართველოს ჯერიც დადგება" - კვირის პალიტრა

"თუ ნატო გაფართოებას განაგრძობს, ბალკანეთის ნატოს ქოლგაში მოქცევის შემდეგ საქართველოს ჯერიც დადგება"

გასულ კვირას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს 30-ე წევრი შეემატა - 27-წლიანი ლოდინის შემდეგ ჩრდილოეთი მაკედონია ნატოს წევრი გახდა. რა დაბრკოლებები გადალახა სამხრეთ ბალკანეთის ამ პატარა სახელმწიფომ და რა გაკვეთილი უნდა გამოიტანოს საქართველომ მისი გამოცდილებიდან, ამ თემებზე პროფესორ ალექსანდარ ნაცევს სკოპიეში ვესაუბრეთ.

- ნატოში გაწევრებას თითქმის 30 წელს ელოდეთ და როგორც იქნა, მოახერხეთ - როგორია საზოგადოების განწყობა?

- 1993 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ქვეყანას ნატოში გაწევრება სურდა და შემიძლია სიამაყით გითხრათ, რომ მაშინაც და დღესაც ეს გადაწყვეტილება იყო და არის ერთსულოვანი. ამ საკითხზე მყარი კონსენსუსი იყო პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას შორის. ყველას გვესმოდა, რომ ნატოს წევრი ქვეყნის სტატუსი ჩვენი სტრატეგიული მიზანი და უსაფრთხო მომავლის ქვაკუთხედი უნდა ყოფილიყო. პოლიტიკური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში გაწევრებას.

ჩვენ ჯერ კიდევ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე უნდა გავმხდარიყავით ნატოს წევრები, მაგრამ მაშინ ეს საბერძნეთმა დაბლოკა, რაც დასანანი იყო, რადგან მაშინ ჩვენთან ერთად ალბანეთისა და ხორვატიის წევრობაც განიხილებოდა და მიუხედავად იმისა, ამ სამი ქვეყნიდან ყველაზე მზად ჩვენ ვიყავით, პოლიტიკური დაპირისპირებისა და საბერძნეთის პოზიციის გამო კიდევ 13 წლით გადაიდო ნატოში ჩვენი გაწევრება.

- ისიც უნდა ითქვას, რომ საბერძნეთს პოზიცია არ შეუცვლია - პირიქით, დათმობაზე წახვედით და თქვენს ქვეყანას ჩრდილოეთი მაკედონია დაერქვა. თქვენი საზოგადოების გადმოსახედიდან, რამდენად მძიმე საფასურია ეს ნატოს წევრობისათვის? - სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, მინდა ერთი დეტალი გავიხსენო: 2008 წელს, ბუქარესტის სამიტის შემდეგ საბერძნეთს ჰააგაში ვედავეთ და 2011 წელს საქმე ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა: სასამართლომ დაადგინა, რომ 1996 წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე საბერძნეთს უფლება არ ჰქონდა ხელი შეეშალა მაკედონიის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრებისთვის, მაგრამ ეს განჩინება ოქმად დარჩა. ასე რომ, 2018 წლამდე მოგვიწია დაცდამ, როდესაც ხელი მოვაწერეთ პრესპას შეთანხმებას და სახელწოდებასთან დაკავშირებული დავა, როგორც იქნა, გადავჭერით. რაც შეეხება საზოგადოების განწყობას, ხალხი იმედგაცრუებულია, ისინი თვლიან, რომ მთავრობამ ზედმეტი დათმო საბერძნეთთან, ფაქტობრივად, მის ყველა მოთხოვნას ბრმად დაუკრა თავი, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ისინი ამ ხელშეკრულების გადახედვას დაიწყებენ.

- ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ საქართველო და ქართველი ხალხი გულწრფელად მოხარულია და გილოცავთ ამ წარმატებას, მაგრამ იმავდროულად ჩნდება კითხვა: როდის დადგება საქართველოს ჯერი? ჩვენს ქვეყნებს შორის დიდი განსხვავება არ არის არც დემოკრატიის და არც რეფორმების მხრივ, და საქართველომ, როგორც თავად ნატოც ადასტურებს, დიდი წვლილი შეიტანა ავღანეთისა და ერაყის სამშვიდობო მისიებში. მიუხედავად ამისა, თბილისი ჯერჯერობით მაინც ვერ ახერხებს, ნატოს ღია კარში შებიჯებას. როგორ ფიქრობთ, რატომ?

- ვფიქრობ, ამ შეკითხვაზე პასუხი გეოპოლიტიკურ კონტექსტში უნდა ვეძებოთ. ყველასთვის ცხადია, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში, რომ თქვენს ქვეყანას სურს და იმსახურებს ნატოს წევრობას, მაგრამ მიუხედავად ნატოს ღია კარის პოლიტიკისა, მოკავშირეებს უწევთ ზოგიერთი გეოპოლიტიკური საკითხის გათვალისწინება. რუსეთთან თქვენი გეოგრაფიული სიახლოვის გამო მოკავშირე ქვეყნების ნაწილი პრაგმატულად თვლის, რომ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროა. ეს სიახლოვე და ის, რაც თქვენსა და რუსეთს შორის მოხდა, მათთვის დიდი წინაღობაა. საქართველო ზარალდება გეოპოლიტიკური მიზეზების გამო და სწორედ ამიტომ არ არის დღეს ნატოს წევრი. რაც შეეხება იმას, თუ როდის გაწევრდება საქართველო, ვფიქრობ, რეალურია ვარაუდი, რომ თუ ნატო გაფართოებას განაგრძობს, ბალკანეთის ნატოს ქოლგაში მოქცევის შემდეგ საქართველოს ჯერიც დადგება.

- როგორ ფიქრობთ, რა რეაქცია ექნება რუსეთს კიდევ ერთი ბალკანური ქვეყნის ნატოში გაწევრებაზე? ელოდებით თუ არა "სადამსჯელო ოპერაციებს"? - არა, რადგან რუსეთის გავლენა ჩვენთან მეტისმეტად მცირეა საიმისოდ, რომ ეს ნაბიჯი, ასე ვთქვათ, ძვირად დაგვისვას. კრემლი დიპლომატიურად ეკიდება ამ საკითხს. თუმცა წლის დამდეგს გავრცელდა ფარული დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც, რუსეთის ელჩი ორმხრივი დახურული შეხვედრის დროს ამბობდა, რომ ეს მაკედონიას რუსეთის სამიზნედ აქცევს. მაგრამ ფაქტია, რუსეთს ჩვენს საზოგადოებაში მხარდაჭერა არა აქვს, მისი საელჩოც რამდენიმე თანამშრომლისგან შედგება. ასე რომ, კიდეც რომ გაეპროტესტებინათ ჩვენი ნატოში გაწევრება, ამ საკითხის გართულებას ან გაჭიანურებას ვერ მოახერხებდნენ.

- დაბოლოს, რა გავლენას მოახდენს მაკედონიის ნატოში გაწევრება ბალკანეთის უსაფრთხოების არქიტექტურაზე? - ვფიქრობ, ბალკანეთში სიტუაცია კარდინალურად არ შეიცვლება, რადგან, საბედნიეროდ, ჩვენი მეზობლების უმეტესობა (ალბანეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი) უკვე ნატოს წევრია. მხოლოდ სერბეთს აქვს გაცხადებული, რომ ნატოს წევრობას არ ესწრაფვის, ამის ნაცვლად მათი სტრატეგიული მიზანი ნატოსთან პარტნიორული ურთიერთობაა. რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანა ნატოშია ინტეგრირებული: ხორვატია, სლოვენია, თურქეთი... რაც შეეხება ბოსნიას, ის ნატოს ოფიციალური პარტნიორია. ამ რეგიონში ყველა ნატოზე ორიენტირებულია, გარდა სერბეთისა, რომელსაც მწარე ისტორიული გამოცდილება აქვს და ნატოში გაწევრებისთვის საზოგადოების მხარდაჭერას ვერ მიიღებს. ასე რომ, უსაფრთხოების არქიტექტურის კარდინალურად შეცვლას არ ველოდებით.

ინტერვიუ მომზადდა საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის (GISP) პროექტის Talking NATO for Georgia ფარგლებში

ვაჟა თავბერიძე