"აფხაზები აღიარებენ, რომ ამ საშიში ვირუსის პირისპირ მარტო აღმოჩნდნენ" - რატომ იფეთქა აფხაზეთში ანტისომხურმა განწყობამ? - კვირის პალიტრა

"აფხაზები აღიარებენ, რომ ამ საშიში ვირუსის პირისპირ მარტო აღმოჩნდნენ" - რატომ იფეთქა აფხაზეთში ანტისომხურმა განწყობამ?

"ანტიქართული განწყობების გამოხატვაში აქტიურობენ სომხები. როგორც წესი, ისინი აფხაზეთის "დამოუკიდებლობაში" თავიანთ წვლილზე საუბრობენ და "სამშობლოს დასაცავად" ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ..."

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რეგიონში კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, 23 აპრილს "ინაუგურაციისთვის" ემზადება... აფხაზი მოსახლეობა და ექიმების ნაწილი მოითხოვდნენ, რომ საშიში ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო ცერემონიალი გადადებულიყო, თუმცა ბჟანიას გუნდმა კატეგორიული უარი განაცხადა. მას შემდეგ, რაც რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების მეოთხე შემთხვევაც გამოვლინდა, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას გადაწყვეტილებით აფხაზეთში კარანტინი გამოცხადდა, გალსა და გაგრაში კი კომენდანტის საათი ამოქმედდა.

ფსოუს საზღვარზე შემოსული ქართველი ქალის ამბავს, რომელსაც Covid-19 ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დაუდგინდა, აფხაზ მოსახლეობაში მაშინვე მოჰყვა ნაციონალისტური პოსტები. აფხაზების თქმით, ქართველები "ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და საფრთხეებს ყოველთვის ზერელედ ეკიდებოდნენ, ახლა ეს ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა... თავად გადავლენ საქართველოში და იქ იმკურნალებენ, თუ დაგჭირდათ, თქვენც გიმკურნალებენო, ის კი არ იციან, ამ ნაბიჯს ჩვენი ხალხი რის ფასად დგამს".

ანტიქართული განწყობების გამოხატვაში აქტიურობენ სომხებიც. როგორც წესი, ისინი აფხაზეთის "დამოუკიდებლობაში" თავიანთ წვლილზე საუბრობენ და "სამშობლოს დასაცავად" ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ...

საბერიოელი ქალი ვირუსისგან განიკურნა და საავადმყოფოდან გაეწერა. ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა - 29 მარტს მოსკოვიდან სწორედ გაგრელი სომეხი ჩამოვიდა. 6 აპრილს ის კორონავირუსის სიმპტომებით გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ვირუსი დაუდასტურდა. რამდენიმე დღეში იგივე სიმპტომები გამოუვლინდა მის ცოლსაც... ოჯახი გაგრაში აკაკი წერეთლის ქუჩაზე, 8-სართულიან კორპუსში ცხოვრობს. ადგილობრივი სომეხი ფსოუდან სახლამდე ტაქსით მივიდა, თუმცა, როგორც ჩანს, ვირუსის გავრცელება მოასწრო, რადგან იმავე კორპუსში 95 წლის ქალი დაინფიცირდა. ამასთან, დღემდე ვერ დაადგინეს ყველა კონტაქტი, რომელიც პირველწყაროს ჰქონდა. ამჯერად აფხაზ საზოგადოებაში ანტისომხურმა განწყობამ იფეთქა.

ჩვენ გაგრაში მცხოვრებ ქართველს დავუკავშირდით ქალაქსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე სასაუბროდ.

გული: - იმ სომხის გამო 55-ზე მეტი კაცი, მათ შორის ბავშვები, კარანტინში არიან და კორპუსს პოლიცია იცავს. საღამოს 20-დან დილის 7 საათამდე კომენდანტის საათი დააწესეს. აფხაზებში მაშინვე იფეთქა ანტისომხურმა განწყობამ. როგორც ითქვა, ის კაცი მოსკოვში თავის რუს პარტნიორებთან იყო საზაფხულო ბიზნესის დასაგეგმად. როგორც ამბობს, სახლამდე ისე მოვიდა, ტაქსიდან არ გადმოსულა, მაგრამ ფაქტია, კორპუსში უკვე გაავრცელა... სანიტარულმა სამსახურმა კორპუსში დეზინფექცია ჩაატარა, მოსახლეობა კი ორი კვირაა კარანტინშია. ამბობენ, სხვებსაც გამოუვლინდათ სიმპტომები და ტესტის პასუხებს ელოდებიანო. კორპუსი გარშემო მილიციაა მობილიზებული.

ბოლო დროს აფხაზებს სომხების მიმართ ბევრი უკმაყოფილების მიზეზი დაუგროვდათ. ერთადერთი, ვინც აფხაზეთში საზაფხულო კურორტით ხეირობს, აქაური სომხები არიან. რადგან ადგილობრივი კანონმდებლობა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის უძრავი ქონების მიყიდვის უფლებას არ იძლევა, ამას რუსები და ან თუნდაც რუსეთში მცხოვრები სომხები აქაური სომხების ხელით ძალიან კარგად აგვარებენ. ამას ხედავენ აფხაზები, მაგრამ ვერც ეწინააღმდეგებიან, რადგან რუსებისა და სომხების ერთობლივი დიდი ფულით ის აფხაზებიც სარგებლობენ, რომელთაც საოჯახო სასტუმრო ან მცირე ბიზნესი აქვთ, მაღაზიები, კაფეები... ახლა შეშფოთებული არიან, საკურორტო სეზონი ჩავარდა, დაინფიცირებულ რეგიონში დასასვენებლად ვინ ჩამოვაო?! ამ საფრთხისთვის გვერდი რომ აგვევლო, რუსეთიდან აქ სიამოვნებით ჩამოვიდოდნენ. ისედაც ათეულობით მანქანა შემოვიდა, ვირუსისგან შეშინებულმა რუსებმა აფხაზეთს შეაფარეს თავი... თუმცა აფხაზეთში ვირუსი მაინც გავრცელდებოდა და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, სომეხმა შემოიტანა თუ ქართველმა.

ქართველების მიმართაც იყო აგრესიული განწყობა, მაგრამ ბევრად სუსტი, ვიდრე ახლა არის სომხების მიმართ, რადგან უამრავმა ადამიანმა, მათ შორის აქამდე ანტიქართულად განწყობილებმაც, პირდაპირ თქვეს, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს საავადმყოფოებს მიმართავენ, რადგან ქართველ ექიმებს უფრო ენდობიან, ვიდრე რუსებს, ის ქალი, ხეცურიანი, სწორედ რუსებს გამოექცა მოსკოვიდანო. ბევრი აღიარებს, რომ ახლა აფხაზეთი ამ საშიში ვირუსის პირისპირ მარტო აღმოჩნდა, ანუ რუსეთის პასიურობას გულისხმობენ, რომელმაც მიმოსვლა შეზღუდა.

- 95 წლის მოხუცი სახლში განაგრძობს მკურნალობას. რატომ? - თავადაც ექიმია და კარგად იცის, რა ხდება ჩვენს საავადმყოფოებში. უმნიშვნელო რემონტისა და ერთი-ორი აპარატის გარდა, წლებია იქ არაფერი შეცვლილა...

გულრიფშის რაიონული საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ზურაბ აჩბამ გარისკა და გაბედულად ისაუბრა იმ პრობლემებზე, რაც ჩვენს სამედიცინო სისტემაში ხდება, საავადმყოფოს ფოტოები და ვიდეოფირი დადო. მოკლედ, სრული კოლაფსია. თუ ქართველი ექიმები დღე და ღამეს ათენებენ, აქ თეთრხალათიანმა ავადმყოფს სიცხე რომ გაუზომოს, მადლობელი უნდა ვიყოთ, რადგან მათი უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აქ ანტისანიტარიისგან დაავადდება ადამიანი...

მათ პირდაპირ სიკვდილზე უწევთ წასვლა, შიშველი ხელებით, სიმბოლური ანაზღაურების სანაცვლოდ. ერთმა ნაცნობმა სანიტარმა შემომჩივლა, თუ ადრე საავადმყოფოდან მედიკამენტებისა და აუცილებელი მოხმარების ნივთების გაყიდვით პურის ფულს მაინც ვშოულობდით, ახლა ესეც მოგვისპეს, რადგან რაც გვქონდა, თითქმის ამოწურულია, მხოლოდ დახმარებების იმედად ვართო. ამ სიტუაციაში როგორ უნდა მოვთხოვოთ მათ გმირობა? საკმარისი პირბადეები და ხელთათმანებიც კი არა აქვთ...

ამიტომ მოჰყვა სომეხი გაგრელის კლასტერს ასეთი აგრესია, ექიმები სოციალურ ქსელებში წერდნენ მათ გვარ-სახელებს და დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიებდნენ, მაგალითად, არაერთხელ უწოდეს "მხოლოდ ფულის შოვნაზე გადასული ერი". ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა მედპერსონალისთვის პაციენტის შესახებ კონფიდენციალურობის დაცვა შეეხსენებინა. ამიერიდან ექიმი პაციენტის პირადი ინფორმაციის გამჟღავნებისთვის 15-დან 50.000 რუბლით დაჯარიმდება.

ჩვენი ბევრი ექიმი მოძველებული მეთოდებით მკურნალობს. არ გვაქვს შესაბამისი ეპიდაღჭურვილობა და რაც მთავარია, სიმბოლური დახმარებების გარდა, არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს, რადგან რუსეთმა უკვე განაცხადა, რომ ქვეყნიდან სამედიცინო პროდუქციას არ გაიტანს. რამდენიმე ეტაპად შემოვიდა დახმარება საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, მაგრამ არ არის საკმარისი. მოსახლეობამ იცის, რომ ყველა ქვეყანა ვირუსს თავისი ძალით ებრძვის. ახლა ჩვენი რეალობა ასეთია - თავი უნდა გადავირჩინოთ თვითიზოლაციით, დისტანცირებით, სიფრთხილით...

აფხაზმა სასულიერო პირმა დოროთეი დბარმაც მოუწოდა ხალხს, დარჩით სახლშიო, მაგრამ მაინც დადიან ქუჩაში, ერთმანეთთან ყავაზე მიმოდიან, მიწას ამუშავებენ, მალულად ვაჭრობენ... ქალაქში დენი რომ ითიშება, საავადმყოფოებიც ჩაბნელებულია, რადგან გენერატორების უმეტესობა გაუმართავია. ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდება, თუ ვირუსი მასშტაბურად გავრცელდება.

პრობლემებზე დაუფარავად ლაპარაკობს გაგრის რაიონის მთავარი ექიმი ვლადიმირ არღუნიც. მან პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ ვირუსთან ეფექტიანი ბრძოლის რესურსი არა გვაქვს. ოჩამჩირის საავადმყოფოს მიაწოდეს პირველი სასუნთქი აპარატი, მაგრამ ეს ხომ ზღვაში წვეთია. არადა, ეპიდაფეთქება გარდაუვალია. ბოლო წლებია უამრავი პრობლემა გვაქვს, ახლა ხომ ღრმა ჭაობში ვართ...

- აფხაზური მედია წერს, რომ დანაშაულმა იმატა. - დიახ, კომენდანტის საათი შემოღებამაც ვერ უშველა. ხალხს მაღაზიების, კაფე-ბარების დახურვამ მოუწია, არადა, არსებობა ხომ უნდათ? გაგრაც, ისევ, როგორც მთელი აფხაზეთი, ნარკომაფიის ბუდეა. მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, ერთი შემთხვევა და ვირუსი დომინოს პრინციპით გავრცელდება. იმუნიტეტი არა აქვს უფროს თაობასაც, უამრავი მათგანი ალკო და ნარკოდამოკიდებულია. ამას ემატება მოხუცებიც, რომლებიც ბოლოს ექიმთან, ალბათ, 90-იანი წლების ომამდე იყვნენ. როგორც აქაური მილიცია ამბობს, კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაკავებულებიდან ყოველი მესამე ნარკომანია, მათ შორის მოზარდებიც არიან. ნარკოტიკის საშოვნელად მიდიოდნენ და კანონი ვის ახსოვდა.

მხოლოდ ერთ ღამეში 101 დარღვევა გამოავლინეს. დააკავეს 27 ავტომანქანა და გაირკვა, რომ მძღოლების უმეტესობა ნასვამი იყო. დანაშაული 3-დან 20 000-მდე რუბლით ჯარიმდება.