"ჩემი სი­ლა­მა­ზე აღარ მყავს. დედა მო­მიკ­ლეს სა­კუ­თარ სახ­ლში!" - რას წერს თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"ჩემი სი­ლა­მა­ზე აღარ მყავს. დედა მო­მიკ­ლეს სა­კუ­თარ სახ­ლში!" - რას წერს თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში?

19 აპრილს აღდგომის დღესასწაულზე  თბილისში ტრაგედია დატრიალდა,  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელის მიერ ნასროლმა ბრმა ტყვიამ მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრები ქალი, თამარ ანთელავა იმსხვერპლა.

გარდაცვლილი ქალბატონი, მომღერალ თიკა მახალდიანის დედაა.  დედის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით თიკამ  სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

"ჩემი სილამაზე აღარ მყავს. დედა მომიკლეს საკუთარ სახლში! ჩემი მზეთუნახავი დედიკო, მაგრამ ის მაძლიერებს მარტო რო სამოთხეში წავიდა. მადლობა ყველას სათითაოდ", - წერს თიკა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში, უმისამართოდ გასროლის შედეგად მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრები 50 წლის ქალი იმსხვერპლა, სოსო გაბრიაძეა.

50 წლის თამარ ანთელავას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ბრალდებული შსს-ს თანამშრომელი სიმონ (სოსო) გაბრიაძე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პოლიციელმა საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ 50 წლის თამარ ანთელავას, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება სსკ 116-ე მუხლით, რაც გულისხობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით. გაბრიაძეს შინაპატიმრობა ან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.