სადამდე... მიხეილ - კვირის პალიტრა

სადამდე... მიხეილ

ყაზახეთის პარლამენტმა პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს, რომელიც უკვე 20 წელია ქვეყანას მართავს,  უფლებამოსილების ვადა 2020 წლამდე გაუგრძელა. ოცი, პერსპექტივაში - ოცდაათი წელი, შთამბეჭდავი სამუშაო "სტაჟი" იქნებოდა პედაგოგისთვის, ინჟინრიისთვის, თუნდაც, პოლიციელისთვის. ასეც უნდა იყოს-იშრომე, შემდეგ, როგორც ვასო გოძიაშვილის ერთ-ერთი გმირი ამბობს, ”დაჯექი და კაი პური სჭამე".

”კაი", ანუ პატიოსანი შრომით ნაშოვნი. იქ ნაღდად ეს იგულისხმება. თორემ, თუ ”კაის" გავიგებთ, როგორც ”ბევრს" ანდა ”ნოყიერს", მაშინ ზემოთჩამოთვლილი პროფესიების დაშორიშორება მოგვიწევს, თანაც, ქვეყნების მიხედვით.

მაგალითად, მასწავლებლები და ინჟინრები დღევანდელ საქართველოში ”კაი პურს" ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეჭამენ. პოლიციელებს ცოოტა ”წაატეხინეს" და ისინიც, მადლიერების გრძნობით აღვსილნი, მზად არიან პირველი ბრძანებისამებრ თავები დაუხეთქონ ”იწროობის" გამო ქუჩაში გამოსულ მასწავლებლებსა და ინჟინრებს.

რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში ასე არ არის. ერთადერთი, ყველგან, ყოველთვის რომ გაჭმევს ”კაი პურს", პრეზიდენტის (შეგვიძლია, ვიგულისხმოთ პარლამენტის თავმჯდომარე, გუბერნატორი, გამგებელი, დეპუტატი, მოადგილეები და ა.შ.) თანამდებობაა.

ეს უფრო იმ ქვეყნებს ეხება, სადაც ხსენებული თანამდებობა პროფესიადაა ქცეული. ასეთი პროფესიის ადამიანები, ბავშვების საყვარელი დაწესებულების სტილისტიკას თუ მოვუხმობთ, ”გავრცელებულნი არიან აფრიკაში, შუა აზიაში, რუსეთსა და საქართველოს ზოგიერთ რეგიონში."  საკუთარი თავი შემეცოდა, თორემ ამ ”კამპანიას" ჩრდილოეთ  კორეაც კარგად ”გაქაჩავდა".

ვხუმრობ და არ მეხუმრება. ყველაზე მეტად ის მიკლავს გულს, რომ ყველგან, სადაც ნაპატივებმა ჩინოვნიკებმა (თუ გვახსოვს, პრეზიდენტიც ჩვეულებრივი ჩინოვნიკია) თანამდებობა პროფესიად გაიხადეს, ეს გააკეთეს მოსახლეობის უმრავლესობის ხმაურიანი ან ჩუმი მხარდაჭერით. გააჩნია ქვეყნის წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს.

ასე არ ვამბობთ?! - აზიაში სულ ასე იყო, მაგათ სხვანაირი ცხოვრება არ შეუძლიათ; რუსეთშიც ”სულ ასე იყო"... ჩვენთან როგორ იყო, ან როგორც არის, ისე უნდა იყოს?!

დავით შალიკაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)