ნემცოვი ჩვენი ტკივილია - კვირის პალიტრა

ნემცოვი ჩვენი ტკივილია

ჩვენდა საუბედუროდ, რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი ბორის ნემცოვი მოსკოვში 2010 წლის 31 დეკემბერს დააკავეს (გუშინ გამოუშვეს). ჩვენდა საუბედუროდ იმიტომ, რომ ნემცოვი ჯერ წინასწარი დაკავების საკანში შესული არც იყო, რომ ქართული "საზოგადოებრივი მაუწყებელი", "რუსთავი 2" და "იმედი" სამ ხმაში ატირდნენ.

ამის შემდეგ, ნემცოვი ქართული ტელეეკრანებიდან არ ჩამოდიოდა. ბავშვმაც კი გაიგო, თუ ვინ არის რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, რას მოითხოვს, ცოლად ვინ ჰყავს და რა ფეხის ზომა აქვს.

ნემცოვამდე ქართულ ტელეარხებზე ბიზნესმენი მიხაილ ხოდორკოვსკი ”გრიმიტობდა”, რომელსაც მოსკოვის სასამართლომ დამატებითი სასჯელი შეუფარდა. ალბათ, "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელის ნათესავები არ გლოვოდნენ ისე ხოდორკოვსკისთვის ”ვირის აბანოში” ყოფნის გაგრძელებას, როგორც ამას ქართული მხარე აკეთებდა. საქმეში ”მძიმე არტილერიაც” ჩაერთო -პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თავისი პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის პირით, ხოდორკოვსკის სასამართლოს, ცინიზმი და უსამართლობა უწოდა.

მოკლედ, ამ დღეებში კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ჩვენს ჩრდილოეთით არადემოკრატიული და საშიში ქვეყანაა, რომლის მმართველ ვლადიმირ პუტინს პირად პატიმრად ხოდორკოვსკი ჰყავს და იქ ოპოზიციონერებს იჭერენ.

რუსეთი რომ ავტორიტარული ქვეყანაა და პუტინს რა განზრახვებიც აქვს საქართველოს მიმართ, "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" გარეშეც კარგად ვიცით. თუმცა, როდესაც შიდა მოხმარების მიზნით, მტრული სახელმწიფოს დემოკრატიას დასტირი, შენ უკეთ უნდა გქონდეს საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენი პროპაგანდა ანეკდოტად იქცევა.

მაგალითად, როდესაც ქართული ტელემედია ნემცოვზე მოთქვამდა, თბილისის ცენტრში, გმირთა მოედანზე, ვეტერანთა აქცია დაარბიეს. თუმცა, თქვენც არ მომიკვდეთ -დაღუპული გმირების მემორიალთან ცემა-ტყეპა იყო, ტელეეკრანიდან ნემცოვის ბიოგრაფიას გვიყვებოდნენ. ქართულმა ტელეკომპანიებმა ვალი მოგიანებით მოიხადეს -არა, რუსი ოპოზიციონერი კვლავ მთავარი თემა იყო, ვეტერანთა დარბევა კი იმ სიუჟეტის შემდეგ გავიდა, ავსტრალიაში სამთავიანი ბაყაყები რომ დაიბადნენ.

ალბათ, ხოდორკოვსკისაც ძალიან გაუკვირდებოდა, რომ გაეგო, თუ რამდენი გულშემატკივარი ჰყავდა თბილისში. ეს, სხვათა შორის, ის ხოდორკოვსკია, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა წერილი და გაამართლა რუსეთის აგრესია. უფრო ზუსტად, პუტინს მიელაქუცა -რომ არა პრემიერი, ოსების ბუნდღა აღარ დარჩებოდაო. თუმცა, პუტინს გული არ მოულბა. სამაგიეროდ, გულჩვილები თბილისში სხედან.

მაგრამ ყველაზე მეტად ხოდორკოვსკის, ალბათ, ის გაუკვირდებოდა, რომ გაეგო -მას იმ ქვეყნის ოფიციალური პროპაგანდა დასტიროდა, სადაც 2010 წელს სასამართლოებმა მხოლოდ 3 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს (ეს ოფიციალური სტატისტიკაა, რომელიც ”ჯიუტია”).

ქართული ტელემედიის ცრემლებად არც ნემცოვი ღირს. გასული საუკუნის 90-იან წლებში ქართული დელეგაცია რუსეთის მაშინდელ ვიცე-პრემიერ ნემცოვთან სამათხოვროდ ჩავიდა. ქვეყანას რამდენიმე ათასი ტონა ფქვილი სასწრაფოდ სჭირდებოდა. მომავალმა ოპოზიციონერმა ქართველები უარით გამოისტუმრა -ამერიკელებმა გაჭამონო.

ასე რომ, მოდით ჯერ ჩვენ ”მამიდას”, ანუ დემოკრატიას მივხედოთ. ხოდორკოვსკი და ნემცოვი კი, თავად რუსებმა იტირონ. თორემ უკვე იმას დავემსგავსებით, გაგანია კომუნიზმისას წყნეთის მეფრინველეობის ფაბრიკა ვიეტნამიდან ამერიკული ჯარების გაყვანას რომ ითხოვდა.

გიორგი კვიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)