რატომ არ ვართ მშვიდობიანი ქვეყანა?! - კვირის პალიტრა

რატომ არ ვართ მშვიდობიანი ქვეყანა?!

გუშინ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი გავიგე: პოლიტიკოსი მეგობრების შერჩევაშიც  ფრთხილი უნდა იყოს. თუ თქვენ პოლიტიკაში ხართ და გყავთ მეგობარი, რომელსაც შეიძლება ვინმესთან ჩხუბი მოუვიდეს, აუცილებლად "ბუას" საკბილო გახდებით ("ბუა" ამ შემთხვევაში ნაციონალური ტელევიზიებია)...

ვაი თქვენი ბრალი, თუ იმ დროს თქვენც მეგობრის გვედით აღმოჩნდით და თან ამ თქვენმა მეგობარმა უბრლაოდ კი არ იჩხუბა, არამედ თავის მეტოქეს თავში სკამი თხლიშა. ქართული ნაციონალური არხების მათავარ საინფორმაციო გამოშვებებში, რომელთაც სულაც არ აინტერესებთ, მაგალითად, დევნილების პრობლემები, ერთი დიდი სიუჟეტი გარანტირებული გაქვთ.

გუშინდელი დღე ქართულმა ტელევიზიებმა იმით დაიწყეს, რომ გვახარეს (სწორედაც რომ გვახარეს!): ალასანიას უცნობმა მეგობარმა ვიღაცას რესტორანში თავში სკამი ჩაარტყაო. ახლა, ეს კარგი ამბავი სულაც არ არის, მით უემტეს იმისთვის, ვისაც ჩაარტყეს, თუმცა, წესით, დიდი მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს - ალასანიას მეგობარი ჩაარტყამს, თუ ვინმე სხვა. სამაგიეროდ, ხელისუფლებსითვის და მისი პორპაგანდისტული მანქანისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს: ალასანიას ჩხუბისთავი მეგობრები ყავს?! ეგ ცუდი ეგა!..

გაჩეჩილაძე კიდევ უფრო "ცუდია": იმ დროს, როდესაც აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლს ყვავილებით ამკობდა და ადგილობრივ მოსახლეობასთან არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ ემზადებოდა რეალ-ტვ-მ მას მარტო სიუჟეტი კი არა, გადაცემა მიუძღვნა. იმედია, ისეთი გულუბრყვილოები არ ხართ, იფიქროთ, თითქოს ეს გადაცემა მის სამეგრელოში ვოიაჟს ეხებოდა. ამით არცერთი ნაციონლური არხი არ დაინტერესებულა. რომელიღაც გაზეთში აბაშიძის და პატარკაციშვილის ყოფილ თანამებრძოლს, ამაჟამად მოსკოვში გაქცეულ ვალერი გელბახიანს უთქვამს, გაჩეჩილაძე და ეროვნული საბჭო პატარკაციშვილმა ათი მილონი დოლარით დააფინასაო. თქვენ რომ რეალ-ტვ ყოფილიყავით, ამას ხელიდან გაუშვებდით?..

ისე, თუ სერიოზულად ვიტყვით, გაჩეჩილაძის და ფულის თემა, მართლაც, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს და რაც მალე - მით უკეთესი.

ყველაზე სასიხარულო ამბავი კი, რომელიც საინფორმაციო საშუალებემა გუშინ გვამცნეს, ასეთი იყო: "საქართველომ და კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს ოქმს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ. ხელმოწერილი ოქმის თანახმად, ერთმანეთთან ურთიერთობებში მხარეები იხელმძღვანელებენ თანასწორობის, მეგობრული ურთიერთობების, ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ურღვევობის პრინციპებით".

ამ შემთხვევაში, მხოლოდ საქებარ სიტყვებს თუ იტყვი საქართველოს ხელისუფლების მისამართით - რაც მეტ ქვეყანასთან გექნება ურთიერთობა აწყობილი, მით მეტი აღიარებს შენს ტერიტორიულ მთლიანობას (ან პირიქით: არ აღიარებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს), მაგრამ რატომ მაინცა და მაინც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა?

ამ კითხვაზე პასუხს ბრიტანული გაზეთის "გარდიანის" მეირ გამოქვეყნებულ მშვიდობიანი ქვეყნების რეიტინგში იპოვით. ამ რეიტინგში "გარდიანმა" 142-ე ადგილი გვარგუნა. არადა, ჩამონათვალში სულ 149 ქვეყანა ყოფილა. ბოლო ათეულში ჩვენთან ერთად მოხვდნენ: ჩადი, რუსეთი, ისრაელი, პაკისტანი, სუდანი, ავღანეთი, სომალი, ერაყი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მოკლედ, კონგო ჩვენი ნამდვილი მეგობარი ყოფილა. რეიტინგშიც ჩვენს გვერდითაა და სხვა საქმეში გვერდით დადგომას როგორ დაგვამადლის? თუნდაც ეს საქმე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არაღიარება იყოს.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ის, რომ ჩვენ მშვიოდბიან ქვეყნად არ ვითვლებით, ხელს სულაც არ გვიშლის, რომ სხვის მშვიდობაზე ვიზრუნოთ. გუშინ ჩვენმა საგარეო საქმეთამინისტრმა განაცხადა, - საქართველო მზად არის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საქმეში შუამავლის როლი იკისროსო. პირდპაირ მაოცებს ჩვენი დიპოლმატიის გაქანება: ერთი ხელით კონგოსთან რომ ვამყარებთ ურთიერთობას, მეორეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას ვცდილობთ!

სხვას რას ქვია "სამყაროს ჭიპი"?! ჩემი აზრით, სწორედ ასეთი უნდა იყოს "სამყაროს ჭიპის" განმარტება: "სამყაროს წიპი" ეწოდება მას, ვინც ერთი ხელით კონგოსთან დიპლომატიურ ურთიერთობას ამყარებს, მეორეთი კი ყარბაღის კონფლიქტს აგვარებს".

მიუხედავდ იმისა, რომ გუშინდელი დღე სასიხარულო ინფორმაციებით იყო დატვირთული, მაინც არ მომასვენა კითხვამ: რატომ დავიკავეთ მშვიდობიან ქვეყნებს შორის 142-ე ადგილი. რა, მართლა კონგო და რუსეთი ხომ არა ვართ? ასეთი რა ღმერთი გაგვიწყრა?! ტურიზმის მექად გვინდა გადაქცევა და "გარდიანმა" უცებ კვანტი არ დაგვიდო?! რატომ?! რატომ?!

ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი და ბოლოს მივხვდი, რა არის ჩვენი პრობლემა: ქვეყანა, სადაც პოლიტიკოსის მეგობარი ხალხს თავში სკამებს ურტყამს, მშვიდობიანი როგორ იქნება?

(სპეციალურად საიტისთვის)