მერაბ მეტრეველის "სამი დღის ფიქრები" - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის "სამი დღის ფიქრები"

შავსა ფერს

შავი ფერი ოპოზციის საყვარელი ფერი რომ იყო, აქამდეც ვიცოდი, მაგრამ ასეთ პატივს თუ სცემდნენ, რას წარმოვიდგენდი? აბა, სხვას რას უდნა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ ჯერ ერთი თვის წინ "ქართული პარტია" გამოვიდა ინიციატივით -შექმნილიყო "შავი წიგნი", რომელშიც ხელისუფლების "შავი საქმეები" შევიდოდა, ამ ინიცატივამ საქმედ ქცევა ვერ მოასწრო, რომ გასულ ორშაბათს უკვე ეკა ბესელიამ წამოაყენა იდეა -"შეიქმნას ხელისუფლებაში მყოფი პირების "შავი სია", რომელშიც ყველა ის ადამიანი იქნება, ვისაც ბრალი მიუძღვის ქართველი ხალხის წინაშე, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის მონაწილეს."

ნეტა ეს რას უნდა ნიშნავდეს? იმას, რომ იდეები შემოაკლდათ? იქნებ ქვეცნობიერად ხვდებიან საქმე შავად რომ აქვთ და ამ ფერისკენ ლტოლვას გრძნობენ? არ ვიცი, ფროიდი ნამდვილად არ ვარ, თუმცა ჩვენი ოპოზციის ავან-ჩავანს, ალბათ, ძია ზიგმუნდიც ვერაფერს გაუგებდა. ჩვვენც ნუ ვიწვალებთ, მხოლოდ რიტორიკულად ვიკითხოთ: ხომ არ აჯობედა, ჯერ ოპზოციის "შავი წიგნი" შეგვექმნა, ან ოპოზიციის "შავი სია"? მე თქვენ გეტყვით, შესადგენი არაფერი იქნება. მოკლედ, ვიდრე სხვის თვალში ბეწვის დანახავის უფლებას მიიღებდე, საკუთარში დირე უნდა შეამჩნიო. ახლა არ მითხრათ, ოპოზიციის და ხელისუფლების შემთხვევაში ეგ ამბავი პირიქითააო. იყოს პირიქით. ამით ამ ამბის მორალი არ შეიცვლება.

ლეიბორისტული სენსაცია

ვიდრე ოპოზიცია ჩემს წინადადებაზე დაფიქრდებოდეს და საკუთარი "შავი წიგნის", თუ "შავი სიის" შედეგნას დაიწყებდეს, მანდმე მივყვეთ მათ  ამ კვირაში ნამოქმედარს. ეკა ბესელიას გარდა, სხვებმა რითი გაგვახარეს? გაგვახარეს კი არა, უდიდესი სენსაცია გამოაცხვეს ლეიბორისტებმა: ისინი პირველად გასცდნენ თბილისს და საკუთარი პარტიის სათაო ოფისს, სადაც ყოველ დღე ბრიფინგებს აწყობენ და, თქვენ წარმოიდგინეთ, საპროტესტო აქცია ზესტაფონში გამართეს! რამ აიძულა ისინი ასეთი უპრეცედენტო ნაბიჯი გადაედგათ?! რამ და, -"ზესტაფონგაზმა". მის წარმომადგენლებს აბონენტებისგან მრიცხველების შემოწმების დროს ფული მოუთხოვიათ. ამ ფაქტს ისე განურისხებია მთავარი ლეიბორისტი, რომ ზესტაფონში თვით პაატა ჯიბლაძე მიუვლენია! ვისაც სუსტი გული აქვს, ურჩევნია აღარ მოიკითხოს "ზესტაფონგაზის" ხელმძღვანელობის ბედი.

მამულიშვილები

თუმცა, ან ბესელიას ინიციატივა, ან კიდევ ლეიბორისტების პროტესტი რა მოსატანია "ქრისტიან-დემოკრატების" საქციელთან. ეს პარტია ხომ ოდითგანვე ყველაზე მამულიშვილური ინიციატივებით და საქციელით გამოირჩეოდა. მაგალითად, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღეს, მათ ახლგაზრდულ მოძრაობას ექვთიმე თაყაიშვილის საფლავზე ასვლა ვერავინ დაასწრო. ორშაბათს კი, საკრებულოში გამოვიდნენ ინიციატივით -დაიდგას ალქესანდრე ყაზბეგის ძეგლი მისსავე სახელობის გამზირზე (უკვე კონკრეტული პროექტიც არსებულა). თუმცა, ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ისაა, თუ ვისგან მიიღეს პასუხი ამ ინიციატივაზე -ქრისტიან-დემოკრატებს ზურაბ გაჩეჩილაძემ, იგივე შონზომ უპასუხა (როდესაც ამას ამბობდა, შონზოს კომპეტენტური ადმიანის გამომეტყველება ქონდა): "იმ შემთხვევაში, თუ ძეგლი არ დაარღვევს ქალაქის იერსახეს, მასზე მუშაობა აუცილებლად დაიწყება".

გავიაროთ?

იმ დროს, როდესაც ბესელია "შავი სიის" შედგენას, ხოლო "ქრისტიან-დემორკატები" ყაზბეგის ძეგლის დადგმას ითხოვდნენ, ლეიბორისტები კი "ზესტაფონგაზს" მშვიდ ცხოვრებას ურღვევდნენ, რას აკეთებდა ხელისუფლება? აი, რას იტყობინებოდა სააგენტო "ინტერპრესნიუსი": "მთავრობის კანცელარიაში, ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძის თავმჯდომარეობით, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა გაიმართა." მგონი, უკომენტაროდ უნდა გავიაროთ, რას იტყვით?

KvirisPalitra.Geკიდევ კარგი

კიდევ კარგი, გერმანიის ქალაქ ობერჰაუზენის საკრებულოში არ არის შონზო, კიდევ კარგი, თორემ ამ ქალაქს ერთი ახალი ძეგლი ხომ ვერ შეემატებოდა? სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ქალაქ ობერჰაუზენში რვაფეხა პაულის მემორიალური კომპლექსი გაიხსნება! შეაგხსენებთ: ეს ის რვაფეხაა, რომელმაც ფეხბურთის ჩემპიონატის დროს რვა მატჩის შედეგი გამოიცნო. "ფრანს პრესის" ინფორმაციით, სამახსოვრო კომპლექსი იმ შენობაში გაიხსნება, სადაც პაულის აკვარიუმი მდებარეობდა. მემორიალზე 1,8 მეტრის სიმაღლის რვაფეხას ძეგლს განათავსებენ. პაული ფეხბურთის ბურთზე იქნება შემომჯდარი და მის გვერდით წინასწარმეტყველის ფერფლიანი ურნა გათავსდება. ნეტა, ეს ურნა შავი ხომ არ იქნება?

ძალიან მრცხვენია

ოთხშაბათს ნათლისღება იყო. ეს დღე, წესით, საქართველოში ყველასთვის დღესასწაული უნდა ყოფილიყო. თუმცა, როგორც გაირკვა, ყველაში დევნილები არ შედიან.  ბაგებში, სტუდქალქში ჩასახლებულ დევნლებს, სწორედ ნათლისღებას მიაკითხეს და გააფრთხილეს, რომ თუ საკუთარი ნებით არ დატოვებდნენ შენობას, მეორე დღეს ძალით გამოასახლებდნენ.

ხუთშაბათს თბილისში პირველი თოვლი მოვიდა. დევნილებს პოლიცამ დილის შვიდ საათზე მიაკითხა... რა თქმა უნდა, არა პირველი თოვლის მისალოცად.

თუ თქვენ გსურთ, ნახოთ რა ხდებოდა დღეს დილით ბაგებში, უნდა ნახოთ ვიდეო პალიტრატვ.გე-ზე, ან უყუროთ "მაესტროს" და "კავკასიას". სხვა არხებზე ამის შესახებ ვერაფერს შეიტყობთ.

გუშინ, როდესაც პოლიცია დევნილებს გამოსახლების შესახებ აფრთხილებდა, "რუსთავი 2" საქართველოს მოსახლეობას ინფლაციისგან შეჭირვებული ინგლისელი პენსიონერების ბედზე მოუთხრობდა. "რუსთავი 2"-მა შეშფოთებით გვაუწყა, რომ ინფლაციამ ინგლისელები ძალიან შეაწუხა, თურმე ლონდონში მგზავრობა გაძვირდა. რამდენიმე ინგლისელი პენსიონერიც აჩვენეს, რომლებიც სიძვირეს უჩიოდნენ. ერთმა შემოგვჩივლა, -მე და ჩემი მეუღლე ყოველ წელიწადს სამოგზაუროდ დავდიოდით და წელს ინფლაციის გამო, ალბათ, ვეღარსად წავალთო.

ზოგჯერ მრცხვენია, ჟურნალსიტი რომ ვარ. ძალიან მრცხვენია, როდესაც ვუყურებ რას აკეთებენ ჩემი კოლეგები ე. წ. ნაციონალური არხებიდან.

KvirisPalitra.Geდაბოლოს -ვირთხები

დღევანდელი მიმოხილვის ვირთხებით დამთავრება სულ არ მინოდა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ასეთი ინფორმაციის ხელიდან გაშვება ყოვლად წარმოუდგენელი იქნებოდა. ბრიტანული მედია დაუნინგ-სტრიტის ახალი მკვიდრის შესახებ წერს: "საკმაოდ მოზრდილი ვირთხა პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის კარის წინ ტელეკამერამ დააფიქსირა... ადგილობრივები ამბობენ, რომ დაუნინგ-სტრიტზე ვირთხები ბოლო პერიოდში მომრავლდნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ლეგენდარული კატა ჰემი, მეტსახელად "თაგვების მეთაური" პენსიაზე გაუშვეს. ის პირნათლად ემსახურებოდა დიდი ბრიტანეთის სამ პრემიერ-მინისტრს: მარგარეტ ტეტჩერს, ჯონ მეიჯორს და ტონი ბლერს."

იცით, ინგლისური სამთავრობო შენობების ვირთხებს ქართული სამთავრობო შენობებეის ვირთხებსიგან რა განსხვავებს? ინგლისელი ვირთხები ოთხფეხები არიან! კიდევ ის, რომ ჩვენთან კატა ჰემი ჯერ საერთოდ არ გამოჩენილა.

(სპეციალურად საიტისთვის)