"შავაძე ხელისუფლებამ მოკლა და როგორ ფიქრობთ, მკვლელი საქმეს გამოიძიებს?" - კვირის პალიტრა

"შავაძე ხელისუფლებამ მოკლა და როგორ ფიქრობთ, მკვლელი საქმეს გამოიძიებს?"

სოზარ სუბარი: "არც ისე ცუდად მიმუშავია, პეტრე ცისკარიშვილის ქება დამემსახურებინა და არც ისე კარგად, რომ ყველა, ვინც სახალხო დამცველთან მოსულა, კმაყოფილი წასულიყო"

გიორგი ტუღუში:  "სიმართლე თუარ ვუთხარი, აბა, რაღა სახალხო დამცველი ვიქნები?"

ჩვენს ჩაბნელებულ სამართლებრივ სივრცეში ერთადერთი ნათელი წერტილი, შეიძლება ითქვას, სახალხო დამცველის ოფისი იყო. სახალხო დამცველის პრესცენტრში საგანგებოდ გადიდებული "კვირის პალიტრის" მიერ შედგენილი რეიტინგია გამოკრული, სადაც სახალხო დამცველის ინსტიტუტი ნდობის ხარისხით მეორე ადგილზეა. პირველს საქართველოს საპატრიარქო იკავებს.

ხუთ წელიწადში მოსახლეობის ნდობის მოპოვება მართლაც დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს. იმედი გვაქვს, ახალი ომბუდსმენი გააგრძელებს იმ ტრადიციას, რაც ამ ინსტიტუტმა მძიმე შრომით მოიპოვა.

სოზარ სუბარი: - ვადის ამოწურვამდე მცირე დრო დარჩა. არასამთავრობო სექტორიდან და პოლიტიკოსებისგანაც რამდენიმე წინადადება მაქვს. ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ მიმიღია. გული მაინც უფლებების დაცვის საქმისკენ მიმიწევს. ვნახოთ, თუ ვითარებამ მოიტანა, არც პოლიტიკას  გამოვრიცხავ.

- თქვენი აზრით, რატომ შეაჩერა უმრავლესობამ არჩევანი სწორედ გიორგი ტუღუშზე?

- არ ვიცი, თუმცა მას აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, არის ევროპის პატიმართა წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრი, რაც ასევე ძალზე დიდი პლუსია.

- ახალმა სახალხო დამცველმა უკვე მოასწრო თქვენი გაკრიტიკება, თქვა, რომ თქვენი გამოსვლები აგრესიული იყო...

- შესაძლოა, მისი დანიშვნაც ჩემს კრიტიკაზე იყო დამოკიდებული. იდეალური ომბუდსმენი საქართველოში კი არა, მსოფლიოში არ არსებობს. არც ისე ცუდად მიმუშავია, პეტრე ცისკარიშვილის ქება დამემსახურებინა და არც ისე კარგად, რომ ყველა, ვინც სახალხო დამცველთან მოსულა, კმაყოფილი წასულიყო. როდესაც ქვეყანაში მოქალაქეებს პოლიტიკური ნიშნით დევნიან, შეუძლებელია ამას შეფასება არ მისცეს სახალხო დამცველმა. ეს გიორგისაც ვუთხარი. რაც უნდა კარგად იმუშაოს ომბუდსმენმა, საკმარისია ერთი სფერო უყურადღებოდ დატოვოს,  რომ ეს უკვე დიდი წარუმატებლობა იქნება, განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, სადაც ხალხი პოლიტიკური მოსაზრებების გამო იდევნება. სახალხო დამცველს, რომელიც ნახავს,  რა სასტიკად არის ნაცემი ამირან ბიწაძე, არა აქვს დუმილისა და ზედაპირული განცხადებების გაკეთების უფლება. როგორ ფიქრობთ, საკმარისი იქნება, ვთქვა, ო, რა მხეცურად მოიქცა ვიღაც ცუდი ადამიანი, მოვითხოვ ეს ფაქტი სასწრაფოდ გამოიძიოს პროკურატურამ-მეთქი? მე ხომ ვიცი, რომ ამ საქმეს არავინ გამოიძიებს? ისევე როგორც შარშან ვიცოდი, რომ როინ შავაძის მკვლელობის საქმე გაუხსნელი დარჩებოდა. როინ შავაძის მკვლელობიდან ერთი წელია გასული და საქმეს ისევ იძიებენ! შავაძე ხელისუფლებამ მოკლა და როგორ ფიქრობთ, მკვლელი  საქმეს გამოიძიებს? როდესაც 21 მაისის არჩევნების შემდეგ ნიღბიანმა პირებმა 20-ზე მეტ კაცს სცემეს, შეუძლებელია სახალხო დამცველმა ამას არ დაარქვას სახელი, ეს სახელი კი ერთია - პოლიტიკური დევნა! თუ ასეთი დანაშაულების მხილებას სახალხო დამცველი მოერიდება, ის ვერ შეძლებს თავისი უმთავრესი ამოცანის შესრულებას.

- რა აზრი აქვს შეფასებას, თუკი ხელისუფლებას ამაზე რეაქცია არ ექნება?

- სწორი დიაგნოზის დასმა ყოველთვის აუცილებელია, თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა იცი, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.

- თქვენ რომელი შემთხვევის მერე მიხვდით, რომ ურეაქციოდ არაფერი უნდა დაგეტოვებინათ?

- იყო საკითხები, როცა რაღაცის მოგვარებას კულუარებში ვცდილობდი, მოლაპარაკებას ვმართავდი და ხმაურიან პრესკონფერენციებს არ ვაწყობდი. თუმცა ჩემი პირველივე მოხსენება ისეთივე კრიტიკული იყო, როგორიც მეშვიდე ან მერვე. შეიცვალა საკითხის განზოგადების ფორმა. თუკი პირველ და მეორე წელს არ ვამბობდი, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა პოლიტიკად იქცა, მესამე და მეოთხე წელს ამაში ეჭვი აღარ მეპარებოდა. ცხადია, ამის გაკეთება რევოლუციის პირველ წელს ძალზე რთული იყო, რადგან ყველანი ველოდით, რომ ეს რევოლუციური ეტაპი ჩაივლიდა და ქვეყანაში სამართალი პურს შეჭამდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მე გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვიყავი, ვიდრე დღეს გიორგი ტუღუშია. მაშინ ერთგვარი დრო და მოლოდინი მქონდა, რომ მალე ეს ყველაფერი დასრულდებოდა. მქონდა საშუალება ჩამოვყალიბებულიყავი, სახალხო დამცველის ოფისიც რაღაც უღიმღამო დაწესებულება იყო, რომელსაც დიდ მოთხოვნებს არავინ უყენებდა. გიორგის დრო აღარ აქვს.

გიორგის ძალიან მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ჩემს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როცა არანაირი მტკიცებულება არ მქონდა რწმენის გარდა, მაგრამ სათქმელს მაინც ვამბობდი. ზოგჯერ რწმენა გაცილებით ძლიერია, ვიდრე იურიდიული კაზუისტიკა. მართალია, ზოგჯერ ჩემი შეფასებები აბსოლუტურად არაიურიდიულ ხასიათს ატარებდა, სამაგიეროდ იყო სიმართლე.

- მაგალითად?

- 7 ნოემბერს ვთქვი, დღეს საქართველოს მოქალაქეებს თავზე გადაგვახიეს კონსტიტუცია-მეთქი. მართალია, ამის თქმა არ იყო ომბუდსმენის მოვალეობა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს იყო ადეკვატური შეფასება. ვაღიარებ, მძიმე მემკვიდრეობას ვუტოვებ გიორგი ტუღუშს, მაგრამ მან ტრადიცია უნდა გააგრძელოს.

- თუ საიდუმლო არ არის, ვის გულშემატკივრობდით სახალხო დამცველის პოსტზე?

- ამის თქმა უხერხული იქნება, თუმცა ბატონი დიმიტრის განცხადება ჩემთვის მოულოდნელი იყო. ნამდვილად არ ველოდი, თუ სახალხო დამცველობის კანდიდატი ჰომოსექსუალების ციხეში ჩასმას მოითხოვდა ან იტყოდა, სჯულის კანონი კანონმდებლობაზე მაღლა უნდა დადგესო. თავად მორწმუნე ვარ, რვა წელი ეკლესიის მსახური ვიყავი, სასულიერო განათლებაც მიღებული მაქვს და დიდი სჯულის კანონი ჩემთვის ძვირფასია, მაგრამ დიდი სჯულის კანონი და საერო კანონი დიდად აცდენილი რამ არის. კონსტიტუციას დიდი სჯულის კანონი ნამდვილად ვერ დაარეგულირებს.

"კვირის პალიტრა" ბატონ გიორგი ტუღუშს ესაუბრა:

- ბატონო გიორგი, თქვენ უკვე მოასწარით ყოფილი სახალხო დამცველის გაკრიტიკება, განაცხადეთ, რომ მისი გამოსვლები ხანდახან აგრესიული იყო და მოხსენებებსაც გრძელ-გრძელს წერდა.

- ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც ცუდი ვთქვი. არსებობს მუშაობის სხვადასხვა სტილი.

- აგრესიულობად რას მიიჩნევთ?

- ცოტა სხვა ხედვა მაქვს სახალხო დამცველის მუშაობაზე. სახალხო დამცველის განცხადებები, ძირითადად, უნდა  ემყარებოდეს სამართლებრივ ანალიზსა და კანონებს, ეს არის ჩემი ხედვა, რომელსაც აუცილებლად დავიცავ.

- მწარე რეალობის იურიდიულ კაზუისტიკაზე გაცვლას ხომ არ აპირებთ?

- ყველანაირი შემთხვევა არსებობს, მაგრამ ყოველთვის არის იმის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი შემთხვევა კანონის ჭრილში განიხილო. სახალხო დამცველის ფუნქციაც სწორედ ეგ არის. ვაპირებ  დევნილების, ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებების დაცვას. გავაძლიერებ  მონიტორინგს ციხეებში,  ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში.

- როგორ მოახერხეთ უმრავლესობის გულის მოგება, უფრო ზუსტად კი, ვინ გაგიწიათ რეკომენდაცია ამ პოსტზე?

- ვინ გამიწია რეკომენდაცია, ნამდვილად არ ვიცი(?!).

- საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლებას მოურიდებლად ეტყვით სიმართლეს?

- სიმართლე თუ არ ვუთხარი, აბა, რაღა სახალხო დამცველი ვიქნები? დაპირისპირება მაინცდამაინც ქვების სროლას არ ნიშნავს.  თუ გასაკრიტიკებელია ხელისუფლება, სახალხო დამცველმა აუცილებლად უნდა გააკრიტიკოს, მაგრამ მხოლოდ კანონზე დაყრდნობით.

პ. ს. გიორგი ტუღუში ფართო საზოგადოებრიობისთვის ცნობილი ფიგურა არ არის და ამიტომ, ბუნებრივია,  გაჩნდა კითხვა, რატომ ლობირებდა მას ხელისუფლება? როგორც ამბობენ, ტუღუში გიგა ბოკერიას მოწონებული კადრია (არსებობს ვერსია, რომ ტუღუშის კანდიდატურას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ლევან რამიშვილი) და აქედან გამომდინარე, უმრავლესობის "სიმპათიაც" გასაგებია. თავის დროზე სოზარ სუბარიც გიგა ბოკერიას მოწონებული და ლობირებული კადრი გახლდათ.