მამუკა ხაზარაძე: "მე ამ გეგმას დავარქვი მარტივი ბუღალტერია" - კვირის პალიტრა

მამუკა ხაზარაძე: "მე ამ გეგმას დავარქვი მარტივი ბუღალტერია"

"უბრალოდ ციფრებს აბრახუნებენ, გაჭირვებულ ხალხს რაღაც ლუკმებს უგდებენ და პიარს იკეთებენ, და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ჩვენს ხარჯზე - ის მილიარდ-ნახევარი ისევ ჩვენი გასასტუმრებელია"

"არაადეკვატური და არსებულ გამოწვევებთან შეუსაბამო", - ასე შეაფასა ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ინიციატივები წარუდგინა საზოგადოებას. პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანა კრიზისული მენეჯმენტისთვის 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს. ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის დახმარებაა გათვალისწინებული, მათ შორის მთავრობა ოფიციალურად დასაქმებულებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში 1.200 ლარით, ანუ თვეში 200 ლარით დაეხმარება, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს კი, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, ერთჯერადად 300 ლარს ჩაურიცხავენ. გარდა ამისა, სახელმწიფო 600 ლარს გადაუხდის მრავალშვილიან და იმ ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა. 600-ლარიანი დახმარებით ისარგებლებენ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, რომლებიც დახმარებას 6 თვის განმავლობაში მიიღებენ. ანტიკრიზისული გეგმის დადებით და უარყოფით მხარეებზე უფრო დეტალურად "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე გვესაუბრება:

- მთავრობის გეგმაში ანტიკრიზისული ვერაფერი დავინახე. ეს ბუღალტერიას, თანხის უსამართლო გადანაწილებასა და სხვადასხვა სოციალური პაკეტის ჩამონათვალს უფრო ჰგავდა. ამიტომაც დავარქვი მარტივი ბუღალტერია. ძალიან სერიოზული კომპონენტები აკლია.

ჯერ ერთი, როდესაც ხელისუფლება გვეუბნება, რომ მილიარდ-ნახევარი დოლარი შემოვა ქვეყნის ბიუჯეტში, თან ისიც უნდა გვითხრას, რომ ეს ვალია. გახარიამ ათი დღის წინ გვითხრა, ბიუჯეტში 2 მილიარდი ლარი მოვიძიეთო. ხომ უნდა თქვა, რა წარმოშობის არის ეს ფული? რის საფასურად აბალანსებ არსებულ პრობლემას?! ჩვენი გათვლებით, ბიუჯეტში 2 მილიარდი ლარი არ იყო.

ამასთან, როდესაც ხელისუფალი გვეუბნება, რომ მილიარდ-ნახევარი დოლარი ბიზნესის დასახმარებლად შემოვა, უკვე ცხადია, რომ ჰაერზე ლაპარაკობს. რატომ? იმიტომ, რომ თუ საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ ბანკებისთვის მიცემულ ფულს გულისხმობენ, ეს აქამდეც ასე ხდებოდა. ეს ორგანიზაციები ბანკებს ფულს ყოველთვის აძლევდნენ, ფულის პრობლემა არც დღეს აქვთ ბანკებს. თუ სხვა რაიმე ბიზნესს გულისხმობდნენ, არავინ დაიჯეროს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტი საქართველოში რომელიმე დაუხვეწავ, შემოსავლების უქონელ ბიზნესს ფულს მისცემს, ეს გამორიცხულია. შარშან, როდესაც არც პანდემია იყო და არც არაფერი, 34%-ზე იყო დავარდნილი უცხოური ინვესტიცია... ახლა რაც შეეხება თანხის უსამართლო გადანაწილებას. როდესაც ხელისუფლება ანტიკრიზისულ გეგმაზე ლაპარაკობს, იგულისხმება, რომ ეკონომიკა უნდა აამუშაოს.

ვერ მოვისმინე პრემიერისგან, რა ღონისძიების გატარებას გეგმავს ისეთს, რომელიც აამუშავებს ეკონომიკას და დაასაქმებს მოქალაქეებს. პრემიერის პროგრამაში ძალიან ბევრი უზუსტობაა. მაგალითად, ხელისუფლება აცხადებს, რომ 300 მილიონი ლარის საგარანტიო ფონდის მეშვეობით 2 მილიარდი ლარის სასესხო პორტფელის შექმნას აპირებს, თან სახელმწიფო უზრუნველყოფს გაცემული სესხების 90%-ის გარანტირებას. არანაირად არ გამოდის. 300 მილიონი ლარი არასაკმარისია ამგვარი საგარანტიო ფონდისთვის.

ჩვენს მოდელში ამ ყველაფერს შიდა რესურსებით ვაკეთებდით. ვამბობდით, რომ 6-მილიარდიან პაკეტში 3 მილიარდი მთავრობის მიერ გამოყოფილი საგარანტიო ინსტრუმენტი უნდა ყოფილიყო, რომელიც ბანკების საშუალებით მიეცემოდა ყველა იმ ბიზნესს, რომელთაც დასჭირდებოდათ ახალი ფული. დღეს ქართულ ეკონომიკას ახალი ფული სჭირდება, რათა სწრაფად დაიწყოს მუშაობა.

ახალი ფული უნდა მიეცათ იმ კომპანიებისთვის, რომლებიც თანამშრომლების 80%-ს შეინარჩუნებდნენ. მე გახარიას ანტიკრიზისულ გეგმაში ვერ მოვისმინე ვერაფერი, რაც ქმედითად აამუშავებს ეკონომიკას.

- უმუშევრად დარჩენილი ოჯახების დასახმარებლად გამოყოფილი თანხები რამდენად სამართლიანად არის გადანაწილებული? - გვეუბნებიან, რომ ორ კვირაში ერთხელ სხვადასხვა ბიზნესი თანამიმდევრულად გაიხსნება. თუ ასე მოხდება, ორ თვეში ყველა ბიზნესი გაიხსნება და ეკონომიკაც ამუშავდება. მაშინ რა საჭიროა 6 თვის განმავლობაში 200-200 ლარის გადახდა. ჩვენი მოდელით, მილიონი ადამიანის დაფინანსებას ვახერხებდით 1000 ლარით სამი თვის განმავლობაში. ამას ექნებოდა ეფექტი. რჩება შთაბეჭდილება, რომ სურთ პანდემიისგან შექმნილი ვითარება პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებს მიაბან. 6 თვე საეჭვოდ გადანაწილდა არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდზე. ესე იგი "ქართულ ოცნებას" უნდა 200 ლარით არჩევნებამდე შეიქციოს ხალხი. იმას არაფრად დაგიდევთ, 200 ლარი ძალიან მალე იმ მსყიდველობით უნარსაც რომ დაკარგავს, რაც დღეს აქვს.

- ჩვენ ასევე გვითხრეს, რომ 6 თვის განმავლობაში 1.500 ლარამდე ხელფასის მქონე მოქალაქეებს ხელფასის, სულ მცირე, 750 ლარის ნაწილზე საშემოსავლო გადასახადი არ დაერიცხებათ. ეს კომპანიებს რამდენად უმსუბუქებს საგადასახადო ტვირთს? - საშემოსავლოს გადაუხდელობაა 750 ლარზე კომპანიას ძალზე უმნიშვნელო შეღავათს აძლევს. თუ სახელმწიფოს ეს ინვესტიცია 250 მილიონი ლარი უჯდება, ჯობია ეს თანხა ისევ ბიზნესს მისცეს საბრუნავ კაპიტალად. ის გადაიხდის საშემოსავლოს, შეამცირებს თანამშრომლებს 20%-ით, სამაგიეროდ, 80%-ს გარანტირებულად შეინარჩუნებს. ასე რომ, მე ვერც ამ გადაწყვეტილებაში ვხედავ რაიმე ეფექტს. როგორც უკვე გითხარით, ეს არის სოციალური დახმარების პაკეტი, ჩვენი, გადასახადების გადამხდელების, ფულის უყაირათოდ ხარჯვა. ეფექტი იქნებოდა მაშინ, თუ კაცს სამი თვის განმავლობაში ისეთ თანხას მისცემდი, რომ ოჯახის გამოკვების შიში არ ექნებოდა. თუ, რა თქმა უნდა, არ იტყუები და ეკონომიკას მართლა სამ თვეში ხსნი.

ამათ არც პოსტკრიზისული პერიოდის გეგმა და ხედვა არა აქვთ. ასე რომ არ იყოს, დღესვე გაკეთებდნენ განცხადებას. ის შესაძლებლობა, რომელსაც ჩინეთში გახსნილი ფანჯარა იძლევა, დღესვე უნდა გამოიყენო, სანამ გვიან არ არის.

- ჩინეთიდან ევროპული და ამერიკული საწარმოების გადატანას გულისხმობთ? - იაპონიამ, შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, სამხრეთ კორეამ განაცხადეს, რომ თავად დააფინანსებენ მათი კომპანიების სხვა ქვეყნებში გადატანას. ჩვენ 6 თვე არავინ დაგველოდება.

- მმართველმა გუნდმა უკვე განაცხადა, რომ საქართველო მზად არის საერთაშორისო კომპანიებსა და ბიზნესებს საქმიანობისთვის აქაური ბაზარი ალტერნატიულ პლატფორმად შესთავაზოს. - 8 წელია ამბობენ, რომ მზად არიან, მაგრამ ქვეყანაში ინვესტიცია არ შემოდის. რატომ გვგონია, რომ ჩვენ წარმატებულ მთავრობასთან გვაქვს საქმე. "ქართული ოცნება" საერთოდ ვერ ახერხებს ინვესტიციების მოზიდვას. ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად მძიმედ არის საქმე, 54%-ით შემცირდა ინვესტიციების შემოსვლა. ახლა ამას ისიც დაემატება, რომ ემიგრანტები ფულს ვეღარ გადმორიცხავენ თავიანთ ოჯახებში. მათი გადმორიცხული თანხა მილიარდს აჭარბებდა. ტურისტი ვეღარ ჩამოვა ქვეყანაში, სულ ცოტა, ერთი წლის განმავლობაში. ასე რომ, ამათ ხელში ძალიან მძიმე დღეში აღმოვჩნდებით.

თუ გახსოვთ, ჩვენს 6 პაკეტში სოფლის მეურნეობის დახმარებაც გვქონდა გათვალისწინებული. ვამბობდით, რომ თუ სადმე რამე დასახნავი და დასამუშავებელი იყო, ყველაფრისთვის მიგვეხედა, სოფელს თესლით, სასუქითა და ტექნიკით დავხმარებოდით.

ამათ კი ავტომობილებით მიმოსვლა შეზღუდეს და გლეხი მინდორში ვეღარ გადის. 50 მილიონი ლარი გამოყვეს სოფლის მეურნეობის დასახმარებლად და თქვეს, სამი წლის განმავლობაში მიწებს აღვრიცხავთო. ეს რა მასხრობაა?! რომელიც აღრიცხულია და რომელსაც პატრონი ჰყავს, იმას მაინც მიხედე, დაეხმარე. ხელისუფლებამ ახლა, მერვე წლისთავზე აღმოაჩინა, რომ მიწები აღრიცხული არ არის? ვერ ხვდება, რომ გლეხებს ათას დაბრკოლებას უქმნის გადაადგილებასა და ნაკვეთების დამუშავებაში?

იცით, ეს ყველაფერი რას ნიშნავს? - ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი, სასურსათო უსაფრთხოება, ყველაზე ბოლო პრიორიტეტად დაასახელეს. ეს ძალიან მძიმე მოსასმენია. ყველა ქვეყანამ დაიწყო უკვე იმპორტის მიმართ პროტექციონისტული მიდგომა და აკრძალა სასურსათო პროდუქტების ექსპორტი.Y ამ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ? 50 მილიონ ლარზე მეტს ვერ გამოვყოფთ იმისთვის, რომ მოსახლეობას სურსათით უზრუნველყოფის საშუალება მივცეთ. ამ ყველაფერს რომ გავაანალიზებთ, მივხვდებით, ხელისუფლებას არა აქვს ანტიკრიზისული გეგმა. უბრალოდ ციფრებს აბრახუნებენ, გაჭირვებულ ხალხს რაღაც ლუკმებს უგდებენ და პიარს იკეთებენ, და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ჩვენს ხარჯზე - ის მილიარდ-ნახევარი ისევ ჩვენი გასასტუმრებელია. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ "ოცნებამ" 9-მილიარდიანი სახელმწიფო ვალი 22 მილიარდამდე გაზარდა. ახლა ამ 22 მილიარდს 5 მილიარდი დაემატება და გვექნება 27 მილიარდი. რატომ არ გვეუბნებიან, როგორ აპირებენ ამ ვალის გასტუმრებას, ეკონომიკის განვითარებას, რა ტიპის ინვესტიციების შემოიტანენ? რა ტიპის ბიზნესებს შეუწყობენ ხელს? სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხები არა აქვთ.

- ფიქრობთ, რომ შესაძლოა როგორც სოციალურ, ისე პოლიტიკურ კრიზისში აღმოვჩნდეთ? - ძალიან მძიმე წლები გველის. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ. კრიზისი ყველას შეგვეხება. ახლა ყველა ერთ ნავში ვსხედვართ. მე ამ ხელისუფლების ასეთი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ. მართლა ძალიან მინდა ამ გამოწვევას გავუძლოთ, რადგან ყველაფრის თავიდან შეკოწიწება უბრალოდ შეუძლებელია. ამიტომ ყველაფრის მიუხედავად, დღესაც მზად ვართ დავსხდეთ მთავრობასთან, ოპოზიციურ ძალებთან ერთად და გავუზიაროთ ჩვენი ხედვა, ერთობლივად ვიმსჯელოთ კრიზისიდან გამოსვლის გზაზე, რადგან არჩევნებსაც და გამარჯვებასაც მაშინ აქვს ფასი, როცა რთულ სიტუაციაში ხალხს გამოსავალს შესთავაზებ და ქვეყანას პერსპექტივას შეუნარჩუნებ.

ხათუნა ბახტურიძე