აქცია წითელ ზონაში
აქცია წითელ ზონაში
აგილ მუსტაფაევი, "ნაციონალური მოძრაობის"წევრი: "მესმის, რა დროს კიტრია, რო­დესაც­ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამიტომაც მოვუწოდეთ ხალხს­ დროებით შეიკავოს თავი. არავინ დაგვაბრალოს აქციის ორგანიზება და მით უფრო დაგეგმვა"

გასულ კვირას მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც თვეზე მეტია, კორონავირუსის გამო საკარანტინო რეჟიმია, მოსახლეობამ აქცია გამართა. ფერმერები და გლეხები აპროტესტებდნენ, რომ შეზღუდვების გაგრძელება აზარალებთ, რადგან მოსავლის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. მოსახლეობის ნაწილის თქმით, ამ სახიფათო­ ვითარებაში ხალხის ემოციურობით ისარგებლეს ოპოზიციური პარტიის წევრებმა და მკაცრი კარანტინის დროს
ხალხმრავალი­ აქცია გამართეს.

"მშრომელი ხალხი გარეთ­ არ გამოვდივართ, რომ ვირუსი არ გავრცელდეს, იქ კი უამრავი ადამიანი მიიყვანეს"


"კვირის პალიტრასთან" საუბრისას ადგილობრივი მკვიდრი აჰმედ ისმაილოვი ამბობს,­ რომ მან ახლობლებისგან შეიტყო, რომ 22 აპრილიდან ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნებოდა და საადრეო კიტრი დაკრიფა...­ თუმცა შემდეგ აკრძალვები­ გაგრძელდა, მოსავალი კი
დაკრეფილი ჰქონდა.­
- ეს რომ გავიგე, მეც სხვებივით გავბრაზ­დი, მაგრამ აქციაზე არ წავსულვარ.­ მით­ხრეს, წამოდი, ხელისუფლებას ჩვენი ხმა ასე უნდა გავაგონოთ, თორემ არაფერს მოგვცემსო, მაგრამ მე მოხუცი დედ-მამა და სამი შვილი მყავს, მეუღლეც ავადმყოფია­ და შემეშინდა. ძმისშვილმა მითხრა, არ წახვიდე, იქ დისტანცია არ იქნება დაცულიო.­ მერე ვნახე ტელევიზორში, რამდენი კაცი იყო შეკრებილი, ვიდრე პირბადეები და ხელთათმანები არ დაურიგეს, ერთმანეთთან ახლოს იდგნენ. ჩვენ, მშრომელი ხალხი, გარეთ­ არ გამოვდივართ, კანონს ვემორჩილებით, რომ ვირუსი უფრო არ გავრცელდეს, იქ კი ერთდროულად უამრავი ადამიანი მიიყვანეს. რამე რომ მოხდეს, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას?! არადა, რამდენ ხანს უნდა ვიყოთ ასე უდანაშაულო ადამიანები. მე პოლიტიკა სულ არ მაინტერესებს, შრომის პირობები მინდა, რომ სახლი გავმართო, შვილები ფეხზე დავაყენო, ცოლს ვუმკურნალო... მენანება ჩემი ნაშრომი, თუმცა­ რა დროს კიტრია, როცა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

- ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას არ შეგპირდათ?
- შეგვპირდა. მართალია, წინა წლებთან­ შედარებით დაბალი ფასია, მაგრამ რას ვიზამთ, სულ გადასაყრელი რომ არ გამიხდა,­ ამისთვისაც მადლობა.

"ერთი მონოპოლისტი კომპანია შემოვიდა და დაიწყო პროდუქტის ჩაბარება, რამაც ხალხი აღაშფოთა"


აგილ მუსტაფაევი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:
- ყველაფერი ერთი თვის წინ დაიწყო. 23 მარტიდან მარნეული­ კარანტინის გამო ჩაიკეტა და არაერთი პრობლემა გაჩნდა. ამის გამოძახილი იყო 22 აპრილის აქცია. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებებს რამე ეღონათ, რათა გლეხებსა და ფერმერებს როგორმე მოსავალი გაეყიდათ. მე თავად ვუთხარი, დავითვალოთ, რომელ სოფელში რამდენი ტონა მოსავალი იქნება, რასაც შემდეგშიც გამოვიყენებთ-მეთქი, თუმცა ყური არავინ დამიგდო. ამას მოჰყვა ის, რომ მოსახლეობა­ ქუჩაში გამოვიდა. ხალხმა დაინახა, რომ ხელისუფლებას­ შერჩევითი მიდგომა აქვს. ერთი მონოპოლისტი კომპანია შემოვიდა და დაიწყო პროდუქტის ჩაბარება, რამაც ხალხი აღაშფოთა და აქციაც დაიწყო.

- რომლის ორგანიზებასაც ოპოზიციას აბრალებენ.
- არა, ჩვენ ნამდვილად არ მიგვიძღვის­ ამაში წვლილი. მეც და იმამყულიევმაც­ ტელე­ვიზიიდან გავიგეთ ამის შესახებ. ეტყობა, რამდენიმე სოფელში ერთდროულად­ დაიწყო პროტესტი. შესაძლოა ტელეფონით ან სოციალური ქსელებით დაუკავშირდნენ ერთმანეთს. აქციის შემდეგ შემოსული კომპანიის შემოთავაზებული ფასი ძალიან დაბალია. ხელისუფლების შემოყვანილი კომპანია ერთ-ერთ სოფელში 4 ტონა კიტრის შესყიდვას აპირებს, მაშინ, როდესაც მხოლოდ იმ სოფელში 30 ტონა კიტრი აქვთ მოყვანილი. 70% მეპატრონეს რჩება... არავინ იცის ხვალ-ზეგ რა იქნება, რადგან უამრავ ადამიანს პროდუქტი უნადგურდება. ამის შემდეგ რამდენიმე სოფელშიც ჩაკეტეს გზა. იმ კომპანიის მანქანების შემოსვლას ადგილობრივ ხელისუფლებასა­ და მოსახლეობას­ შორის დაპირისპირება მოჰყვა,­ რადგან მისა­ღები პირობები არ შესთავაზეს.

- ყველა ზარალობს, მსოფლიოში პანდემიაა.
- დიახ, მესმის, რა დროს კიტრია, რო­დესაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამიტომაც მოვუწოდეთ ხალხს­ დროებით შეიკავოს თავი. არავინ დაგვაბრალოს აქციის ორგანიზება და მით უფრო დაგეგმვა. ჩვენ შეკრებიდან რამდენიმე­ საათის შემდეგ მივედით და ხალხს­ ვთხოვეთ დაშლა, ვუთხარით, რომ დროებით გადავდოთ პროტესტი.

"ნაცმოძრაობას" არ ადარდებს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, ამის დასტურია "მიშა,  მიშას" ძახილი..."


თამაზ ნავერიანი, "ქართული ოცნების"­ წევრი: - საბედნიეროდ, შევძელით და მართული ვითარება, რომლის უკანაც ოპოზიცია იდგა, ჩაცხრა. ყველაფერი ასე დაიწყო - ჩვენ რიგრიგობით მივყვებოდით­ ყველა­ სოფელს მოსავლის ჩასაბარებლად. ამ დროს სხვადასხვა სოფელში­ შეცვივდნენ "ნაცმოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევ­რები და ატეხეს პანიკა, მეზობელ სოფლებში­ უკვე დაიწყო მოსავლის ჩაბარება და თუ ჩუმად იქნებით, მოსავალი დაგილპებათო. ადგილობრივ თვითმმართველობას გრაფიკი გვქონდა შედგენილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, საქმე უნდა გაეფუჭებინათ. სწორედ ეს ჰქონდათ მიზნად.

- "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი წევრის თქმით, მოსახლეობა უკმაყოფილოა მოსავლის ფასით.
- ფასში ჩვენ არ ვერევით, ეს მოსახ­ლეობისა და კომპანიის მორიგების საკითხია. როგორ დავუდგინოთ ერთს ან მეორეს, ამ ფასში აიღეთ ან ჩააბარეთ მოსავალიო... "ნაცმოძრაობას" სრულებით არ ადარდებს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, ამის დასტურია "მიშა, მიშას" ძახილი და ამის შემდეგ ამბობენ, არაფერ შუაში ვართო. სწორედ იმ სოფლებში ვაპირებდით შესვლას სხვადასხვა კომპანიასთან ერთად, მათ კი დაგვასწრეს და ბუნტი­ ატეხეს. არადა, განმარტებული გვქონდა, ადრინდელი პირობები არ გექნებათ, რადგან მსოფლიოში პანდემიაა და მხოლოდ იმას ჩააბარებთ, რასაც ადგილობრივად შეძლებთ-მეთქი. ლაპარაკია კომპანია "მაგნიტსა" და "ჯიბეზე", რომელთაც მოსავალი უნდა ჩაებარებინათ. საბედნიეროდ, "გუდვილმაც" გამოთქვა სურვილი. სწორედ ამ საუბრის დროს მობრძანდა "ევროპული საქართველოს" წევრი აჰმედ იმამყულიევი და ისევ შეეცადა ვითარების არევას. ფერმერებს ეუბნებოდა, ასეთ დაბალ­ ფასში რატომ აბარებთ მოსავალსო. ეს თავად მოვისმინე და პასუხიც გავეცი, რასაც ჩვენ შორის შელაპარაკება მოჰყვა. ეტყობა, მერე გაიაზრა, რომ აქციის ორგანიზების გამო ვერაფერს მოიგებდა, პირიქით, ამომრჩეველს დაკარგავდა და ყველაფერი უარყო. როგორც სჩვევია, არც ტყუილზე დაუხევია უკან. არადა, ამ უმძიმეს პერიოდში ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია მოსავლის რეალიზაცია, რათა ხალხს მოსავალი არ გაუნადგურდეს. ვირუსის გავრცელებამდე მარნეულის მუნიციპალიტეტი მთელ საქართველოს ამარაგებდა სოფლის მეურნეობის პროდუქტებით და დანარჩენი ექსპორტზე გაჰქონდა. თუმცა ახლა სხვა რეალობაში ვართ და ლოჯისტიკის ახალ სისტემაზე გადასვლა არ არის ადვილი. ეს ოპოზიციამ ჩვენზე კარგად იცის, მაგრამ მაინც ცდილობს ვითარების არევას. შანსი ხელიდან არ გაუშვეს და რეგიონში, სადაც ისედაც ძალიან მძიმე ვითარებაა ვირუსის გავრცელების გამო, აქცია გამართეს. ახლა ამ ხალხის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება სახელმწიფო დანაშაულია. საბედნიეროდ, როგორც კი მოვახერხეთ, მაშინვე დავურიგეთ ყველას პირბადეები და ხელთათმანები. იმედია, შიდა გავრცელების ახალი კერები არ გაჩნდება...

"სოცქსელებში წერენ, თუ მარნეულის აქციის შემდეგ ეპიდაფეთქება არ დაიწყო, გამოდის, ვირუსი არ არსებობსო"(?!)

მარნეულის მუნიციპალიტეტში გამართულ ხალხმრავალ აქციას სახიფათო ნიშანს უწოდებს უსაფრთხოების ექსპერტი­ ამირან­ სალუქვაძე, რომლის შეფასებითაც მავანნი ისეთი მოსაზრების დამკვიდ­რებას ცდილობენ, თითქოს ვირუსი არ არსებობს და ვიღაცას მოსახლეობის სახლში­ გამოკეტვა უნდა.

- ჩვენი საზოგადოების პრობლემა ის არის, რომ ის გარედან იღებს ინფორმაციას, თითქოს სინამდვილეში ვირუსი არ არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში­ რამდენიმე­ სოფლის მოსახლეობა ერთდროულად არ შეიკრიბებოდა. საგანგებო მდგომარეობის დროს ასეთი რამ სახელმწიფოებრიობას ურყევს საფუძვლებს. ამიტომაც ხელისუფლებამ გონივრულად და გაბედულად უნდა იმოქმედოს, რათა მოსახ­ლეობას დაანახოს, რომ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ბოლო დღეებია სოცქსელებში წერენ, თუ მარნეულის აქციის შემდეგ ეპიდაფეთქება არ დაიწყო, გამოდის, ვირუსი არ არსებობსო. ეს ძალიან სახიფათო მოსაზრებაა, ვიღაც ამას დაიჯერებს და უსაფრთხოების ნორმებს არ დაიცავს. არადა, ჩვენს ექიმებს დღე და ღამე გაერთიანებული აქვთ ვირუსის პრევენციისთვის. ვიღაცამ ეს ჩააწვეთა მოსახლეობას - აი, აქციაზე არაფერი მოხდა, რას ვსხედვართ­ სახლებში, გავიდეთ ყველანი ქუჩაში და ჩვეულებრივი ცხოვრება გავაგრძელოთო. ასეთი მიდგომით, თუ ახლა რამდენიმე ასეული გვყავს დაინფიცირებული, მალე რამდენიმე ათასეულს მივიღებთ.

- შესაძლებელია ამ ვითარებით გარ­კვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ისარგებლონ?­
- სავსებით, რადგან აქციები მხოლოდ მარნეულში არ გამართულა. უკვე ვუახლოვდებით არჩევნებს და ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის რიტორიკას თუ გადავხედავთ, ყველაფერი ცხადია. ერთადერთი, რაც ახლა აჩერებთ, ის არის, რომ არჩევნებამდე როგორმე სახე უნდა შეინარჩუნონ, რადგან დღეს ქვეყანა ეპიდემიას მართლაც ებრძვის. მაგრამ ისიც აწუხებთ, რომ ხელისუფლება წარმატებით ართმევს თავს ამ გამოწვევას, მოსახლეობაში განსაზღვრული დივიდენდებიც დააგროვა. ამ ვითარებაში კი ოპოზიციამ ძალზე მცდარი სტრატეგია აირჩია... ხელისუფლებას ოპოზიციაში სჭირდება პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსები, რომლებიც ნებისმიერი რეიტინგის დროსაც კი გაუწევენ მას კონკურენციას, ახლანდელი ოპოზიცია კი დეგრადაციის გზას ადგას. ამის მაგალითია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამოჩენა მარნეულის აქციაზე. არც ერთ მათგანს არ მოუწოდებია მოსახლეობისთვის, ახლა საგანგებო მდგომარეობაა, წადით სახლში და ჩვენ, ლიდერები ავიღეთ პასუხისმგებლობას, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ვაწარმოოთო. პირიქით, ტემპერატურის აწევას ცდილობდნენ...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები