როგორი იქნება "კორონაკრიზისის" შემდეგ მსოფლიო და საქართველო - კვირის პალიტრა

როგორი იქნება "კორონაკრიზისის" შემდეგ მსოფლიო და საქართველო

"თუ საქართველოს ვირუსამდელ ეკონომიკასა და ბიუჯეტს გავითვალისწინებთ, უნდა ითქვას, რომ ეს მაქსიმუმი იყო, რის შემოთავაზებაც ხელისუფლებას შეეძლო"

ბოლო დროს ხშირად ისმის, რომ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. ჯერჯერობით გაურკვეველია, როდემდე მოგვიწევს ამ რეჟიმით ცხოვრება და რა გავლენას მოახდენს პანდემია საქართველოზე, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ჩვეული ცხოვრების დაბრუნება ძნელი იქნება. რა შეიცვლება მსოფლიოში პანდემიის შემდეგ? რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და თანამიმდევრულია თუ არა ხელისუფლების ნაბიჯები? ამ და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.

- როგორი იქნება მსოფლიო პოსტკორონავირუსულ ეპოქაში და რა გამოწვევებისა თუ შესაძლებლობების წინაშე დადგება საქართველო - ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც უამრავ ასპექტს მოიცავს და რომელზე პასუხის გასაცემადაც დღეს შინ თუ გარეთ მობილიზებული უნდა იყოს ქვეყნის საუკეთესო პროფესიული რესურსი და ინტელექტუალური პოტენციალი...

დავიწყოთ იმით, რა აჩვენა კორონავირუსთან მსოფლიოს ბრძოლამ, როგორი მმართველობის სტილი აღმოჩნდა უფრო ეფექტიანი და რომელს მიენიჭება უპირატესობა - ავტორიტარიზმს თუ დემოკრატიას, იზოლაციონიზმს თუ გლობალიზაციას, მემარჯვენე ნაციონალიზმს თუ ევროპულ, და არამხოლოდ, სოციალიზმს?! ვფიქრობ, პოსტკორონავირუსული მსოფლიო ჩამოთვლილ მოდელებს შორის მკვეთრ არჩევანს მაინც ვერ გააკეთებს, თუმცა ცვლილებები უდავოდ იქნება. კერძოდ, დემოკრატიული სახელმწიფოების ხელისუფლებებიც კი ეცდებიან შეინარჩუნონ ტოტალური კონტროლისა თუ თვალთვალის ის მექანიზმები, რომლებიც კორონავირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით ამუშავდა. მაგალითად, არსებობს პროგრამები, რომლებიც ადამიანთა მიმოსვლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემებს აგროვებს და უგზავნის სხვადასხვა სატელეფონო ქსელის მომხმარებლებს, ან დისტანციური სკანირებით ადგენს ადამიანის სხეულის ტემპერატურას, დისტანციურადვე შეუძლია ფეისკონტროლი და ა.შ. ასეთ პროგრამებს იყენებს არა მხოლოდ ჩინეთი, არამედ ისრაელიც, სადაც "დემოკრატიიდან უკუსვლის", ანუ ამ პროგრამების შესაჩერებლად დიდი საპროტესტო აქცია გაიმართა.

ეტაპობრივად გადავალთ ელექტრონულ მმართველობაზე ყველგან, სადაც კი შესაძლებელი იქნება - საკანონმდებლო ხელისუფლებიდან მოყოლებული, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ჩათვლით. ჩვენ უკვე გვაქვს სასამართლოების დისტანციურად ჩატარების გამოცდილება, ისევე, როგორც პარლამენტისა თუ მთავრობის წევრთა ონლაინკონფერენციების. მომავალში ამან უნდა გამოიწვიოს მთავრობისა და პარლამენტისთვის შესანახი საბიუჯეტო ხარჯის შემცირება, რაც შეიძლება მოხმარდეს, მაგალითად, უფრო სამართლიანი სოციალური პოლიტიკის ფორმირებას, რადგან დავინახეთ, რომ ყველაზე განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებშიც კი სოციალური დაცვის სისტემები მზად არ აღმოჩნდა პანდემიისთვის; შორს აღარ არის ის დრო, როცა არჩევნების საყოველთაოდ აღიარებული ფორმა ელექტრონული არჩევნები გახდება...

კრიზისმა საერთაშორისო სტრუქტურებისა თუ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში ბევრი ლაქა გამოაჩინა, რომელიც, ერთი მხრივ, საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას, მეორე მხრივ კი ქმნის სერიოზულ გამოწვევებს სახელმწიფოთა უსაფრთხოების თვალსაზრისით... მაგალითად, ჯანმოს გარშემო აგორებული სკანდალი, ალბათ, გამოიწვევს საერთაშორისო სტრუქტურების ფორმატის ცვლილებას...

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე ევროკავშირის მმართველი ინსტიტუტების სრულმა დაბნეულობამ და მეტიც, კრიზისთან გამკლავებაში გამოვლენილმა უსუსურობამ დღის წესრიგში უნდა დააყენოს ევროკავშირის "გაბერილი" და მოუქნელი ბიუროკრატიის რადიკალური რეფორმირების საკითხი. იგივე შეიძლება ითქვას ნატოზეც. როგორც ნატოს ცალკეული წევრი ქვეყნები, ასევე მთელი ალიანსი კორონავირუსს განიარაღებული შეხვდა, ყოველ შემთხვევაში, დავინახეთ, რომ ნატო შესაძლო ბიოლოგიური ომისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა...

კიდევ ერთი ტენდენცია გახლავთ ამერიკული და ევროპული უდიდესი კორპორაციების მიერ ჩინეთის დატოვება. დიდი კომპანიები ერთმანეთის მიყოლებით ხურავენ საწარმოებს ჩინეთში, რაც ამ ქვეყნის ეკონომიკაზე მკვეთრად უარყოფით გავლენას მოახდენს. მასშტაბების წარმოსადგენად საკმარისია ვთქვათ, რომ მხოლოდ ერთი ასეთი საწარმოს დახურვამ 60 000 ჩინელი დატოვა უსამსახუროდ. ჩინეთ-ამერიკის სავაჭრო ომთან ერთად, ეს ტენდენცია იმანაც განაპირობა, რომ დასავლეთის განვითარებულმა სახელმწიფოებმა აღმოაჩინეს, რომ თურმე პირბადეების წარმოება-მომარაგებით დაწყებული, ტესტებისა თუ აპარატურის ჩათვლით, ყველაფრით ჩინეთზე ყოფილან დამოკიდებული, რამაც განაპირობა ვირუსის გავრცელების პირველ კვირებში ევროპასა და ამერიკაში პირბადეებისა თუ სხვა სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი.

- კატასტროფულად დაეცა ნავთობის ფასი. ეს დაასუსტებს რუსეთს? ფაქტია, რუსეთი კორონავირუსის პანდემიის ფონზეც კი არ ჩერდება და აგრძელებს ბრძოლას საქართველოს წინააღმდეგ. ლუგარის ლაბორატორიაც მუდმივად არის განხილვის საგანი... - რაც შეეხება ნავთობის ფასის ისტორიაში არნახულ შემცირებას, ჩვენთვის საინტერესო ამ მოვლენის რუსეთზე გავლენაა.

რუსეთის დიდ ქალაქებში დაიწყო მიტინგები კორონავირუსის გამო გაჩერებული ეკონომიკის ამუშავების მოთხოვნით. სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ პუტინის შესაძლო შეცვლაზეც. მთავარია, გამოჩნდეს პასუხი კითხვაზე: თუ მოვლენები მართლაც რუსეთისთვის უარესად განვითარდა, რუსეთის დასუსტების შემთხვევაში, გაუშვებს თუ არა ნატო ხელიდან შანსს, დაიბრუნოს დაკარგული გავლენა შავ ზღვაზე და განაახლებს თუ არა გაფართოების პოლიტიკას? უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ნავთობის დაბალი ფასი რუსეთის ეკონომიკას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეარყევს, თუ ის დიდხანს შენარჩუნდება, მანამდე კი ვირუსთან ბრძოლაში გართულებს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის მიზნები კვლავ უცვლელია და არც ზეწოლა მცირდება. ამას მოწმობს 23 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით. რუსები წერენ, სერიოზულ კითხვებს აჩენს პენტაგონის სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობა რუსეთის საზღვრებთან, განსაკუთრებით - საქართველოში, ლუგარის კვლევით ცენტრში, სადაც ამერიკელები ორმაგი დანიშნულების სამხედრო კვლევებს ატარებენ და რის შესახებაც ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონცეფციით აღებული ვალდებულებების შესაბამისად ინფორმაციას არ გვაწვდიანო.

კორონავირუსის საფრთხემ გადაფარა საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის აქამდე "შევრონის" კუთვნილი 9%-იანი წილის ყიდვაც უნგრულ-რუსული კომპანიის მიერ, რომელიც ამ გარიგების შემდეგ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის აქციების მესამე ყველაზე მსხვილი მფლობელი გახდა.

- აქტიურად განიხილება სააკაშვილის უკრაინის ხელისუფლებაში დაბრუნების საკითხი. ამ ფაქტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გახარიაც. თქვა, რომ გასამართლებული, ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა მიუღებელია და ამ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. თქვენი აზრით, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა და რა გავლენას მოახდენს სააკაშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნა საქართველოს იმიჯზე? - სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად არჩევა გავლენას მოახდენს საქართველოს როგორც საგარეო პოზიციაზე, ასევე - შიდა პოლიტიკაზე.

ეს, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება აშშ-ის თანხმობის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ არც უკრაინამ და არც აშშ-მა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია არ გაითვალისწინეს...

ვნახოთ, შეძლებს თუ არა სააკაშვილი, გახდეს უკრაინის მთავარი რეფორმატორი მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება ამის კატეგორიული წინააღმდეგია და როცა ეს დიდ ვნებათაღელვას იწვევს უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობაშიც. სხვა საკითხია, გაუმართლებს თუ არა სააკაშვილს ეს უკიდურესად რისკიანი ნაბიჯი და იქნება თუ არა ის წარმატებული უკრაინის მთავარი რეფორმატორის ამპლუაში. მისი წარმატებაც და წარუმატებლობაც მნიშვნელოვნად აისახება საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ისევე, როგორც სააკაშვილის არჩევა-არარჩევა მოახდენს გავლენას საქართველოს წინასაარჩევნო გარემოზე. თუ სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად არ აირჩიეს, ეს "ქართული ოცნების" პოზიციებს გააძლიერებს და "ნაციონალური მოძრაობის" ფსიქოლოგიურ განწყობასაც მძიმე დაღს დაასვამს; ამ პოსტზე არჩევა კი, გარდა იმისა, რომ მას ხელ-ფეხს გაუხსნის, საერთაშორისო არენაზე შეავიწროოს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიციები, "ოცნებას" წინასაარჩევნოდ გამოაცლის საფუძველს, რომ სააკაშვილისგან, ტრადიციულად, საფრთხობელა შექმნას.

- ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე რას იტყვით? ჩვენ უკვე მოვისმინეთ ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა. როგორ შეაფასებთ ამ პროგრამას და ხელისუფლების ნაბიჯებს? - ხელისუფლებამ ერთდროულად ორი მიმართულებით უნდა იმუშაოს - შეიმუშაოს ეკონომიკის განსაკუთრებით დაზიანებული სექტორების გადარჩენის გეგმა და აქტიურად დაიწყოს მუშაობა პოსტკრიზისული ეკონომიკის მოდერნიზებაზე. სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს ბიზნესს თვალსაზრისი - ეკონომიკის რომელი სფეროები იქნება უფრო პერსპექტიული, რა შემცირდება და რის მოთხოვნა მოიმატებს, რომელ ახალ სფეროებში ჩადოს ფული... უნდა შემუშავდეს უახლოეს რამდენიმე წელზე გათვლილი რეალისტური პროგნოზი ისეთი სფეროებისთვის, როგორიც არის, მაგალითად, ტურიზმი და მასთან დაკავშირებული დარგები, რათა მათ არ გაუჩნდეთ ფუჭი მოლოდინი, არ აიღონ იმდენი კრედიტი, რამდენსაც ვერ გადაიხდიან და უფრო ღრმა კრიზისში არ ჩაეფლონ... ამ ეტაპზე გარდაუვალი ჩანს ის, რომ შემცირდება ტურისტული ნაკადი, ასევე უძრავი ქონების მოთხოვნა და ფასი, განსაკუთრებით, დიდ ქალაქებში. ეკონომიკის არაერთ დარგში გაიზრდება დისტანციურად, სახლებში მომუშავე ადამიანთა წილი, რაც თავისთავად გამოიწვევს საოფისე ფართებზე მოთხოვნის შემცირებას და მათ გაიაფებას. ამას ლოგიკურად უნდა მოჰყვეს ფასების კლება, რადგან პროდუქციის ხარჯს გამოაკლდება მასზე დასახარჯი და არდახარჯული საოფისე ფართის, კომუნალური და კომუნიკაციის ხარჯების ნაწილი, თუმცა ფართებზე მოთხოვნის შემცირება დააზარალებს სამშენებლო სექტორს... გაიზრდება დისტანციური ტრეინინგ-კონფერენციების წილი, რასაც მოჰყვება მივლინებათა რაოდენობის შემცირება მსოფლიოს მასშტაბით, ეს კი, ტურისტების რაოდენობის შემცირებასთან ერთად, გამოიწვევს ავიაკომპანიების მოგების შემცირებას... შეიცვლება საერთაშორისო ვაჭრობისა და დისტრიბუციის ტრაექტორია და მასშტაბი - ელექტრონული ვაჭრობა და მიწოდების სერვისი სულ უფრო ხშირად ჩაანაცვლებს ამ სფეროს ტრადიციულ ფორმებს... გლობალური მომარაგების ქსელების პარალელურად მეტი ყურადღება მიექცევა ლოკალური, რეგიონული წარმოებისა და ბაზრების განვითარებას, შესაბამისად, ფართო გასაქანი მიეცემა პროტექციონისტულ პოლიტიკას, ადგილობრივი წარმოების განვითარებას, სასურსათო და პირველადი მოხმარების საგნების უსაფრთხოების ქსელის შექმნას, რაც გამოიწვევს ყურადღების გადატანას სოფლის მეურნეობაზე... მოიმატებს მიწის ფასი, რასაც განაპირობებს ქალაქებთან ახლო მდებარე დასახლებებში საცხოვრებელი ფართებისა და მიწის ნაკვეთების შეძენის გაზრდილი მოთხოვნაც. და, რა თქმა უნდა, დაიწყება ტექნოლოგიების მეფობის ხანა ყველა სფეროში, რასაც საქართველომაც უნდა აუწყოს ფეხი.

ზემოხსენებული ტენდენციების გათვალისწინებამდე ხელისუფლებას უახლოეს დღეებში ერთდროულად აქვს გადასაწყვეტი ორი ამოცანა - როგორ აამუშაოს ეკონომიკა ისე, რომ შეინარჩუნოს კორონავირუსის გავრცელების ბრტყელი მრუდი და ლეტალობის მინიმალური მაჩვენებელი. ევროპის ქვეყნებმა უკვე გამოაქვეყნეს ეკონომიკის ეტაპობრივად ამუშავების გეგმები და სულ უფრო ხშირად გამოითქმის ეჭვი ვირუსის გამო სრულად ჩაკეტვის მიზანშეწონილობის შესახებ. სხვადასხვა ქვეყანაში ვირუსზე რეაგირების განსხვავებული ტაქტიკისა და მონაცემების შედარებითი ანალიზის ძალზე საინტერესო შედეგები გამოაქვეყნა ახლახან ისრაელის გაზეთმა თჰე ტიმეს ოფ Iსრაელ, რომელიც ებრაელი პროფესორების კვლევებს ეფუძნება. მათ შეადარეს ისრაელისა და 20 სხვა ქვეყნის რამდენიმე კვირის სტატისტიკური მონაცემები და ამტკიცებენ, რომ გავრცელების დაწყების 70-ე დღიდან კორონავირუსი განლევას იწყებს, მიუხედავად იმისა, რა ზომები მიიღო მის შესაკავებლად ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებამ. ანუ ტენდენცია, რომ კორონავირუსის გავრცელება პიკს აღწევს მე-6 კვირას და შემცირებას იწყებს მე-8 კვირიდან, საერთო აღმოჩნდა ყველა ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, ამ ქვეყნებმა სრული კარანტინისა და ეკონომიკის გაჩერების გზა აირჩიეს თუ შვედეთის, სამხრეთ კორეისა და ტაივანის მსგავსად, მხოლოდ სოციალურ დისტაცირებას, მასობრივი შეკრებების შეზღუდვასა და ჰიგიენის ნორმების გამკაცრებას დასჯერდნენ. კვლევის ავტორები გვირჩევენ, რომ დროა, ეკონომიკა ამუშავდეს მასობრივი ტესტირების, სოციალური დისტანცირების, ჰიგიენის ნორმების მკაცრად დაცვისა და მასობრივი შეკრებების აკრძალვის ხარჯზე. კარგია, რომ საქართველოც ამ მიმართულებით იწყებს სვლას. ჩვენი მთავრობის წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის მეორე პაკეტი სწორედ ეკონომიკის ეტაპობრივად გახსნას ითვალისწინებს, სოციალური დახმარების პროგრამებისა და ბიზნესისთვის ვირუსით გამოწვეული კრიზისის დამანგრეველი შედეგების შესამსუბუქებელი ზომების ჩათვლით. თუ საქართველოს ვირუსამდელ ეკონომიკასა და ბიუჯეტს გავითვალისწინებთ, უნდა ითქვას, რომ ეს მაქსიმუმი იყო, რის შემოთავაზებაც ხელისუფლებას შეეძლო.

მნიშვნელოვანია ერთი რამ - ბიზნესისთვის სახელმწიფოს მიერ სესხების დაზღვევა, ასევე, სხვადასხვა ტიპის ბიზნესის (სოფლის მეურნეობით დაწყებული, პროგრამით - "აწარმოე საქართველოში" დამთავრებული) დასახმარებლად მიზნობრივი სფეროების გაფართოება და დაფინანსების გაზრდა, რათა ბიზნესი არ გაჩერდეს და სამუშაო ადგილები მასობრივად არ შემცირდეს, თუმცა, გაცილებით მნიშვნელოვანია, იქნება თუ არა ინოვაციური პოსტკრიზისული ეკონომიკის აღდგენის გეგმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმუმ ორ თვეში უნდა შეიმუშაოს და გამოაქვეყნოს. უარყოფითი მოლოდინის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ვირუსთან გამკლავებას უჩვეულოდ კარგად ახერხებს - ჩვენდა საბედნიეროდ, კრიზისულ მენეჯმენტში გახარიას მთავრობა წარმატებული აღმოჩნდა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ის უფრო გრძელვადიან გამოწვევასთან გამკლავებას - გაჩერებული ეკონომიკის ახალ, ინოვაციურ რელსებზე გადაყვანას.