მამუკა არეშიძე: "რუსეთს ჰყავს მხოლოდ ორი მეგობარი - არმია და ფლოტი, სხვა არც სჭირდება" - კვირის პალიტრა

მამუკა არეშიძე: "რუსეთს ჰყავს მხოლოდ ორი მეგობარი - არმია და ფლოტი, სხვა არც სჭირდება"

"მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი რუსეთის სასარგებლოდ ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს"

მსოფლიოში პანდემიის კვალდაკვალ რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოში ბორდერიზაციას განაგრძობენ. რამდენიმე დღის წინ რეჟიმის წარმომადგენლებმა ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირის მახლობლად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ხელოვნური ბარიერების აღმართვა განაახლეს, სოფელ ხურვალეთში კი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. რისთვის დასჭირდა რუსეთს ვითარების გამწვავება საქართველოსთან ახლა, როდესაც მსოფლიო ერთ საერთო, უხილავ მტერს ებრძვის, რა საფრთხეს უნდა ველოდოთ ოკუპანტი ქვეყნისგან და რა ბერკეტები გვაქვს აგრესიის შესაჩერებლად, კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება.

- ე.წ. სამხრეთ ოსეთის მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული განცხადებები მაფიქრებინებს, რომ საქართველოს მოქალაქეების გატაცება "თვითშემოქმედებაა". სულ ცოტა ხნის წინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "კა-გე-ბემ" განაცხადა, რომ თითქოს ხურვალეთში ცოლ-ქმარი კი არ დააპატიმრა, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით კარანტინში გადაიყვანა. როგორც ირკვევა, კაცი საქართველოს რეესტრში ვანიშვილის გვარით, რუსულ რეესტრში კი ოსური გვარით ყოფილა გატარებული. შესაბამისად, ოსები ამბობენ, მართალია, საქართველოს მოქალაქეც არის, მაგრამ ჩვენიანია და მის ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნოთო.

- რას მიგვანიშნებს ის, რომ რუსებმა სულ რაღაც 400-კილომეტრიანი ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის შემოღობვა 2010 წლიდან დღემდე ვერ თუ არ დაასრულეს? - ეს ნამდვილად არ კეთდება ე.წ. საზღვრის გაკონტროლების მიზნით. რუსებს სურთ საქართველო მოლაპარაკებაზე დაითანხმონ და თემა უნდა იყოს საზღვრის გავლება. ამ მოლაპარაკების შედეგად შესაძლოა ქართულმა მხარემ მეტი ტერიტორიაც კი დაიბრუნოს უკან, მაგრამ ამით ირიბად თუ პირდაპირ ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარება მოგვიწევს. ამ მიზნის მისაღწევად ნელ-ნელა კიდევ მოგვიჩოჩდებიან. რუსეთის ამგვარი თავნებობა იმით არის განპირობებული, რომ ევროპული სტრუქტურები კრემლს სათანადოდ ვერ აკონტროლებენ.

- რას გულისხმობთ? - მსოფლიოში დაწესებული წესრიგის დარღვევისთვის რუსეთს მხოლოდ მცირე პრობლემები ექმნება. ზოგიერთი ორგანიზაციიდან თუ გარიცხავენ, სანქციებსაც დაუწესებენ, მაგრამ გადის დრო და ამავე ორგანიზაციაში ზარ-ზეიმით იღებენ. შეგახსენებთ, როგორი ტაშით შეხვდნენ ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში რუსებს დასავლელი დეპუტატები, რომლებიც ვითომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერენ მხარს.

მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთი დეპუტატი რუსეთის სასარგებლოდ ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

ევროკავშირი საფუძვლიანად მორყეული სტრუქტურაა. რუსეთს რომ დიდი გავლენა აქვს ევროსტრუქტურებში, ევროპულ მედიაში, წამყვან საფინანსო სისტემებში, შეუიარაღებელი თვალითაც იოლად ჩანს.

- ის, რაც შეუიარაღებელი თვალით იოლად ჩანს, რატომ უნდა იყო შეუმჩნეველი ევროპის უსაფრთხოების სამსახურებისთვის? - ევროპის უსაფრთხოებას რომ სერიოზული პრობლემები აქვს, ეს კორონავირუსმაც დაგვანახვა. ექსტრემალურ სიტუაციაში ვერ შეძლეს ერთიანი ფრონტით საერთო მტრის მოგერიება. რა მნიშვნელობა აქვს მტერი ხილულია თუ უხილავი?

ძალზე დიდია იმ ევროპელ პოლიტიკოსთა რიცხვი, რომლებიც კარიერის დასრულების შემდგომ რუსულ ფინანსურ სტრუქტურებში საქმდებიან. ეს ნიშნავს, რომ რუსული სპეცსამსახური ძალიან აქტიურად და შედეგიანად მუშაობს ევროპაში.

- როგორი იქნება პოსტპანდემიურ რეალობაში რუსეთის პოლიტიკა, პრიორიტეტები? - არაფერი შეიცვლება. რუსეთის დღევანდელ პოლიტიკას საფუძველი ჯერ კიდევ ივანე მრისხანეს მამის მეფობისას ჩაეყარა. რუსები ამბობენ, ბიზანტიის მემკვიდრეები ვართ და მზაკვრული პოლიტიკაც მათი მემკვიდრეობააო. ეს ტყუილია, რუსეთი ოქროს ურდოს მემკვიდრეა. რუსეთი ხომ ოქროს ურდოს ერთ-ერთი რაიონი იყო. უბრალოდ, მოსკოვის ულუსმა დანარჩენებზე გაიმარჯვა და შემდეგ ჩამოყალიბდა რუსეთის სახელმწიფოდ, ოქროს ურდო კი სამხედრო იმპერია იყო. რუსეთი დღესაც ასეთია. ამ ქვეყნის პოლიტიკაში მთავარი შემადგენელი სამხედრო ნაწილია. ჰყავს მხოლოდ ორი მეგობარი - არმია და ფლოტი, სხვა არც სჭირდება. დანარჩენი მსოფლიო კი უკვე შეიცვალა. ლიბერალურმა იდეოლოგიამ თავი ამოწურა და ადგილს უთმობს კონსერვატიულ ნარატივს. მხოლოდ ისეთს კი არა, რუსულ პოლიტიკას რომ ახასიათებს, ეროვნულ ღირებულებებზე, ეროვნულ სახელმწიფოზე, საკუთარი რესურსების დაცვაზე ორიენტირებულს.

- რუსეთი აუცილებლად აღმოჩნდება პოსტპანდემიურ კრიზისში, რაც, სავარაუდოდ, ქვეყანაში სოციალურ უკმაყოფილებას გაზრდის. რუსი ხალხის ნაწილი პანდემიის დაწყებამდეც უკმაყოფილო იყო პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებებით... - რუსეთში საზოგადოებრივ აზრს ყოველთვის ხელისუფლება აყალიბებდა. დროდადრო იყო ცვლილებები, მაგალითად, 1917 წლის რევოლუცია და 1990 წლის მოვლენები - საბჭოთა კავშირის დაშლას ვგულისხმობ, მაგრამ ეს იყო გარედან დიდი ზეწოლის შედეგი. დღეს ასეთი ტიპის ეკონომიკურ ზეწოლას რუსეთზე არავინ მოახდენს... რაც შეეხება პუტინით უკმაყოფილო რუს ხალხს, ლევადა-ცენტრის კვლევით, გამოკითხულთა 48% უკმაყოფილოა პუტინის პოლიტიკით. თუმცა ეს ხალხი მას ქვეყნის მართვის სტილს კი არ უწუნებს, ეკონომიკური პოლიტიკით არიან უკმაყოფილო. გამორიცხულია, რუსეთმა თავისი იმპერიალისტური პოლიტიკა შეცვალოს.

ნახეთ, რას აკეთებს აფხაზეთში. მოსკოვმა სრულიად მოულოდნელად იქ ქიმიური ჯარის ნაწილი გაგზავნა პანდემიასთან ბრძოლის საბაბით. სინამდვილეში კი ეს ძალის დემონსტრირებაა. ასეთი ტიპის სამხედრო დახმარებამ თავად აფხაზებიც გააოცა. ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა - კრემლმა აფხაზეთს ისე ჩამოაჭრა ტერიტორიის ნაწილი და კრასნოდარს გადასცა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არაფერი ჰკითხა. აფხაზურ სოციალურ ქსელებს თვალი რომ გადაავლოთ, ნახავთ, რომ ხალხი გადარეულია, ხელისუფლება კი ვერაფერს ამბობს.

- აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ თითქოს საზოგადოებაში განწყობის ცვლილება შეინიშნებოდა როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მიმართ. რამდენიმე დღის წინ ვლადიკავკაზში სოციალური პრობლემებით უკმაყოფილო მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა. საპროტესტო განწყობაა ცხინვალის რეგიონშიც. ეს საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, რომ მათთან საერთო ენა გამონახოს? - საქართველოს ბევრი რესურსი აქვს, რომ ამ რეგიონებში, განსაკუთრებით აფხაზეთში, ხალხის განწყობა შეცვალოს. ხედავთ, რუსეთი როგორ მუშაობს? საქართველოში პრორუსული ძალების შექმნაში კი არ ხარჯავს რესურსს, ანტიდასავლური განწყობის გაძლიერებას ცდილობს. ჩვენ რატომ არ შეგვიძლია იმავეს გაკეთება?!

აფხაზეთში კიდევ ერთი საინტერესო ამბავი ხდება - ახლახან გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახების წახალისებას ისახავს მიზნად. სოციალური პაკეტია და დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ დახმარება გათვალისწინებულია მხოლოდ სატიტულო ოჯახის წევრებზე. ქართველები რომ არ იგულისხმება, ცხადია, მაგრამ არც სომხები არიან გათვალისწინებული. ამ ამბავმა აფხაზებსა და სომხებს შორის დიდი დაპირისპირება გამოიწვია. მე ახლა ყველა კარტს ვერ გავხსნი, მაგრამ ხელისუფლებამ რაღაც უნდა გააკეთოს.

- რამდენად ადეკვატურია ჩვენი ხელისუფლების რეაქცია ოკუპანტებისა და სეპარატისტების ქმედებებზე? - ორი ვარიანტი გვაქვს - ოკუპანტების ქმედება ან უნდა შეაჩერო, ან დაამუხრუჭო. დამუხრუჭება შეგვიძლია, შეჩერება - არა. ოკუპანტების შეჩერება მხოლოდ ომით არის შესაძლებელი.

- რუსეთის ხელისუფლებამ და მედიამ ძალიან კარგად იციან, რა ხდება ლუგარის ლაბორატორიაში, თუმცა აქტიურად ცდილობენ საფრთხედ წარმოაჩინონ მთელი კავკასიისთვის... - გამიკვირდებოდა კიდეც, მსოფლიო პანდემიის დროს რუსებს ლუგარის ლაბორატორია რომ არ ეხსენებინათ. მოდი, ასე ვთქვათ, შეუძლიათ ლუგარში თუ არა ვირუსის შექმნა? რასაკვირველია, შეუძლიათ. მუშაობენ თუ არა ვირუსზე? არ მუშაობენ. რატომ? იმიტომ, რომ ამ ლაბორატორიის შემქმნელების ინტერესებში ეს არ შედის. თუ ისინი ვირუსის, ბიოლოგიური იარაღის შექმნას გადაწყვეტენ, ამისთვის რუსული დაზვერვისგან უფრო დაცულ ტერიტორიას გამოიყენებენ. ეს შესანიშნავად იციან რუსმა ექსპერტებმა. ეს ყველაფერი რუსებს პროპაგანდისთვის სჭირდებათ.

ხათუნა ბახტურიძე