"ხელისუფლებამ სახლში გამოგვკეტა, თავად კი კორუფციული გარიგებები გააჩაღა" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებამ სახლში გამოგვკეტა, თავად კი კორუფციული გარიგებები გააჩაღა"

"ქართული ოცნება" აკრძალვების დაწესებით ძალიან გაერთო..."

ოპოზიციონერი ლიდერები საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებულ შეზღუდვებს არაადეკვატურად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ ხელისუფლება გაუაზრებელი გადაწყვეტილებებით ისედაც მძიმე სოციალურ ფონს უფრო ამძიმებს. რომელ აკრძალვებს თვლიან არაადეკვატურად და სად ხედავენ ამბოხის ნიშნებს, ალეკო ელისაშვილი გვესაუბრება.

- "ქართული ოცნება" აკრძალვების დაწესებით ძალიან გაერთო, ეშხში შევიდნენ და აბსოლუტურად დაუსაბუთებელი აკრძალვები დააწესა. ჩვენ აგვიკრძალეს ავტომობილებით სიარული, თავად ნახეთ, რა დღეში არიან. გადით ქალაქში, ჩვეულებრივი მოძრაობაა.

- ხელისუფლებამ განმარტა, ქალაქში მხოლოდ დისტრიბუციის, მიტანის სერვისისა და სპეციალური საშვის მქონე ავტომობილები დადიან. - ხელისუფლება გვატყუებს და ეს მალე გამოჩნდება. "ოცნების" ჩინოვნიკებმა საშვები თავიანთ დაქალებს, ძმაკაცებსა და ნათესავებს დაურიგეს. კიდევ ერთი სიცრუეა ცხელი ხაზი "144". ვერ დამისახელებთ ადამიანს, რომელმაც ამ მომსახურებით ისარგებლა. თავის დროზე, დავუჯერე ხელისუფლებას და დავრჩი სახლში, სხვებსაც ამას მოვუწოდებდი, ბავშვების შესაქცევად ონლაინ დავიწყე ისტორიის გაკვეთილების ჩატარება. მაგრამ როდემდე ვიჯდე სახლში? ამათ ჩვენ სახლში უსასრულოდ გამოგვკეტეს, თავად კი კორუფციული გარიგებები გააჩაღეს. ხომ ნახეთ, რა ქნეს მარნეულში? - კომპანია "ჯიბეს" ხალხის გატყავების საშუალება მისცეს. სოზარ სუბარმა გლეხებს უთხრა, თქვენი პროდუქცია ნახევარ ფასად უნდა გაყიდოთ, იმიტომ, რომ კორონავირუსიაო. ამ დროს ნებისმიერ სუპერმარკეტში გაორმაგებული ფასით იყიდება სოფლის მეურნეობის პროდუქტები.

მე რომ ანტიკრიზისულ გეგმას ველოდები, პრემიერი კი გამოდიხარ და მეუბნები, პენსიონერებს 2021 წელს პენსია 20 ლარით გაეზრდებათო, ეს რას ნიშნავს?! ახლა, ამწუთას, ის მითხარი, რის გაკეთებას აპირებ, რომ გადავრჩე. თქვეს, უმუშევრად დარჩენილებს 6 თვის განმავლობაში 200 ლარს მივცემთო და ეს ხალხის აბუჩად აგდება არ არის?

- ხელისუფლება გვეუბნება, რომ ანტიკრიზისული გეგმა ქვეყნის ბიუჯეტის შესაძლებლობიდან გამომდინარე შეიმუშავა. - ხელისუფლება იმასაც გვეუბნება, რომ 3 მილიარდ-ნახევარ უცხოურ დახმარებას გვაძლევენო. საპენსიო ფონდშიც ხომ გვაქვს 600 მილიონი. ამაზე უარესი შავი დღე რაღა უნდა დაგვიდგეს?

ჩვენ, "სამოქალაქო მოძრაობამ" ხელისუფლებას ვუთხარით, რომ მოხალისეებად ვიმუშავებდით და რასაც დაგვავალებდნენ, იმას გავაკეთებდით. კორონა არჩევს, ვინ არის ხელისუფლებაში და ვინ ოპოზიციაში? პასუხად მხოლოდ ქედმაღლური განცხადებები მივიღეთ. ჩვენი მოძრაობის აქტივისტებმა, მოხალისე პროგრამისტებმა და მათემატიკოსებმა გავაკეთეთ აპლიკაციის კონცეფცია "სივილო ჯი", 26-გვერდიანი ალგორითმი გადავუგზავნეთ ხელისუფლებას საჩუქრად. ადგნენ და ამ ჩვენს "სივილოს" stop.Covid.ge დაარქვეს. კონცეფცია სრულფასოვან აპლიკაციად გაასაღეს, დაუსრულებელი ვერსია წარმოადგინეს დასრულებულ ვერსიად და იმიტომაც ვერ ამუშავებენ.

ხელისუფლებას ვაფრთხილებ, არჩევნების გადადება არც იფიქროს. ამათი ანტიკრიზისული გეგმის წყალობით მალე ძალიან ბევრი ადამიანი დაიმშევა. ჰოდა, ელოდონ მშიერი და გაბრაზებული ხალხის ბუნტს.

ხათუნა ბახტურიძე