"საგანგებო მდგომარეობისას პრივილეგირებულებს "CoVIP-19" დავარქვი"
"საგანგებო მდგომარეობისას პრივილეგირებულებს "CoVIP-19" დავარქვი"
"მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რეგულაციის დარღვევისთვის გავაკრიტიკე, როდესაც მან ავტომობილში ჯდომის წესი დაარღვია. ჯანდაცვის სამინისტრომ კი, ანუ ისევ თვითონ ტიკარაძემ, განმარტა, რომ არ დაურღვევია კანონი, თურმე მისი თანამდებობა გამონაკლისია (გავრცელდა ვიდეო, როგორ ჯდება ის სამსახურებრივ მანქანაში წინა სავარძელში, მძღოლის გვერდზე), მაშინ, როცა ამ დარღვევის გამო ხალხს 3.000-3.000 ლარით აჯარიმებენ"

"ამ ჟამიანობაში საქართველოში ორი მთავარი კლასტერი ჩამოყალიბდა - ერთია კანონმორჩილი მოქალაქეები, რომლებიც დიდი შეზღუდვებისა და დისკომფორტის მიუხედავად, ზრუნავენ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობაზე,
მეორე კი პრივილეგირებული მოქალაქეების ნაწილი. ამ უკანასკნელს მიეკუთვნებიან ჩვენი ჩინოვნიკები", - ასე გამოეხმაურა საგანგებო მდგომარეობის დროს დამკვიდრებულ ორმაგ სტანდარტებს იურისტი ანა დოლიძე.

- ანა, კარანტინიდან როგორ ჩანს, სამართლებრივ ჭრილში ჩვენი მთავრობა.

- ბოლო პერიოდის სამართლებრივი მხარე სრული აბრაკადაბრა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში სრული ბუნდოვანებაა, დიდი
აბლაბუდა და მმართველობის დიდი ჩავარდნა.

მოკლედ, "ქართული ოცნება" დაუბრუნდა თავის ძირითად არსს, რასაც უნიათობა ჰქვია. ცხელი ხაზი როგორც მუშაობს, ვიცით. მგონი, 144 არც არსებობს (მწარე ხუმრობით ვამბობ). თუ არსებობს, მაინტერესებს რეალურად სად არის და ვინ ზის, იმიტომ, რომ სრული ფიასკოა. ამას ახლა დაემატა 6-წლიანი პატიმრობა საგანგებო წესების ხელმეორედ დარღვევისთვის.

- ამ ჟამიანობისას ორმაგ სტანდარტებსა და საქართველოში ორი მთავარი კლასტერის ჩამოყალიბებაზე მიანიშნებთ -კანონმორჩილებისა და პრივილეგირებულების. ვინ არიან ეს მეორენი და რით გამოარჩია ისინი დრომ?
- ამ ხალხს "CoVIP-19" დავარქვი. ისინი, ძირითადად, მაღალი თანამდებობის პირები არიან. ასევე იბადება კითხვა, რატომ იხურება ზო­გი ბიზნესი და რატომ სარგებლობ­ენ ვითარებით მათი კონკურენტები?­ დღემდე არა გვაქვს ფოტო ერთი უმ­აღლესი დონის ჩინოვნიკის, რომელიც ისე ცხოვრობს, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე.


მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რეგულაციის დარღვევისთვის გავაკრიტიკე, როდესაც მან ავტომობილში ჯდომის წესი დაარღვია, მაგრამ როგორც ოფიციალურად განმარტავენ, ეს კლასტერი არ ექვემდებარება იმ წესებსა და შეზღუდვებს, რომლებიც ყველამ უნდა დავიცვათ. ჯანდაცვის მინისტრმა პირდაპირ დაგვანახა, როგორ არღვევს კანონს. ჯანდაცვის სამინისტრომ კი, ანუ ისევ თვითონ ტიკარაძემ, განმარტა, რომ არ დაურღვევია კანონი, თურმე მისი თანამდებობა გამონაკლისია (გავრცელდა ვიდეო, როგორ ჯდება ის სამსახურებრივ მანქანაში წინა სავარძელში, მძღოლის გვერდზე), მაშინ, როცა ამ დარღვევის გამო ხალხს 3.000-3.000 ლარით აჯარიმებენ.

ეს ორმაგი სტანდარტები ახლა ყველაზე მეტად იმიტომ გამოჩნდა, რომ ძალიან კარგად გამოჩნდა, ვინ ფეხით დადის, ვინ მანქანით, ვინ ვერსად დადის და დახმარებას ითხოვს. მათ, ვისაც ეს ნორმები შემოაქვთ, ეს არ აწუხებთ. მხოლოდ კანონმორჩილ და ჩვეულებრივ მოქალაქეებს გაურთულდათ ცხოვრება.

არადა, სანქციის არსი რა არის? სანქციამ სამართლიანობის განცდა ხომ უნდა დაგიტოვოს? როდესაც სისტემა არა გაქვს თავიდან ბოლომდე უზრუნველყოფილი, როდესაც ადამიანს სჭირდება წამალი (მაგალითად, უამრავი მოქალაქე ჩივის, რომ წავკისში არ არის აფთიაქი), ვიღაც დიაბეტიანს კი ინსულინი და ვერ რეკავს იმ 144-ში, რა უნდა ქნას? რომ იყოს დიდი ქოლცენტრი, სადაც დარეკავ, ნომერს ჩააწერინებ და გახვალ, ეს სხვა საქმეა. სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებმა მიიღეს ბრძანება, ეს ცნობა სველი ბეჭდით უნდა იყოს დამოწმებულიო. რა ეპოქაში ვცხოვრობთ? მგონი, ჯანდაცვის სამინისტროში კომპიუტერი ჯერ არ უნახავთ. რა დროს სველი ბეჭედია, როცა მთელი მსოფლიო ნანოტექნოლოგიაზე გადადის?

ჩვენი ხელისუფლების უდიდესი შეცდომაა ონლაინგაყიდვების შეფერხება ("ზოომარტს" გაუჩერეს, "ბიბლუსს" ჰქონდა გაჩერებული). ნაცვლად იმისა, წაახალისო ბიზნესი, მისცე მუშაობის საშუალება და თან შეამოწმო, ამათ უზარმაზარი რიგი დააყენეს. დადგენილებაში დროც არ წერია, როდის გაძლევენ ნებართვას. არსებობს კითხვის ნიშნები კორუფციის თაობაზეც - ეს ან მართლა სერიოზულ გაუმართაობას უნდა დავაბრალოთ, ან იმას, რომ რაღაც ინტერესებია. ვგულისხმობ, მაგალითად, სოფლის მეურნეობის პროდუქციას. ერთ თვეზე მეტია, რაც საგანგებო მდგომარეობაა და ვერ მოახერხეს პროდუქციის გასაღების სისტემის გამართვა. ესენი რა ლოგისტიკურ ჰაბს ააშენებენ?

კრიზისის დროს ვლინდება ხოლმე ყველაზე სუსტი წერტილები და ახლაც გამოვლინდა ის ტრადიციული სუსტი წერტილები, რომლებიც ცოტა ხანს დავიწყებული გვქონდა - სისტემის გაუმართაობა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?