რა მიზნით უხდის საქართველოს ხელისუფლება მილიონობით დოლარს უცხოურ პიარკომპანიებს?! - კვირის პალიტრა

რა მიზნით უხდის საქართველოს ხელისუფლება მილიონობით დოლარს უცხოურ პიარკომპანიებს?!

მათიას ჰუთერი: "ვურჩევთ საქართველოს ხელისუფლებას, ეს ინფორმაცია საჯარო გახადოს"

იყო დრო, როცა ბარაქ ობამა რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკით იყო დაკავებული და სააკაშვილთან შეხვედრით თავს არ იწუხებდა. თუმცა აშშ-ის პოლიტიკური ისტებლიშმენტის გავლენიანი წევრები გვარწმუნებდნენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრებოდა. განცხადება სარწმუნო იყო, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას ეს სიმშვიდეს არ ჰგვრიდა. იგი უცხოურ ლობისტურ კომპანიებს დიდ თანხას უხდიდა იმ მიზნით, რომ ბოლოს და ბოლოს, სააკაშვილი-ობამას შეხვედრა შემდგარიყო, რაც არცთუ იოლი შესასრულებელი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, მიუღწეველი არაფერია, მით უმეტეს, თუ ამისთვის სოლიდური თანხებიც იხარჯება.

საქართველოს პრეზიდენტი ხან ლოს-ანჯელესში, მილკენის ინსტიტუტში კონფერენციას ესწრებოდა, ხანაც აშშ-ის პოლიტელიტის საქველმოქმედო ვახშმებს, რათა არათუ ობამასთან, არამედ თუნდაც ცოლ-ქმარ კლინტონებთან შეხვედრისა და საუბრის საშუალება მისცემოდა. ახლახან კი ვაშინგტონში რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებშიც მონაწილეობდა და შეხვდა თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, კონგრესმენებსა და თავად პრეზიდენტ ობამას. მართალია, აშშ იყო და არის საქართველოს პარტნიორი, მაგრამ სააკაშვილს უფრო მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდა რესპუბლიკელებთან, ვიდრე დემოკრატებთან. ამიტომაც ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ დახმარებისთვის იმ ლობისტურ კომპანიებს მიმართა, რომლებიც "დემოკრატებზე მუშაობენ". მაშ ასე, ვინ დაეხმარა მიხეილ სააკაშვილს ჯერ კლინტონებისა და შემდეგ ბარაქ ობამასკენ მიმავალი გზის გაკვალვაში მაშინ, როცა აშშ-ის პრეზიდენტთან რამდენიმე წუთით შეხვედრა, ტეტ-ა-ტეტ საუბარი, თითქმის წარმოუდგენელია?

როგორც ირკვევა, საქართველოს ხელისუფლებას დაეხმარა აშშ-ში რეგისტრირებული ლობისტური კომპანია the Podesta Group-ი, რომელთანაც გაფორმებული ხელშეკრულების მომსახურების გრაფაში ერთ-ერთ პუნქტად აშშ-ის მთავრობასთან ურთიერთობა სახელდება (იხ. http://transparency.ge/geo-უს-ლობბყინგ).

კიდევ ერთ ამერიკულ კომპანია "გეპჰარდ გრუპთანაც" დადებულ ხელშეკრულებაში მხოლოდ ერთადერთი მომსახურებაა დაფიქსირებული: "ლობირება და სამთავრობო ურთიერთობების კუთხით მომსახურების გაწევა საქართველოს მთავრობისთვის".

მათიას ჰუთერი, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი და პროგრამის მენეჯერი: "შეუძლებელია აშშ-ში ლობისტური კომპანია საქართველოს მთავრობისთვის მუშაობდეს და ამას არ ამჟღავნებდეს, რადგან ეს ჯაშუშობად ჩაეთვლება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ამიტომ ამერიკული კომპანიები აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს გადასცემენ საჯარო ინფორმაციას თავიანთი საქმიანობის თაობაზე, სადაც დაწვრილებით აღწერენ, თუ რომელი ხელშეკრულების საფუძველზე გაუწიეს მომსახურება ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებას და მათგან რა ოდენობის თანხა მიიღეს.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 2004 წლიდან 2010 წლის 31 დეკემბრამდე ორი მილიონ ექვსასი ათას დოლარზე მეტი თანხა გადაურიცხა აშშ-ში რეგისტრირებულ ლობისტურ კომპანიებს, რაც ბევრად აღემატება "ვარდების რევოლუციამდე" იმავე მიზნით გადახდილ თანხებს

(იყო თითო-ოროლა შემთხვევა, როდესაც შევარდნაძისა და აბაშიძის Mმთავრობებმა ლობისტური კომპანიები დაიქირავეს). ზემოთ დასახელებული თანხიდან მილიონ 306 ათას 800 დოლარი მხოლოდ გასულ წელს დაიხარჯა. 2010 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ the Podesta Group-ს გადაურიცხა 600.000 აშშ დოლარი; the Iftaca Group-ს 270 ათასი დოლარი: Gephardt Group-ს 436.800 დოლარი, ე.ი. ჯამში, როგორც უკვე მოგახსენეთ, მილიონ 306 ათას 800 დოლარი დაიხარჯა.

გარდა ამის, საქართველოს ხელისუფლება ფულს უხდის ევროპაში რეგისტრირებულ კომპანიებსაც, თუმცა იქ ვითარება სხვაგვარია,   გაფორმებულ ხელშეკრულებებსა და თანხებზე  ინფორმაცია რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის საიტზე არ ქვეყნდება, როგორც აშშ-შია მიღებული, ამიტომაც უცნობია, დამატებით რა ოდენობის თანხა გადაურიცხეს ევროპულ კომპანიებს.

ქართულ მხარეს ასეთი ინფორმაციის გაცემა ძალიან უჭირს. ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს საქართველოს მთავრობა დაარწმუნოს, საჯარო გახადოს ეს მონაცემები, მაგრამ ამაოდ. მიზეზად ეროვნული უსაფრთხოება სახელდება. არა მგონია, ლობისტური კომპანიების მომსახურებას კავშირი ჰქონდეს თავდაცვის  საკითხებთან. ლობისტური კომპანიები ცდილობენ კარგი იმიჯი შეუქმნან საქართველოს მთავრობას სარეკლამო სტატიებით, პიარღონისძიებებით... ისინი  ისეთს არაფერს აკეთებენ, რაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებთან არის დაკავშირებული".

KvirisPalitra.Gethe Podesta Group-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ტონი პოდესტა ყველაზე გავლენიანი პიროვნებაა აშშ-ის დედაქალაქში. მისი კომპანია ჩინეთის პოლიტიკურ წრეებსაც უწევს ლობისტურ მომსახურებას. ტონი პოდესტას ძმა ჯონ პოდესტა თეთრი სახლის აპარატის უფროსი იყო ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას და დღესაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

კულუარული ინფორმაციით, სააკაშვილი-ობამას შეხვედრებიც "პოდესტა ჯგუფის" დამსახურებაა - როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ჩვენმა ხელისუფლებამ 2010 წლის პირველ ნახევარში 600 ათასი დოლარი გადაუხადა "პოდესტა ჯგუფს" ბარაქ ობამასთან შეხვედრის ორგანიზებისთვის, მაგრამ მაშინ ეს ვერ მოხერხდა.

ჩვენ შევეცადეთ ამ ლობისტურ კომპანიასთან დაგვეზუსტებინა ეს ინფორმაცია, რის გამოც ტონი პოდესტასთან დაახლოებულ ერთ-ერთ პერსონას (ვინაობას არ დავასახელებთ) დავუკავშირდით და შემდეგი შინაარსის შეკითხვები გავუგზავნეთ: "მართალია თუ არა, რომ  მიხეილ სააკაშვილმა გადაგიხადათ თანხა ბარაქ ობამასთან შეხვედრის ორგანიზებისათვის? რა ღონისძიებებისთვის დაიხარჯა ფული და რას ითხოვდა თქვენგან საქართველოს ხელისუფლება? ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ძალიან გავლენიან პერსონებს შეხვდა, იყო თუ არა რომელიმე შეხვედრა თქვენი ორგანიზებული?"

პასუხმა ძალიან დაიგვიანა. ბოლოს, ზემოთ ხსენებულმა პერსონამ (ვისი დახმარებითაც პოდესტასთან დაკავშირებას ვცდილობდით) ზოგადი ხასიათის წერილი გამოგვიგზავნა: "კითხვები ძალიან ინტიმურია ლობისტური კომპანიისთვის, რომელსაც წმინდა წესად მიაჩნია საიდუმლოდ შეინახოს კლიენტთან ურთიერთობის ასეთი დეტალები. ამ შემთხვევაში ის იქცევა ისე, როგორც ექიმი ან ადვოკატი მოიქცეოდა".

ჩვენთვის გაუგებარია, რატომ დამალა ლობისტურმა კომპანიამ ბარაქ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის ორგანიზების დეტალები, თუ ამერიკული კანონმდებლობით ეს ინფორმაცია საჯაროა და იუსტიციის სამინისტროს საიტზე მაინც გამოქვეყნდება. როგორც ჩანს,  კომპანია ანგარიშს უწევს საქართველოს ხელისუფლებას, საიდუმლოდ დატოვოს ლობისტურ კომპანიებთან საკმაოდ ძვირად ღირებული ურთიერთობის ამბავი.

სხვათა შორის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებსაც ჰყოლიათ აშშ-ში ლობისტი - მარკ სეილორი, რომელსაც ორივე დე ფაქტო ხელისუფლებისგან 720.000 დოლარი (შესაბამისად, 360.000-360.000) აუღია. მათიას ჰუთერს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს რუსული ფულია. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გრაფაში გაცილებით მეტი ჩამონათვალია, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების ლობისტურ კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში.

მაგალითად, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა  ლობისტისგან ითხოვს პიარმომსახურებასა და კონსულტაციის გაწევას, აღწერას პრესაში, თუ რა ნაბიჯები გადადგა აფხაზეთმა დემოკრატიის გასავითარებლად და დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად: "სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სამართლებრივი სისტემის შექმნა, ეკონომიკის განვითარება, ქართველებისა და სხვა ეთნიკური უმცირესობების დაცვა". ითხოვს იმის ხაზგასმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია "რუსეთთან კარგი ურთიერთობა", მათ შორის, "რუსეთის ბაზების დატოვება აფხაზეთში".

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა ლობისტთან გაფორმებული ხელშეკრულებით ითხოვს პიარმომსახურებას, რომელიც "სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის წარმოებულ ძვირად ღირებულ და აგრესიულ პოლიტიკას" ამხელს, ასევე, ხაზს გაუსვამს, თუ როგორ დაიცვეს რუსეთის საჯარისო ფორმირებებმა სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოქალაქეები ქართული საჯარისო ფორმირებებისგან და რომ საჭიროა რუსეთის ჯარების დატოვება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რათა თავიდან აიცილონ საქართველოს ახალი თავდასხმა".

ასე რომ, საჭიროა თუ არა ლობისტური კომპანიების დაქირავება და მათთვის თანხების გადახდა, დასკვნის გაკეთება თქვენთვის მოგვინდვია.