როდის "გაიხსნება" საქართველო?! - კვირის პალიტრა

როდის "გაიხსნება" საქართველო?!

"ხელისუფლება ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, თორემ ერთ დღესაც შეიძლება დაუმორჩილებლობის ზვავი მოწყდეს. რაც ბოლნისში მოხდა, ძალიან ცუდი იყო, მაგრამ - დამაფიქრებელიც"

საქართველო ისევ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ცხოვრობს და უმთავრესი კითხვაც არ შეცვლილა: როდის დავუბრუნდებით ჩვეულს თუ არა, ცხოვრების ისეთ რიტმს მაინც, როცა ამდენი აკრძალვა არ შეგვზღუდავს? როგორც სპეციალისტები ამბობენ, ყველაფერი დამოკიდებულია ინფექციის გავრცელების მასშტაბზე.

დღევანდელ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ვითარებაზე ექსპერტ გია ხუხაშვილს ვესაუბრებით.

- როგორ ფიქრობთ, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების საფრთხის გადავლას როდის უნდა ველოდოთ, ანუ როდის შეიძლება ამუშავდეს ქვეყანა და მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა იძლევა თუ არა საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ პოსტკორონავირუსულ პერიოდს საქართველო მეტ-ნაკლებად გაუმკლავდება?

- სისტემურად ქვეყნის გახსნის დაწყებას ივნისში უნდა ველოდოთ, თუმცა ზუსტად რამის თქმა ძნელია. ვფიქრობ, ზოგი აკრძალვა შეიძლება მანამდეც მოიხსნას, მაგრამ პროცესების სისტემურად აღდგენა ივნისამდე ვერ დაიწყება, ყველაფრის სრულად ამუშავებას კი, ალბათ, კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება. რაც შეეხება იმას, როგორი იქნება პოსტკორონავირუსული პერიოდი, ამ ე.წ. ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით ეს ძალიან ბუნდოვანია. საქმე ის არის, რომ ჩემი აზრით, რაც ჩვენ მთავრობისგან მოვისმინეთ, ვერაფრით ჩაითვლება ეკონომიკის სტიმულირების გეგმად. ხელისუფლებამ წარმოადგინა სოციალური ნაწილი, რომელზეც არ შევჩერდები. მეც მგონია, რომ ამ მიმართულებით გამოყოფილი დახმარება საკმარისი არ არის, მაგრამ რეალობა ასეთია - ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფო ბიუჯეტს მეტი სოციალური ტვირთის აღება არ შეუძლია.

რაც შეეხება ეკონომიკურ მიმართულებას... ჯერ გიორგი გახარიამ გამართა პრეზენტაცია, მერე - ნათია თურნავამ. დიდი ყურადღებით მოვუსმინე ორივეს და მიმაჩნია, რომ მათ რეალურად არც ერთი ანტიკრიზისული იდეა არ წარმოუდგენიათ. ფაქტობრივად, რაზეც გველაპარაკნენ, არის კარგად დავიწყებული ძველი, ანუ მტვერი გადაწმინდეს უკვე გაცხადებულ ინიციატივებს და წარმოგვიდგინეს, როგორც ანტიკრიზისული. ვგულისხმობ თუნდაც დღგ-ის დაბრუნებას, რაც იყო ბახტაძის პრემიერობის დროსაც. მეორე, რაზეც გველაპარაკებიან, ისევ და ისევ არის ტურიზმთან დაკავშირებული გეგმები, რაც, ახლანდელი ვითარების გათვალისწინებით, წყალში გადაყრილი ფული იქნება, რადგან ტურიზმის პერსპექტივა 2022 წლამდე მაინც ძალიან ბუნდოვანია. ამის ერთი მიზეზი ის არის, რომ კაცობრიობამ მიიღო სერიოზული სოციალური სტრესი და ამ სტრესის ფონზე საერთაშორისო ტურიზმის მასშტაბი, ალბათ, განახევრდება. ადამიანები სტრესის მოლოდინში იქნებიან და, ბუნებრივია, ბევრს ვეღარ იმოგზაურებენ. მეორე მიზეზი კი არის ის, რა დღეშიც აღმოჩნდა ტურისტული ნაკადის ძირითადი ნაწილი - საშუალო ფენა, რომელმაც შინ ჯდომისას ტურიზმისთვის განკუთვნილი რეზერვი უკვე დახარჯა. ვფიქრობ, რომ მომავალი წელი იქნება წელი შვებულებების გარეშე. ასე რომ, ტურიზმზე ყურადღების გამახვილება, რაღაც გაიდლაინებსა და პირბადიან ტურიზმზე ლაპარაკი საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და პროპაგანდაა.

მოკლედ, ის, რაზეც ხელისუფლება გველაპარაკება, არ არის ეკონომიკის აღორძინების გეგმა. ვფიქრობ, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც დღეს საშუალო და წვრილ ბიზნესში გვაქვს, ამ რესურსების დახარჯვა უფრო ეფექტიანად შეიძლებოდა.

- შეკითხვა ასე დავსვათ: რა არის აუცილებელი ეფექტიანი და წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის გასატარებლად? - იმისთვის, რომ დაავადებას წარმატებით უმკურნალო, თავდაპირველად დიაგნოზი უნდა დასვა სწორად. რა არის დღეს საშუალო და წვრილი ბიზნესის რესტარტის მთავარი პრობლემა? ის, რომ ეს სეგმენტი, ძირითადად, მუშაობს კრედიტებით, დღეს კი, როცა გაჩერებული არიან, საბანკო პროცენტი მაინც ერიცხებათ. ამასთანავე, შექმნილი ფორსმაჟორის გამო ბევრმა გადასახადები ვერ გადაიხადა და ამ გადასახადებთან ერთად მათ უგროვდებათ სახელმწიფოს ვალი ჯარიმა-საურავების სახით. აი, ასეთია ვითარება და როდესაც რესტარტის დრო დადგება, საბანკო კრედიტების მომსახურებისა და ჯარიმა-საურავების ტვირთი შეიძლება ისეთი მძიმე აღმოჩნდეს, რომ ისინი სულაც გაკოტრდნენ. ხელისუფლებას თუ სურდა, ეკონომიკას დახმარებოდა, ბანკებთან ერთობლივი მუშაობით სწორედ წვრილი და საშუალო ბიზნესისთვის უნდა შეემსუბუქებინა ეს ტვირთი. ისიც საკითხავია, ფორსმაჟორისას სამართლებრივად სწორია თუ არა საგადასახადო დავალიანების დაგროვება ადამიანისთვის, რომელსაც საქმიანობა თავისი ნებით არ შეუწყვეტია! ვფიქრობ, მათ შეუძლიათ, სასამართლოშიც იბრძოლონ და სახელმწიფო გადასახადების გადახდა შეაჩერონ, მაგრამ სახელმწიფომ საქმე აქამდე არ უნდა მიიყვანოს. ის ბიზნესის მიმართ სოლიდარული უნდა იყოს და ბანკებთან ერთად შეძლოს კონტრპროექტის განხორციელება.

მხოლოდ ვალების გადავადებაზე კი არ უნდა იყოს ლაპარაკი, არამედ კრიზისის პერიოდში გარკვეული ტიპის გადასახადებზე არდადეგები უნდა გამოცხადდეს. გარდა ამისა, როცა რესტარტის დრო დადგება, კომპანიებს მუშაობის განახლებისთვის აუცილებლად დასჭირდებათ საწყისი კაპიტალი, რომელიც მათ უნდა მიიღონ შეღავათიანი პირობებით, ანუ ე.წ. იაფი ფულის სახით იმ პირობით, რომ შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს. ასეთი გეგმა, თანაც - ზუსტი სეგმენტების გამოყოფით, ხელისუფლებას უკვე შემუშავებული უნდა ჰქონდეს.

ჩემი აზრით, ეს ღონისძიებები შეეხება მხოლოდ საშუალო და წვრილ ბიზნესს და არამც და არამც - დიდ კომპანიებს, რომელთაც აქვთ საკმარისი რესურსები, რომ საკუთარი პრობლემები თვითონ მოაგვარონ.

გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ხელისუფლებას უკვე უნდა წარმოედგინა კრიზისულ სიტუაციებში ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების გეგმაც. ჩვენ მხოლოდ ეკონომიკის რესტარტის პრობლემა კი არ გვაქვს, არამედ უკვე ცხადად ჩანს, რომ იმ ტიპის ეკონომიკა, როგორიც კრიზისამდე გვქონდა (როდესაც დამოკიდებული ვიყავით ტურიზმზე, მომსახურების სფეროზე და ა.შ.) ვეღარ გვექნება. იმისთვის, რომ მომავალი კრიზისული სიტუაციებისთვის მოვემზადოთ,

ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური უსაფრთხოება, ანუ საწარმოო სექტორის განვითარება, რითაც გადავწყვეტთ ორ მნიშვნელოვან პრობლემას. პირველი - ქვეყანაში შეიქმნება მეტ-ნაკლებად თვითკმარი სისტემა და მეორე - გადაწყდება დასაქმების პრობლემა.

სტაბილური დასაქმება მხოლოდ საწარმოო, ინდუსტრიულ სეგმენტშია შესაძლებელი, რომლის განვითარების გეგმაა დასაწერი. ამასთან, ეს უნდა მოხდეს კრიტიკული სამომხმარებლო კალათის მიხედვით, ანუ უპირველესად უნდა განისაზღვროს აუცილებელი მოხმარების საგნები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში უნდა იწარმოებოდეს, რათა მომავალი კრიზისების დროს დაუძლეველი პრობლემების წინაშე არ აღმოვჩნდეთ.

ამ ყველაფერზე ხელისუფლება დღეს უნდა ლაპარაკობდეს, თუ მას სურს წარმართოს რეალური ეკონომიკური პროცესი, მაგრამ მეჩვენება, რომ ხელისუფლება არაფრის შეცვლას არ აპირებს. ისინი ფიქრობენ მხოლოდ არჩევნებზე და მათი ძალისხმევაც აქეთ არის მიმართული. სოციალური პაკეტიც ემსახურება პოლიტიკურ ამოცანას, ანუ ირიბად ამომრჩევლის მოსყიდვას.

- საარჩევნო თემას დავუბრუნდებით, მანამდე კი ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ როგორც პრემიერის, ისე ეკონომიკის მინისტრისგან ბოლო დროს არაერთი განცხადება მოვისმინეთ სწორედ "ადგილობრივი ინდუსტრიის" განვითარების მნიშვნელობაზე... წარმოდგენილ პრეზენტაციებში ლაპარაკი იყო სოფლის მეურნეობისა და დამწყები ბიზნესის წახალისებაზეც. - გეთანხმებით, განცხადებები იყო, მაგრამ არ მოგვისმენია პასუხი მთავარ კითხვაზე - როგორ აპირებენ ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ისინი კვლავაც ლაპარაკობენ პროექტზე "აწარმოე საქართველოში", რომელიც უკვე რამდენიმე წელია, მუშაობს, მაგრამ ამან ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრება ვერ შეცვალა, მისი ეფექტი თითქმის შეუმჩნეველია, სხვა სიახლე კი ხელისუფლების განცხადებებში არ ჩანს.

ლოზუნგებით გველაპარაკებიან და ამ ლოზუნგებს გეგმები არ მოჰყვება, მეტიც - სრულიად საპირისპიროდ იქცევიან. მაგალითისთვის გაგახსენებთ ქათმის იმპორტზე დაწესებული იმ შეზღუდვის მოხსნას, რომელიც წყლის შემცველობის სტანდარტს ემყარებოდა. მოხსნეს ეს შეზღუდვა, რითაც სტიმული მისცეს იმპორტს და პრობლემა შეუქმნეს ადგილობრივ წარმოებას. ამით ზარალდება არა მხოლოდ ადგილობრივი ბიზნესი, არამედ ვზარალდებით მომხმარებლებიც, რომლებიც, როგორც ირკვევა, ქათამს კი არ ვჭამთ, წყალს ვსვამთ.

ეს არის კონკრეტული მაგალითი იმისა, როგორი არათანამიმდევრულია ხელისუფლება, როცა გველაპარაკება ადგილობრივი ბიზნესის პროტექციონისტულ პოლიტიკაზე, თუმცა საპირისპიროდ იქცევა.

რატომ არის ხელისუფლება იმპორტიორის და არა - ადგილობრივი მეწარმის მოკავშირე? იმიტომ, რომ იმპორტს სწრაფი ფული მოაქვს, ადგილობრივი წარმოების განვითარებას კი დრო სჭირდება. ხელისუფლება, რომელიც ორიენტირებულია ძალაუფლების შენარჩუნებასა და ნებისმიერი გზით ბიუჯეტის შევსებაზე, ყოველთვის იმპორტიორის ლობისტია.

- საარჩევნო თემას დავუბრუნდეთ... დღევანდელმა მდგომარეობამ მომავალი საპარლამენტო არჩევნები თითქოს მეორეხარისხოვან საკითხად აქცია. გაურკვეველია ისიც, ქვეყანაში დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება თუ არა... ამ ვითარებაში განსაკუთრებით ოპოზიცია გამოიყურება დაბნეულად. რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ საარჩევნოდ სამოქმედო გეგმა არ აქვთ, მეტიც - ამაზე თითქოს არც ფიქრობენ... - დარწმუნებული ვარ, ბევრსაც ფიქრობენ, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავენ. ჩვენი პოლიტიკური ელიტა პოლიტიკურ პროცესს ყოველთვის რეიტინგებით ზომავს, რაც დიდი შეცდომაა, რადგან რეიტინგი, პოლიტიკური თვალსაზრისით, არასტაბილური პარამეტრია, რომელიც შეიძლება ერთ კვირაში დაემხოს. სტაბილურია მხოლოდ ავტორიტეტი. შეიძლება ვიღაცას ნეგატიურად აფასებდნენ, მაგრამ მას ჰქონდეს სტაბილური პოლიტიკური წონა. დღეს ხელისუფლება ფიქრობს, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი მის მიმართ ლოიალურად არის განწყობილი. მართლაც ასეა, რაც შემთხვევითი არ არის. დღეს თითქმის ყველა ქვეყანაში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ხელისუფლების რეიტინგი გაზრდილია, მაგრამ ამის ახსნა იოლად შეიძლება - დღეს ადამიანები საკუთარ განწყობას შიშსა და მოლოდინზე აფუძნებენ. სიკვდილის შიში, რაც დღეს ამ პანდემიის გამო დომინირებს, ადამიანებს ლოიალურად განაწყობს მათ მიმართ, ვისზეც დამოკიდებულია პროცესის მართვა, ანუ ხელისუფლების მიმართ, მაგრამ როგორც კი სიკვდილის შიში უკან იხევს და წინ იწევს შიმშილის შიში, მაშინვე ჩნდება აგრესია, რომელიც შეიძლება ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს. ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ დღევანდელი ვითარება, როცა საზოგადოება ყველა მათ გზავნილს ლოიალურად ხვდება, სამუდამოდ გაგრძელდება. ასე არ იქნება.

საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან არჩევნებამდე 60 დღე უნდა გავიდეს და ეს 60 დღე შეიძლება სრულიად საკმარისი აღმოჩნდეს, რომ ხელისუფლებას ყველაფერი თავზე დაემხოს, თუ მან პოსტკრიზისული რეალური ღონისძიებები არ გაატარა.

რაც შეეხება ოპოზიციას, მას აქვს ორი პრობლემა. პირველი ის, რომ დაიღალნენ შინ ყოფნით და უნდათ, რაღაც აკეთონ, თუმცა მათი ეს ნეგატიური ფაფხური არაფრის მომცემია. როცა ოპოზიციონერი ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის კრიტიკას იწყებს, ეს საზოგადოების უკურეაქციას იწვევს. ვფიქრობ, დღეს ხალხს უფრო პოზიტიური გზავნილები სჭირდება.

დღეს ოპოზიცია სპეციალისტებს ჭკუას კი არ უნდა ასწავლიდეს, ტესტირება როგორ ჩაატარონ ან როგორ მართონ პროცესი, არამედ უნდა ლაპარაკობდეს საკუთარ გეგმებზე, პოსტკრიზისული ვითარებიდან თავის დაღწევის მათეულ შეხედულებებზე. დღევანდელ ვითარებაში ხელისუფლების კრიტიკა არაფრის მომცემია. პოლიტიკაში სტრატეგიული მოთმინება უმნიშვნელოვანესია, ჩვენი პოლიტიკური ელიტა კი სულსწრაფია.

- რამდენიმე დღის წინ ექიმები და სამართალდამცავები ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ჩავიდნენ რამდენიმე ინფიცირებულის წამოსაყვანად, მაგრამ იქაურმა მოსახლეობამ მათ წინააღმდეგობა გაუწია, მეტიც - დააზიანეს სოფლის რწმუნებულის მანქანა. მეორე დღეს პაციენტების სტაციონარში გადაყვანა მაინც მოხერხდა, მაგრამ მეტისმეტად უსიამოვნო სანახავი იყო ადგილობრივთა აგრესია. რით შეიძლება მომხდარის ახსნა? - უნდა გვესმოდეს, რომ შევდივართ ძალიან სახიფათო ფაზაში, როცა ხელისუფლებისადმი ლოიალობის ლიმიტი იწურება. შინ უსახსროდ გამოკეტილ ხალხში აშკარად გროვდება აგრესია, რაზეც ზემოთაც ვილაპარაკე. ხომ ნახეთ, რა მოხდა მიჩიგანში?! იზოლაციით გაბეზრებული ადამიანები შეიარაღდნენ და ადგილობრივ კაპიტოლიუმში შეიჭრნენ! ეს იმის ნიშანია, რომ მოქალაქეები ხელისუფლების მოქმედებების მიმართ მუდმივად ლოიალურად განწყობილი არ იქნებიან.

ხელისუფლება ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, თორემ ერთ დღესაც შეიძლება დაუმორჩილებლობის ზვავი მოწყდეს. რაც ბოლნისში მოხდა, ძალიან ცუდი იყო, მაგრამ - დამაფიქრებელიც. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ამგვარი პროცესები სისტემურ საფრთხედ არ იქცეს.

- "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მთელი ამ კრიზისის განმავლობაში საზოგადოებასთან არ გამოჩენილა, თუ არ ჩავთვლით იმ შემოწირულობას, რაც მან კორონავირუსთან საბრძოლველად გაიღო და ამაზე მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ რით შეიძლება აიხსნას მისი დუმილი? ვნახეთ მისი ვაჟის გავრცელებული სახალისო ვიდეოც, რასაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. - "ტიკ-ტოკის" ვიდეოზე დიდ ყურადღებას არ გავამახვილებდი - ბოლოს და ბოლოს, ყველა მამა-შვილი შეიძლება ასე გაეთამაშოს ერთმანეთს, მაგრამ ალბათ, დრო იყო ცუდად შერჩეული, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტური ძალაუფლების მქონედ აღიქმება და კრიზისის დროს დაზაფრული ხალხი მისგან სხვა რამეს ელოდება. სხვა საქმეა, რა მიმართულება აირჩია "ქართულმა ოცნებამ", რაც, ჩემი აზრით, შემაშფოთებელია. ჩვენ ვნახეთ "ქართული ოცნების" უსტარი, რომლითაც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, ისე წარმოაჩინოს ვითარება, თითქოს ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ადამიანი, ის არის ზეადამიანი. მათ განცხადებებში რელიგიური მოტივებიც გაჩნდა - გვეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი ღმერთივით არსად და ყველგან არის. მოკლედ, საკრალიზაციის ტექნოლოგიას იყენებენ, რაც მეტისმეტად შემაშფოთებელია და სახიფათოა უპირველესად სწორედ ბიძინა ივანიშვილისთვის. იმედია, თვითონ ჯერ ისევ ესმის, რომ ჩვეულებრივი ადამიანი და მოკვდავია, თავისი ნაკლით და ღირსებით, მაგრამ თუ მასაც მოსწონს ეს "რელიგიური პოლიტტექნოლოგია", ცუდად ყოფილა საქმე.

- მეც გავიზიარებ ნახევრად ხუმრობის თქვენეულ ტონს და კიდევ ერთ "ღმერთკაცზე" - მიხეილ სააკაშვილზე გკითხავთ... - სწორი შენიშვნაა - სააკაშვილიც სექტის ლიდერია. ფაქტობრივად, "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის ბრძოლა უკვე ლამის რელიგიად დამკვიდრებისთვის ბრძოლაა...

- უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი ვიცე-პრემიერად ვერ დაინიშნა, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც საქართველოს ხელისუფლების ძალიან მწვავე რეაქცია იყო. ახლა გვესმის განცხადებები, რომ მას ახალ თანამდებობას გამოუძებნიან. საინტერესოა, რატომ გახდა ზელენსკის მთავრობისთვის ასეთი მნიშვნელოვანი სააკაშვილი, მით უფრო, რომ მათ აქვთ პოროშენკოს მაგალითი? - მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონოდა საპროტესტო რეაქცია, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს რეაქცია გასცდა დიპლომატიურ საზღვრებს, რაც ძალიან ცუდია. საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ულტიმატუმებით ლაპარაკი, რითაც უკურეაქცია გამოიწვიეს. უკრაინაში ეს მათ შიდა საკადრო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად აღიქვეს. ამბობენ, რომ სააკაშვილი, ალბათ, იქნება ზელენსკის პირადი წარმომადგენელი მთავრობაში, რაც უარესია - მას ექნება მაღალი პოლიტიკური წონა და ნაკლები პასუხისმგებლობა. რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლების მოტივს, პოლიტიკურად ამის ახსნა შეიძლება. უკრაინაში არის ოლიგარქიული, ჩამყაყებული სისტემა, რომლის დანგრევა ზელენსკიმ ვერ მოახერხა, არადა სცადა და ახლაც ცდილობს. მას სჭირდება პოლიტიკური ბულდოზერი, რომელიც ამ ყველაფერს მიანგრ-მოანგრევს. ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ, შეუძლია თუ არა სააკაშვილს პოზიტიურად მოქმედება, მაგრამ დანგრევა რომ ეხერხება, ეს არაერთხელ გვინახავს.