ზურაბ ჭიაბერაშვილი: "რატომ არ არიან რისკჯგუფებში სამხედროები და პოლიციელები?"
ზურაბ ჭიაბერაშვილი: "რატომ არ არიან რისკჯგუფებში სამხედროები და პოლიციელები?"
"ახლა, სახელმწიფო პროგრამებიდან 56 სამედიცინო დაწესებულების გამოხშირვა აბსოლუტურად გაუმართლებელია"

"ქართველებს კარგი გამოთქმა გვაქვს, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო, დაველოდოთ, მაგრამ თამამად ვამბობ, ამ ეტაპისთვის გარკვეულწილად შევაკავეთ ეპიდემია", - ამბობს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, სათანადო ღონისძიებები კომპლექსურად და დროულად გატარდა, რადგან ჰქონდათ ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა მსოფლიოში და უკვე იანვრიდან ემზადებოდნენ. ეპიდემიოლოგების კარგად მუშაობასა და პანდემიის შესაკავებლად დროულად გატარებული ღონისძიებების დადებით შედეგებზე საუბრობს ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი, პოლიტიკოსი ზურაბ ჭიაბერაშვილიც, თუმცა მიაჩნია, რომ ეპიდემიოლოგების კარგად დაწყებული საქმე შესაბამისად ვეღარ გააგრძელა მმართველმა გუნდმა და შეცდომები დაუშვა, რის გამოც შესაძლოა ქვეყანაში ვითარება გართულდეს.

- ეპიდემიოლოგების კარგი მუშაობის შედეგად ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა დრო მოგვეგო და საჭირო ღონისძიებები გაგვეტარებინა. სწორედ ამის შედეგია,
რომ დღეს ქვეყანაში ვირუსი ფართოდ არ არის გავრცელებული. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს მთავრობის გაუაზრებელი ქმედებები მოჰყვა. მაგალითად, გაუგებარია, რას ემსახურება კომენდანტის საათი. ხელისუფლებამ დააწესა შეზღუდვები, რომლებიც ვირუსის შეკავების საქმეში არსებითად არაფერს ცვლის, მაგრამ ეკონომიკას აზარალებს.

დღეს ბევრი ისეთი საწარმოა გაჩერებული, რომლებმაც ჯერ კიდევ მარტის დამდეგს მიმართეს ხელისუფლებას, რომ სტანდარტებს აკმაყოფილებდნენ.
საგანგებო მდგომარეობის პერიოდი ხელისუფლებას უნდა გამოეყენებინა საავადმყოფოების უკეთესი მომზადებისთვის, მედპერსონალის საჭირო ეკიპირებით აღჭურვისა და ისეთი ღონისძიებების გატარებისთვის, რომ კლინიკებში ინფექციის შიდა გავრცელება არ დაწყებულიყო. სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტროს კოორდინირებული მუშაობა ვერ დავინახეთ. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ ტესტები არ უკეთდება ყველა იმ რისკჯგუფსაც კი, რომლებიც დიაგნოსტიკის ალგორითმში არიან ჩამოთვლილი.

ტესტირება რეგულარულად არ უტარდებათ ექიმებსა და ექთნებსაც, არადა, ეს აუცილებელია, ისევე, როგორც აუცილებელია კლინიკაში მოხვედრილი ნებისმიერი პაციენტის შემოწმება.

- რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრეს სამედიცინო პერსონალის, ეპიდემიოლოგიური ჯანდაცვის მუშაკების, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისა და კარანტინში მყოფთა გაფართოებულ ტესტირებასა და კლინიკაში ყველა პაციენტის გამოკვლევის შესახებ.
- მაზე ლაპარაკი მხოლოდ ახლა დაიწყო, ალგორითმი კი აპრილის პირველ რიცხვებში დამტკიცდა. ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც განაცხადეს, რომ ტესტების მარაგი ივსება და ნელ-ნელა რისკჯგუფების შემოწმება დაიწყებოდა. საინტერესოა, რატომ არ არიან რისკჯგუფებში სამხედროები და პოლიციელები?
მთავრობის სპიკერები ტერმინებს ხშირად იმდაგვარად ურევენ, რომ ცდილობენ ჟურნალისტები დაგაბნიონ. მაგალითად, მინისტრმა ტიკარაძემ თქვა, დიაგნოსტიკას ვუტარებთ ჯარისკაცებსა და პოლიციელებსო. ბოლოს დაამატა სიტყვა "თერმოსკრინინგი". სიცხის გაზომვა ნამდვილად არ არის ალგორითმის შესრულება.

ძალიან კარგია, რომ ცოტა ინფიცირებული გვყავს, თუმცა ძალიან მაშფოთებს ასე ცოტა დაინფიცირებულთა ფონზე სამოცდაათზე მეტი მედიცინის მუშაკის დაინფიცირება. ეს ნიშნავს, რომ საავადმყოფოში ინფექციის გაკონტროლების სათანადო მექანიზმი არ არის. ჩვენ ჯერ კიდევ არა ვართ გასული ფართო დიაგნოსტიკის იმ მაჩვენებელზე, რომელიც აუცილებელია, რათა ვირუსი უკონტროლოდ არ გავრცელდეს. ფართო დიაგნოსტიკის გარეშე ეპიდემიოლოგებს ძალიან გაუჭირდებათ ყველა დაინფიცირებულის კონტაქტების კუდში დევნა.

- მედპერსონალი ისეთ ქვეყნებშიც დაინფიცირდა, სადაც ჯანდაცვა კარგად მუშაობს, მაგალითად, ამერიკასა და იტალიაში.
- ამერიკასა და იტალიაში სისტემა ძალიან გადაიტვირთა, ექიმები გადაიღალნენ, უსაფრთხოების ნორმების დარღვევა სტრესითა და გადაღლით იყო განპირობებული. ჩვენთან ქართველ ექიმებს არ უწევთ ისეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობა, როგორც ამერიკაში, იტალიაში ან თუნდაც ესპანეთში. ეპიდემიოლოგები თავის საქმეს კარგად აკეთებენ, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს გაცილებით მეტი ქმედუნარიანობის გამოჩენა სჭირდება.

- ცოტა ხნის წინ 56 სამედიცინო დაწესებულებას შეუწყდა სახელმწიფო დაფინანსება. რატომ გახდა ეს აუცილებელი ახლა, როდესაც სამედიცინო მომსახურება თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია?
- მთავრობამ მე-15 დადგენილება მიიღო 9 იანვარს, რომელიც გასულ წელს მიღებული ცნობილი 520-ე დადგენილების გაგრძელებაა. მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ის სამედიცინო დაწესებულებები დაფინანსდებიან, სადაც ბენეფიციართა რიცხვი 13 000 კაცზე მეტია. ახლა, როდესაც თითოეული მედიცინის მუშაკი ძალიან გვჭირდება, სახელმწიფო პროგრამებიდან 56 სამედიცინო დაწესებულების გამოხშირვა აბსოლუტურად გაუმართლებელია. როდესაც მსოფლიოს წამყვანი ეპიდემიოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ზამთრისთვისაც კარგად უნდა მოვემზადოთ, გადამწყვეტი იქნება ოჯახის ექიმების მუშაობა.

ხათუნა ბახტურიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები