ვახტანგ ძაბირაძე: "ხელისუფლება ძალიან სახიფათოდ თამაშობს" - კვირის პალიტრა

ვახტანგ ძაბირაძე: "ხელისუფლება ძალიან სახიფათოდ თამაშობს"

"ხელისუფლება ნამდვილად ძალიან დიდ შეცდომას უშვებს. ალბათ, იმის იმედი აქვს, რომ საარჩევნო სისტემას ძველი საარჩევნო მოდელით ჩაატარებს და სასურველ შედეგს მიიღებს"

ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად შექმნილ რეალობაზე, ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმასა და შედეგებზე, ოპოზიციონერი ლიდერების ინიციატივებსა და მმართველ გუნდთან მათი ბრძოლის ახალ მეთოდებზე პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

- როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებას ამუნათებდა, სწრაფად წარმოედგინა ანტიკრიზისული გეგმა, მე ვამბობდი, რომ ხელისუფლებას არ უნდა ეჩქარა. ფინანსური გარანტიები იყო საჭირო, რათა რეალური ანტიკრიზისული გეგმა შეეთავაზებინათ ხალხისთვის. სიმართლე გითხრათ, იმედი გამიცრუვდა, გიორგი გახარიასგან რაც მოვისმინე, ეს ანტიკრიზისული გეგმა კი არა, რაღაც განზრახულობათა პაკეტია. გასაგებია, ჩვენს ქვეყანას არა აქვს ისეთი დიდი ბიუჯეტი, რომ სოციალური დახმარება სოლიდური ყოფილიყო. აქ ლაპარაკია იმაზე, თუ რამდენად სამართლიანია ამ დახმარების გადანაწილება. ჰაერშია გამოკიდებული თვითდასაქმებულთა დახმარების საკითხი. ვფიქრობ, უმრავლესობა ვერც მოიძიებს საჭირო საბუთს, რომ დახმარებით ისარგებლოს. ანტიკრიზისული გეგმიდან მთლიანად არის ამოვარდნილი სოფლის მეურნეობა და სოფელში მცხოვრებთა დახმარება. ჩვენ ასევე არ ვიცით, გაგრძელდება თუ არა კომუნალური გადასახადების დაფინანსება სამი თვის შემდეგ. რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, ისევე როგორც სოციალურს, გზადაგზა გვაშველებენ განმარტებებს, თუ რა თქვა პრემიერმა. თითქოს ხელისუფლება თავადაც არ არის ჩამოყალიბებული, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. იმედი მქონდა, რომ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენამდე ფინანსური გარანტიების მოძიებასთან ერთად საორგანიზაციო საკითხებსაც მოაგვარებდნენ. ახლა რა გამოდის? 15 მაისამდე ის უნდა გავარკვიოთ, ვინ რა ოდენობის დახმარებას მიიღებს?

არა მგონია, ხელისუფლებას საქმე საამაყოდ ჰქონდეს. ხომ ვნახეთ, რა პრობლემის წინაშე დადგა, როდესაც ლაგოდეხელმა და მარნეულელმა ფერმერებმა მოსავლის რეალიზება ვერ მოახერხეს? მალე გორსა და კახეთში ფერმერებს ხილი დაუმწიფდებათ, მერე დასავლეთში ციტრუსის დროც დადგება. საინტერესოა, ყველაფერი ეს თუ აქვთ გათვალისწინებული?

არა მგონია, ხელისუფლება სრულად იაზრებდეს კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების შესაძლო შედეგებს. ტურიზმის დახმარებაზე ლაპარაკისას რატომ ავიწყდებათ, რომ ამ ტურიზმს სოფელი ამუშავებს, რატომ ჰგონია ხელისუფლებას, რომ ძალიან კარგი პროგრამა შეიმუშავა.A ამ პროგრამით ისინიც კი არ იქნებიან კმაყოფილი, ვინც დახმარებას მიიღებენ. აღარაფერს ვამბობ მათზე, ვინც საერთოდ არაფერს მიიღებს. ხელისუფლებისთვის ძალიან რთული პროცესი იწყება. შეიძლება ითქვას, ის დღემდე თეთრ ცხენზე იჯდა.

ყველაზე კარგი იქნებოდა შექმნილიყო სპეციალური საბჭო, სადაც ყველა პოლიტიკურ ძალას მიეცემოდა თავისი რესურსის წარმოდგენა.

ხელისუფლებას შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელად პასუხისმგებლობა მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის უნდა გაენაწილებინა. ვგულისხმობ როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ კონცეპტუალურ ხედვას.

საზოგადოება ერთიანად უნდა გამოვიდეს ამ კრიზისიდან. ახლა კი ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ხელისუფლება ცდილობს პოლიტიკური ქულები მხოლოდ თავად მიითვალოს და ოპოზიციას არაფერი დაუტოვოს. ძალიან სახიფათოდ თამაშობს. ძალიან მალე მისი პოლიტიკური კაპიტალი გაქრება და პასუხისმგებელი მხოლოდ თავად იქნება. ამიტომ იყო საჭირო კონსოლიდაცია.

- რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ის, რომ ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასთან ბრძოლის გზაზე მედიცინის იმ მუშაკებს უპირისპირდება, რომლებიც საზოგადოებაში დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობენ? - როგორც ჩანს, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ბევრი პოლიტიკური დივიდენდი მიიღო ამ კრიზისისგან, და დაიწყო წამგებიანი ბრძოლა. გასაგებია, რომ ოპოზიციას მოქმედება და სწრაფი შედეგი უნდა, მაგრამ ახლა სწორედ ის მომენტია, როდესაც განზე დგომა და ლოდინი უფრო მომგებიანია. ანტიკრიზისული გეგმის ამოქმედებამდე მაინც უნდა მოეცადათ. რამდენიც უნდა აკრიტიკო ექიმები და ეპიდემიოლოგები, საზოგადოებას რეალობას სხვაგვარად ვერ დაანახებ. ამ გაუაზრებელი მოქმედებით ხელისუფლებას თეთრი ცხენიდან ვერ ჩამოაგდებენ.

- ხელისუფლებას თეთრი ცხენიდან ოპოზიცია ვერ ჩამოაგდებს, მაგრამ შესაძლოა თავად ჩამოვარდეს? - სწორედაც. მოსახლეობას უკვე მოჰბეზრდა შინ უსაქმოდ ჯდომა, სოციალური ვითარება მწვავდება, ფასები იზრდება, ხალხს ფული აღარ აქვს.

შესაძლოა ეპიდემიოლოგიური ვითარება მალე დარეგულირდეს, მაგრამ ძალიან გართულდება სოციალური პრობლემები, რაც ხელისუფლებისთვის კორონავირუსზე გაცილებით მძიმე ტვირთი იქნება. თუ სწრაფად არ გახსნის ბიზნესს, დღეს თუ ხვალ ხალხი აღარაფრად დაგიდევთ იმ 3000-ლარიან ჯარიმას და ქუჩაში გამოვა.

ან კომენდანტის საათი რას აძლევთ, ან ავტომობილით სამზე მეტი კაცის მგზავრობის აკრძალვა. ბიზნესის გახსნის ის გეგმაც კი, რომელიც წარმოგვიდგინეს, სრულიად ალოგიკურია.

- რას გულისხმობთ?

- მაგალითად, ალოგიკურია, როდესაც მანქანით გადაადგილების უფლებას იძლევი, მაგრამ პროფილაქტიკებს უკრძალავ მუშაობას. კიდევ ერთი თვალსაჩინო პრობლემა გვაქვს - მიუხედავად იმისა, ხელისუფლებამ 9 სახეობის პირველადი საჭიროების პროდუქტების ფასები დააზღვია, ფასები მაინც გაიზარდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება ვითარებას ვეღარ აკონტროლებს.

- არჩევნებამდე 6 თვე დარჩა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ერთნაირად ჩქარობენ და შეცდომებსაც ერთნაირს უშვებენ? - 6 თვე სავსებით საკმარისია, რათა გონიერმა ოპოზიციამ ხელისუფლებას ყირაზე დაუყენოს ყველაფერი. ხელისუფლება ნამდვილად ძალიან დიდ შეცდომას უშვებს. ალბათ, იმის იმედი აქვს, რომ საარჩევნო სისტემას ძველი საარჩევნო მოდელით ჩაატარებს და სასურველ შედეგს მიიღებს. ამ შემთხვევაშიც ცდება - თუ არჩეულ გეზს არ შეცვლის, ვითარება ძალიან დამძიმდება და ეს სიკეთეს არ მოუტანს.