"სააკაშვილს აშაყირებენ და თავად ვერც ხვდება" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს აშაყირებენ და თავად ვერც ხვდება"

"სააკაშვილის კანდიდატურა ვიცე-პრემიერის პოსტზე ზელენსკის გარედან შესთავაზეს, თავად მის მხარდასაჭერად სიტყვაც არ უთქვამს"

"მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში "სხვა ფორმატით" იმუშავებს, - განაცხადა ახლახან უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამიამ. უკრაინული მედიის ცნობით, დავით არახამიამ არ დააკონკრეტა, თუ რა პოზიციას გულისხმობდა. "ეს პრეზიდენტის ინიციატივაა. ჩვენ გვაქვს ხმების საკმარისი რაოდენობა გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, სხვა გადაწყვეტილება იქნა მიღებული და პრეზიდენტმა ეს მიხეილთან უკვე შეათანხმა. ეს მალე გახდება ცნობილი", - აღნიშნა არახამიამ. ცნობისთვის: როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტმა მას რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი რადიდან გაიწვია. უკრაინული მედია ასევე წერს, რომ მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა რეფორმების ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში შესვლა შესთავაზონ. სააკაშვილის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნას საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მსგავს ნაბიჯს საქართველოს შესაბამისი რეაქცია მოჰყვება, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კი უკრაინის რადას სპიკერ დმიტრო რაზუმკოვს წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ სააკაშვილის დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას მთავრობებს შორის. რატომ გამოიწვია უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი რადიდან და რომელ პოსტზე შეიძლება ვიხილოთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში, საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ირაკლი გოგავა გვესაუბრება.

- ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილის კანდიდატურა ვიცე-პრემიერის პოსტზე პრეზიდენტ ზელენსკის გარედან შესთავაზეს, თავად მის მხარდასაჭერად სიტყვაც არ უთქვამს. გარდა ამისა, უკრაინის კანონმდებლობით მსჯავრდადებული პირის სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნა აკრძალულია. რა თქმა უნდა, გავლენა იქონია საქართველოს ხელისუფლების მწვავე რეაქციამაც.

- უკრაინის მთავრობა ამბობს, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და თავად გადაწყვეტენ მისი თანამდებობაზე დანიშვნის საკითხს. - უკრაინიდან ამ ერთადერთი ნეგატიური გამოხმაურების ავტორი იყო ფრაქცია "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელი დავით არახამია. მან ხუთი წლის წინ ჩააბარა ქართული პასპორტი. ჩემთვის ყველაზე მძიმედ მოსასმენი იყო მისგან ისტორიული სამშობლოს ასეთი ცინიზმით და აგრესიით მოხსენიება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრეი ერმაკის ლობირებით დაიწერა სცენარი, რომ ვიცე-პრემიერად უნდა დაენიშნათ მიხეილ სააკაშვილი, გიზო უგულავა - ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად, ხოლო დავით საყვარელიძე ფედერალური გამოძიების ბიუროს ხელმძღვანელად. ამ სამეულს უნდა დაეტერორებინა უკრაინელი ჩინოვნიკები, ოლიგარქები და მათი ფული განაწილებულიყო.

როგორც ჩანს, დროებით გადადეს ოლიგარქებისა და მილიონერების ძარცვა ან სხვა მეთოდები შეარჩიეს.

- თქვენი ვერსიით, ზელენსკიმ სააკაშვილის დანიშვნის მითითება ვისგან მიიღო? - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკრაინული მედია ერმაკისა და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ნიკოლოზ პატრუშევის ფარულ შეხვედრებზე ხშირად ლაპარაკობდა, არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილის ვიცე-პრემიერობას რუსეთიც უჭერდეს მხარს.

რამდენიმე დღის წინ თანამდებობიდან მოხსნეს თავის დროზე სოროსის რეკომენდაციით დანიშნული საბაჟოსა და საგადასახადოს უფროსები; პოსტები დაატოვებინეს სოროსის რეკომენდაციით დანიშნულ მინისტრებსა და პრემიერ გონჩარუკს. მათ სანაცვლოდ აბრუნებდნენ მთავრობაში ქართულ სამეულს. სააკაშვილს შესანიშნავად ეხერხება ხალხის დატერორება, მილიარდები ამოიღო ქართველი ხალხისგან. რაც შეეხება

საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობას, ამ ორ ქვეყანას შორის ყოველთვის იქნება სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობები, ვინც უნდა იყვნენ ამ ქვეყნების მმართველები.

- რუსეთი რატომ უნდა იყოს დაინტერესებული უკრაინაში ვიცე-პრემიერად სააკაშვილის დანიშვნით?

- ერმაკის ლობირება მიუთითებს, რომ შესაძლოა რუსეთია დაინტერესებული უკრაინულ პოლიტიკაში სააკაშვილის გააქტიურებით. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთს აწყობს უკრაინაში დესტაბილიზაცია.

- რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ სააკაშვილი უკრაინაში დესტაბილიზაციას შექმნის? - როდესაც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, დაკარგა ტერიტორიები, აფხაზეთსა და ცხინვალში უკან დააბრუნა სიმწრით გაყვანილი რუსული სამხედრო ბაზები. ალბათ, იგივე მისია ექნებოდა რუსეთისგან დაკისრებული უკრაინაშიც.

- ახლა ლაპარაკია, რომ მას რეფორმების ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში შესვლას შესთავაზებენ. როგორ გგონიათ, დათანხმდება ამ წინადადებას? - ცუდია, რომ უკრაინა ინახავს ძებნილ პირს. სააკაშვილისგან კი რას უნდა ველოდოთ? სახურავებზე ირბინა, რესტორნებში სპეცრაზმს თავი ადევნინა. უკრაინაში მისი რეიტინგი 0,34%-ია, არჩევნებზეც დაახლოებით ამდენი მიიღო, რადაში ხმები ვერ მოაგროვა. როგორც ჩანს, ამ კაცს აშაყირებენ და თავად ვერც ხვდება.