"ოპოზიცია მძიმე ვითარებით სარგებლობს" - კვირის პალიტრა

"ოპოზიცია მძიმე ვითარებით სარგებლობს"

"გვეუბნებიან, რომ უმუშევრად დარჩენილებისთვის 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარი კი არა, 1.500 ლარი უნდა მიგეცათო. ამის მთქმელს ან ბიუჯეტის არაფერი გაეგება, ან პროვოკატორია"

ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლების ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმა ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს ვერ უპასუხებს. მამუკა ხაზარაძე, გიორგი ვაშაძე, დავით ბაქრაძე და ნინო ბურჯანაძე ირწმუნებიან, რომ მსოფლიოში პანდემიის გამოცხადებისთანავე მმართველ გუნდს მხარდაჭერა გამოუცხადეს, მოგვიანებით კი თავიანთი ანტიკრიზისული გეგმა და პრობლემის ერთობლივად აღმოფხვრაც შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს. რატომ არ მიიღო ხელისუფლებამ ოპოზიციის წინადადება, რას ფიქრობს ოპოზიციონერი ლიდერების ანტიკრიზისულ გეგმებზე და რას უპასუხებს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის შესახებ შეკითხვები აქვს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი გვესაუბრება.

- ოპოზიციის ინიციატივებს რეალობასთან საერთო არაფერი აქვთ. ყველას გვინდა საქართველოს ბიუჯეტი იყოს არა 14 მილიარდი, არამედ 35 ან 45 მილიარდი. ასე რომ იყოს, მაშინ გენახათ, რა კარგა რამეებს ვიტყოდით. გვეუბნებიან, რომ უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარი კი არა, 1.500 ლარი უნდა მიგეცათო. ამის მთქმელს ან ბიუჯეტის არაფერი გაეგება, ან პროვოკატორია.

- პრემიერმა გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას გვითხრა, რომ სხვადასხვა ბიზნესი, სამსახურები ეტაპობრივად დაიწყებენ მუშაობას და 3 თვეში ეკონომიკა სრულად ამოქმედდება. მაშ რატომ გადაანაწილეთ დახმარება 6 თვეზე? - თუ საზოგადოებამ საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული შეზღუდვები არ გაითვალისწინა, შესაძლოა 3-თვიანი პერიოდი კიდევ გაიზარდოს ან უკვე გაუქმებული შეზღუდვები აღდგეს.

ჩვენ ვცდილობთ ხალხის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ და ეკონომიკაც ძალიან არ ვაზარალოთ. აი, ამიტომ გავთვალეთ დახმარება 6 თვეზე.

- ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, თვითდასაქმებულებმა უნდა დაასაბუთონ, რომ ნამდვილად თვითდასაქმებული არიან. ხომ არ ფიქრობთ, რომ მათი დიდი ნაწილი ამას ვერ შეძლებს? - სახელმწიფოს საშემოსავლო სამსახურის საშუალებით მარტივად შეუძლია იმ პირთა იდენტიფიცირება, ვინც სამსახური დაკარგა.

თუ თვითდასაქმებულები ელემენტარულ ცნობას მაინც ვერ წარმოგვიდგენენ, ხელისუფლებამ რა ქნას, ქუჩა-ქუჩა დაიწყოს ხალხის გამოკითხვა?

- როგორ წარმოგიდგენიათ, 200 ლარი, რომელიც საარსებო მინიმუმზე ცოტა ნაკლებია, ხომ არ გახდება უკმაყოფილების საგანი? - რატომღაც ჩვენ გვაქვს ისეთი განცდა, რომ მსოფლიოში განსაკუთრებული არაფერი ხდება და ბიუჯეტიდან მილიონების გამოყოფას ითხოვენ დახმარებისთვის. აქ რომ ის ხდებოდეს, რაც იტალიასა და ესპანეთში ხდება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაც არ დაგვჭირდებოდა, ხალხი თავისი სურვილით ჩაიკეტებოდა სახლში. სხვათა შორის, სხვა ქვეყნებში ასეთი პირდაპირი ფინანსური ინტერვენციები არც არის.

- ფინანსური ინტერვენცია იტალიასა და ამერიკაში ემიგრანტებისთვისაც კი არის გათვალისწინებული. - იქ ეს დახმარება ერთჯერადი იყო. ასეთ მძიმე ვითარებაში ისეთი პრეტენზიები არ უნდა გვქონდეს, როგორიც ვთქვათ, იანვარში ან უფრო ადრე გვექნებოდა. ნაცვლად იმისა, ოპოზიცია ითვალისწინებდეს ჩვენს მძიმე მდგომარეობას, ვითარებით სარგებლობს. თუ რეალური იდეა აქვთ, გადმოგზავნონ საკოორდინაციო საბჭოში, ჩვენ ყველას განვიხილავთ.

- ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ საინტერესო ინიციატივები ჰქონდა. - მაგ ოპოზიციური პარტიებმა ჯერ ის თქვან, თავად რა აქვთ გაკეთებული სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და ხელისუფლებამ რა გააკეთა სახელმწიფო პროგრამებისა თუ "ქართუ ჯგუფის" დახმარებით და რჩევები მერე მოგვცენ.

ოპოზიციონერი ლიდერები ჭირვეულ ბავშვებს ჰგვანან, რომლებიც გაჰყვირიან, სოფლის მეურნეობის აყვავება გვინდაო, თან ვინ ლაპარაკობს ამაზე? ისინი, ვინც ხელისუფლებაში ყოფნისას სოფლის მეურნეობას ყურადღებას არც აქცევდნენ.

- ოპოზიციონერი ლიდერები იმასაც ამბობენ, რომ ბიუჯეტში ანტიკრიზისული გეგმისთვის უფრო მეტი სახსრები გამოიძებნებოდა, ხელისუფლებას ქამარი ცოტა მეტად რომ შემოეჭირაო. - მილიარდებია საჭირო ამ ანტიკრიზისული გეგმისთვის და ხელისუფლების ქამრის შემოჭერა უშველის?

ხათუნა ბახტურიძე