"სააკაშვილს ვიღაც ძალიან მფარველობს" - რას წერს უცხოური მედია და რას ამბობენ ექსპერტები სააკაშვილის დანიშვნაზე? - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს ვიღაც ძალიან მფარველობს" - რას წერს უცხოური მედია და რას ამბობენ ექსპერტები სააკაშვილის დანიშვნაზე?

მას მერე, რაც საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაიანის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნა არ მოხერხდა, უკარიანის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მას სხვა თანამდებობა გამოუძებნა და რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა. როგორც ჩანს, ეს დანიშვნა სკნადალური გამოდგება - ოფიციალურმა თბილისმა უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, ელჩის მონაწილეობით, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განისაზღვროს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი, რათა შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად არ იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე.

სააკაშვილის დანიშვნას გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიო მედიაშიც.

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ბი-ბი-სის რუსული სამსახური («BBC Russian») აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში მაინც შევიდა - იგი რეფორმების საბჭოს აღმასკომს უხელმძღანელებს", რომელშიც ვკითხულობთ:

"რეფორმების ეროვნული საბჭო 2014 წლის აგვისტოში შეიქმნა იმდროინდელი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ და საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოს სტატუსი აქვს, მის უფლებამოსილებაში შედის რეფორმების პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და რეალიზება. მისი ხელმძღვანელი კი პრეზიდენტია და ის არჩევს საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას. საბჭომ თავისი არსებობის მანძილზე 28 სხდომა ჩაატარა, ბოლო სხდომა კი 2018 წლის მარტში ჰქონდა. განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია 2015 წლის დეკემბერში გამართულმა სხდომამ, რომლის დროსას ოდესის ოლქის მაშინდელმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ერთმანეთში ურთიერთობის გარჩევა დაიწყეს, რაც საჯარო შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა - ჭიქებიდან წყლის შესხმით. როგორც ჩანს, რადგან ახლაც ორივე პოლიტიკოსი რეფორმების საბჭოს წევრები არიან, სხდომაზე ისინი ისევ ერთმანეთს შეხვდებიან ხოლმე..."

მოგეხსენებათ, ამჟამინდელი დანიშვნა მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის ხელისუფლებაში მეორედ მოსვლას წარმოადგენს. იგი კიევში 2014 წელს თავისი საუნივერსიტეტო კოლეგის, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიწვევით ჩავიდა, იმავე წელსვე უკრაინის მოქლაქეობა მიიღო. მიხეილ სააკაშვილს კორუფციასთან და ოლიგარქებთან უკომპრომისო მებრძოლის სახელი ჰქონდა გავარდნილი, იგი თავს ესხმოდა ქვეყნის მაშინდელ პრემიერ-მინისტრს არსენ იაცენიუკს, რომლის გადაყენება, სხვათა შორის, პეტრო პოროშენკოსაც სურდა. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტისაგან ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი მიიღო, მაგრამ თანდათანობით იგი პრეზიდენტსაც მისწვდა და პეტრო პოროშენკოს კრიტიკაც დაიწყო. გუბერნატორობიდან გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით საპროტესტო აქციების ჩატარება დაიწყო. საბოლოოდ, პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა და ქვეყნიდან გააძევა".

სააკაშვილის ახალ თანამდებობაზე წერს კიდევ ერთი ბრიტანული გამოცემა "ფაინენშელ თაიმსი" («Financial Times») სტატიაში, სათაურით: "მიხეილ სააკაშვილი რეფორმების გამტარებლად დაინიშნა: ქართველი, რომელიც ვიცე-პრემიერი უნდა ყოფილიყო, ახლა რეფორმების მაკოორდინირებელ როლს შეასრულებს". პუბლიკაციაში, კერძოდ, ნათქვამია:  "2019 წელს არჩეულმა უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. თავდაპირველად ვლადიმერ ზელენსკის საქართველოს ექს-პრეზიდენტის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა სურდა, ცდილობდა ვერხოვნა რადაში საკუთარი პარტიის "ხალხის მსახურის" მხარდაჭერა მოეპოვებინა, მაგრამ ამაოდ. ბევრმა დეპუტატმა ჩათვალა, რომ მიხეილ სააკაშვილი ზედმეტად კონფრონტაციული იქნება და საბოლოო ჯამში, ძველებურად პრეზიდენტს დაუპირისპირდებაო.

თუ მიხეილ სააკაშვილი ვიცე-პრემიერი გახდებოდა, მისი თქმით, იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან მჭიდრო ურთიერთობას განავითარებდა უკრაინის ეკონომიკის სასარგებლოდ.

უკრაინის ბიზნეს-საზოგადოება თავდაპირველად შეშფოთებული იყო ისეთი პოლიტიკოსის დაბრუნებით, რომელსაც რეფორმების გატარების გამოცდილება კი ჰქონდა, მაგრამ პოლიტიკურ მოკავშირეებთან დაპირისპირებითაც იყო ცნობილი. თუმცა მაინც დიდი იმედები არსებობდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების განხორციელებას დააჩქარებდა, მცირე და საშუალო ბიზნესს კრედიტების აღებას გაუადვილებდა და ოლიგარქებს გვერდზე გასწევდა".

აშშ-ის საინფორმაციო სააგენტო "ესოშაითედ პრესი" («The Associated Press») სტატიაში სათაურით "საქართველოს ექს-პრეზიდენტს უკრაინაში ოფიციალური სამუშაო მისცეს", აღნიშნავს: მიხეილ სააკაშვილი, ვლადიმერ ზელენსკი

"გასულ თვეში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშვნა შესთავაზა, მაგრამ მმართველი პარტიის "ხალხის მსახურის" წევრებმა პრეზიდენტის შეთავაზება არ მოიწონეს და უარი განაცხადეს მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის პარლამენტში განხილვა-დამტკიცებაზე. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზებამ საქართველოს მთავრობისა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტების აღშფოთება გამოიწვია: პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გასული თვის ბოლოს უკრაინა გააფრთხილა, რომ თუ ვლადიმერ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილს ვიცე-პრემიერად დანიშნავდა, კავკასიური სახელმწიფო კიევიდან თავის ელჩს გაიწვევდა. გიორგი გახარიამ ისიც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, მას ქართულმა სასამართლომ, ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისა გამო, თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და შესაბამისად, ექსრეზიდენტის დაპატიმრებაზე ორდერია გაცემული".

მიხეილ სააკაშვილის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას უკრაინელი და რუსი პოლიტიკოსების, ექსპერტების და ჟურნალისტების მრავალი კომენტარი მოჰყვა.

ივანა კლიმპუშ-ცინცაძე, უკრაინის ვერხოვნა რადას დეპუტატი, ფრაქცია "ევროპული სოლიდარობის" წევრი, ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე:

ივანა კლიმპუშ-ცინცაძე

"მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად მოწმობს იმას, რომ უკრაინამ უგულებელჰყო თავისი საერთაშორისო ვალდებულება. ის, რომ ჩვენი კოლეგები აღმასრულებელი სტრუქტურებიდან ოპოზიციას არ უსმენენ, ახალი ამბავი არ არის, მაგრამ როცა ისინი თავიანთი მოქმედებით ჩვენი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობას არღვევენ და ძირს უთხრიან ძალზე ოდიოზური პიროვნების დანიშვნით, ეს უკვე საკმაოდ სერიოზული ნიშანია მათი პოლიტიკისათვის. ხელისუფლების წარმომადგენლებს შეუძლიათ თქვან, რომ უკრაინის შიდა საქმეაო, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინას აღებული აქვს საერთაშორისო ვალდებულებები და საქართველოსთან ერთად მიერთებულია ევროსაბჭოს ევროპულ კონვენციასთან სასამართლო გადაწყვეტილებების აღიარების შესახებ ... ჩვენ ასევე საქართველოსთან ხელმოწერილი გვაქვს შესაბამისი ორმხრივი შეთანხმებაც სამართლებრივი ურთიერთდახმარებისა და სისხლის სამართლის საქმეების აღსრულების თაობაზე. სამწუხაროდ, უკრაინა აბსოლუტურად არღვევს ამ ყველაფერს იმის მიუხედავად, რომ არსებობს საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის განცხადებები.

საქართველო ჩვენი პარტნიორია, ჩვენ ერთნაირი მიზნები გვაქვს, ჩვენ ერთი მტერი გვყავს... ჩვენ სამომავლოდ ქართველების მხარდაჭერა დაგვჭირდება სხვადასხვა ფორუმებზე და ფორმატებში... მეგობრების ამგვარად დაფანტვა, როგორც მინიმუმი, არაშორსმხედველური ნაბიჯია.

გარდა ამისა, ჩვენ თანამდებობაზე ვნიშნავთ ისეთ კაცს, რომელიც პატივს არ სცემს უკრაინის სახელმწიფოს, რომელმაც დაარღვია უკრაინის საზღვარი და თვალებში შეაფურთხა უკრაინელ მესაზღვრეებს... ასეთი მოქმედების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში რეანიმაციას და თანამდებობას არ იმსახურებს".

ალექსი მარტინოვი, რუსი პოლიტოლოგი, უახლესი პერიოდის სახელმწიფოების ინსტიტუტის დირექტორი:

"რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი - ეს სტრუქტურა ვლადიმერ ზელენსკიმ სპეციალურად შექმნა მიხეილ სააკაშვილისათვის. ჩვენ გვახსოვს, რომ როცა მას ვიცე-პრემიერად ნიშნავდნენ, პრეზიდენტს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ ზელენსკის პარტიას პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს. გასაგებია ისიც, რომ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით მოსკოვთან რაიმე სერიოზულ ურთიერთობას კიდევ უფრო შეუძლებელს ხდის. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სასამართლოს მიერ დამნაშავედაა შერაცხული. იგი ყველასთვის მწვავე გამღიზიანებლის როლს ასრულებს".

სერგეი ცეკოვი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი, სენატორი:

"საჭირო იყო მიხეილ სააკაშვილის რაღაც თანამდებობაზე მოწყობა. ეტყობა, ვიღაც მას ძალიან მფარველობს, თორემ აშკარაა, რომ პრეზიდენტის პარტია მის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი. ასევე უკრაინელი ხალხიც. მისი კანდიდატურა ვიცე-პრემიერის პოსტზე პარლამენტის დეპუტატებმა არ მოიწონეს, ახლა კი დანიშვნა დეპუტატების გარეშე განახორციელეს".

ლეონიდ კალაშნიკოვი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი:

"მიხეილ სააკაშვილი ახალ თანამდებობაზე ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს. მან ეს უფრო მაღალი სტატუსის დროს ვერ მოახერხა და ახლა გააკეთებს? საქართველოში იგი პრეზიდენტი იყო, მაგრამ დღეს ქართველები მისი გატარებული რეფორმების გამო ყოფილ პრეზიდენტს ციხით ემუქრებიან. ჩვენ ისიც გვახსოვს, როგორ "წარმატებით" ახორციელებდა მიხეილ სააკაშვილი რეფორმებს პეტრო პოროშენკოს მმართველობის დროს... თავის ახალ სტატუსში იგი მხოლოდ მრჩეველი თუ იქნება და არა რეფორმების პროცესის მმართველი... ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ავტომატურად იწვევს საქართველოსთან უკრაინის ურთიერთობის დაჩრდილვას - ანუ იმ ქვეყანასთან, რომელიც კიევის სტრატეგიულ მოკავშირედ ითვლება".

ვინ დანიშნეს სააკაშვილის მოადგილედ?

სოციალურ ქსელებში რეზონანსი მოჰყვა ასევე სააკაშვილის მოადგილედ ალექსანდრე ოლშანსკის დანიშვნას. ის 1969 წელს დაიბადა და უკრაინელი მეწარმეა, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საინფორმაციო ტექნოლოგიები, არის ინტერნეტ-ჰოლდინგ Internet Invest Group-ის პრეზიდენტი, ფლობს ინტერნეტ-კომპანიებს Imena.ua და Mirohost-ს. ალექსანდრე ოლშანსკი

ალექსანდრე ოლშანსკი კარგა ხანია პოლიტიკოსობასაც ცდილობს. ცნობილია თავისი არაორდინალური იდეებით, მაგალითად, მხარს უჭერს კანაბისის (კანაფის) ლეგალიზებას. ოლშანსკიმ "ფეისბუკის" გვერდზე დაწერა: "მირეკავენ და მთხოვენ "პროგრამა" წარვადგინო. ვინც მე მიცნობს, ჩემგან ვერაფერს ახალს ვერ გაიგონებს, სხვებისთვის კი მოკლედ ვიტყვი: თუ ეკონომიკა არ იარსებებს, არც სახელმწიფოს დამოუკიდებლობა არ იქნება; გადასახადები მოხმარების მიხედვით უნდა იქნეს გადახდილი; დამატებითი ღირებულების გადასახადი - ბოროტებაა; სახელმწიფო არაფერს აკეთებს, ის მხოლოდ ჰყოფს; მიწის გაყიდვა - ბატონყმობის გაუქმების ფინალური წერტილია და ა.შ."

რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სამედიცინო კანაბისი ლეგალიზებული უნდა იყოს როგორც ყოველი სამედიცინო საშუალება. "რაც შეეხება რეკრეაციულ კანაბისს, ისიც, მაგრამ ცოტა გვიან", - წერს ალექსანდრე ოლშანსკი.

იხილეთ ასევე: "რა დააშავა უკრაინამ? ქვეყანაში სამეფო კარის მასხარების კასტინგია!" - როგორ ეხამურება ხათუნა ხოფერია სააკაშვილის ახალ თანამდებობას?

იხილეთ ასევე: "ჩვენი გადაწყვეტილება ჩვენი საშინაო პოლიტიკაა" - რა განაცხადა ზელენსკიმ საქართველოს ელჩის უკრაინიდან საკონსულტაციოდ გაწვევაზე?

მოამზადა სიმონ კილაძემ