"მეშინია, საქართველოშიც ტუნისის სცენარით არ განვითარდეს პროცესები" - კვირის პალიტრა

"მეშინია, საქართველოშიც ტუნისის სცენარით არ განვითარდეს პროცესები"

"იმედია, სახლებშიც არ დაგვიყენებენ ვიდეოკამერებს ოჯახური ძალადობის აღმოფხვრის საბაბით"

"თავი გავანებოთ ოპოზიციის მსხვილი გაერთიანების ცრუმოლოდინს"

"ზოგი ჭირი მართლაც მარგებელი ყოფილა. ყოველდღიური საქმიანობიდან ორთვიანმა მოწყვეტამ საშუალება მომცა მიმდინარე პროცესებისთვის უცხოს თვალით შემეხედა", - მითხრა "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ, რომელიც ცხენზე ჯირითისას დაშავდა და ორთვიანი წოლითი რეჟიმი ჰქონდა.

- იპოდრომზე დავშავდი, წელის მესამე მალა მქონდა გატეხილი. მადლობა ღმერთს, ზურგის ტვინი არ დაზიანებულა, მაგრამ ორი თვის განმავლობაში გაუნძრევლად ვიწექი. ასე მალე რომ წამოვდექი (ორშაბათიდან  უკვე პარტიის ოფისში წავალ) ერთი ძალიან კარგი პიროვნების, ბიოლოგ ტარიელ ლოლაძის დამსახურებაა.

-  იმ პერიოდში, რაც სახლში დაჰყავით,  ალბათ, პოლიტიკურ პროცესებს თვალს ადევნებდით და არც ოპოზიციურ ფლანგზე დაწყებული გასული წლის მთავარი სკანდალი გამოგრჩებოდათ.

-  2010 წელი ოპოზიციისთვის მარცხიანი იყო, ოპოზიციურმა ძალებმა ხალხის ნდობა და მხარდაჭერა დაკარგეს. უპირველესად ადგილობრივ არჩევნებს ვგულისხმობ, რასაც ოპოზიციის ზედმეტად მოკრძალებული შედეგი მოჰყვა, ამის შემდეგ დაიშალა "ალიანსი" და "ეროვნული საბჭო". ამით ოპოზიციურ ფლანგზე გამსხვილების ერთ-ერთი უკანასკნელი შანსი დაიკარგა. მერე იყო საზოგადოების ერთი ნაწილის "სახალხო კრებაზე" დამყარებული გადაჭარბებული მოლოდინი, რასაც მარცხი და სკანდალები მოჰყვა.

ოპოზიციონერების დაუნდობელმა დაპირისპირებამ ხელისუფლების სასარგებლოდ იმუშავა. მოგებული მხოლოდ სააკაშვილი და მისი გუნდი დარჩა, ფაქტობრივად, მთელი ოპოზიციის დისკრედიტაცია მოხდა. ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერობისა და სხვების ჩაძირვისთვის უფრო იბრძვის, ვიდრე საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებისა და ხელისუფლებაში მოსვლისათვის. არ მინდა იმ სკანდალის დეტალებს ჩავყვე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ოპოზიციაში თავის წარმოჩენისა და პოზიციის გამყარების მცდელობა უფრო იყო.

- მაინც მინდა ამ სკანდალზე გკითხოთ, რადგან ლევან გაჩეჩილაძე თქვენი მეგობარია და ერთხანს თანამებრძოლებიც იყავით. ითქვა, რომ ბრძოლა ნინო ბურჯანაძემ დაიწყო.

-  ძნელია თქმა, ვინ დაიწყო ეს ბრძოლა, რადგან მანამდე იყო ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებები "სახალხო კრებაზე". მაშინ ბევრი ჩვენგანი სკეპტიკურად უყურებდა "სახალხო კრების" იდეას. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტეთ, ხელი არ შეგვეშალა ერთმანეთისთვის. ეჭვი მაქვს, რომ ბურჯანაძე არც აპირებდა ბრძოლის დაწყებას, ის ძალაუნებურად ჩათრეული აღმოჩნდა, რადგან ბადრი ბიწაძეს ინტერვიუში რაღაც წამოსცდა და ბურჯანაძემ უკან დახევას ბოლომდე მიყოლა არჩია. ასე აღმოჩნდა ამ ბრძოლაში ჩათრეული ლევანიც.

- დაიჯერეთ ბრალდება, რომ ლევან გაჩეჩილაძემ ფული მოსთხოვა სააკაშვილს?

- ამას ფიქრშიაც არც დავუშვებ. ლევანი მიმნდობია და მძიმე კრიზისული სიტუაციის განსამუხტავად დათანხმდა სააკაშვილთან მოლაპარაკებას, შემდგომშიც არაერთხელ შეხვდა. დარწმუნებული ვარ, ყველა შეხვედრის მიზანი პოლიტიკური კრიზისების დაძლევა იყო და არა ვაჭრობა.

ამ დაუნდობელი დაპირისპირების შემდეგ ერთ რამეში დავრწმუნდი: უნდა დასრულდეს ოპოზიციის გაერთიანებაზე ლაპარაკი, რადგან დაპირისპირებული ძალები ხვალ რომ ერთად გამოჩნდნენ, საბოლოოდ დაკარგავენ ამომრჩევლის ნდობას. იტყვიან, ოპოზიციისთვის არც ღირებულებები არსებულა და არც პრინციპებიო. თავი გავანებოთ ოპოზიციის მსხვილი გაერთიანების ცრუმოლოდინს, რადგან ეს გამორიცხულია. "ახალ მემარჯვენეებს" ვინმესთან გაერთიანებაზე ნუღარ დაგვისვამენ კითხვას. თუმცა, ეს არ გამორიცხავს ოპოზიციასთან თანამშრომლობას.

- თქვენი აზრით, "სახალხო კრების" იდეა  დამარცხდა?

- ასე არ ვიტყოდი, რადგან "სახალხო კრებაში", გარდა  კონკრეტული პოლიტიკური ძალებისა, პატივსაცემი პიროვნებებიც არიან, მაგრამ მათი გაუთავებელი ლაპარაკი, რომ ქმნიან კომიტეტებს, რათა დაუმორჩილებლობა გამოაცხადონ, არარეალურად მიმაჩნია.

- ახალი წლის დღეებში მცირე მეწარმეებმა პრეზიდენტის წერილი მიიღეს, სადაც ქვეყნის პირველი პირი მათ ეკონომიკის ხერხემალს უწოდებს.

- საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება. თუ რაიმე კეთდება ქვეყანაში, მხოლოდ საგარეო ვალით, რომლის ოდენობა კატასტროფულად გაიზარდა. ბოლო ორ წელიწადში საქართველომ დაახლოებით 5 მილიარდი დახმარება მიიღო.  ეს დაახლოებით შიდა პროდუქტის 20%-ზე მეტია.  როდესაც გარედან ამხელა თანხას იღებ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ შენი ეკონომიკა არათუ თვითკმარია, არამედ უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას.

ხელისუფლება ხვდება, რომ ბიზნესის წაუხალისებლად უფრო ჩაეფლობა ჭაობში, საიდან ამოსვლის საშუალებაც აღარ აქვს. მიუხედავად ამისა, მაინც აგრძელებს სადამსჯელო ოპერაციებს და სახელმწიფო რეკეტს ადეიშვილისა და ძალოვანი უწყებების საშუალებით.

როგორც მითხრეს, იუსტიციის სამინისტროში, ბატონ ადეიშვილთან, სპეციალური კომპიუტერული პროგრამა აქვთ, სადაც თავს იყრის მონაცემები, თუ თითოეულ მოქალაქეს რა ქონება აქვს, რა ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები ჩაატარა, რა წილები თუ აქციები აქვს სხვადასხვა ბიზნესში(?!).

პროგრამა აკეთებს სწრაფ გამოთვლებს, თუ სად გადის მოქალაქის შესაძლებლობის ზღვარი, რამდენი შეიძლება გადაიხადოს ქონების გაყიდვის თუ დაგირავების გზით და ამის მიხედვით ხდება გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ ადამიანის დაჭერაზე. დაიჭერენ და 6-7 თვის განმავლობაში, სანამ ციხეში ჰყავთ, ადამიანი მიდის იმ კონდიციამდე, რომ წილები და ქონება დათმოს, ოღონდ გამოვიდეს იმ ჯოჯოხეთიდან. აი, ასე ივსება ხაზინა და ატერორებენ ბიზნესს. თუ აქამდე ერიდებოდნენ უცხოელ ინვესტორებს, ახლა მათაც მისდგნენ. ებრაელი ბიზნესმენების საქმე ძალზე საყურადღებო და სკანდალურია.

ებრაელი ბიზნესმენებისთვის იმდენად დიდი თანხა უნდა გადაეხადათ, რომ მათ გასანეიტრალებლად სწორედ იმ ხერხს მიმართეს, რომლითაც ადგილობრივ ბიზნესმენებს უსწორდებიან. კრიმინალურ სქემაში ჩართული აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც ბიზნესმენები საქართველოში იმისთვის მოიწვია (რეალურად ჩამოიტყუა), რომ დაეპატიმრებინათ, რადგან ქვეყნის გარეთ ისინი ხელშეუხებელნი იყვნენ. ამას საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა. ეს საქმე როგორც უნდა დასრულდეს, ჩვენი ქვეყნის იმიჯი ძალიან შეილახება. ამის მერე ყველა დაფიქრდება, ჩადოს თუ არა ინვესტიციები ამ ქვეყანაში.

ჩვენი ხელისუფლება თავს იწონებს, რომ ბიზნესით მოწინავეა, მაგრამ კერძო საკუთრების დაცვის მიხედვით 93-ე ადგილზე ვართ. თვითმიზანი ის ხომ არ უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაიწყოს ბიზნესი. ხელისუფლების მიზანი უნდა იყოს, რაც შეიძლება ბევრი და განვითარებული ბიზნესი იყოს ქვეყანაში და ბიუჯეტში მეტი ფული შევიდეს, მეტი ადამიანი დასაქმდეს.

ტუნისში განვითარებული მოვლენები იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანას ვერც ტურიზმი უშველის, ვერც მოჩვენებითი რეფორმები, რომ ქვეყანაში მთავარია დემოკრატია, დამოუკიდებელი სასამართლო და სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი. მეშინია, საქართველოშიც ტუნისის სცენარით არ განვითარდეს პროცესები. იქ უმუშევრობა 25% იყო, ჩვენთან კი - 40%. იცით, რომ ბიზნესმენებს, რომლებიც ბანკებში  სესხის აღებას ვერ ახერხებენ, თუ დაიჭერენ, ხელისუფლება უწევს შუამდგომლობას ბანკებთან, საპროცესო შეთანხმების თანხის გადასახდელად სესხი აიღონ.

- როგორც ითქვა, მომავალში სალონების, კაფე-ბარებისა და მაღაზიების ვიდეოკამერებით აღჭურვა იგეგმება.

- საზოგადოება იმდენად აღარ ენდობა ხელისუფლებას და ძალოვან სტრუქტურებს, რომ ნებისმიერი ინიციატივა უჩენს ეჭვს. ვიდეოკამერები ნორმალურ ქვეყნებში დანაშაულის შემცირებას ემსახურება, მაგრამ აქ რისთვის გამოიყენებენ, არავინ იცის. იმედია, სახლებშიც არ დაგვიყენებენ ვიდეოკამერებს ოჯახური ძალადობის აღმოფხვრის საბაბით.