"გახარიამ რაც თქვა, ის გააკეთა - დაიბარა ელჩი... გვეყოფა უკრაინისგან თავზე ლაფის დასხმის მოთმენა" - კვირის პალიტრა

"გახარიამ რაც თქვა, ის გააკეთა - დაიბარა ელჩი... გვეყოფა უკრაინისგან თავზე ლაფის დასხმის მოთმენა"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, ქვეყნის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. "მჯერა, რომ ის შეძლებს იმპულსის მიცემას რეფორმების ეროვნული საბჭოსთვის და დაეხმარება ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში", - განაცხადა ზელენსკიმ.

აღნიშნულს უკვე მოჰყვა გამოხმაურება საქართველოში. ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, ელჩის მონაწილეობით, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განისაზღვროს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი, რათა შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად არ იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე.

რა გავლენას მოახდენს მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, საკითხის შეფასება ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძეს ვთხოვეთ:

- ჩემთვის ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი დიპლომატიური დემარში, ასე მეგობრულ ქვეყნებს არ ექცევიან, თუმცა, რასაც დათესავ, იმას მოიმკი. როგორც პოროშენკომ მოიმკო, როცა სააკაშვილი გუბერნატორად დანიშნა, ზუსტად ისევე მოიმკის ზელენსკიც. მიხეილ სააკაშვილს ძალაუფლებისკენ ლტოლვაში ვერავინ შეაჩერებს, ის მაშინვე ჩაუდგება კრიჭაში მთელ მთავრობას, დაიწყებს მათ კორუმპირებულობაზე ლაპარაკს და ა.შ. მოკლედ, ვითარებას აურევს.

უკრაინის მხრიდან ეს არის არამეგობრული მოქმედება და მეჩვენება, რომ ამას შესაბამისი დიპლომატიური დემარშები მოყვება. უკრაინამ დაკარგა თავისი ერთადერთი, აბსოლუტურად უპირობოდ სტრატეგიული პარტნიორი.

მოდი გავაანალიზოთ, ვის წისქვილზე ასხამს ეს წყალს? რუსეთისაზე ხომ? რუსეთს საქართველოს და უკრაინის მეგობრობა ყელზე ედგა, ჩვენ და უკრაინა ვაძლიერებდით ერთმანეთს, რუსეთს კი ერთი სული ჰქონდა ჩვენი გაყოფის და ამისთვის რას აღარ აკეთებდა. ამას გარდა, გახსოვთ ალბათ, ის მილიარდები, რომელიც სააკაშვილის მმართველობისას, ლობისტურ კომპანიებში მიდიოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ახლა ეს ლობისტები თავის დამკვეთს პასუხობებ. ზელენსკიზე უზარმაზარი ზეწოლა მიდის ორი მხრიდან, ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ეს ამერიკელების მცდელობა ანტიამერიკული და აშკარად პრორუსული ქმედებებია. ამიტომ, ჩემი აზრით, ამ ყველაფრისგან დაზარალდება ზელენსკი და დავზარალდებით ჩვენ და უკრაინელები.

ის მეთოდები, რომლითაც საქართველოში ანტიკორუფციულ ბრძოლაში მიმდინარეობდა, უკრაინაში არ ივარგებს, რადგან იქ უმძლავრესი, მსოფლიო მნიშვნელობის კლანებია, მაგალითად კოლომოისკის "პრივატ ჯგუფი", პრორუსული ძალა, რომელიც მსოფლიოში მარგანეცის უდიდესი მწარმოებელი და მონოპოლისტია, ამ ჯგუფებთან ბრძოლა იმ მეთოდებითაც კი, რომელსაც ბატონი სააკაშვილი შეჩვეულია, არ გაუვა. თან უკრაინის მთავრობა ძირფესვიანად კორუმპირებულია, აქ ასეთი ქირურგიული მეთოდები არ გაჭრის, აქ საჭიროა ძალიან წყნარი, მშვიდი მეთოდები.

- საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ...

- ეს იქნება კონსულტაციები, ჯერჯერობით ისე ჩანს, თითქოს დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტენ ჩვენები უკრაინასთან, მაგრამ, ვფიქრობ ოფიციალურად არ შეწყვეტენ, მაგრამ ძალიან გართულდება ურთიერთობა. არა მგონია, რომ ჩვენ უკრაინა უფრო მეტად გვჭირდებოდეს, ვიდრე ჩვენ უკრაინას. ჩვენ იმდენი პროდასავლური მეგობარი გვყავს ევროკავშირში, ევროპაში და ა.შ. უკრაინას არც დაესიზმრება. მისი უახლოესი მეგობრები უკრაინით ძალიან ნერვებაშლილი არიან, იმიტომ რომ ბევრი უკრაინელი ემიგრანტია გადასული და ის ნაკადი, რომელიც საქართველოდან მიდიდოდა, უკრაინასთან შედარებით ზღვაში წვეთია, პრაღაში რომ გახვიდეთ კარლის ხიდზე, საცალო მოვაჭრეებში ჩეხურ ენას ვერ გაიგებთ, 90% უკრაინელები არიან.

- როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პასუხი? მოგეხსენებათ, გახარიამ თავიდანვე მკაცრად განაცხადა, რომ სააკაშვილის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნა, ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელიაო.

- მან რაც თქვა, ის გააკეთა, სულ მცირე კონსულტაციებზე ელჩის დაბარებით. სავრაუდოდ, საქართველოში მყოფ უკრაინის ელჩსაც დაიბარებენ ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სავარაუდოდ, მკაცრად დაელაპარაკებიან და ურჩევენ, ისიც კონსულტაციებისთვის წავიდეს უკრაინაში. ჩვენი საელჩო კი ალბათ მკვეთრად შეამცირებს აქტიურობას უკრაინაში. არა მგონია, გახარიამ ისევ ხმამაღლა გამოხატოს სიტყვიერად უკმაყოფილება, ამას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს, მთავარია ქმედებები და არა ლოზუნგები. გახარიამ რაც თქვა ერთხელ, ის გააკეთა და მე მას ვეთანხმები, ეს სწორი ქმედებებია, ბოლოს და ბოლოს გვეყოფა უკრაინისგან იმის მოთმენა, თავზე ლაფს როგორ გვასხამენ.

იხილეთ ასევე: "სააკაშვილს ვიღაც ძალიან მფარველობს" - რას წერს უცხოური მედია და რას ამბობენ ექსპერტები სააკაშვილის დანიშვნაზე?

(სპეციალურად საიტისთვის)