რუსული ჩექმის ალტერნატივა, ანუ საინფორმაციო ომი "ბოტებით" - კვირის პალიტრა

რუსული ჩექმის ალტერნატივა, ანუ საინფორმაციო ომი "ბოტებით"

"ნიუსფრონტი" რუსეთიდან მართული ქსელია, რომელიც რვა ენაზე ცდილობდა ინფორმაციის გავრცელებას... შემაშფოთებელია, რომ ქართულ ფეისბუკსივრცეში რუსული პროპაგანდა ვრცელდება. ცდილობენ საზოგადოების პოლარიზებას, სახელისუფლებო ჯგუფებში - ანტიოპოზიციური, ოპოზიციურ ჯგუფებში კი ანტისახელისუფლებო გზავნილების გავრცელებით; ასევე ავრცელებენ ანტიდასავლურ პროპაგანდას, კონსპირაციულ თეორიებს და ნერგავენ შიშს, რომ საზოგადოების სიმტკიცე შეარყიონ..."

სოციალური ქსელი "ფეისბუკი" ყალბ ინფორმაციასა და დეზინფორმაციულ კამპანიებს აქტიურად ებრძვის. ამჯერად მან ექვს ქვეყანაში რვა კოორდინირებული ქსელი გამოავლინა და საინფორმაციო პოლიტიკის წესების დარღვევისთვის 732 ანგარიში, 793 გვერდი, 200 ჯგუფი და 162 ინსტაგრამანგარიში წაშალა. როგორც ირკვევა, მათი უმეტესობა საქართველოში მოქმედ ჯგუფებს ეკუთვნის. მაგალითად, წაიშალა კოკა ყანდიაშვილის მედიასაშუალებასთან ("ესპერსონა") დაკავშირებული 511 გვერდი, 101 ანგარიში, 122 ჯგუფი და 56 ინსტაგრამანგარიში, ასევე "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული 80 გვერდი, 23 ანგარიში, 41 ჯგუფი და ცხრა ინსტაგრამანგარიში. "ფეისბუკი" განმარტავს, რომ არაავთენტური და ავთენტური ანგარიშების მფლობელები ცდილობდნენ, შეენიღბათ თავიანთი მოქმედება. პლატფორმიდან წაიშალა რუსული "ნიუსფრონტის" გვერდებიც, მათ შორის - ქართულენოვანი "სპუტნიკის" ქსელის გვერდები, რომლებიც აშკარად პრორუსული ხასიათის იყო.

ანგარიშში ნათქვამია, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული გვერდების ნაწილი მოქმედებდა, როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალება და მათი გავრცელებული ინფორმაცია ეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა თუ ისეთ თემებს, როგორიც არის არჩევნები, მართლმადიდებლური ეკლესია, ხელისუფლების კრიტიკა კორონავირუსის მართვის ტაქტიკასთან დაკავშირებით და ა.შ.. "ფეისბუკის" ინფორმაციით, ამისთვის "ნაცმოძრაობამ" 23.800 დოლარი დახარჯა.

"ნაცმოძრაობამ" უარყო ეს ფაქტი და განაცხადა, რომ არაიდენტიფიცირებულ გვერდებს არ მართავენ. იმავეს აცხადებს კოკა ყანდიაშვილი, რომლის სახელსაც დაუკავშირდა ასეულობით გვერდის არსებობა და ხელისუფლების სასარგებლო ინფორმაციის გავრცელება. "ფეისბუკის" ინფორმაციით, ყანდიაშვილის მედიასაშუალების გვერდების რეკლამირებაში 30.000 დოლარი დაიხარჯა.

"იმ ანგარიშების ნახევარზე მეტი, რომლებიც "ფეისბუკმა" გააუქმა, საქართველოსთან არის დაკავშირებული და ეს შემაშფოთებელია"

საქართველოში "ბოტებისა" და "ტროლების" გამოსავლენად ბევრს მუშაობს "მედიის განვითარების ფონდი", "ატლანტიკური საბჭო" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება". ისინი ამ საკითხზე პერიოდულად ანგარიშებსაც აქვეყნებენ და თავიანთ ხელთ არსებულ მასალებს "ფეისბუკს" აწვდიან.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" თავმჯდომარე მიხეილ ბენიძეL ამბობს, რომ მათი გამოვლენილი რამდენიმე გვერდის სიყალბე თავისი კვლევით "ფეისბუკმაც" დაადასტურა და ეს გვერდები წაშალა.

- "ფეისბუკი" საკუთარი გამოძიებით ავლენს და შემდეგ აუქმებს ასეთ გვერდებს. მათ აქვთ ავტომატიზებული შესაძლებლობა, იპოვონ არაავთენტური ანგარიშები. მეორე მხრივ, ჰყავთ შესაბამისი გამომძიებლები, ანალიტიკოსები, რომლებიც სხვადასხვა მონაცემის ანალიზის შედეგად ხვდებიან, როდის არის ქცევა არაავთენტური. ამ პროცესში "ფეისბუკი" შეიძლება დაეყრდნოს გავრცელებულ საჯარო ანგარიშებს და სხვადასხვა ორგანიზაციის მიწოდებულ ინფორმაციასაც, თუმცა ეს ყველაფერი მოწმდება. ჩვენ ამ შემთხვევაში "ფეისბუკთან" ურთიერთობა გვქონდა, ძირითადად, რუსული "ნიუსფრონტის" მედიასაშუალების, რუსული საინფორმაციო სააგენტოს არაავთენტურ ქსელთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში გამოვავლინეთ. "ფეისბუკი" ამ დროს უკვე მუშაობდა "ნიუსფრონტის" გლობალური ქსელის აღმოსაჩენად. ეს რუსეთიდან მართული ქსელია, რომელიც რვა ენაზე ცდილობდა ინფორმაციის გავრცელებას. მისი ნაწილი იყო პროფილები, რომლებიც "ფეისბუკს" ჩვენ მივაწოდეთ და წაშალა; ნაწილი იყო არა თვითონ "სპუტნიკის" გვერდი, მაგრამ ის პროფილები და ფეისბუკგვერდები, რომლებიც არაავთენტურად ავრცელებდა "სპუტნიკის" მასალას და ცდილობდა მის პოპულარიზაციას. ამ ქსელის უმეტესობაც წაშლილია.

რაც შეეხება "ფეისბუკის" გამოვლენილ მასშტაბურ ქსელს, რომელიც საქართველოში ოპერირებდა, ეს იყო ერთ "ესპერსონასა" ("ესპერსონა" არის ახალი მედიაპლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სოციალური ქსელების ყველაზე აქტუალურ პერსონებსა და ცხელ ამბებს) და ასევე "ნაცმოძრაობასთან" დაახლოებულ პირებთან დაკავშირებული სხვადასხვა გვერდი. ამჯერად გამოვლინდა გაცილებით დიდი ჯგუფი, ვიდრე გასული წლის დეკემბერში. ჩვენც გამოვავლინეთ "ესპერსონასთან" დაკავშირებული 14 ცრუ მედიაგვერდი და მათი გამავრცელებელი პროფილები და ანგარიშები "ფეისბუკზე" - 35 სხვადასხვა ჯგუფში ავრცელებდნენ მასალებს. ამ ჯგუფებს ხუთ მილიონამდე მომხმარებელი ჰყავდა. ჩვენი გამოვლენილი ქსელის არსებობა დაამტკიცა ატლანტიკურმა საბჭომაც, რომელსაც "ფეისბუკის" ნებართვით ხელი მიუწვდება იმ გვერდებსა და ჯგუფებზე, რომელთა წაშლასაც "ფეისბუკი" აპირებს. ცოტა ადრე "მედიის განვითარების ფონდსაც" ჰქონდა დეტალური ანგარიში "ესპერსონასა" და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ჯგუფის შესახებ.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", მათი სხვადასხვა გვერდი რომ მოქმედებდა, ამაზე ჩვენ ჯერ კიდევ 2018 წლის არჩევნების შემდეგ ვწერდით. ასეთი ჯგუფების გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ქართულ ფეისბუკსივრცეში საინფორმაციო მანიპულაციებისგან თავისუფალი გარემო იყოს.

იმ ანგარიშების ნახევარზე მეტი, რომლებიც "ფეისბუკმა" გააუქმა, საქართველოსთან არის დაკავშირებული და ეს შემაშფოთებელია.

მიუღებელია ისიც, რომ ამ პროცესში ჩართული არიან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები. ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი გვერდებისა თუ ჯგუფების რაოდენობა ოპოზიციური პარტიის სასარგებლოდ მოქმედი გვერდების რაოდენობაზე 5,5-ჯერ მეტი იყო. ეს პრობლემა იქნებოდა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, მაგრამ საქართველოში ამას, სამწუხაროდ, რეაგირება არ მოჰყოლია.

შემაშფოთებელია ისიც, რომ ქართულ ფეისბუკსივრცეში რუსული პროპაგანდა ვრცელდება. ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების პოლარიზებას სახელისუფლებო ჯგუფებში ანტიოპოზიციური, ოპოზიციურ ჯგუფებში კი ანტისახელისუფლებო გზავნილების გავრცელებით; ასევე ავრცელებენ ანტიდასავლურ პროპაგანდას, კონსპირაციულ თეორიებს და ნერგავენ შიშს, რომ საზოგადოების სიმტკიცე შეარყიონ.

- საინტერესოა მუშაობის მეთოდოლოგია. როგორ ავლენთ ასეთ ყალბ ჯგუფებს? - ჩვენ 2018 წლის არჩევნების წინ გავიაზრეთ, რომ სოციალური მედია არის სერიოზული გამოწვევა საარჩევნო პროცესისთვის და გადავწყვიტეთ, სოცმედიაში მიმდინარე ტენდენციებისა და განსაკუთრებით - "ფეისბუკით" მიმდინარე პროცესებისთვის თვალი უფრო მეთოდოლოგიურად გვედევნებინა. ამისთვის გამოვიყენეთ ჩვენი საარჩევნო გამოცდილება. თანამედროვე ეპოქაში საარჩევნო პროცესებზე გავლენას ახდენს არამხოლოდ ტრადიციული მედია, რომლის შეფასების მეთოდოლოგია არსებობს, არამედ სოციალური მედიაც, რომლის მონიტორინგი მართლაც მნიშვნელოვანია. საქმე ის გახლავთ, რომ,

ერთი მხრივ, პოლიტიკური აქტორები ცდილობენ სოციალური მედიის გამოყენებას საკუთარი გზავნილების გასავრცელებლად, მეორე მხრივ კი - სოციალურ მედიაში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი დისკუსიები. სოციალური მედია უფრო თავისუფალია და ყველას შეუძლია იქ ინფორმაციის გავრცელება, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ბევრი ბოროტად იყენებს.

ჩვენ შევიმუშავეთ მეთოდოლოგია, რომელიც, ძირითადად, ითვალისწინებს "ფეისბუკზე" სხვადასხვა მიმართულებით დაკვირვებას, განსაკუთრებით - საარჩევნო პერიოდში. ვაკვირდებით პოლიტიკურ პარტიებს, მათ ოფიციალურ გვერდებს, ასევე - საჯარო მოხელეთა ოფიციალურ გვერდებს, სახელმწიფო ინსტიტუტების გვერდების საქმიანობას, რათა აღმოვაჩინოთ, ვინმე ხომ არ იქცევა უკანონოდ.პოლიტიკური ხასიათის დისკრედიტაციული კამპანია, ძირითადად, მიმართულია პოლიტიკოსების, აქტივისტების, მედიის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ. ვაკვირდებით, მაგალითად, ნაციონალისტური, ქსენოფობიური, ჰომოფობიური, ანტიდასავლური, ანტილიბერალური ინფორმაციის გავრცელებასაც. სხვადასხვა გვერდის მონიტორინგის შემდეგ ვაგროვებთ პოსტებს და სათანადოდ მომზადებული მონიტორები იწყებენ თითოეული ამ პოსტის ანალიზს როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი და თვისობრივი ნიშნით, მერე კი ეს ყველაფერი აისახება ჩვენს ანგარიშებში. ახლა ვრცელი ქსელი წაშალა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მსგავსი რამ აღარ ხდება. კიდევ არის დარჩენილი გვერდები, რომლებიც ჯერ არ წაშლილა. ამასთან, ველოდებით, რომ საარჩევნო პერიოდში კვლავაც გააქტიურდება მსგავსი კამპანიები, თუმცა იმედი გვაქვს, ამას ყურადღებით მოეკიდებიან და ყველაფერს "გამადიდებელი შუშით" დააკვირდებიან.

"რუსეთი ამას განსაკუთრებით გამოიყენებს წინასაარჩევნოდ, რომ ვითარება დაიძაბოს და დაპირისპირებამდეც კი მივიდეს"

ანდრო გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების ექსპერტი: - "ტროლების" ტექნოლოგია რუსული ტექნოლოგიაა, ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი, როდესაც ინტერნეტიდან იდევნება საწინააღმდეგო მოსაზრება და მკვიდრდება მცდარი ინფორმაცია. ეს გამიზნულია, ერთი მხრივ, მოსახლეობაზე ზემოქმედებისთვის, როგორც მოხდა, მაგალითად, რუსეთში 2011 წლის არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების დისკრედიტაციის მიზნით, ან თუნდაც ირანში არაბული გაზაფხულის შემდეგ.

საგარეო ასპარეზზე "ტროლების" ტექნოლოგია გამოიყენება სხვა ქვეყნის არჩევნების შედეგებით მანიპულაციისთვის, ან პრორუსული განწყობის გასაძლიერებლად. საქართველოში ეს ხდება პროდასავლური განწყობის შესასუსტებლად.

რაც შეეხება მეთოდიკას, მეთოდიკა "ფეისბუკისთვის" ძალიან მარტივია. ის აკონტროლებს ქცევას, რომელსაც შეიძლება არაავთენტური ვუწოდოთ. ეს არის დროის ერთსადა იმავე მონაკვეთში ბევრი ექაუნთის მიერ ავტომატურად ერთი და იმავე მესიჯის გავრცელება. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ზოგიერთი წაშლილი ექაუნთი რეალური ადამიანის - "ფეისბუკი" ხომ ვერ ასხვავებს, ექაუნთი ავტომატიზებულია თუ არა... "ფეისბუკი" მძლავრი კონტროლის მექანიზმით აღჭურვილი ორგანიზაციაა. არ დავარქმევ ცენზურას, მაგრამ ის აკვირდება ექაუნთების ქცევას. ძალადობის ენა, ნაცისტური გამოხდომა, შეუფერებელი კონტენტი ან პოლიტიკური მიზნებით სოცქსელის გამოყენება აკრძალულია და "ფეისბუკი" ყოველთვის შლის ასეთ ანგარიშებს.

- შიდა პოლიტიკაში "ტროლებისა" და "ბოტების" გამოყენება მართებულია? და რა საფრთხე ახლავს მას? - "ტროლებს" სწორედ შიდაპოლიტიკური მიზნით იყენებენ რუსეთსა და სხვა ტოტალიტარულ ქვეყნებში. "ტროლი" არის ექაუნთი, რომელიც იყენებს სხვის იდენტობას ან სულაც არ აქვს განსაზღვრული იდენტობა. ის იქმნება ინტერნეტსივრციდან განსხვავებული მოსაზრების განსადევნად და საკუთარი მოსაზრების დასამკვიდრებლად. "ტროლებს" ანაზღაურებას უხდიან "დისლაიქებში" ან, პირიქით, მოწონებაში. რაც შეეხება "ბოტს", ეს არის ავტომატიზებული "ტროლი", რომელიც ერთბაშად რამდენიმე ასეულ ანგარიშზე შეიძლება აქვეყნებდეს თავის კომენტარს.

მართალია, ეს სისხლის სამართლის დანაშაული არ არის, მაგრამ ასეთ მოქმედებას მივყავართ რუსული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი გარემოს შექმნამდე.

- შიდა პოლიტიკისთვის გამიზნული გვერდები შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს?

- რუსეთი ამას ყოველთვის გამოიყენებს. მას სურს საზოგადოების გახლეჩა, რათა შეიქმნას ანტაგონისტური ჯგუფებიდა ვერ მოხერხდეს შეთანხმება დეოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე, პროდასავლურ ურთიერთობებზე, ინტეგრაციაზე და ა.შ.. ამისთვის რუსეთი იყენებს ყველა თემას - სპორტულს, სამეცნიეროს, სამედიცინოს, ეკონომიკურს თუ, მაგალითად, 9 მაისსა და მეორე მსოფლიო ომს.

ინტერნეტში ეს არაავთენტური წარმონაქმნები არის განხეთქილების ინსტრუმენტი. რასაკვირველია, რუსეთი ამას განსაკუთრებით გამოიყენებს წინასაარჩევნოდ, რომ ვითარება დაიძაბოს და აშკარა დაპირისპირებამდეც კი მივიდეს.

- როგორ ფიქრობთ, საარჩევნოდ ახალი გვერდები კვლავ გაჩნდება? - ბუნებრივია, გაჩნდება, მაგრამ ისევ წაიშლება, თუ შესაბამისი ორგანიზაციები ოპერატიულად იმოქმედებენ. რუსეთი ცდილობს, არამარტო ჩაერიოს არჩევნებში, არამედ არჩევნების რწმენაც შეარყიოს და შექმნას ილუზია, რომ დემოკრატიის მიღწევა შეუძლებელია. "ტროლ-ბოტების" ინსტიტუტის მოშლით, ცხადია, მცირდება საფრთხე, რომ საქართველოში მივიღებთ რუსული ფორმაციის საზოგადოებას, რომელსაც ოკუპაციაც აღარ დასჭირდება, ისე შეერწყმება რუსეთს.

რუსული "სპუტნიკი" და სხვა ორგანიზაციები არის რუსული საინფორმაციო ომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ძალიან სახიფათო საქართველოსთვის. თუ ტექნიკურ ეფექტზე გათვლილმა კიბერშეტევამ შეიძლება ზარალი და მსხვერპლი გამოიწვიოს, ამგვარი ფსიქოლოგიური შეტევის შედეგად მოსალოდნელია, პრორუსული ელიტა გაძლიერდეს და ისეთი განხეთქილება წარმოიშვას ქართველ საზოგადოებაში, რომ ოკუპაციისთვის ხელსაყრელი წინაპირობა შეიქმნას. ამიტომ უპირველესად - სახელმწიფო, მაგრამ საზოგადოებაც ვალდებულია, ამ საინფორმაციო ომს წინ აღუდგეს. პოლიტიკური პროცესის მონაწილეებს უნდა ესმოდეთ, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის ყველა მხარე უნდა იბრძოდეს. სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის საჭიროა თანამშრომლობა და არა - ოკუპანტის წისქვილზე წყლისდასხმა.