რა განზრახვა იმალება რუსეთის ინიციატივაში - კვირის პალიტრა

რა განზრახვა იმალება რუსეთის ინიციატივაში

"ამ განცხადებით კოსაჩევმა კბილი მოუსინჯა საქართვლოს ხელისუფლებას"

"რუსეთი მზადაა სრულად აღადგინოს საპარლამენტო დიალოგი უკრაინასა და საქართველოსთან. მინდა ჩემი კოლეგების, რუსი პარლამენტარების სახელით დავადასტურო ჩვენი მაქსიმალური მზადყოფნა, რომ სრულად აღვადგინოთ ჩვენი საპარლამენტო დიალოგი როგორც ჩვენს თანამოაზრეებთან, ისე ჩვენს ოპონენტებთან", - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩევმა. მისი თქმით, რუს პარლამენტარებს მწვავე თემების განხილვის არ ეშინიათ. "ჩვენ გვაქვს სათქმელი და მზად ვართ მოვისმინოთ თანამოსაუბრეების არგუმენტებიც", - დასძინა პოლიტიკოსმა. რა განზრახვას შეიძლება მალავდეს ამ ინიციატივაში რუსეთი, როგორი შეიძლება იყოს მსოფლიოს ახალ დღის წესრიგში რუსეთის როლი და რა პერსპექტივების ან გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო, საერთაშორისო საკითხების ექსპერტი გიორგი გობრონიძე გვესაუბრება.

- რუსები ყოველთვის მზად იყვნენ საქართველოსთან დიალოგისთვის. ყოველთვის ამბობდნენ და დღესაც იმეორებენ, რომ მათ საქართველოსთან არავითარი კონფლიქტი არა აქვთ. მათი ხედვით, 2008 წელს მომხდარი ამბავი დასრულდა ორი ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებით და დღეს რუსული შეიარაღებული ძალის ნაწილები საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებიან. ქართულ-რუსულ ურთიერთობებში დღეს არსებული გართულებები იქიდან გამომდინარეობს, რომ ქართულ პოლიტიკურ ელიტას უჭირს რეალობასთან შეგუება. სულაც არ არის გასაკვირი, რუსები დიალოგის, დიპლომატიური ან სხვა ტიპის ურთიერთობების აღდგენაზე ლაპარაკობენ. მათ თავიანთი პოლიტიკური ამოცანა აფხაზეთსა და ცხინვალში უკვე შეასრულეს. შესაბამისად, დიალოგისთვის დაბრკოლებას ვერ ხედავენ. უფრო მეტიც, კონსტრუქციულ მეზობელთან ურთიერთობა ხელსაც აძლევთ. თუ დიპლომატიური ურთიერთობა აღდგება, ეს რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება საქართველოს შესაგუებლად დღეს არსებულ მოცემულობასთან. შეიძლება ითქვას, ამ განცხადებით კოსაჩევმა კბილი მოუსინჯა საქართველოს ხელისუფლებას.

- კოსაჩევის განცხადებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლება. მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ ჯერ შესასრულებელ ვალდებულებებზე, დარღვეულ საერთაშორისო ნორმებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანების მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე იზრუნოს. როგორ მიიღებენ ამ პასუხს რუსი დეპუტატები? - ეს პასუხი ლოგიკურია და კარგია, რომ სხვაგვარი არც იყო. მდინარაძის განცხადებას რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს შიდა აუდიტორიასთან იმის სადემონსტრაციოდ, რომ თითქოს ისინი მზად არიან ქართველებთან კონსტრუქციული დიალოგისთვის, მაგრამ საქართველო უარს ამბობს. სინამდვილეში კრემლს უნდა ქართულ-რუსულ ურთიერთობაში რაც შეიძლება მეტი ისეთი ფორმატი გაჩნდეს, სადაც საქართველო და რუსეთი, როგორც მოლაპარაკების ორი მხარე, ერთი ერთზე იქნებიან, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. რუსეთმა აგვისტოს ომში სამხედრო-პოლიტიკურ წარმატებას მიაღწია, აქედან გამომდინარე, ჩვენთან პირისპირ ყოველთვის მეტი სივრცე ექნება მანევრირებისთვის. რუსეთი ცდილობს შექმნას ილუზია, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია აქვს, ორი მხარე თავად აგვარებს პრობლემებს და საჭირო აღარ არის არც დასავლეთის და არც საქართველოს სხვა პარტნიორების ზედმეტად შეწუხება. ამიტომ ასეთი ტიპის განცხადებები ძალიან სახიფათოა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად რუსეთთან დაახლოებული პოლიტიკური ძალებიც გააქტიურდებიან. მათთვის კოსაჩევის განცხადება დამატებითი არგუმენტი იქნება მოსახლეობის დასარწმუნებლად, რომ თითქოს რუსეთთან ურთიერთობის დალაგება ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობის უზრუნველყოფის საშუალებას მოგვცემს. ამგვარად მიღწეული იქნება რუსული პოლიტიკური ელიტის გეგმა-მინიმუმი –საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი იყოს ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა.

- რაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს ის, რომ კოსაჩევის ამ განცხადების პარალელურად პრეზიდენტი პუტინი რუსეთსა და ამერიკას შორის მეორე მსოფლიო ომის პერიოდში არსებული სტრატეგიული მოკავშირეობის აღდგენის შესაძლებლობაზე ლაპარაკობს? - მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მოკავშირეობის გახსნება შესაძლოა ორაზროვანიც იყოს. სწორედ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიწყო "ცივი ომი", სადაც სწორედ მოსკოვი და ვაშინგტონი იყვნენ ორი მთავარი დაპირისპირებული ძალა. რეალურად, რუსულ-ამერიკული ურთიერთობის დათბობაზე ლაპარაკი წარმოუდგენელია თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთი, ბოლო დროს გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში მთავარ გამოწვევად ამერიკის შეერთებულ შტატებს ასახელებს და #1 საფრთხედ მოიაზრებს. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დღეს პირველად დაიწყეს ქვეყნებმა ახლებური გადაჯგუფება - პეკინი და მოსკოვი ერთ ბანაკში აღმოჩნდნენ. მაშინ როდესაც პეკინს ამერიკა თავის მოკავშირეებთან ერთად მძიმე ბრალდებებს უყენებს, მოსკოვი მათ პათოსს არ იზიარებს. პოსტპანდემიურ პერიოდში კიდევ ერთხელ გადაიხედება საერთაშორისო ურთიერთობები და მოსკოვი როგორც გლობალური ძალა ნაკლებად აქტუალური გახდება. რუსეთი ჩვენთვის პრობლემურია როგორც რეგიონული სახელმწიფო და ეგზისტენციური საფრთხე, მაგრამ გლობალური მასშტაბით რუსეთის ფედერაცია რუსულ-ჩინურ ღერძში ჩინეთზე დაქვემდებარებული აქტორის ადგილს იკავებს. ეს ბევრი რამით შეიძლება აიხსნას, თუნდაც ეკონომიკური პოტენციალით, ტექნოლოგიური წარმატებით, განათლების სისტემით, სამხედრო შესაძლებლობებით. ეს ახალი მოცემულობა რუსეთს ვერ ქმნის იმ ძალად, რომელიც გლობალურ პოლიტიკაში შესაძლოა რაიმე ფორმით დომინირებდეს. რუსეთი ჩვენთვის ისევ რჩება პრობლემად, მაგრამ ვაშინგტონის ტიპის ძალის ცენტრი ვეღარ არის.

- ამ მოცემულობაში რამდენად შესაძლებელია პრიმაკოვის დოქტრინის ხორცშესხმა, რომლის მიხედვითაც რუსეთს, ჩინეთს და ინდოეთს ცალკე პოლიტიკური ცენტრი უნდა ჩამოეყალიბებინათ? - ვერა, ვერ განხორციელდება პრიმაკოვის დოქტრინა. ამ მოცემულობაში ჩინეთის და ინდოეთის ერთ ბანაკში ყოფნა შეუძლებლად მიმაჩნია. ამასთან, ჩინეთიც არ იქნება რუსეთზე დაქვემდებარებული, როგორც ამას პრიმაკოვი ხედავდა.

- პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსის პანდემიას ყველაზე საშინელი შეტევა უწოდა, რაც ოდესმე ჰქონია ამერიკას, და ის პერლ-ჰარბორს შეადარა. პერლ-ჰარბორთან შედარება იმას ხომ არ გვაფიქრებინებს, რომ ტრამპი ჩინეთისთვის ეკონომიკური დარტყმის მისაყენებლად ემზადება? - ჩემი აზრით, ტრამპის ეს განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა რაც უნდა დაადგინოს ვირუსის გავრცელების შესახებ, ამერიკა კორონაპანდემიას აუცილებლად გამოიყენებს ჩინეთთან დასაპირისპირებლად.

ხათუნა ბახტურიძე