"ეს ჩვენი ოპონენტების მავნებლური სერიიდან არის" -როგორ ეხმაურება Daily Mail-ის მიერ გავრცელებულ ინფორციას ირაკლი სესიაშვილი - კვირის პალიტრა

"ეს ჩვენი ოპონენტების მავნებლური სერიიდან არის" -როგორ ეხმაურება Daily Mail-ის მიერ გავრცელებულ ინფორციას ირაკლი სესიაშვილი

ჩვენს ოპონენტებს ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ საქართველოზე ნეგატიური ინფორმაცია გავრცელდეს და ქვეყანა სკანდალში გაეხვეს , -ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი გამოცემა Daily Mail-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ბრიტანული ლაბორატორიიდან კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, საიდუმლო სამედიცინო ინფორმაცია მოიპარეს“.

ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, საქართველოს ბრიტანელი კოლეგები აქტიურად ეხმარებოდნენ მაშინ, როცა რუსეთმა საქართველოზე კიბერთავდასხმა განახორციელა. ამიტომ, მისი ვარაუდით, გამოცემამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

"ამ შემთხვევაში, ეს ჩვენი ოპონენტების მავნებლური სერიიდან არის. მათ ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ საქართველოზე ნეგატიური ინფორმაცია გავრცელდეს და საქართველო სკანდალში გაეხვეს. მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს ძალიან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ჩვენს ბრიტანელ კოლეგებთან და ისინი ძალიან აქტიურად გვეხმარებოდნენ მაშინ, როცა რუსეთმა საქართველოზე კიბერთავდასხმა განახორციელა. მინდა გითხრათ, რომ ასეთი ინფორმაცია ჩვენს სტრუქტურებს არ გამოეპარებოდათ. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ Daily Mail-მა დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა, ამ ინფორმაციას შესაბამისი სტრუქტურები არ ადასტურებენ. ჩვენს ოპონენტებს ამჯერადაც იმედი უნდა გავუცრუოთ- საქართველო არანაირად არ ფიგურირებს ამ ნეგატიურ მოვლენაში, თუმცა ეს მათი სურვილია“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი წერს, რომ ბრიტანული ლაბორატორიიდან კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, საიდუმლო სამედიცინო ინფორმაცია მოიპარეს.

"ინტერპრესნიუსი"