"ამ ვირუსის გამო მსოფლიო სრულიად ახალ რეალობაში გადავიდა და ხვალ რა მოხდება, არავინ იცის" - კვირის პალიტრა

"ამ ვირუსის გამო მსოფლიო სრულიად ახალ რეალობაში გადავიდა და ხვალ რა მოხდება, არავინ იცის"

"ბევრი კითხვაა, რომელსაც ჩინეთმა უნდა უპასუხოს, საიდან დაიწყო და როგორ გავრცელდა ვირუსი. ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ პირველი დაავადებულის შესახებ არ არსებობს ინფორმაცია, პირველადი ნიმუშები გამქრალია"

ამერიკა სულ უფრო ხშირად სდებს ბრალად ჩინეთს, რომ ის კორონავირუსის წარმოშობის ამბავს მალავს. სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს თქმით, არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი უხანის ლაბორატორიაში შეიქმნა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კი პეკინი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან ქვეყანაში დამკვირვებლები არ შეუშვა. თუმცა პეკინი ვირუსის ხელოვნურად შექმნის შესახებ ბრალდებას უსაფუძვლოდ თვლის. ერთი სიტყვით, რაც დროს გადის, ჩინეთიდან გავრცელებული კოვიდ-19-ის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია, ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავიც, ვრცელდება და ჩინეთის პოზიციიდან გამომდინარე, ასე დიდხანს გაგრძელდება.

საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტ ზურაბ ბატიაშვილის მოსაზრებით, ჩინეთი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას რომ დასთანხმებოდა, მაშინ არგუმენტების დადგენა აშშ-ზე აღარ იქნებოდა დამოკიდებული.

- გამოძიების მოწოდებით გამოდიან სხვა მხარეებიც, მათ შორის გაერო და ევროკავშირიც, რომლის კომისიის პრეზიდენტიც აცხადებს, რომ გამოძიების ობიექტურობის უზრუნველყოფაში წვლილს შეიტანს, ამასობაში კი აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთბრალდებებს ბოლო არ უჩანს.

ამ დაძაბულ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ევროკავშირს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინისთვის მკაფიო მესიჯი გაეგზავნა - ბატონო ძინპინ, თქვენ ვერ ისარგებლებთ თავისუფალ მსოფლიო ვაჭრობაში ინტეგრირების ყველა უპირატესობით, თუკი არ მოიქცევით მსოფლიო თანამეგობრობის პასუხისმგებლობის მქონე წევრის შესაფერისად, ამიტომ შეწყვიტეთ პროპაგანდა და შეუერთდით საერთაშორისო გამოძიებას კორონავირუსის შესახებ.

ამერიკისა და ჩინეთის დაპირისპირება შეიძლება იყოს მოკლე და გრძელვადიანი. თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ამერიკას ისეთი მოწინააღმდეგე ეყოლება, როგორიც რუსეთი ან ჩინეთივით ძლიერი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო იქნება, რომელიც ისეთი სწრაფი ნაბიჯებით მიდის წინ, შესაძლოა გაასწროს კიდეც ამერიკის ეკონომიკას, ამერიკა მას გადასწრების საშუალებას არ მისცემს. რაც შეეხება მოკლევადიანს, ამერიკაში შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნებია და როდესაც, ბოლო მონაცემებით, იქ ვირუსით 78 000 მეტი კაცია გარდაცვლილი, თან ჯერ არავინ იცის, ეპიდემია არჩევნებამდე დასრულდება თუ არა, ჩინეთთან დაკავშირებულ საკითხებს არჩევნებში ამერიკა სათავისოდ გამოიყენებს. უნდა ველოდოთ პროცესების გამწვავებასაც, მაგრამ დაიცავენ წითელი ხაზს, ისევ როგორც სავაჭრო ურთიერთობებს. თუმცა ამერიკას არცთუ ცოტა პრეტენზია აქვს ჩინეთთან.

- გულისხმობთ თუნდაც უხანის ლაბორატორიის შესახებ ოფიციალური ვაშინგტონის სკანდალურ განცხადებებს? - დიახ, საქმე ის არის, რომ ამერიკის პროტესტი უშედეგო არ ყოფილა. ამერიკის მწვავე განცხადებების შემდეგ გაირკვა, რომ თურმე უხანში დაღუპულთა რაოდენობა ძალიან გაიზარდა. ძველი მონაცემები მსოფლიოში არსებულ სურათთან შეუსაბამო იყო. ჩინურმა მხარემ დაიწყო თავის მართლება, გამოგვრჩაო... ასე რომ, ბევრი კითხვაა, რომელსაც ჩინეთმა უნდა უპასუხოს, საიდან დაიწყო და როგორ გავრცელდა ვირუსი. ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ პირველი დაავადებულის შესახებ არ არსებობს ინფორმაცია, პირველადი ნიმუშები გამქრალია.

თუმცა სპეციალისტების აზრით, ვირუსი ლაბორატორიაში არ შექმნილა, ის ევოლუციის გზით გაჩნდა, მაგრამ შემდეგ მოხდა რაღაც და რა, აი, ეს არის დასადგენი. გავრცელდა უამრავი ვერსია. ერთ-ერთის თანახმად, ვირუსით ლაბორატორიის თანამშრომელი დაინფიცირდა, რომელიც შემდეგ გავიდა უხანის ბაზარში და ამას ვირუსის სწრაფი გავრცელება მოჰყვა. არც ეს ვერსიაა გამოსარიცხავი, მაგრამ ამერიკელების თქმით, ჩინეთს გავრცელების სიჩქარესა და სიკვდილიანობაზე არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია, ან ჰქონდა და არ გაამხილა.

ამერიკაში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონ 200 000 კაცს გადააჭარბა. შესაძლოა ბევრად მეტიც იყო დაინფიცირებული, მაგრამ ყველას აღრიცხვა ვერ მოხერხდა, ზოგსაც ვირუსი საერთოდ უსიმპტომოდ ჰქონდა. სპეციალისტების ვარაუდით, შესაძლოა შემოდგომაზე მეორე ეტაპი დაიწყოს. ასე იყო `ისპანკის~ დროსაც - გაზაფხულზე მსხვერპლი შედარებით ნაკლები იყო, ზაფხულში შემცირდა, მერე კი ისევ იფეთქა და 50 მილიონ კაცზე მეტი დაიღუპა, მათ შორის საქართველოშიც. საბედნიეროდ, ახლა მეცნიერება ბევრად განვითარებულია და იმედია, ასეთ მძიმე შედეგს ავიცილებთ.

- მსოფლიო ლიდერების თქმით, ეკონომიკური კრიზისი წინ არის, პირველი სურათი ივნისში გამოჩნდება. - მსოფლიო სავალუტო ფონდის მონაცემების თანახმად, 5%-იანი კლებაა მოსალოდნელი, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული რეალობა იქნება. იტალიას, ესპანეთს, საფრანგეთს 7-დან 10%-მდე კლებას ჰპირდებიან, საქართველოს - 4%-ს. ეს გასაგებიც არის, პატარა ეკონომიკა გვაქვს, ჩვენ, ძირითადად, ტურიზმისგან გვაქვს შემოსავალი... როგორი იქნება ზაფხული და შემოდგომა, დამოკიდებულია ვირუსზე.

მძიმე ვითარებაა მეზობელ ქვეყნებში. მაგალითად, რუსეთში ყოველდღიურად 10-11 000 ახალი შემთხვევა ვლინდება. ეს ოფიციალურად, არაოფიციალურად კი ბევრად მეტი იქნება. მოსკოვის მერის თქმით, შესაძლოა ქალაქში 300 000 კაციც იყოს დაინფიცირებული. ეს ყველაფერი მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე აისახება.

ეკონომიკური კრიზისის გარდა, მოსალოდნელია პოლიტიკური ცვლილებები, მაგალითად, რევოლუციის გზით მთავრობების დამხობა. ეს საფრთხე არ ემუქრება დემოკრატიულ ქვეყნებს, რადგან იქ არაფერი იმალება, მათ სავალუტო რეზერვებიც აქვთ. თუმცა არადემოკრატიულ ქვეყნებს, სადაც ისედაც მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონია, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთში, უმძიმეს შედეგებს უნდა ელოდნენ. კატასტროფულად დაეცა ნავთობის ფასი, ლიბანში ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო, რადგან ვირუსის გავრცელების შემდეგ გაორმაგდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რიცხვი - თუ ადრე 40% იყო, ახლა 80% შეადგინა, ეს კი ნიშნავს, რომ მთავრობა შეიცვლება.

იგივე ხდება ერაყშიც, სადაც ახალარჩეული ხელისუფლება ჰყავთ (პრემიერ-მინისტრი რამდენიმე დღის წინ აირჩიეს), თუმცა ბაღდადში გამოსვლები ყოველდღიურად ძლიერდება. მას შემდეგ, რაც პანდემიამ უკან დაიხია, ასეთ ქვეყნებში პრობლემების სიმწვავე მთელი სიცხადით გამოჩნდა - ხალხი უფრო გაღარიბდა, უმუშევარი დარჩა. მოსახლეობას დასაკარგი აღარაფერი აქვს. იგივე ითქმის რუსეთზეც - იქ შეიცვლება როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური ვითარება, მიუხედავად იმისა, რომ მას განსაზღვრული რეზერვები აქვს.

- გიგანტურმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს ჩინეთიდან თავიანთი წარმომადგენლობების გაყვანა. საქართველოს ხელისუფლებასაც ჰქონდა განაცხადი ამა თუ იმ კომპანიის შემოსვლის შესახებ. - ეს დამოკიდებულია ამერიკის პოზიციაზე. როდესაც ირანის შესახებ განაცხადა, მასთან ნებისმიერი სახით დაკავშირებულ ქვეყნებს სანქციებს დავუწესებო, უამრავი კომპანია გავიდა ირანიდან. ასე რომ, ჩინეთიც არ არის სახარბიელო არჩევნის წინაშე, თუნდაც იმიტომ, რომ ვირუსის გამო იქიდან ისედაც გამოვლენ კომპანიები. დიდი ალბათობით, ეს კაპიტალი აღმოსავლეთ ევროპაში გადანაწილდება.

რაც შეეხება საქართველოს, საკითხი ასე დგას - რამდენად გვაქვს ამის რესურსი, კვალიფიციური მუშახელის პოტენციალი და თუ გვყავს, რა რაოდენობით; რამდენად ვართ იმისთვის მზად, რომ უცხოეთიდან შემოვიყვანოთ მუშახელი.

- ხომ შესაძლებელია მუშახელის მომზადება უცხოეთიდან შემოყვანილ კადრებთან ერთად? - დიახ, მაგრამ ასეთ კომპანიებს საქართველოსთანა განვითარებად ქვეყანაში მუშაობისთვის გარანტიად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა სჭირდებათ. დიდი კაპიტალი არ შედის იქ, სადაც გამართული სასამართლო სისტემა არ არის. მაგრამ ჩვენი ხელისუფლება რაღაც ზომებს მაინც თუ მიიღებს, ეს ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ამ ვირუსის გამო მსოფლიო სრულიად ახალ რეალობაში გადავიდა და ხვალ რა მოხდება, არავინ იცის.