"პარტნიორის თანხმობის გარეშე სქესობრივი კავშირის დასჯა სტამბოლის კონვენციის 36-ე მუხლის მოთხოვნაა" - კვირის პალიტრა

"პარტნიორის თანხმობის გარეშე სქესობრივი კავშირის დასჯა სტამბოლის კონვენციის 36-ე მუხლის მოთხოვნაა"

რას ამბობს გუგული მაღრაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პარტნიორის თანხმობის გარეშე სქესობრივი კავშირი ცოლ-ქმარს შორისაც შეიძლება დასჯადი გახდეს?

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტში მუშავდება ინიციატივა, რომლის მიხედვით პარტნიორის თანხმობის გარეშე სქესობრივი კავშირი ცოლ-ქმარს შორისაც კი დაისჯება. ისიც ითქვა, რომ ამ ინიციატივას გუგული მაღრაძე დადებითად აფასებს. "კვირის პალიტრა" ქალბატონ გუგულის ესაუბრა.

- ასეთი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში ჯერჯერობით ინიცირებული არ არის, თორემ მე, როგორც გენდერული საბჭოს წევრს, ეს მეცოდინებოდა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია და მე რატომ დამიკავშირეს, თუმცა, თავისთავად ამ იდეას ვემხრობი და არამარტო მე - არაერთი ადამიანი შემეხმიანა და თქვა, რომ მიესალმებოდა ასეთი კანონის მიღებას. სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის, იყვნენ ისეთებიც (ალბათ, ბოტებიც და ტროლებიც), ვინც შეურაცხყოფით ამიკლეს.

პარტნიორის თანხმობის გარეშე სქესობრივი კავშირის დასჯა ქალთა და გოგონათა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ სტამბოლის კონვენციის 36-ე მუხლის მოთხოვნაა. ჩვენთან ეს კონვენცია რატიფიცირებულია, თუმცა მისი ზოგიერთი მოთხოვნა ჯერ არ სრულდება.

- როგორ გგონიათ, საქართველოში ასეთი კანონი იმოქმედებს? - თავდაპირველად შეიძლება იყოს უნდობლობა, მაგრამ ჩვენი საზოგადოების გამოცდილება მოწმობს, რომ თუ კანონს მივიღებთ, ის ამოქმედდება კიდეც. მაგალითად, კანონთა პაკეტი ოჯახური ძალადობის შესახებ, რომელიც ჩემი ინიცირებული იყო, მიუხედავად სკეპტიკური მოსაზრებებისა, მშვენივრად მოქმედებს.

- უამრავი პოლიტიკოსი გამოთქვამს აზრს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა თქვენი შეხედულებების მიმართ ინტერესი ყოველთვის განსაკუთრებულია. - მეც ძალიან მაინტერესებს, რატომ ჩნდება ასეთი ყურადღება და რატომ ვრცელდება ჩემ შესახებ ხშირად ფეიკნიუსები. ისე მივეჩვიე, მიკვირს კიდეც, დრო რომ გადის და ჩემ შესახებ ახალი ფეიკი არ გაიელვებს ხოლმე საინფორმაციო სივრცეში.

- პანდემიით გამოწვეულ ცხოვრების რიტმზე ვისაუბროთ.... როგორ გაატარეთ იზოლაციის პერიოდი? - მთელი ოჯახი კიკეთში ვართ და ყველა დისტანციურად ვსაქმიანობთ - შვილი, სიძე და მე ვმუშაობთ, შვილიშვილები გაკვეთილებს მეცადინეობენ.

პარლამენტის გენდერულ საბჭოში ვიმუშავეთ ოჯახური ძალადობის პრობლემებზე პანდემიის პერიოდში და საკოორდინაციო საბჭოს წარვუდგინეთ. ასევე ვიმუშავეთ პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკური საქმიანობაში ქალთა დახმარების ღონისძიებებზე და ესეც წარვუდგინეთ საკოორდინაციო საბჭოს. დისტანციურად მივიღე მონაწილეობა რამდენიმე ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვარ, ვხელმძღვანელობ კონფლიქტების ანალიზისა და მართვის მიმართულებას და ვამზადებ და ვატარებ ლექციებს. პანდემიის გამოცხადებისთანავე გავხსენით ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი, სადაც ადამიანები ტელეფონით და სკაიპით იღებენ პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას... იმედი მქონდა, ერთ-ორ ახალ წიგნს წავიკითხავდი, მაგრამ ვერ მოვიცალე, რადგან, როცა თავისუფალი ვარ, ვცდილობ, შვილიშვილებთან ერთად ვუყურო ფილმებს.

- ამ პერიოდში ბევრმა გადააფასა ღირებულებები... თქვენ? - ჩემი ღირებულებები და პრიორიტეტები განსაკუთრებულად არ გადამიფასებია. უფრო დავაფასე ჩვენი ხელისუფლება, პროფესიონალებიც და საზოგადოებაც.

ახლა მეტი დრო მაქვს შვილიშვილებთან ყოფნის და ამან განმიმტკიცა აზრი, რომ მთავარი ოჯახთან ურთიერთობაა.

- როგორი ბებია ხართ? - ჩვეულებრივი, მეტისმეტად რბილიც კი, რომელიც, მართალია, ხანდახან აყვირდება, მაგრამ შვილიშვილებს მაინც ყველა სურვილს უსრულებს. ბებიას არც ერთი არ მეძახის, ყველასთვის გუგული ვარ.

- სახელი ვინ დაგარქვათ?

- დედამ. მისი მეგობარი იყო გუგული ღოღობერიძე, ნანი ბრეგვაძის დედამთილი. ქალბატონი გუგული ძალიან მშვიდი ადამიანი იყო, თუმცა სიმშვიდით მაინცდამაინც ვერ დავემსგავსე...

- კორონავირუსის შემდეგ ადამიანები ისევ ისეთები იქნებიან, როგორიც მანამდე იყვნენ? - ვფიქრობ, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მსოფლიოშიც ბევრი რამ შეიცვლება. დავინახეთ, რომ სოლიდარობა არ არის მხოლოდ სიტყვა, თანამედროვე ეპოქაში ეს თითოეულის გადარჩენის აუცილებელი პირობაა. დავინახეთ, რომ გარემოს დაცვა უნდა იყოს არა მხოლოდ მოწოდება, არამედ გადაუდებელი საქმე...

- ქალბატონო გუგული, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩინეთში პანდემიის დროს ბევრს დასჭირდა ფსიქოლოგის დახმარება, პანდემიის შემდეგ კი ბევრი ოჯახი დაინგრა. როგორც ჩანს, ჩაკეტილ სივრცეში თანაცხოვრებამ ბევრი რამ შეცვალა... - ჯერჯერობით არ ვიცით, ჩვენთან როგორი მდგომარეობა იქნება. ვნახოთ, პანდემიის შემდეგ რა გამოვლინდება. ოჯახურ ძალადობას რაც შეეხება, არც ამ შემთხვევების რაოდენობა გაზრდილა. შეიძლება იმიტომ, რომ მოძალადესთან ერთად ყოფნისას დარეკვას ვერ ახერხებდნენ. ამიტომ ჩვენ მივუთითეთ, რომ ცხელ ხაზზე დარეკვა შეეძლოთ ყოველთვის, როცა მოძალადე სახლიდან გავიდოდა.

- იზოლაციის დროს წარმოქმნილ პრობლემათა შორის არაერთი ასახელებდა წონის მატებას და გამახსენდა თქვენი ინიციატივა - კარგი იქნებოდა, ამ მხრივ შეზღუდვები დაწესებულიყოო, ბრძანებდით. - როდესაც ადამიანები პატარა სივრცეში არიან, მართლაც, ჩნდება ასეთი პრობლემები. ზოგი წერს, ზოგი ხატავს, თამაშობს - მაგიდის თამაში დაიწყეს ოჯახებმა, ბევრი კი ერთობა იმით, რომ კულინარიაში ძალები მოსინჯოს - რაღაცებს იგონებენ, მერე "ფეისბუკზე" აქვეყნებენ. ჭამაც დროის გაყვანისთვის საჭირო აქტივობაა. ამას ემატება უმოძრაობა და წონის მატების საშიშროებაც ჩნდება.

ზოგჯერ ადამიანი მთელი კვირა არ გადის სახლიდან, მაგრამ თუ ეს მისი არჩევანია, არ წუხს, იძულებითი შეზღუდვა კი თრგუნავს. ამიტომ ეს პერიოდი უნდა მივიჩნიოთ ცხოვრების ჩვეულებრივ მონაკვეთად, თითქოს ეს ჩვენი არჩევანია.

- საშუალება რომ გქონდეთ, უახლოეს მომავალში რა შეზღუდვებს დააწესებდით? - თუ შევთანხმდებით, რომ მაგალითად, თვეში ერთი კვირადღე უმანქანო დღედ გამოვაცხადოთ, ხომ ხედავთ, როგორ გაიწმინდა დედამიწა პანდემიის პერიოდში?! გარდა ამისა, დავფიქრდეთ იმაზეც, რომ მეტი დრო უნდა დავუთმოთ ერთმანეთს. ხშირად ბევრ დროს ვხარჯავთ ისეთ რამეზე, რაც საჭირო არ არის. მაგალითად, რაღაცაზე გაბრაზდი, გაბოროტდი და ფიქრობ, როგორ გადაუხადო ვიღაცას სამაგიერო, ან როგორ გათავისუფლდე ამ ბრაზისგან. პანდემიამ სწორედ ასეთი ემოციების მართვა გვასწავლა; დაგვანახვა, რომ უმნიშვნელოვანესი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა, სხვა ყველაფერი კი წვრილმანია.