"როდესაც ცოტნე გამოძიებასთან თანამშრომლობას დაიწყებს, დამნაშავეთა წრე გაიზრდება"
"როდესაც ცოტნე გამოძიებასთან თანამშრომლობას დაიწყებს, დამნაშავეთა წრე გაიზრდება"
"მათ ცოტნე გამსახურდია სასიკვდილოდ გაიმეტეს და სინანულიც არ გამოუხატავთ"

6 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი გაიმართა. "მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული არიან გიორგი სოლოღაშვილი და ტატო ღარიბაშვილი, ხოლო დანარჩენ სამს ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა. "მე არაერთხელ გავეცანი გამოძიების მასალებს და მიმაჩნია, რომ საქმეზე არსებობს პირდაპირი სახის მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზე ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ორ პირს გამამტყუნებულ განაჩენს გამოუტანენ, - აცხადებს დაზარალებულის ადვოკატი
ამირან გიგუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, ამჟამად კი სტამბოლის კლინიკაში გადის რეაბილიტაციას. საქმის მასალებში არის როგორც პირდაპირი ჩვენებები, ისე დაკავებულების ნაწილობრივი აღიარებითი ჩვენებები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებები, რომლებითაც ბრალდებულებმა მრავლობითი
დაზიანებები მიაყენეს ცოტნე გამსახურდიას. გამოძიება დასრულებულია, თუმცა ადვოკატის თქმით, გრძელდება დამატებით პირების საქმის მოკვლევა.

ამირან გიგუაშვილი, ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი: - ტატო ღარიბაშვილი და გიორგი სოლოღაშვილი ჯგუფურად დაესხნენ თავს ცოტნე გამსახურდიას მისი მოკვლის განზრახვით, - სწორედ ასე წერია ბრალდებაში. დადასტურდა, რომ ისინი დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში კახა ჩხეტიანსა და თორნიკე ქვათაძესთან ერთად ცოტნე გამსახურდიას სახლთან ელოდებოდნენ. როგორც მოწმეები ადასტურებენ, იმ დღეს ქუჩის განათება რატომღაც არ იყო. ამიტომ შესაბამის სამსახურებთან გაიგზავნა შეკითხვა და აღმოჩნდა, რომ იმ დღეს დაზიანება არ ყოფილა. რატომ იყო შუქი გამორთული, გაურკვეველია.

- ბრალდებულებს კონფლიქტის ინიციატორად ცოტნე გამოჰყავდათ.
- ბრალდებულების თავდაპირველი ვერსიით, თითქოს ცოტნე იყო უთანხმოების ინიციატორი, სიცრუეა. ნეიტრალური მოწმეების ჩვენებითაც დადასტურდა, რომ სუფრაზე დიდი დაძაბულობა არ ყოფილა, არც ისეთი მწვავე შელაპარაკება, რომელიც ჩასაფრება-დაპირისპირებას გამოიწვევდა. იყო თუ არა კონფლიქტი წინასწარ პროვოცირებული, ჯერ არ არის დადგენილი. ვფიქრობ, როდესაც ცოტნე გამოძიებასთან თანამშრომლობას დაიწყებს, დამნაშავეთა წრე გაიზრდება. მისი ჩვენება იქნება გადამწყვეტი.

- ქალებიც ფიგურირებენ საქმეშიო, ამბობდით, რას გულისხმობდით?
- სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებას ეშინია გამოძიებასთან თანამშრომლობა, რაც აფერხებს სიმართლის დადგენას. აღმაშფოთებელია, რომ ის ქალები, ვინც გამსახურდიების ახლომახლო ცხოვრობენ, არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან. "არაფერი ვიცი", "ახლა გავიგე ეს", ასეთია მათი პასუხები.

- იმ პირმა, რომელიც დაეხმარა დაჭრილ ცოტნეს, თუ ითანამშრომლა გამოძიებასთან?
- ის ცოტნეს მეგობარია, ამ საქმეში გამშველებელი იყო. მან ცოტნე გადაარჩინა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელი არ დააფარა დამნაშავეებს. მან არ ითანამშრომლა გამოძიებასთან.

- როგორც ცნობილია, მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულები ნაწილობრივ აღიარებენ დანაშაულს...
- ბრალდებულები ცდილობენ პასუხისმგებლობა დაზარალებულზე გადაიტანონ. თავიდან ისინი დაემალნენ გამოძიებას. სინამდვილეში, არც ღარიბაშვილია ღარიბაშვილი და არც სოლოღაშვილი - სოლოღაშვილი. მათ გვარები იმიტომ გადაიკეთეს, რომ ევროპაში იყვნენ, იქ არიან გასამართლებული (მათ შორის ქურდობისა და სხვა დანაშაულებისთვის), შემდგომ ორივე გამოასახლეს. მათ ცოტნე სასიკვდილოდ გაიმეტეს და სინანულიც არ გამოუხატავთ.

- როგორია ამჟამად ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- ჩვენი ექიმებისა და შემდგომ თურქეთის საუკეთესო კლინიკის ექიმების დამსახურებაა, რომ ცოტნე გადარჩა. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები ჰქონდა. ამიტომაც ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება. როდის შეძლებს ის ჩვენების მიცემას, ჯერ არ ვიცით. ცოტნეს თავზე ადგას მისი მეუღლე ანა ჯაბაური, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი კეთდება, რათა ცოტნე საზოგადოებას სრულფასოვან წევრად დაუბრუნდეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები