"ჩვენს ხელისუფლებას მაშინ რომ ჰქონოდა ამგვარი ხისტი რეაქცია, რაც ახლა ვნახეთ, ზელენსკი პოროშენკოს ნაბიჯს აღარ გაიმეორებდა" - კვირის პალიტრა

"ჩვენს ხელისუფლებას მაშინ რომ ჰქონოდა ამგვარი ხისტი რეაქცია, რაც ახლა ვნახეთ, ზელენსკი პოროშენკოს ნაბიჯს აღარ გაიმეორებდა"

მას მერე, რაც საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა არ მოხერხდა, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მას სხვა თანამდებობა გამოუძებნა და რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა. ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახეს. ამ საკითხის კომენტირებისას უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა: "ჩვენ ქართველებსა და საქართველოსთან მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენს ელჩს კონსულტაციისთვის უკრაინაში არ გამოვიძახებთ. რადგან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ნებისმიერ ხელისუფლებაზე უფრო გრძელვადიანია. ვფიქრობ, კონსულტაციის შემდეგ ყველა მხარე მიხვდება, რომ ქვეყანაში მიმდინარე საკადრო პოლიტიკა მხოლოდ ამ ქვეყანას და მასში მცხოვრებ მოქალაქეებს შეეხება. ვფიქრობ, ჩვენი გადაწყვეტილება ჩვენი საშინაო პოლიტიკაა. ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, უკრაინის პასპორტი აქვს და მე, უკრაინის პრეზიდენტმა, ის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დავნიშნე". უცნაურია, რომ უკრაინის უკვე მეორე პრეზიდენტი იღებს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლების აზრის გაუთვალისწინებლად გადაწყვეტილებას და ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც რამდენიმე საქმეზეა უკვე გასამართლებული სამშობლოში, სახელისუფლებო თანამდებობაზე ამწესებს. ბუნებრივია, იბადება კითხვა, რატომ? - ამ საკითხებზე ინტერვიუ გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ექსპერტ რამაზ საყვარელიძესთან ჩაწერა, გთავაზობთ ნაწყვეტს სტატიიდან:

- დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს გადაწყვეტილება ზელენსკის არ ეკუთვნოდა, მიუხედავად იმისა, რომ მის კომპეტენციაზე მაღალი აზრის არა ვარ. ამას რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონოდა, ვფიქრობ, მოახერხებდა, რომ სახელისუფლებო პარტიის დეპუტაცია დაერწმუნებინა დაემტკიცებინათ სააკაშვილი ვიცე-პრემიერად. მას ამისთვის ხელიც კი არ გაუნძრევია, მეტიც, იმ პერიოდში არც გამოჩენილა. მხოლოდ სააკაშვილი ამბობდა, ვიცე-პრემიერად მნიშნავენო. ეს ყველაფერი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ზელენსკი რაღაც ფაქტორების წნეხში მოექცა და იძულებული შეიქნა ასე მოქცეულიყო. უკრაინელი ოლიგარქებისთვის სააკაშვილი ნამდვილად არ არის სასურველი ფიგურა, რომ იფიქრო, ეს შიდა პროცესების გამო ხდებაო. ვფიქრობ, უკრაინის გარეთ უნდა ვეძებოთ ძალები, რომელთაც ზელენსკიმ უარი ვერ უთხრა და რომელთა ზეწოლითაც გადადგა ეს საჩოთირო ნაბიჯი. ამ საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნით, რომელიც საკმაოდ უმნიშვნელო თანამდებობაა, თითქოს რაღაც ხარკი მოიხადა, თანაც, თუ დასჭირდა, სააკაშვილს ადვილად დაემშვიდობება.

თუმცა სხვა საკითხია, თვითონ სააკაშვილს რა გეგმები აქვს. ის ძალიან ამბიციური ადამიანია და როგორც ერთმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა შენიშნა, არავინ იცის, რამდენ ხანს დასჯერდება ამ საბჭოს თავმჯდომარეობას.

- ვიცით, რომ კონსულტაციისთვის უკრაინაში საქართველოს ელჩი ოფიციალურმა თბილისმა გამოიძახა. როგორ ფიქრობთ, რა იქნება საქართველოს ხელისუფლების პასუხი ან იქნება კი საერთოდ? ხომ არ დაგრჩათ შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების მეტისმეტად ბევრი განცხადება გაკეთდა? იქნებ ჯობდა ეს საკითხი უკრაინის პირველ პირებთან პირადი საუბრისას განეხილათ?

- ვინაიდან ზუსტად არ ვიცით, კულუარულად რა ხდებოდა, ამაზე პასუხი გამიჭირდება. გახარიას ან ზურაბიშვილის ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის თაობაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ალბათ, არც შემდგარა, რასაც, ჩემი აზრით, უფრო უკრაინული მხარე აარიდებდა თავს. მოგეხსენებათ, ზელენსკის წინამორბედმა პოროშენკომაც თავის დროზე ყურად არ იღო საქართველოს პოზიცია. ვფიქრობ, ჩვენს ხელისუფლებას მაშინ რომ ჰქონოდა ამგვარი ხისტი რეაქცია, რაც ახლა ვნახეთ, ზელენსკი პოროშენკოს ნაბიჯს აღარ გაიმეორებდა.

ვფიქრობ, უკრაინული მხარე ნამდვილად არ იქცევა როგორც კარგი პარტნიორი. ზოგიერთ უკრაინულ, უმეტესად, რა თქმა უნდა, ზელენსკისადმი ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფებში გაიხსენეს ისიც, რომ ზელენსკის გარკვეულ ეტაპზე რუსეთის მიმართ ლოიალურ ფიგურად მიიჩნევდნენ. ზოგიერთმა უკრაინელმა ოპოზიციონერმა ისიც თქვეს, დღეს თუ ვინმეს სჭირდება უკრაინასა და საქართველოს შორის დაძაბულობისა და განხეთქილების ჩამოგდება, ეს რუსეთია. მხოლოდ რუსეთს აწყობს უკრაინაში პოლიტიკური დაძაბულობის ახალი კერის გაჩენაო, რისი ორგანიზებაც სააკაშვილს კარგად შეუძლია. ზელენსკის ეტყობა დაავიწყდა რა მოუწყო პოროშენკოს, რამხელა თავსატეხად ექცა, რამდენჯერ მოუწია იმჟამინდელ ხელისუფლებას სააკაშვილის ქვეყნიდან გაგდებამ. უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა საერთაშორისო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და რუსეთი, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით წავა ამ ტანდემის დაშლაზე. ამიტომ ამ დანიშვნაში ბევრმა უკრაინელმა რუსული კვალის ძებნაც დაიწყო.

- ამ ვითარებაში როგორ უნდა მოიქცეს საქართველო?

- თუ გავიხსენებთ კიდევ ერთხელ, რომ საქართველოსა და უკრაინის კონფრონტაცია რუსეთს ხელს აძლევს, საქართველო ამ კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდეს და ვფიქრობ, არც წავა. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენთვის უკრაინასთან სტრატეგიული თანამშრომლობა, უკავშირდებოდა ევროპული ქვეყნების ყურადღებას უკრაინისადმი, და ეს ყურადღება, საქართველოსთან შედარებით, გაცილებით მასშტაბური იყო. ამიტომაც სურდათ ქართველებს უკრაინასთან მიწებება, რათა ევროპელებს ჩვენი პრობლემები უკრაინის პრობლემებთან ერთად დაენახათ.

მაგრამ დრო ყველაფერს ცვლის. სავარაუდოდ, კორონავირუსი ამ მხრივაც შეიტანს კორექტივებს სახელმწიფოთა ურთიერთობებში.

დღეს საქართველოს მიერ მიღწეულმა შედეგმა ყველას დაანახა, რომ საქართველო არის უკვე სახელმწიფო. ევროპული ქვეყნების შეფასებებიც ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყნისადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად იცვლება და მალე შესაძლოა აღარ იყოს საინტერესო, საქართველოს საკითხს აქტუალურობის თვალსაზრისით რომელ კალათაში და ვისთან ერთად განიხილავენ. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი - საქართველოს უკვე თავისი ადგილი ეძებნება მსოფლიო რუკაზე სწორედ კორონავირუსთან დაკავშირებით.

როცა რაღაცას მიაღწევ ადამიანი თუ სახელმწიფო, უფრო მეტი პატივისცემით გეპყრობიან. ამ თვალსაზრისით, მეორეხარისხოვნობის განცდა სულ გვქონდა, მაგრამ დღეს საქართველოს აღქმა ევროპის თუ მთელი მსოფლიოს პრიზმიდან იცვლება.

რაც შეეხება უკრაინასთან პარტნიორობას, ვხედავთ, რომ ერთ დროს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა იყო მსოფლიოსთვის საინტერესო. ჩვენი ქვეყნები ქმნიდნენ ენერგეტიკულ დერეფანს, მაგრამ აზერბაიჯანის პოლიტიკამ აჩვენა, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის მხოლოდ რეგიონული და კარგი პარტნიორია, მაგრამ საერთაშორისო დონეზე საქართველოსთან ერთად არ იბრძვის. მას ბრძოლის სხვა მეთოდები აქვს - რუსეთთან მანევრირებს და ა.შ.

ასე რომ, დროთა განმავლობაში სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში სხვადასხვა დონეზე პარტნიორები იცვლებიან.

თუ უკრაინასთან პარტნიორობაში ბზარი გაჩნდება, ამას დიდ ტრაგედიად არც უკრაინა აღიქვამს და არც საქართველო, რადგან არც ეს ბზარი იქნება მუდმივი. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, თუ მოსაგვარებელი დაგვრჩა ზოგიერთი საკითხი, არა უშავს, მომავალში გადავწყვეტთო. იხილეთ სტატია სრულად